ახალი ამბები
"ალიანს ჰაილაინი"-ახალი რიტმი შენს საყვარელ ქალაქში
მზადება "ალიანს ჰაილაინის" მთავარ არქიტექტორთან შესახვედრად, ორი კვირით ადრე დავიწყეთ. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ, გამორჩეულ და დღეს უკვე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და გამოჩენილ არქიტექტორს, საქმიანი შეხვედრები და მით უფრო, პრესასთან გასაუბრება, თვეებით წინ აქვს გაწერილი.
ჩემი მესიჯები გიორგი ხმალაძეს ხან კანში, მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმზე და ხანაც უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრებისას ეწეოდა. რომ არა ჟურნალისტური შეუპოვრობა და ძველი ნაცნობობა, "ალიანს ჰაილაინის" არქიტექტორს, სავარაუდოდ, კიდევ ორი თვე ვერ ვნახავდი.
ნაცნობობა დაახლოებით 2003-2004 წელს იწყება. მე, "რუსთავი 2"-ს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჩემი პოლიტიკური გადაცემების ანონსირებისათვის ქვედა სართულზე, გაზეთ "24 საათის" რედაქციაში ჩავდიოდი. სრულიად განსხვავებული სივრცე იყო – დასავლური ბეჭდური მედიისთვის დამახასიათებელი: ღია, გაშლილი, მუდმივად კომპიუტერზე მომუშავე ჟურნალისტებითა და ნიჭიერი შემოქმედებითი ჯგუფით სავსე. გიორგი ხმალაძე ამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო. ვარსკვლავი ხმამაღალი ნათქვამია; მაშინაც თავმდაბალი, ნაკლებად მოსაუბრე და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი გახლდათ. იმ პერიოდში, გიორგი გამოცემის გრაფიკულ დიზაინზე აგებდა პასუხს. მან, ავთო შერვაშიძესთან ერთად, ზემოხსენებული გაზეთის შრიფტი შექმნა. საქმეში ჩახედულებმა იციან, როგორი სირთულის გამოწვევაა შექმნა დამოუკიდებელი და ორიგინალური შრიფტი. დღმედე "24 საათის" შრიფტი ერთ-ერთი საუკეთესოა: ორიგინალური, იოლად დასამახსოვრებელი და, ამავდროულად, მსუბუქი, თავისუფალი. ზუსტად ისეთი, როგორიც გიორგი ხმალაძის მიერ შექმნილი არქიტექტურული ნაგებობები... ოფისიც "ჰაილაინური" აქვს. დიდვიტრაჟებიანი ნაგებობის ბოლო სართულზე განთავსდა გუნდი, რომელმაც თბილისს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და დასამახსოვრებელი მულტიფუნქციური კომპლექსი "ალიანს ჰაილაინი" დაუპროექტა. არქიტექტორის ორიგინალური იდეების განსახორციელებლად, გამალებული მუშაობა მიდის დედაქალაქის ცენტრში – ჭავჭავაძის გამზირსა და თამარაშვილის ქუჩას შორის არსებულ სივრცეში. სწორედ იქ, სადაც ბინა უნდა დაიდოს სამკომპონენტიანმა მულტიფუნქციურმა კომპლექსმა: სასტუმრო "ვინდამ გარდენი" ( wyndham garden)/ 26 სართული, პრემიუმ კლასის აპარტამენტები/ 34 სართული, რომლის მართვას საერთაშორისო ოპერატორი Sophos Hotels განახორციელებს და 40 სართულიანი საცხოვრებელი ცათამბჯენი.





– არქიტექტურა ბავშვობის ოცნება იყო? – ვეკითხები გიორგი ხმალაძეს.
– როგორ გითხრათ, ოცნება ნაკლებად. ზუსტად ვიცოდი, რომ ეს სფერო იქნებოდა ჩემი ცხოვრების მთავარი შემადგენელი.

– რატომ?

– მამაჩემი არქიტექტორია და მთელი ბავშვობა მაკეტებში, ნახაზებსა და პროექტირებაში გავატარე. უფრო სწორად კი, ამ ყველაფრის ყურებაში.
გიორგის მამა, ლადო ხმალაძე, პროფესიის კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ახლო წარსულიდან – ფოთის თეატრისა და ბათუმის მუსიკალური ცენტრის პროექტის ავტორი. ბავშვობაში მამა აპროექტებდა, გიორგი უყურებდა და თავადაც აწყობდა. ოღონდ, დღევანდელი მომავალი პატარა არქიტექტორებისგან განსხვავებით, აშენებდა "ლეგოების" გარეშე, სად იყო მაშინ "ლეგო"?!


– პირველი "არქიტექტურული" კადრი თქვენი ცხოვრებიდან როგორია?

– მე და ირგვლივ მაკეტები. ვუყურებდი, ვცდილობდი რაღაცები მესწავლა. ჰო, "ლეგოები" მაშინ არ იყო და ძალიანაც კარგი, რომ არ იყო. იყო მუყაო, დანა, ფანქარი. ეს, ერთის მხრივ მარტივი და ჩვეულებრივი ნივთები, განვითარების მეტ საშუალებას გაძლევდა, უფრო გავალდებულებდა, რომ შენ თვითონ მოგეფიქრა და გადაგეწყვიტა ესა თუ ის ამოცანა, რასაც, უკვე გამზადებული კონსტრუქციები, არ გაძლევს.


– თქვენი ბავშვობისდროინდელი მაკეტები თუ წააგავდა დღევანდელ "ალიანს ჰაილაინს"?
– არაა... "ალიანსამდე" დიდი გზა იყო. ბავშვობაში კი ვიგონებდი რაღაც ობიექტებს, უფრო ციხესიმაგრეებით ვიყავი გატაცებული, კოშკებს ვაშენებდი.
ციხესიმაგრეებისა და კოშკების პარალელურად იყო ხატვით გატაცება. გატაცება – სწავლებით გამაგრებული. თუმცა, როცა საქმე უმაღლეს განათლებამდე მიდგა, არჩევანი, რა თქმა უნდა, თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურულ ფაკულტეტზე გაკეთდა. სწავლების პარალელურად, ჩნდება განათლების საზღვარგარეთ მიღების სურვილი. კეთდება პირველი ვებ გვერდი, რა თქმა უნდა, საკუთარი კონცეფციითა და დიზაინით. ვებგვერდი საჭირო ხალხის ყურადღების ცენტრში ექცევა და გარკვეული პერიოდი ვებგვერდების დიზაინის მომზადება გიორგი ხმალაძისა და მისი გუნდის მთავარ საქმიანობად და შემოსავლის წყაროდ იქცა. თუმცა, ბავშვობისდროინდელი მაკეტები, ცხადია, თავისას შვება და მაგისტრატურას გიორგი ხმალაძე უკვე ჰარვარდში ამთავრებს. დაახლოებით ამ პერიოდში იბადება და პროექტდება გიორგის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და გახმაურებული არქიტექტურული პროექტი – ბათუმის "მაკდონალდსი". პროექტი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ გიორგი ხმალაძის არქიტექტურული აღმასვლა უკვე გარდაუვალი იყო.




და 2016 წელი, "ალიანს ჯგუფი", ბათუმის "ალიანს პალასის" წარმატებული პროექტის პარალელურად, დედაქალაქის ცენტრალურ უბანში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და უნიკალური პროექტის, მულტიფუნქციური კომპლექსის, შექმნას გეგმავს. პროექტი უნიკალურია იმითაც, რომ ერთ სივრცეში, ერთმანეთისაგან იზოლირებულად, სამი სხვადასხვა ფუნქციის მქონე შენობა იარსებებს. გასაკვირი არცაა, რომ ძლიერი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დეველოპერისა და წამყვანი არქიტექტორის გზები სწორედ ამ პროექტზე გადაიკვეთა.


– ჩემთვის ეს ყველაზე მასშტაბური პროექტია. "ალიანს ჯგუფი" ეს არის კომპანია, რომელსაც აქვს ამბიციური გეგმა და ყველა საფუძველი ამ გეგმის შესასრულებლად. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ეს ბაზარი საქართველოში გაფუჭებულია. "ალიანს ჯგუფი" კი, ამ პროექტით ქმნის ერთგვარ საზომს, ნიმუშს, მაგალითს, თუ როგორი უნდა იყოს დეველოპერული კომპანია და, რაც მთავარია, როგორი უნდა იყოს მის მიერ წარმოდგენილი პროექტი. ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, ეს პროექტი მასშტაბური იქნება, მასშტაბური და ცნობადი, კომპლექსის სამივე შემადგენლის სილუეტი აღქმადი იქნება დედაქალაქის სხვადასხვა შორეული წერტილიდან.


– პროექტს, ჟურნალ "ფორბსის" გარეკანს თუ დავეყრდნობით, უკვე ეწოდა "ცხოვრების სტილის შემცვლელი" (Alliance Highline- Lifestyle Chanfer). როგორ ფიქრობთ, რას სთავაზობს "ალიანს ჰაილაინი" დედაქალაქს. როგორ შეცვლის ის მას?
– ეს ოცდამეერთე საუკუნის თბილისის ორგანული შემადგენელი ნაწილი იქნება – ჩემი აზრით.
ბუნებრივია, საკუთარ პროექტზე, დედაქალაქისათვის მის მნიშვნელობაზე, არქიტექტორი ნაკლებად საუბრობს. მის ნაცვლად, ზუსტ და კონკრეტულ აქცენტებს გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია აკეთებს. სულ ახლახანს, ოქტომბრის თვეში, "ალიანს ჯგუფი" European Property Awards 2017/2018-ის ორი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი გახდა: ბათუმის "ალიანს პალასი" დაჯილდოვდა ნომინაციაში მაღალსართულიანი კომპლექსის არქიტექტურა, ხოლო "ალიანს ჰაილაინმა" შერეული ტიპის არქიტექტურის ჯილდო მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონიალი ლონდონის Royal Lancaster Hotel-ში ჩატარდა და "ალიანს ჯგუფი", წარდგენილ 200 პროექტს შორის, საუკეთესოთა სიაში მოხვდა.




