ახალი ამბები
#წარმატებაგრძელდება-გიორგი დიასამიძე
_ გამარჯობა, თოდუას კლინიკასთან მიმიყვანეთ _ ვეუბნები ტაქსის მძღოლს და ფიქრებით უკვე იქ ვარ.
ოღონდ, იმ ინტერვიუზე კი არ ვფიქრობ, რომელიც უნდა ჩავწერო, არამედ 3 წლის წინანდელ ჩემს პირველ ვიზიტზე ამ კლინიკაში.
თურმე, შესაძლებელია სამედიცინო დაწესებულებაში პირველად მოხვედრილს დაგეუფლოს აბსოლუტური სიმშვიდის და რაღაცნაირი სასიამოვნო კომფორტის გრძნობა, თანაც ექიმებთან შეხვედრამდე, ფეხის შედგმისთანავე… მე ზუსტად ასეთი გრძნობა მქონდა, როდესაც პირველად მივედი ამ კლინიკაში და ზუსტად იგივე შეგრძნება დამეუფლა ახლაც. აქ ყველაფერი მომწონს _ გრანდიოზული ფოიე როიალით, ულამაზესი კიბე და ის ატმოსფერო, რომელიც საერთოდ გავიწყებს ავადმყოფობას და გადაგაქცევს არა უბრალოდ პაციენტად, არამედ ადამიანად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია...





_ ალო, გამარჯობა გიორგი, ჩვენ უკვე კლინიკაში ვართ... და ტელეფონის გათიშვას ვერ ვასწრებ, ჩვენი მასპინძელი უკვე კიბეზე ჩამოდის.
გიორგი დიასამიძე, ამ უნიკალური კლინიკის დამაარსებლის, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას შვილიშვილია. ის ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და სამედიცინო მენეჯმენტს სწავლობს.
_ ეს კლინიკა ჩემს დაბადებამდე შვიდი წლით ადრე გაიხსნა და შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ბავშვობა აქ გავატარე. პირველი შვილიშვილი ვარ, ბაბუასთან განსაკუთრებული სიახლოვე მქონდა. თუ ერთად მივდიოდით სადმე, აქ მოვყავდი სახლიდან და ველოდებოდი, სანამ საქმეებს დაასრულებდა. მახსოვს, ანატომიის ატლასების თვალიერება მიყვარდა. თავიდან სწორედ ასე დავიწყე ანატომიის შესწავლა. შემდეგ, ცოტა რომ წამოვიზარდე, ყოველ ზაფხულს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ კლინიკაში ვმუშაობდი კიდეც _ ექიმებს ჩემთვის სად ეცალათ, ექთნებთან ვიყავი და ახლა რომ ვუფიქრდები, ეს დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. როდესაც სამედიცინო დარგის მენეჯერი ხდები, შიგნიდან უნდა იცნობდე პროცესებს, ყველა სეგმენტს, ურთიერთობა უნდა გქონდეს პერსონალთანაც და პაციენტებთანაც. პაციენტი უნდა გიყვარდეს.





ერთი შემთხვევა მახსენდება იმ დროიდან, როდესაც, ჯერ კიდევ ბავშვი, ექთნებთან ერთად ვსაქმიანობდი: ასაკოვანი ქალბატონი შეიყვანეს კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. შევყევი, ხელზე ხელი მოვკიდე და მოვეფერე. ისეთი მადლიერი იყო, დამშვიდებული. მაშინ მივხვდი, პაციენტისთვის, რასაკვირველია, უმთავრესი ექიმის პროფესიონალიზმია, მაგრამ ისინი ყურადღებას და სითბოსაც ითხოვენ, კი არ ითხოვენ, სჭირდებათ. პაციენტთან ურთიერთობა ბაბუასთვის უმთავრესი იყო. _ ალბათ, მედიცინის გარდა სხვა პროფესია არც განიხილებოდა, არა?



_ თავიდანვე ვიცოდი, რომ სამედიცინო სფერო იყო ჩემი მომავალი, მაგრამ ერთი პერიოდი ისე გამიტაცა თვითმფრინავებმა, ავიაციამ, რომ ამის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი. დაახლოებით ათი წლის ვიქნებოდი. თვითმფრინავით მანამდეც არაერთხელ ვიყავი ნამგზავრი, მაგრამ იმ წელს ბაბუამ ამერიკაში წამიყვანა კონგრესზე. ასეთმა გრძელმა გზამ და იმ თვითმფრინავმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ სერიოზულად დავიწყე ოცნება ავიაციაზე. თვითმფრინავებზე ყველაფერი ვიცოდი, მთლიანად ამ სფეროთი ვიყავი მოცული. ავიაციაზე ოცნება და ინტერესები ერთ წელიწადში ამოვწურე, მაგრამ იმ მოგზაურობიდან გამოყოლილი შთაბეჭდილებები ამერიკაზე, დაუვიწყარი იყო. ამერიკა გახდა ჩემთვის იდეალური ქვეყანა _ ყველაფერი მომწონდა, განსაკუთრებით ცათამბჯენები და მტკიცედ გადავწყვიტე სასწავლებლად ამერიკაში წავსულიყავი. როდესაც ბაბუას ამის შესახებ ვუთხარი, ჩემი ამერიკაში გამგზავრების კატეგორიული წინააღმდეგი აღმოჩნდა.



_ რატომ, ევროპაში ხომ გაგიშვათ სასწავლებლად?


_ საქმე ის არის, რომ ბაბუა არაჩვეულებრივად იცნობდა ამერიკას, იქაური ცხოვრების წესს, სამედიცინო სფეროს, ამით იმის თქმა არ მინდა, თითქოს ის თვლიდა, რომ მე იქ შესაბამის განათლებას ვერ მივიღებდი, უფრო მანძილის პრობლემა იყო. ბაბუას საოცრად დატვირთული გრაფიკი ჰქონდა. პაციენტები, სამეცნიერო კონფერენციები მთელ მსოფლიოში და კიდევ, ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, უშუალოდ მისი ჩარევით, მისი გემოვნებითაა გაკეთებული. სადმე დასასვენებლად რომ მივდიდოდით, ტელეფონი დაუსრულებლად რეკავდა, ხან ექიმებს ელაპარაკებოდა, ხან ხელოსნებს _ კედლის შეღებვას, მეტლახის ფერს _ ყველაფერს ყურადღებით ეკიდებოდა. ვეხვეწებოდი ტელეფონი გამორთე-მეთქი. არასდროს ისვენებდა, ერთ საქმეს როგორც კი დაასრულებდა, მეორეს იწყებდა, სულ ქმნიდა. ენერგიაც უსაზღვრო ჰქონდა. 70 წლის ასაკშიც კი ახალგაზრდებს გვჯობდა. ერთხელ, მე და რამდენიმე მისი სტუდენტი ბარსელონაში ვყავდით სამედიცინო გამოფენაზე და კონფერენციაზე. მთელი დღე იმდენი გვატარა, დაგვხოცა სიარულით და საღამოს სასტუმროში რომ დავბრუნდით, სრულიად მშვიდად გამოგვიცხადა _ ნახევარ საათში მზად იყავით შეხვედრა გვაქვსო. ზუსტად დროზე გამოცხადდა სასტუმროს მოსაცდელში და შემდეგ, როგორც ჩვეოდა, დაიწყო რეკვა _ სად ხართ გვაგვიანდებაო. მისთვის დაღლა არ არსებობდა. ასეთი გრაფიკის პირობებში, ბაბუას გაუჭირდებოდა ისეთ შორ მანძილზე ჩემი სასწავლებლად გაშვება, როგორიც ამერიკაა, რადგან ვერ მოახერხებდა მოსანახულებლად ხშირად სიარულს. ჩვენ კი ისეთი ურთიერთობა გვქონდა, რომ ერთმანეთის გარეშე დიდხანს ვერ ვძლებდით. თუმცა, ეს დიდი სიყვარული და მეგობრობა იმას არ ნიშნავს, რომ მე განსაკუთრებულად განებივრებული ვიყავი ან დამოუკიდებლობას ნაკლებად მიჩვეული. სულ პატარა ვიყავი, პირველად მარტო რომ გამიშვა საზაფხულო სკოლაში. თვითმფრინავშიც მარტო ჩამსვა იმ წუთას გაცნობილ ბიჭებთან ერთად.



გაგრძელება იხილეთ ჟურნალ "სითის" ახალ ნომერში


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
კახეთი საქართველოს ის მხარეა, რომლის მონახულებაც შემოდგომით ყველაზე შთამბეჭდავია. რეგიონი წელიწადის ნებიმისერ დროს სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს

19:40 / 27.12.2015
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი რომანი თუ საქმიანი ურთიერთიერთობა?-რა აკავშირებს დიზაინერ მეგი გაბუნიას მოდელ ალექსანდრე მელაძესთან?
რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დიზაინერ მეგი გაბუნიას მამაკაცის ხაზის ფოტოსესია ჩატარდა.
13:06 / 27.08.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2018 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0854
TRY
TRY
1
0.4172
USD
USD
1
2.6216
ამინდი
ბორჯომი 14 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა