City მთავარი თემა
Home, Sweet Home

კომპანია "სოკარის" პროტოკოლის სამსახურის უფროსი
ნინო დიასამიძე
როდესაც ჟურნალ "სითიდან" დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ უნდა ვყოფილიყავი რუბრიკაში Home, Sweet Home , ძალიან გამიხარდა და მესიამოვნა, შემდეგ დავფიქრდი და საკუთარ თავს დავუსვი შეკითხვა: "არის კი ჩემი სახლი sweet?!?!  არ ვიცი, არასდროს მიფიქრია ამაზე...
თეთრია, ნათელი, ვფიქრობ, მყუდროც. თუმცა, მაინც მგონია, რომ მთავარი არის ის, რაც სახლში ხდება, მთავარია აქ მცხოვრები ადამიანები და მათი ისტორიები, თავგადასავლები. სწორედ ეს ყველაფერი აქცევს ამ სივრცეს ოჯახად და მიჩენს განცდას, რომ შინ ვარ. ფარდის სტრუქტურა და კედლის ფერი ვერ გამიჩენს ამ შეგრძნებას.

ეს ყოველივე დამატებაა მთავართან, მთავარი კი ის სასიამოვნო წვრილმანებია, რომლებიც სიმყუდროვისა და შინ ყოფნის განცდას ქმნის. დატვირთული სამუშაო გრაფიკისა და არანორმალურად ჩქარი ტემპის მიუხედავად, სახლის მოვლა, ინტერიერში მუდმივად ცვლილებების შეტანა, ახალი აქსესუარების შეძენა ჩემი საყვარელი საქმიანობაა. ვუფრთხილდები, ვუვლი და მიყვარს ყველა ნივთი, განსაკუთრებით, ბებიასდროინდელი აქსესუარები, თითოეულ მათგანში ცოტა სენტიმენტი და ბევრი ისტორიაა.

ძალიან მომწონს ხშირი ცვლილებები, ადვილად მბეზრდება ერთფეროვნება, ეს ჩემი ხასიათიდან გამომდინარეობს. მსიამოვნებს, როდესაც დილიდან აკადემიურ გარემოში მიწევს ყოფნა, საინტერესო ადამიანებთან საქმიანი შეხვედრები, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობა, მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება, ხოლო საღამოს რადიკალურად განსხვავებული ამპლუა, დიასახლისისა და დედის როლის მორგება. ეს კონტრასტი ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა ჩემთვის.


Print