– პროექტის იდეა როგორ მოვიდა?
– თავდაპირველად, მოცემული ესკიზებით ორი შენობა იყო გათვალისწინებული. შემდეგ, სწორედ "ალიანს ჰაილაინის" მულტიფუნქციური ხასიათიდან გამომდინარე, გადავწყვიტე კომპლექსი სამკოპონენტიანი ყოფილიყო


– როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს "ალიანს ჰაილაინს", რა აქვს მას განსაკუთრებული?
– მასშტაბურობისა და ორიგინალური სილუეტის გარდა, ცხადია, მისი მრავალფუნქციურობა. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სახლში, სარგებლობს ყველა იმ ინფრასტრუქტურით, რომელსაც მას კომპლექსი სთავაზობს.


ინფრასტრუქტურა "ალიანს ჰაილაინის" ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია: კომპლექსი მოიცავს სასტუმროს სრულ სერვისებს – ოთხდონიან ავტოსადგომს, ალტერნატიულ და ეკოლოგიურ ენერგოკვებას, დამოუკიდებელ, საგანგებოდ კომპლექსისათვის გაყვანილ გზას 1500 მანქანის გამტარუნარიანობით, საცურაო აუზს, სპა ცენტრებსა და გამაჯანსაღებელ სივრცეებს, რესტორანს, კონსიერჟ მომსახურებას, რეკრეაციულ ზონებს...


ინფრასტრუქტურა თანამედროვე რიტმის ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არა საკმარისი. მოთხოვნები სულ უფრო იზრდება და "ალიანს ჰაილაინი" ამ გზაზე რეალურად ახალ შესაძლებლობებს ქმნის. გახსოვთ, ბავშვობაში მშობლები ბინას რომ ეძებდნენ, რა იყო მთავარი მახასიათებლები? მართალი ბრძანდებით: მზიანი, ნათელი ოთახები და ე.წ. "კუთხის ბინა". "ალიანს ჰაილაინში", უკლებლივ ყველა ბინა, იქნება ეს აპარტამენტები, თუ საცხოვრებელი, ნათელია და ყველა "კუთხის ბინაა". გიორგი ხმალაძე განმარტავს:




– თუ ვსაუბრობთ საცხოვრებელ ერთეულზე, ყველა ბინას "კუთხის ბინა" ეწოდება, რადგან შენობის სილუეტი წრიულია.შესაბამისად, სინათლე ყველა ბინაში შედის. ანალოგიური ითქმის აპარტოტელზე, სადაც ყველა ფართს ორი მიმართულებით მაინც აქვს ხედი და, შესაბამისად, მზის სხივიც შემოდის.
იცხოვრო ქალაქის ცენტრში და ამავდროულად, იყო ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, დიდი ფუფუნებაა. "ალიანს ჰაილაინის" კომპლექსისკენ, გიორგი ხმალაძის თქმით, "ვერა რეჩკადან" წამოსული სუფთა ჰაერი მოდის, "ქალაქგამოუვლელი" ჰაერი, როგორც მას არქიტექტორი უწოდებს. იქვეა კუს ტბა, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ორი საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთის აკადემია. ცალკე აღნიშვნას მოითხოვს ისიც, რომ კომპლექსის სიახლოვეს სკოლების საკმაოდ დიდი არჩევანია, რაც დამეთანხმებით, "ალიანს ჰაილაინის" ბინების მომავალი მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი კომფორტია.


– ერთი წინადადებით თუ აღწერდით "ალიანს ჰაილაინს"?
– მოდით, მე ამას არ გავაკეთებ. ჩემთვის ეს, როგორც გითხარით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. დანარჩენი, ალბათ, სხვამ უნდა აღნიშნოს – დაასრულა საუბარი გიორგი ხმალაძემ და ფოტორეპორტაჟისთვის კიდევ რამდენიმე წუთი დაგვითმო.


ვბრუნდებით ინტერვიუდან. მანქანამ თამარაშვილის ქუჩაზე "ალიანს ჰაილაინის" ღობეს ჩაუარა. სულ რაღაც ერთ წელიწადში, აქ აშენდება კომპლექსი, რომელიც ჩვენს დედაქალაქს რაღაც ახალს შესძენს. მე რომ მკითხონ რა იქნება ეს ახალი, მგონი, ვიცი: რიტმი!




Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
კახეთი საქართველოს ის მხარეა, რომლის მონახულებაც შემოდგომით ყველაზე შთამბეჭდავია. რეგიონი წელიწადის ნებიმისერ დროს სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს

19:40 / 27.12.2015
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი რომანი თუ საქმიანი ურთიერთიერთობა?-რა აკავშირებს დიზაინერ მეგი გაბუნიას მოდელ ალექსანდრე მელაძესთან?
რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დიზაინერ მეგი გაბუნიას მამაკაცის ხაზის ფოტოსესია ჩატარდა.
13:06 / 27.08.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2018 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0854
TRY
TRY
1
0.4172
USD
USD
1
2.6216
ამინდი
ბორჯომი 14 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა