ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი-ვიცესპიკერის არაპოლიტიკური ტრიბუნა
საგულდაგულოდ რომ ეძებოთ ინტერნეტში, ჟურნალ-გაზეთებსა თუ ვებ-პორტალებზე, მის ერთ ინტერვიუსაც ვერ ნახავთ პირად თემებზე ან, თუნდაც, კარიერაზე და სამომავლო გეგმებზე. თუმცა, შეხვდებით სატელევიზიო დებატებს ნარკოპილიტიკაზე, ბოლო დროს იპოვით ინტერვიუებს `კვოტების კანონპროექტის~ მნიშვნელობაზე და ნახავთ პასუხს რამდენიმე კვირის წინ გავრცელებულ პოლიტიკურ ჭორზეც კი, რომელიც ვიცესპიკერის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას ეხებოდა.

თამარ ჩუგოშვილის არაპოლიტიკური ტრიბუნა, ინტერესის მიუხედავად, ჟურნალისტებისთვის წლების განმავლობაში მიუწვდომელი იყო. მე პირადად, დიდი ხანია მასთან არაფორმალური ინტერვიუს ჩაწერის სურვილი მაქვს. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა, ერთი წლის წინ `ეკა ხოფერიას თოქ-შოუსთვის~ პარლამენტარი ქალების პორტრეტების გადაღებას ვგეგმავდით. თუმცა, მაშინ ჩვენი შეხვედრა არ შედგა. ალბათ იმიტომ, რომ ვიცესპიკერის ექსკლუზიური ინტერვიუ არაფორმალურ საკითხებზე, ფოტოსესია მასთან სახლში, შვილთან ერთად _ სწორედ რომ, `სითის~ არქივის საკუთრება უნდა გამხდარიყო.  ფოტოსესიის შემდეგ, მგონია, რომ ყველაზე რთული ნაწილი დაიწყება. ჩემთვის ვალაგებ სცენარს. ალბათ მეტყვის, რომ კითხვები წინასწარ გავაცნო, ალბათ მარტო იმ შეკითხვებზე მიპასუხებს, რომლებზეც თავად სურს. ალბათ, მაინც ფორმალური ინტერვიუ გამოვა, მაგრამ არა _ ჩემ წინ, მართალია, ვიცესპიკერი ზის, რომელიც პერიოდულად თანაგუნდელების ზარებს პასუხობს და კანონპროექტის დეტალებს აზუსტებს, მაგრამ ყველა კითხვაზე საპასუხოდ მზად არის.  ბავშვობიდან ყველაზე ხშირად გაყინული საკლასო ოთახის კადრი მახსენდება, სადაც ქუდებით, ხელთათმანებით და ქურთუკებით ვისხედით. ციოდა, შუქი არ იყო, გათბობა არ იყო და ასე შემდეგ. ეს პერიოდი, ალბათ, ყველას გამოვლილი აქვს. მძაფრად მაქვს ჩარჩენილი ის პერიოდიც, როცა მამა აფხაზეთის ომში იყო. ეს ორი კადრი ყველაზე ხშირად მახსენდება. ბედნიერი კადრი კი უკავშირდება ცხვარიჭამიაში ზაფხულის არდადეგებს. მე, ჩემი ძმა, ჩემი მამიდაშვილები ჩვენი დიდი ოჯახი ერთად ვისვენებდით ჩვენს აგარაკზე. გაყინული საკლასო ოთახის კადრს, ჩემს მეხსიერებაში უკვე ის ბედნიერი დღეები ცვლის, რომელსაც ცხვარიჭამიაში ვატარებდით.



ოჯახი
ჩემი მშობლები ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანები არიან. დედაჩემი _ ირინე ჩუგოშვილი პროფესიით ფილოლოგია, წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალისტად და იყო `პირველი არხის~ საპარლამენტო კორესპონდენტი. დედა ყოველდღე პარლამენტში იყო და აშუქებდა სხდომებს. ჩვენთან სტუმრად მოდიოდნენ იმდროინდელი პარლამენტის წევრები. საუბარში სულ ფიგურირებდა პარლამენტი, სხდომები, კომიტეტები. ჩემი პირველი შეხებაც პარლამენტთან აქედან იწყება.  მამა _ მალხაზ ჩუგოშვილი, ფსიქიატრია. წლების განმავლობაში გლდანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ძალიან სტრესულ გარემოში მუშაობდა. ერთ დღესაც, მიიღო გადაწყვეტილება და სამსახური დატოვა. ახლა გატაცებულია მშობლიურ კახეთში კაკლის მეურნეობით. ჩემი ძმა, გიორგი, 5 წლით ჩემზე უმცროსია. ალბათ, სუბიექტური ვარ, მაგრამ ის მიმაჩნა ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან, მაგარ და ყოჩაღ ახალგზარდად. გიორგი მუშაობს ანაკლიის პროექტზე და დაკავებულია ახალი ქალაქისთვის იდეების მოფიქრებით.  თუ რამეს მივაღწიეთ, ყველაფერი ჩემი მშობლების დახმარებით გამოგვივიდა. ერთადერთი, რაშიც ისინი მთელ შემოსავალს ხარჯავდნენ, ჩემი და ჩემი ძმის განათლება იყო. ეს რეპეტიტორის აყვანას უკავშირდებოდა, უნივერსიტეტში ჩაბარება რომ შეგვძლებოდა.  ჩემი მეუღლე _ გიორგი მიხანაშვილი, პროფესიით გეოლოგია, მუშაობს აეროპორტების გაერეთიანებაში. საკმაოდ ემოციურად არის ჩართული თითოეულ პროექტში და ყველა მათგანი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთმანეთს საერთო მეგობრების წრეში შევხვდით და მალევე ვიქორწინეთ. ჩვენი ქორწინებიდან 10 წელი გავიდა, 3 წელი ნინის ველოდებოდით, მისი დაბადებით კი, ყველაფერი შეიცვალა.





_ როგორ უხსნით ნინის თქვენს საქმიანობას?
_ ნინისთვის ბევრად გასაგებია თუ რას აკეთებს მამა, აეროპორტებისა და თვითმფრინავების მაგალითით, ვიდრე _ დედა. პოლიტიკა და კანონები ვერ ავუხსენით მარტივად. ვეუბნები, რომ ყველაფერზე არსებობს წესი, ქუჩაში მოხვევა სად შეიძლება და სად _ არა. მანქანის გაჩერება სად შეიძლება და სად _ არა. შენობის აშენება სად შეიძლება და ა.შ. ეს ყველაფერი არის კანონი და არიან ადამიანები, ვინც ამ კანონებს ქმნიან. ვეუბნები, რომ მეც მათ შორის ვარ.
საკანონმდებლო უწყების ერთ-ერთმა მთავარმა რგოლმა, პროფესიული არჩევანი 2001 წელს გააკეთა. ურთულეს პერიოდში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. იმ დროს ბევრი რამის დამტკიცება მოუწია, პირველ რიგში მათთვის, ვისაც კორუმპირებულ გარემოში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება წარმოუდგენლად ეჩვენებოდა.

_ პროფესიულ არჩევანს ვაკეთებდი ინტერიერის დიზაინსა და სამართალმცოდნეობას შორის. ძალიან მიყვარდა ხაზვა, გეომეტრია და რაღაც პერიოდი სერიოზულად ვფიქრობდი დიზაინის მიმართულებით სწავლაზე. მერე მშობლებმა მირჩიეს, _ მაინც იურისტობაზე იფიქრეო.

მძიმე პერიოდი იყო, იმის თქმაც კი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულზე, უფასოზე მოხვედრის ამბიცია ჰქონდა ადამიანს, სიგიჟედ ითვლებოდა. ჩემს მშობლებს მეგობრები ეჩხუბებოდნენ, _ ბავშვს რას უკეთებ, ისეთ რაღაცას სთხოვ, რასაც ვერ გააკეთებს, დაისტრესება და მერე მთელი ცხოვრება უბედური იქნებაო. ამ ყველაფრის ფონზე, მაინც ჩავაბარე თანაც უფასოზე, ძალიან მაღალი ქულებით და მქონდა განცდა, რომ შეუძლებელი არაფერია. სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, სულ სხვანაირად განვითარდა ჩემი ცხოვრება. მოვხვდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, ეს იყო ერთადერთი ადგილი სწავლის განსხვავებული სისტემით _ ლექტორები თავისუფალ სტილში კითხულობდნენ ლექციებს, სამართლიანი კონკურსით არჩევდნენ სტაჟიორებს. სტაჟირებით დავიწყე მეც და რამდენიმე წელში ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე გავხდი. ჩვენ უშუალო შეხება გვქონდა მოქალაქეების პრობლემებთან. იურისტებთან ერთად ვამზადებდით საჩივრებს, სარჩელებს, მოქალაქეებს მივყვებოდით სასამართლოში, ადმინისტრაციული გასაჩივრების ორგანოში.


_ გახსოვთ, თქვენი პირველი საქმე?

_ ქონებასთან დაკავშირებული დავა იყო, განქორწინების შემდეგ, ქალი ითხოვდა ქონების გაყოფას და მეუღლისგან ალიმენტის გადახდას. ჩვენი კანონმდებლობის თანხმად, თუ წყვილი რეგისტრირებულ ქორწინებაშია, თანაცხოვრებისას შეძენილი ქონება განქორწინებისას თანაბრად იყოფა, მაგრამ თუ სამოქალაქო რეესტრში არ არის ქორწინება გატარებული, დავები ჩნდება. კანონი უფრო მეტად იცავს ადამიანს, თუ საქორწინო კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ამგვარი კონტრაქტი ამ ქალს არ ჰქონდა, თუმცა საქმე მაინც ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.


_ თქვენ გაქვთ საქორწინო კონტრაქტი?
_ არა, მე არ მაქვს.



_ გახსოვთ, პირველი ჰონორარი რამდენი იყო?
_ 120 ლარი. ვმუშაობდი ხანდაზმულთა მხარდამჭერ ფონდ `თაობაში~ მდივან-რეფერენტად. ლექციები მეწყებოდა დღის მეორე ნახევარში, ამიტომ, 9-დან 2-მდე ამ ფონდში ვმუშაობდი და ძალიან ამაყი ვიყავი, გზის და ყოველდღიური `ლანჩის~ ფულს მშობლებს რომ არ ვართმევდი.


_ თქვენი კარიერა საია-ში როგორ განვითარდა?
_ საია საფეხურებრივი განვითარების შესაძლებლობას იძლევა; ჯერ იურისტის თანაშემწე ვიყავი, მერე იურისტი, მერე პროექტის კოორდინატორი. ვიყავი საია-ს საპარლამენტო მდივანი. ეს უკვე პირველი შეხება იყო პარლამენტთან, თუ დედაჩემის ისტორიას არ ჩავთვლით. პირველ საკომიტეტო განხილვაზე რომ მივედი, ყველა კანონპროექტზე დასკვნა მქონდა მომზადებული. აღმოვჩნდი სხდომათა დარბაზში. თითქმის ცარიელ ოთახში კომიტეტის თავმჯდომარე და ორი დეპუტატი იჯდა. მათ ისე ჩაიკითხეს ამ კანონების სია, კითხვაც არ დასმულა, აზრიც არ გამოთქმულა, კენჭისყრაც არ ჩატარებულა, ბოლოს ჩაითვალა, რომ კანონპროექტი მიღებულია. მახსოვს, ეს ყველაფერი ჩემთვის როგორი შოკისმომგვრელი იყო. 2008-12 წლების პარლამენტი ძალიან `ჩაშვებული~ იყო. სამწუხაროდ, ამ რეჟიმში მუშაობამ პარლამენტი დააზიანა. ახლა ბევრად გამოცოცხლებულია საპარლამენტო ცხოვრება.


_ პოლიტიკურად საკმაოდ რთულ პერიოდში იყავით საია-ს თავმჯდომარე. რა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?

_ საია-ს თავმჯდომარეობა დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. 26 წლის ვიყავი და ვერც ვაცნობიერებდი ამ პოსტის ტვირთს. ყველაფერი, რასაც აკეთებ საჯაროა, უნდა იყო სამართლიანი, კომპეტენტური, პრინციპული, უკომპრომისო, მითუმეტეს, მე ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიყავი 2010-12 წლებში. 2012 წელი ძალიან დატვირთული იყო პოლიტიკური პროცესებით. ჩვენ ვიყავით არჩევნების ერთ-ერთი დამკვირვებელი. საია-ს შეფასებას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა პროცესზე, მთელი წელი პოლიტიკურ ბრძოლებში გავატარეთ. თუმცა, ყველაზე რთული იყო ციხის კადრების გავრცელება. ეს ისეთი შოკი იყო, რომ დღეები დამჭირდა მდგომარეობიდან გამოსასვლელად.  გამოწვევა იყო კამპანია `ეს შენ გეხება~. კანონში იქმნებოდა ჩანაწერი, რომელიც ზუსტად იმეორებდა რუსულ მოდელს _ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უნდა შეწყვეტილოყო უცხოური დაფინანსება. ამ გზით, სამოქალაქო სექტორი ქვეყანაში საერთოდ კვდებოდა. იმ დროს, როცა მედია არ არსებობდა, ოპოზიცია არ არსებობდა _ სახელმწიფოს გაუმართლებელი შეზღუდვები შემოჰქონდა. ამ მიმართულებითაც მივაღწიეთ წარმატებას. მეორე ტალღა იყო პატარა ტელევიზიების სატელიტურ პროვაიდერებზე გადაყვანა და მთელი საქართველოს დაფარვა. საია ძალიან ბევრ წარმატებასთან ასოცირდება და ის წლები განსაკუთრებულად მიყვარს.


_ როდის გადაწყვიტეთ სამოქალაქო სექტორიდან პოლიტიკაში გადასვლა?
_ როცა საია-ს თავმჯდომარეობის ორწლიანი ვადა დავასრულე, სწორედ მაშინ გახდა პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. არასამთავრებო სექტორი ითხოვდა, რომ შექმნილიყო გენდერულ საკითხებზე პრემიერმინისტრის მრჩევლის პოზიცია. ამ პოზიციაზე მუშაობა შემომთავაზეს და გავხდი პრემიერის თანაშემწე. უვიზო მიმოსვლისა და ასოცირების ხელშეკრულების მისაღებად გვქონდა სამოქმედო გეგმა, სადაც ბევრი კრიტერიუმი იყო დასაკმაყოფილებელი. მეც ამ სამოქმედო გეგმის შესრულებით ვიყავი დაკავებული. უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, ძალიან ბევრი ადამიანის მუშაობის შედეგია, ვამაყობ, რომ მათ შორის მეც ვარ.





ჰარვარდი
საია-ს ბოლო წლებმა და კანცელარიაში მუშაობამ ცოტა პროფილი შემიცვალა. მანამდე კლასიკური იურისტი ვიყავი, მერე პოლიტიკურ თემებზე მომიწია მუშაობა. უკვე საჯარო მმართველობის სივრცეში გადავედი. ვინაიდან ამ კუთხით განათლება არ მქონდა, დავჯექი და მოვძებნე სად იყო მსოფლიოში საუკეთესო ადგილი სახელმწიფო მართვის შესასწავლად _ ეს იყო ჰარვარდის კენედის სახელობის სკოლა. თავიდან ვიფიქრე, რომ გამორიცხული იყო ჰარვარდში მოხვედრა. სწავლა ღირდა 100 ათასი დოლარი, მოხვედრაც ურთულესი. შემდეგ ძალიან უცნაური რამ მოხდა: ჩემი ერთი ამერიკელი ნაცნობისგან, რომელიც საქართველოში მუშაობდა როგორც ექსპერტი, მივიღე წერილი. მან გამიწია რეკომენდაცია ჰარვარდის სახელმწიფო მართვის სკოლაში. მე ამ თემაზე უკვე აღარც ვფიქრობდი, მაგრამ ამ წერილის მიღების შემდეგ ჩავთვალე, რომ ცდად ღირდა. შევავსე საბუთები, მივიღე სტიპენდია ბოისების ოჯახისგან, რომელიც წელიწადში ათ ახალგაზრდას აფინანსებს სხვადასხვა ქვეყნიდან. სამწუხაროდ, მათი გაცნობა ვერ მოვახერხე, თუმცა, პერიოდულად მწერენ და ითხოვენ ინფორმაციას რას მივაღწიე, სად ვარ, რას ვაკეთებ. ჰარვარდში სრულიად სხვა სამყარო დამხვდა. ეს არის ადგილი, სადაც ყველაფერია იმისთვის, რომ სწავლით ბედნიერი იყო.


დაბრუნება პოლიტიკაში
როდესაც დავბრუნდი, უკვე მივიღე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისგან შემოთავაზება. "ქართული ოცნება" საკუთარი პოლიტიკური გუნდისთვის და 2016 წლის არჩევნებისთვის ახალ სახეებს ეძებდა. პრემიერი მიცნობდა კანცელარიაში მუშაობის პერიოდიდან და გუნდის წევრობა შემომთავაზა. ამის შემდეგ გაჩნდა ჩემი პირდაპირი კავშირი პოლიტიკასთან. პასუხისმგებლობის გრძნობა, ამ რთული გადაწყვეტილებით, გამიასმაგდა. ეს გაუაზრებელი ნაბიჯი არ ყოფილა, ვხვდებოდი საჯარო სივრცე რასაც ნიშნავდა. ეს გადაწყვეტილება განაპირობა გიორგი კვირიკაშვილის ფაქტორმაც, მის მიმართ პერსონალური პატივისცემა და ნდობა მქონდა.




_ ის გოგო, რომელიც 2001 წელს იურიდიულ ფაკულტეტზე აბარებდა, თუ ფიქრობდა, რომ ოდესმე საპარლამენტო ტრიბუნასთან მოხვდებოდა?

_ ასეთი რამ არ მახსენდება, მაგრამ როდესაც საია-ში საპარლამენტო მდივანი ვიყავი, ერთ-ერთი პროგრამით სტაჟირებაზე მივდიოდი ვაშინგტონში. კითხვაზე, თუ სად ვიქნებოდი 10 წელიწადში, მე ვუპასუხე, რომ 10 წელიწადში ვიქნებოდი პარლამენტში.



_ პარლამენტში მისვლით თქვენ გახდით ოჯახის წევრის უფროსი. რთული იყო ამ ფაქტთან შეგუება?
_ დედაჩემი 12 წელია მუშაობს პარლამენტში, მედიამონიტორნგის განყოფილების უფროსად. თავიდან ცოტა მაწუხებდა ეს ამბავი, ვფიქრობდი, რომ ამას შეიძლება კითხვები გაეჩინა. ვეუბნებოდი, რომ დრო იყო დამშვიდობებოდა სამსახურს და წასულიყო პარლამენტიდან. ახლა მაქვს განცდა, რომ უსამართლობა იქნებოდა, ჩემი პოზიციის გამო, დედაჩემის სამსახურიდან წასვლა.



_ როცა თანაგუნდელის ნაბიჯი არ მოგწონთ, როგორ მოქმედებთ? ნაკლებად კრიტიკული ხომ არ გახდით მათ მიმართ?
_ ბევრჯერ ყოფილა კამათი. თუმცა, არ მაქვს განცდა, რომ გაუმართლებელ კომპრომისზე მომიწია წასვლა. როდესაც წარმოადგენ არასამთავრობო ორგანიზაციას და როდესაც დაცლილი ხარ ყველანაირი კავშირისგან, მაშინ მოქმედებ სრულიად განსხვავებულად. პოლიტიკაში ყოფნა ნიშნავს, რომ ტაქტიკურად და სხვანაირად იქცევი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღირებულებები გეცვლება, უბრალოდ, უნდა მოიქცე სხვანაირად. პოლიტიკური პროცესების თანამონაწილე და ამ პროცესებზე პასუხისმგებელი ხარ. ყველა თემა, რაც მანამდე გადარდებდა, ისევ გადარდებს და ყველაფერზე გაქვს შენი აზრი და დამოკიდებულება.



_ გენდერულ საბჭოში რომელ ოპონენტთან გიყვართ ყველაზე მეტად დებატები?
_ ყველაზე მეტი დებატი მომიწია ჩემს კოლეგასთან ოპოზიციიდან _ ელენე ხოშტარიასთან, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. ჩემთვის საინტერესო არის მასთან ოპონირება, იმედი მაქვს, მისთვისაც.



_ ნანახი მაქვს, პარლამენტში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი როგორ ესაუბრება ერთმანეთს დერეფანში, ყავას ერთად სვამენ, სასადილოში ერთმანეთს ეპატიჟებიან. თქვენც ასე მეგობრობთ ოპონენტებთან?
_ ვცდილობ, რომ კოლეგებთან ცივილური ურთიერთობა მქონდეს. ზოგთან გამოდის, ზოგთან _ არა. ქვეყნისთვისაც და პოლიტიკურადაც მგონია, რომ რაც უფრო მეტი რადიკალიზმი და სიძულვილია, მით უფრო არაჯანსაღია გარემო და ამას კარგი არაფერი მოაქვს. რაც მეტი ცივილური ურთიერთობა და დისკუსია იქნება პარლამენტში, მით უფრო კარგია.



_ თქვენი გადმოსახედიდან, რამდენად საინტერესოდ გამოიყურება დღევანდელი პარლამენტი?
_ ერთ-ერთმა საპარლამენტო კორესპონდენტმა მითხრა, _ ეს როგორი უინტერესო პარლამენტია, არაფერი სკანდალური არ ხდებაო. ვფიქრობ, რომ სამუშაო პროცესის თვალსაზრისით, პარლამენტი ევოლუციას განიცდის. საკონსტიტუციო ცვლილებებმა მოამზადა ნიადაგი ძლიერი პარალმენტისთვის და წელს საინტერესო პროცესები გვექნება. ვფიქრობ, რომ ეს პარლამენტი მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის 2020 წელს.



_ ინიციატივა, რომელიც ოპონენტებისგან მოგისმენიათ და განსაკუთრებით მოგწონებიათ
_ ბევრი არ მახსენდება. ეს, როგორც წესი, დაკავშირებულია საგამოძიებო კომისიების შექმნასთან. აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით იყო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა, თუმცა ამ საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მე ამ კომისიის შექმნისგან თავი შევიკავე _ არც მომხრე ვიყავი, არც მოწინააღმდეგე. თუმცა, მგონია რომ ეს ის საქმეა, სადაც პასუხები უნდა გაეცეს არსებულ კითხვებს.



_ ახალ გუნდში ხომ არ არის სპიკერების დეფიციტი, რომლებიც ტელედებატებში ოპონენტებთან ერთად დასხდებიან?

_ თუ არსებობს საზოგადოებაში განცდა, რომ ვიღაც არ ჩანს და მათი ეკრანზე ყოფნის დეფიციტი არსებობს, ამ შემთხვევაში საზოგადოება მართალია, შეიძლება მეტი აქტიურობა იყოს საჭირო. მე ამ შენიშვნას ჩემს თავზე ვიღებ.


_ რომელი სპიკერის გამოსვლა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
_ ბევრის გახსენება შემიძლია. ეს არის ნაკლებად სკანდალური თემები მაგალითად, აჩიკო თალაკვაძის გამოსვლები მახსოვს ყველაზე მეტად. ის, როგორც უმრავლესობის ლიდერი, მნიშვნელოვანი დებატების შემდეგ გამოდის ხოლმე შემაჯამებელი გამოსვლით. ის ძალიან კარგი სპიკერია და ასეთივე საპარლამენტო გამოსვლები აქვს.



_ 2020 წლის საქართველოსთვის რას ისურვებდით?
_ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია. უფრო ლოკალურად კი, დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ძლიერი და ხარისხიანი. ვინაიდან, 2020 საპარლამენტო არჩევნების წელია, ვიმედოვნებ, რომ გვექნება ძალიან ცივილური საარჩევნო კამპანია. ნაკლები აგრესია, ნაკლები დაპირისპირება, ნაკლები სიძულვილის ენა და არანაირი ფიზიკური შეხლა-შემოხლა.



_ და თუ პოლიტიკურ ჭორს კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ, შეიძლება 5 ან 10 წლის შემდეგ, თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყოს?
_ გამორიცხულია. ეს ზუსტად ვიცი, რომ გამორიცხულია. არ მეჩვენება საინტერესო იდეად. ზოგადად, პოლიტიკა ძალიან რთულია, რაც უფრო ზემოთ მიდიხარ, კიდევ უფრო რთულდება. დღეს სადაც ვარ, ისიც ჩემთვის პასუხისმგებლობისა და ტვირთის მეტი არაფერია. ასე რომ, ალბათ, ხანგრძლივ პერსპექტივაში არ ვისურვებდი ისევ პოლიტიკაში ყოფნას.



ინტერვიუს ბოლოს ისევ სცენარს ვალაგებ და ვფიქრობ, მკითხველამდე როგორ მოვიტანო ყველა ემოცია. გამომივიდა თუ არა თამარ ჩუგოშვილთან პირველი არაოფიციალური ინტერვიუ? ვხვდები, რომ პოლიტიკაზე საუბარს ბოლომდე ვერ გავექეცი. ამიტომ, საუბარს არაპოლიტიკური ბლიცით ვამთავრებ.





არაპოლიტიკური ბლიცი
_ თუ დაგირეკავთ პატრულისთვის გადაჭარბებული ხმაურის გამო?

_ არა. ხმაურიან ადგილებში არ ვხვდები. ან ვმუშაობ ან ჩემს შვილთან ვარ.


_ მშობელთა კრებაზე თუ ყოფილხართ?

_ რა თქმა უნდა, ვყოფილვარ. ძალიან ვნერვიულობ ხოლმე. როგორ სწავლობს ჩემი შვილი, ყველაფერს აკეთებს თუ არა კარგად, ხანდახან შენიშვნებსაც ვიღებთ ხოლმე. მაგალითად, რაღაც პერიოდი დაჰქონდა მობილური სკოლაში და ამის გამო ორივემ შენიშვნა მივიღეთ.


_ რა არ გინდათ რომ ნინისთან ურთიერთობისას გამოგრჩეთ?

ყველაზე მეტად მეშინია იმის, რომ ნინი არ დაისტრესოს ჩემი საქმით. ნაკლები დრო მრჩება მისთვის. მეშინია, როგორ განუვითარდება ინტერესები. ისე, ნამდვილად კარგი გოგოა.


წიგნი, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე
ჯორჯ ორუელის 1984 და `ცხოველების ფერმა~.


ბოლოს რაზე იტირეთ?
მე არ ვტირი.


ფილმი, რომელიც ბოლოს ნახეთ?
მიყვარს `სამეფო კარის თამაშები~, შესაბამისად, ახალ სერიებს ველოდები.


სამზარეულოში რამეს ამზადებთ?
საერთოდ არაფერს, ერთხელ ვცადე და ტრავმით დასრულდა. ხელი დავიწვი. ამიტომ, ახლა აღარ ვამზადებ.


ბავშვობაში სპორტზე თუ დადიოდით?
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო წყლის თხილამურები. ზაფხულში მალთაყვის სპორტულ კომპლექსში ვისვენებდით. იქ იყო წყლის თხილამურების ბაზა. საკმაოდ კარგად ვიდექი და დღემდე მენატრება. ჭადრაკსაც კარგად ვთამაშობ და ახლა მინდა, რომ ნინისაც ვასწავლო.


მსოფლიო პოლიტიკოსი

ძალიან მიყვარს მადლენ ოლბრაიტი, რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა, რომ მის გამოსვლებს პირადად დავსწრებოდი. ჩემთვის ის არის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქალი.


ცხოვრების მთავარი ფრაზა
ჩერჩილის ბევრი ფრაზა მიყვარს, მაგალითად: `წარმატება არის უნარი, მიხვიდე ერთი წარუმატებლობიდან მეორე წარუმატებლობამდე.~











Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის
სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის
საწინდარია.
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის საწინდარია.
12:08 / 11.07.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ
ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
კულინარიული ბუმის ეპოქაში, რომელმაც მყარი ნაბიჯებით საქართველოშიც
შემოაბიჯა, ამ რუბრიკის გაკეთება ცოტა რთულად წარმომედგინა. მეგონა,
ამ ქალაქში ჩემ გარდა პრაქტიკულად ყველა კულინარიის მაგისტრი თუ არა,
ბაკალავრი მაინც იქნებოდა. საბედნიეროდ, ვცდებოდი.
კულინარიული ბუმის ეპოქაში, რომელმაც მყარი ნაბიჯებით საქართველოშიც შემოაბიჯა, ამ რუბრიკის გაკეთება ცოტა რთულად წარმომედგინა. მეგონა, ამ ქალაქში ჩემ გარდა პრაქტიკულად ყველა კულინარიის მაგისტრი თუ არა, ბაკალავრი მაინც იქნებოდა. საბედნიეროდ, ვცდებოდი.
11:13 / 11.07.2018
ვიცი, პრეტენზიულად ჟღერს ეს სათაური, მაგრამ ასეა. ნახეთ, როგორი
ამბავია: ონლაინ პლატფორმების საუკუნეში ყველას მიეცა საქმიანობის
ფართო გასაქანი; ზოგი მაისურების და ფეხსაცმლის შემქმნელი გახდა, ზოგი
დიზაინ-ბლოგერი, ზოგი კერძების მომზადების დიდოსტატი, ზოგიც
სამკაულების კოლექციონერი.
ვიცი, პრეტენზიულად ჟღერს ეს სათაური, მაგრამ ასეა. ნახეთ, როგორი ამბავია: ონლაინ პლატფორმების საუკუნეში ყველას მიეცა საქმიანობის ფართო გასაქანი; ზოგი მაისურების და ფეხსაცმლის შემქმნელი გახდა, ზოგი დიზაინ-ბლოგერი, ზოგი კერძების მომზადების დიდოსტატი, ზოგიც სამკაულების კოლექციონერი.
11:58 / 09.07.2018
ჩვენ დაახლოებით ვხვდებით, რას ფიქრობთ ამ წამს, ამ ტექსტს რომ
კითხულობთ და თან ამ წყლისფერ-ოქროსფერ საოცრებას უყურებთ. წარწერა
Guess უკვე მიგანიშნებთ, რომ ფიქრებით
სწორი მიმართულებით მიდიხართ.
მივყვეთ ფიქრებს: თქვენ ფიქრობთ ზაფხულზე. თქვენ ფიქრობთ საკუთარ
თავზე ამ ზაფხულში. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ზაფხული ყველაზე მაგარი
უნდა იყოს… მაგრამ!
ჩვენ დაახლოებით ვხვდებით, რას ფიქრობთ ამ წამს, ამ ტექსტს რომ კითხულობთ და თან ამ წყლისფერ-ოქროსფერ საოცრებას უყურებთ. წარწერა Guess უკვე მიგანიშნებთ, რომ ფიქრებით სწორი მიმართულებით მიდიხართ.
მივყვეთ ფიქრებს: თქვენ ფიქრობთ ზაფხულზე. თქვენ ფიქრობთ საკუთარ თავზე ამ ზაფხულში. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ზაფხული ყველაზე მაგარი უნდა იყოს… მაგრამ!
11:34 / 09.07.2018

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"ტაბლა" ღვინის აქცენტით
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის საწინდარია.
12:08 / 11.07.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2018 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.8520
TRY
TRY
1
0.5126
USD
USD
1
2.4546
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
გამოწერა