ახალი ამბები
ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის ბლოგი-გვიშველე, კორკოტ! ეს რა ხდება?!
მიილია კიდევ ერთი წელი.
ვეგებებით ახალ, 2018-ს და როგორც გულმავიწყმა და მცირე მეხსიერების მქონე ერმა, უცებ უნდა დავივიწყოთ ის, რაც მოხდა (იმედია დავიწყება არ გაგვიჭირდება) და ახალ წელს შევხვდეთ ახალი გამოწვევებით. რა იქნება მომავალში _ ჩვენით უნდა მივხვდეთ, რადგან "ქართველ ვანგასა" და წინასწარმეტყველს, ლელა კაკულიას არ სცალია. დროებით ის პირად და საყოფაცხოვრებო საქმეებზე გადაერთო და ცოტა ხანს დავასვენოთ ეს ადამიანი. თუ რა საქმეებზე გადაერთო, ამას ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ. ვიდრე მომავლის სურვილებს და ოცნებებს დავაყრიდეთ ერთმანეთს, ამ ბლოგით მცირედ მიმოვიხილოთ გასული ერთი წელი. ერთგვარი შეჯამება მინდა შემოგთავაზოთ იმის, რაც თქვენთან ერთად ჩემს მეხსიერებასაც შემორჩა.




მოგეხსენებათ, საქართველოში ყველას (ჩემი ჩათვლით), საკუთარი თავი გენიოსი ჰგონია. ასე რომ, თუ როგორ ვიცხოვრეთ გასულ წელს, ან როგორ უნდა გვეცხოვრა, ამაზე ჭკუის დარიგებას არ ვაპირებ. ან სად მაქვს დასარიგებელი ჭკუა?! პირდაპირ გეტყვით _ საინტერესო წელი იყო. პირველ რიგში იმით, რომ ევროპამ კარი გაგვიხსნა. უვიზო მიმოსვლას ვგულისხმობ, ცხადია. ამ მოვლენას მე წლის ყველაზე დადებითი ამბავი ვუწოდე. ხოლო წლის ყველაზე უარყოფითი მოვლენა კი, ლელა კაკულიას რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა გაუფუჭდა (თან ორჯერ), ის გახლავთ. მოკლედ, დავიწყოთ!
"წლის ყველაზე დადებითი მოვლენა" _ უვიზო მიმოსვლა



უვიზო მიმოსვლით ყველაზე მეტად ქუთაისელებმა იხეირეს. ქუთაისის აეროპორტიდან ლამის 9 ევროდ შეიძლებოდა ნაადრევი ბილეთის დაჯავშნა. ისედაც, ქუთაისი უფრო ახლოს არის ევროპასთან. ამიტომაც, პირველები ქუთაისელები გავარდნენ ევროპაში და მალევე ევროპულად დაიწყეს საუბარი. მაგალითად, ხშირად გაიგონებდით ასეთ ფრაზებს:
საფრანგეთი _ კრუასანი არავის გადაუღუნო, ბიჭო!!!
ესპანეთი _ გაწიეთ რა ეს ხარი, ვისია?
ჰოლანდია _ ეს ტიტა წყალზე გაცურდება?
ავსტრია _ ჩიბუხი კრიმინალი არ არის!
იტალია _ არა ბიჭო, ვატიკანს შევეკითხები!
"წლის ყველაზე უარყოფითი მოვლენა" _ ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაფუჭება
ქალბატონ ლელა კაკულიას "ვაგნერის" ფირმის ჭურჭლის სარეცხი მანქანა გაუფუჭდა. ქალი 20 წლის შემდეგ რა ხდება იქ იხედება (და ხანდახან უფრო იქითაც), მაგრამ საკუთარი ფულით ნაყიდ ტექნიკაში ვერ ჩაიხედა. დიახ, მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო! გაფუჭებული ტექნიკა მას არ გამოუცვალეს. ამის შემდეგ, ადგა ეს ჩვენი ლელა და მაღაზია დაწყევლა, _ ძალიან მალე გაქრებით ბაზრიდან და აღიგვებით პირისაგან მიწისაო. ლელა კაკულიამ თავის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მიმართვა გაავრცელა, სადაც თავის თავს მესამე პირში ელაპარაკებოდა. გთავაზობთ ნაწყვეტს მისი მიმართვიდან:
`შეგახსენებთ, ქალბატონ ლელა კაკულიას გაუფუჭდა `ვაგნერის~ სარეცხი მანქანა. ქალბატონი ლელა მოუწოდებს მაღაზიის მფლობელს შეუცვალოს იგი ახლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მალე მისი ბიზნესიდან კვალი აღარ დარჩება." _ ამას წერს ლელა კაკულია.



"წლის იმედგაცრუება" _ ნორა გაბისკირიას გარდაცვალება
სამყაროში ორი რამ არის გარდაუვალი _ სიკვდილი და გადასახადები. ეს სიტყვები ბენჟამინ ფრანკლინს ეკუთვნის და რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ სამწუხარო ჭეშმარიტებაში ნორა ბიცოლას გარდაცვალებამ დაგვარწმუნა. მთელმა ერმა (სერიოზულად ვამბობ) გამოიტირა გრიშა კაკაჩიას გამზრდელი ბიცოლა. ცნობილი ტელესერიალის შემქმნელებს ზოგი ღიად ესხმოდა თავს _ რატომ მოკალი ეს ქალი ისე, რომ ჯერ არ გაგვაცანიო...
ეს სერიალი, ზოგადად, მოდური გახდა. 2017 წელს ყველა ჩიკას ენით ვსაუბრობდით. მეტიც _ ხშირად ჩვენს ქცევას ამ ფილმის გმირების მიბაძვა განსაზღვრავდა. გახსოვთ ალბათ, ჩიკამ რომ ავტოკალამი გამოიძრო თმებიდან. ის `პასტა~ ემზარ კვიციანმა გაისროლა პარლამენტში ბოკერიას მისამართით. აი, ასე იცის მოდაზე აყოლამ!



"წლის სიბრძნე" _ პრეზიდენტის აღმოჩენა
ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც, გადმოცემის თანახმად, ძალიან განათლებული და ფილოსოფოსია, სააღდგომოდ ისეთი სიბრძნე დააბრეხვა, სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი. `მაცხოვარი ჩვენი ცოდვებისთვის ჩავიდა ჯოჯოხეთში და აღდგა~ _ განაცხადა მარგველაშვილმა. ჯოჯოხეთში ჩავიდა და იქედან აღდგაო, კაცოოო... (სიტყვა "კაცოოო..." წაიკითხეთ გოგი თოფაძის ხმით). სად ნახა, სად წაიკითხა, რომელი ფილოსოფიური მოძღვრებაა ან ვინ სთხოვს ამ პრეზიდენტებს სულიერებაზე კომენტარების გაკეთებას. სხვათა შორის, ეს თვისება მემკვიდრეობითი მგონია. აი, მაგალითად, რომის პაპის იოანე-პავლე მეორის ვიზიტის შემდეგ წერდნენ საზღვარგარეთის პრესაში _ პრეზიდენტი შევარდნაძე სულიერებასა და ეკლესიაზე საუბრობდა, პატრიარქი კი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკაზეო. სააკაშვილის დროსაც გვაღადავებდა მსოფლიო პრესა _ ეკონომიკის მინისტრს ცეცხლი ჩამოაქვს, ხოლო სააღდგომო ეპისტოლეში ეკონომიკის განვითარებაზეა საუბარიო. ნეტაი ასეთი რა ჯანდაბა გვჭირს, ან ვინ დაგვწყევლა, ყველა პირიქით რომ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს.



"წლის ხვნა-თესვა და მომკა" _ კანაფის მოსავლის აღება
"დახნავ, დათესავ, მოიყვან და მთავრობა გართმევს _ ასეთია გლეხი კაცის ცხოვრება". _ თქვა პოლიტიკური პარტია "გირჩის" მხარდამჭერმა და სინანულით ამოიოხრა. ექსპერტ- კრიმინალისტებმა "გირჩის" ოფისიდან 84 ცალი ქოთანი წაიღეს დათესილი კანაფით. ეე... ამაზეა ნათქვამი _ რასაც დასთეს იმას მოიმკიო. "გირჩმა" წელს სასულიერო პირის სტატუსი მიანიჭა უამრავ ახალგაზრდას. მათ შორის, ინგა გრიგოლიას. წლის მოვლენა მგონია ისიც, რომ ინგა გრიგოლია მღვდელი გახდა. მართალია ის უარყოფს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით!



"წლის აღმოჩენა" _ პარტიის ლიდერების გაქრობა
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (იგივე NDI) პარტიების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა და აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში პარტიები აღარ არსებობენ. ანუ, ის პარტიები რომლებიც წელს გამოიკვლიეს, გადაშენდნენ, ლიდერები კი პოლიტიკიდან წავიდნენ. გაოცებულმა მკვლევარებმა შრომაც და ფულიც სულ ტყუილად დახარჯეს. ამის შემდეგ, მათ კვლევის თემატიკის შეცვლაზე იფიქრეს. მაგალითად, NDI-ის შემდეგი კვლევის კითხვა იქნება _ `დედა უფრო გიყვართ თუ მამა?~
აბა, სადღაა პარტიები და კაი ცხოვრება!



"წლის გადატრიალება" _ გადატრიალება საფლავში და საწოლში
საქართველოში ყველაზე დიდი სტიქია ტყის ხანძრები იყო. ცეცხლის ჩაქრობაში მეზობელი ქვეყნები გვეხმარებოდნენ, მათ შორის ირანელები. ირანული ავიაცია და ირანელი პილოტები რომ აქრობდნენ კახეთში ხანძარს, შაჰ-აბასი საფლავში ტრიალებდა, ხოლო ჯონდი ბაღათურია საწოლში.



"წლის ქველმოქმედება" _ მარიამ საჯაიასთვის ფულის აკრეფა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 9 მუზათაგან ერთ-ერთმა, ყოფილმა პარლამენტარმა მარიამ საჯაიამ გულისამაჩუყებელი პოსტი გამოაცხო; საჯაია მოსახლეობას ფულის აკრეფას სთხოვდა, რათა მსოფლიოს გარშემო ემოგზაურა. "მოვიფიქრე ძალიან მაგარი იდეა, ყველამ გადმოგვირიცხეთ თუნდაც 5, 10, ან 200 ლარი და მე და ჩემი მეგობრები ვიმოგზაურებთ მსოფლიოს გარშემო. იქედან კი პოსტებს დავდებთ და მაგრად იხალისებთ" _ აცხადებდა საჯაია. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ეს პროექტი განხორციელდა თუ არა. ისე, მაგარი იდეაა... იმედია, ვინც ფული გადაურიცხა ძალიანაც იხალისა.



"წლის ფრაზა" _ დროშა რომ ვერ "დაკიდენ" იმის შესახებ
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სამოქალაქო აქტივისტისა და პოლიტიკოსის, გოგი წულაის ფრაზა "დროშა ვერ დაკიდენ ამ შობელძაღლებმა, ნაჭერი არ ეყოთ" ნამდვილად არის წლის ფრაზა. ყველას გვახსოვს ის დროშა, "პატარა ბოვშვის იმასავით" რომ ფრიალებდა. ზოგადად მე, გოგი წულაიას წლის ადამიანადაც დავასახელებდი.



"წლის საპარლამენტო მხარდაჭერა" _ პარლამენტმა მხარი დაუჭირა სათესლე მასალებზე კონტროლის სისტემას.
არ მინდა ისე გამიგოთ, რომ მხოლოდ ნეგატიური რამეები ხდებოდა 2017 წელს. ვფიქრობ რომ ბევრი კარგი ამბებიც ხდება ირგვლივ. აი, მაგალითად: `აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიზანი სათესლე და სარგავი მასალების ხარისხის და სტანდარტების კონტროლის სისტემის შექმნაა~. ხომ გაგიხარდათ? მეც!



"წლის გულმავიწყობა" _ ცირკ "შაპიტოს" უკრაინაში აქლემი დარჩა
რა შეიძლება დაგრჩეს გასტროლის დროს ადამიანს? ქოლგა, ჩანთა, უთო, კანისტრა... მაგრამ აქლემი?! დასავლეთ უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში, ქართულმა მოძრავმა ცირკმა აქლემი დაკარგა. როგორც ირკვევა, ე.წ. "შაპიტოს" წევრებმა, გასტროლების დასრულების შემდეგ თავიანთი ნივთები აკრიფეს, ხოლო აქლემი ქუჩაში დარჩათ. მიტოვებული ცხოველის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია.



"წლის ქორწინება" _ ჩოხიანი ყმაწვილების ჯვრისწერა ნიუ-იორკში
მიუხედავად იმისა, რომ რომაული ცრუ-ღმერთების პანთეონის ავენტინური ტრიადის პლებეური ცრუ-ღმერთების დაუძინებელი მებრძოლი, ახალი საქართველოს ძველი დიდების დამბრუნებელი, ბაგრატოვანთა სამეფო ოჯახის მიერ რაინდად წოდებული ლევან ვასაძე ამტკიცებს, რომ ქართველი გეები არ არსებობენ, გაირკვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველმა გეი წყვილმა ჯვარი დაიწერა. წყვილმა "ქართული მარშის" ერთ-ერთ ლიდერს, კორკოტას, ჯვრისწრის ცერემონიალის ფოტოც გამოუგზავნა სახსოვრად, სადაც მათ ქართული ჩოხები აცვიათ. კორკოტასთვის ასეთი "საჩუქარი" მართლაც გამოწვევაა. ეს ამბავი რომ გავიგე, უცებ აღმომხდა _ "გვიშველე, კორკოტ! ეს რა ხდება?" კორკოტას ადგილზე თავს რომ წარმოვიდგენ, აღარ ვიცი სად წავიდე... კარგი, შევეშვათ ამ ამბავს, როგორც ქალბატონი გურანდა გაბუნია იტყოდა _ მორჩა! გავათავე! ჩაო ბამბინო!
ასე შევაჯამე ძველი წელი. რაც შეეხება ახლ, 2018 წელს, ყველას უკეთეს საქართველოს და ჯანმრთელობას გისურვებთ. ისეთი ჯანმრთელები მინდა ვიყოთ, აფთიაქში მხოლოდ პრეზერვატივის საყიდლად შევდიოდეთ.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
კახეთი საქართველოს ის მხარეა, რომლის მონახულებაც შემოდგომით ყველაზე შთამბეჭდავია. რეგიონი წელიწადის ნებიმისერ დროს სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს

19:40 / 27.12.2015
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი რომანი თუ საქმიანი ურთიერთიერთობა?-რა აკავშირებს დიზაინერ მეგი გაბუნიას მოდელ ალექსანდრე მელაძესთან?
რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დიზაინერ მეგი გაბუნიას მამაკაცის ხაზის ფოტოსესია ჩატარდა.
13:06 / 27.08.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2018 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0854
TRY
TRY
1
0.4172
USD
USD
1
2.6216
ამინდი
ბორჯომი 14 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა