ახალი ამბები
ეთერშია ხატია მოისწრაფიშვილი
ის, ვინც წლების მანძილზე ყოველდღე მაყურებელს ამ სიტყვებით ესალმებოდა, დღეს სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურის, "ფინანსთა და შემოსავლების სამინისტროს" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურს ხელმძღვანელობს.


_ შენი ამბის თხრობას საიდან დაიწყებდი, ეს იქნებოდა ამბავი პატარა ხატიას შესახებ?
ეს იქნებოდა პატარა ხატია მთაწმინდიდან, არსენასა და ყველა მიმდებარე ქუჩიდან, რომლებიც დღემდე ძალიან მიყვარს. ეს იქნებოდა ხატია მამასთან ერთად.



და, რას აკეთებენ ხატია და მამა ერთად?
განსაკუთრებულს, არაფერს. უბრალოდ, სულ ერთად არიან. ჩემი ყველაზე თბილი მოგონებები ამ ადამიანს უკავშირდება; მასთან საუბარს, მის ხმას, მასთან სეირნობას და ზოგჯერ, მამას მეგობრებთან ერთად საქეიფოდ წასვლასაც კი.



დედა, ოდიშარიების ქალი,. წარმოშობით აფხაზეთიდან იყო და ბავშვობის მოგონების ერთი დიდი ტომი სოხუმს უკავშირდება, სადაც, უფრო ევროპელი ბავშვის გარეგნობის მქონე დახატული ხატია, არდადეგების უმეტეს ნაწილს ატარებდა. ხატია იმიტომ, რომ იყო ხატია ცნობილი ფილმიდან.


_ დედამ, ლეილა ყიფიანის მონაწილეობით რომ ნახა "მე ვხედავ მზეს", გადაწყვიტა, შვილისთვის უთუოდ ხატია დაერქმია იმის მიუხედავად, რომ როგორც მოგეხსენებათ, იმ დროს ბავშვის სქესს წინასწარ ვერავინ გეტყოდათ.


მამა, თევზის მრეწველობის ინჟინერი, სულ მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში და სწორედ მამის საინტერესო პროფესიის გამო, ხატიას ცხოვრებაში ჩნდება პირველი, "სხვანაირი" ჟურნალები. ერთ-ერთს "ანგლია" ერქვა.






_ "ანგლიას" გაცნობის პარალელურად, რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?
_ შორეული ნაოსნობის კაპიტნობაზე, ცხადია, მამას პროფესიის გავლენით. მერე, სადღაც კაპიტანი ქალიც კი აღმოვაჩინე, რომ ჩემი არჩევანის სერიოზულობა გამემყარებინა, მაგრამ, უშედეგოდ. კაპიტანი ჩემგან არ გამოვიდა.


გამოვიდა ისტორიკოსი, უფრო ზუსტად კი, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი და რომ არა `ეთერშია ხატია მოისწრაფიშვილი~, დღეს საქართველოს ყველაზე ლამაზი და ყველაზე ქერა არქეოლოგი ეყოლებოდა!




_ იყო შორეული 1995 წელი და შემთხვევით ყური მოვკარი, რომ მაშინდელ "პირველ არხზე" ცნობილი ჟურნალისტი, მამუკა არეშიძე, ახალი პროექტისთვის ახალ გუნდს კრეფდა. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ასეთი: გუნდის მომავალ წევრს არანაირი შეხება არ უნდა ჰქონოდა ტელევიზიასთან და ერთგვარად, ეს საქმიანობა სუფთა ფურცლიდან უნდა დაეწყო. მივედი მეორე დღესვე, _ აი, მე ის ვარ, თქვენ ვისაც ეძებთ და მოვედი-მეთქი. მივიდა და, ზუსტად ერთ თვეში, შაბათ-კვირის "ქვიშის საათი" მიჰყავდა, დარბოდა რეპორტაჟებზე და მუშაობა-სირბილში ნელ-ნელა ერკვეოდა პოლიტიკაში.  გუნდის უმეტესობა სრულიად გამოუცდელები ვიყავით. ცხადია, იყვნენ `იბერვიზიელებიც~, მაგრამ, ძირითადად, მაინც მამუკას ექსპერიმენტის ჟურნალისტები, რომლებსაც იქამდე სიტყვები "ტეჟეკა", "მონიტორი", "მონტაჟი" გაგებულიც არ გვქონდა.




_ გადაღება, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა
სოხუმში ჩასვლა, სადაც მე და შენ, სხვათა შორის, ერთად ვიყავით. მძიმე იყო ძალიან, იმ გადაღებაზე ნანახ სოხუმს არანაირი საერთო არ ჰქონდა ჩემი ბავშვობის ქალაქთან. მაგრამ, გაცილებით მძიმე იყო 1998 წლის 27 მაისის მოვლენები, როდესაც ჩვენს თანამემამულეებს, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, მეორედ მოუწიათ გადმოსვლა აფხაზეთიდან. მე მაშინ იქ ვიყავი, გადაღებაზე. გადმოსცე ის განცდები, რაც ამ ადამიანების ყურებისას მეუფლებოდა, შეუძლებელია.






_ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა მკვიდრდებოდა, "პირველი არხი" მუდმივ კონკურენციაში იყო "რუსთავი 2-თან". სისულელე იყო ინფორმაციის დამალვა. იმდენად გახსნილი იყო მედიასივრცე, იმდენად დიდი და მძაფრი იყო კონკურენცია, რომ ვინმეს რომც მოენდომებინა, არ გამოვიდოდა. ამ სივრცესა და ამ კონკურენციაში ჩამოყალიბდა მთელი ნაკადი ახალი ჟურნალისტებისა, მათი უმეტესობა დღესაც უკონკურენტოა.


_ რეჟიმიც წარმოუდგენლად დატვირთული იყო
_ კი, დღევანდელი გადასახედიდან ასე ჩანს. თუმცა, მაშინ არავის გვეჩვენებოდა, რომ რაღაც განსაკუთრებულ რეჟიმში ვმუშაობდით. დღეში სამ-ოთხ გადაღებაზე წასვლა, ღამეების თენება, სასაცილო ანაზღაურება, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევდა. ხშირად გადაღებაზე წასასვლელი ბენზინი არ იყო და მამას დავყავდი თავისი მანქანით. მაგრამ, მერე რა! მთავარი იყო გემუშავა, გადაგეღო და გეთქვა შენი სათქმელი. შეიძლება შენ ცდებოდი შენს სათქმელში, მაგრამ გულწრფელი იყავი.


_ გენატრება ის დრო?
_ კი, რა თქმა უნდა. დატვირთული და მრავალფეროვანი წლები იყო. უამრავ საინტერესო გადაღებაზე ვარ ნამყოფი და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იყო.


_ და, ამის მიუხედავად, წამოხვედი
_ მტკივნეული იყო წამოსვლა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მე არ მიმიღია.



"ეთერშია ხატია მოისწრაფიშვილი" ღია ეთერის მიღმა რჩება. დეტალებს, პერსონებს არ აკონკრეტებს. გული წყდება, ცხადია, თუმცა ამბობს, რომ ტელევიზიის შემდეგ მიღებულმა გამოცდილებამ არანაკლებ საინტერესო თემებსა და ადამიანებს შეახვედრა. ჯერ იყო სასამართლო სისტემა, სადაც ხატია საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ჩაერთო. სფერომ იმდენად დააინტერესა, რომ გადაწყვიტა საგანი საფუძვლიანად შეესწავლა. კოლეგა-იურისტები, ნახევრად ხუმრობით, გამოცდების ჩაბარებასაც სთავაზობდნენ. გამოცდებამდე საქმე არ მივიდა და სასამართლოში მუშაობის პარალელურად, ხატია რადიო "იმედში" გადაცემას იწყებს.




_ ამ გადაცემამაც ბევრი მასწავლა. პრობლემები ცოტა განსხვავებული კუთხით დავინახე. მომიწია ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და ბევრ ახალ რესპონდენტთან შეხვედრა. იმათთან, ვისი უფლებებიც შეზღუდული იყო. აღმოვაჩინე, რომ ცხოვრებაში არსებობს პარალელური სივრცეები, სადაც ადამიანები ვერ იცავენ საკუთარ უფლებებს იმიტომ, რომ ვერ მიიღეს სათანადო განათლება იმიტომ, რომ შესაძლოა, ცხოვრების რაღაც ეტაპზე შეცდომა დაუშვეს. ეს ადამიანები საზოგადოებისგან მხარდაჭერას ელიან, რომელიც ხშირად, სამწუხაროდ, აგვიანებს.





სწავლა-განათლება ამით არ დასრულებულა. ჯერ კიდევ სატელევიზიო ჟურნალისტიკაში მუშაობისას, ხატიას უფრო ხშირად ეკონომიკური მიმართულების რეპორტაჟების კეთება უწევდა. ეს მისი არჩევანი იყო და ამ საქმეს საკმაოდ კარგად ართმევდა თავს. თემის სიღრმისეული გაშუქების მიზნით, ხატია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე აბარებს. რჩევას, არც მეტი არც ნაკლები, მისი მეუღლე, მიშა ჭკუასელი აძლევს. დღემდე ხატიას ყველაზე კრიტიკული შემფასებელი და დამფასებელიც. ფინანსისტობამდე საქმე არ მივიდა, სატელევიზიო რეჟიმის შეთავსება სტუდენტობასთან საკმაოდ რთული ამოცანა აღმოჩნდა, თუმცა, მიღებულ განათლებას უკვალოდ არ ჩაუვლია და თუკი რომელიმე `პიარს~ დღეს შეუძლია ტელევიზიით ადამინურ ენაზე ახსნას ამა თუ იმ ახალი საგადასახდო წესის არსი, მათგან ყველაზე გასაგებად ეს ხატია მოისწრაფიშვილს გამოსდის.




_ ჩვენს სამსახურს ხშირად უწევს ამა თუ იმ სიახლის წარდგენა გადასახადის გადამხდელებისთვის და თუ მე ეს თემა არ ვიცი კარგად, გამიჭირდება მასზე ლოგიკური მსჯელობა. ეს იქნება ყალბად ნათქვამი ჩემგან და, ცხადია, არ იმუშავებს. ამიტომ, ნებისმიერი თემა ჯერ მე უნდა გავიარო თავიდან ბოლომდე, კარგად შევისწავლო და მხოლოდ ამის შემდეგ წარვუდგინო მიზნობრივ აუდიტორიას.



დღეს ხატია მრავალფუნქციური სახელმწიფო სტრუქტურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და მარკეტინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. თემები იმდენად მრავალმხრივი და საპასუხისმგებლოა, რომ რიგ განვითარებულ ქვეყნებში მათ ცალ-ცალკე სამსახური არეგულირებს.




_ ინფორმაცია ყოველდღიურ მიწოდებას საჭიროებს და ჩვენ ვცდილობთ მოვიცვათ ყველა საკომუნიკაციო საშუალება, ვინაიდან შეუძლებელია ეს ერთი გზით მოახერხო, სიტყვაზე, თბილისსა და რეგიონში. თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამა თუ იმ გადამხდელს სხვადასხვა წვდომა აქვს ინტერნეტთან. ჩვენი მიზანია ყოველდღიურად დავაკაკუნოთ გადასახადის გადამხდელთა კარზე, გავაცნოთ ინფორმაცია, ვესაუბროთ, ავუხსნათ, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა დარღვევები სწორედ ინფორმაციის არქონის გამო მოხდეს.


_ რთულია?
_ რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ვინაიდან მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანთა დიდი უმრავლესობა შეგნებით ეპყრობა გადასახადების გადახდის თემას, კარგად აცნობიერებს, რომ ამ ქვეყანაში უნდა აღიზარდოს მისი შვილი, ამ ქვეყანაში უნდა არსებობდეს გამართული ჯანდაცვის, სოციალური, განათლების სისტემები...



_ ეს არის რეჟიმი 24/7-ზე?
_ კი, ეს არის რეჟიმი 24/7-ზე. ვინაიდან ჩვენი სტრუქტურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, როდესაც ჟურნალისტი რეკავს ამა თუ იმ თემაზე ინფორმაციის მისაღებად ან გადასამოწმებლად, შენ ვერ ეტყვი, _ ჩემი სამუშაო საათები დასრულებულია და ეს ნორმალურია.



_ რას ვერ მოითმენ ვერასდროს, როგორც მენეჯერი?
_ გულგრილობას, ინტერესის არქონას, უმოქმედობას. მე შემიძლია ძალიან ადეკვატურად აღვიქვა ჩემი გუნდის წევრის ნებისმიერი აქტივობა, თუნდაც ის პირდაპირ არ უკავშირდებოდეს სამსახურს, მაგრამ ინდიფერენტულობას და `არაფრისკეთებას~ ვერ შევეგუები!



_ ხატია, ყავა თუ ჩაი?

_ ყავა-მეთქი რომ გიპასუხო, სახლში არ შემიშვებენ. მოდი, ასე ვთქვათ, _ დილით ყავა, საღამოს_ჩაი.



სახლში, ან როგორც მეგობრები უწოდებენ, ხატიას და მიშას ცისფერ სახლში, ხატიას გარეშე ერთი დღეც კი ვერ გაძლებს ის, ვისაც დღეს ქართული ჩაის ამღორძინებლად მოიხსენიებენ.



_ "ჩაი გურიელის" ავტორი რჩევებს თუ გეკითხება?
_ მეკითხება და მეც ვეკითხები. მიშა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე სანდო და, ამავდროულად, მკაცრი შემფასებელია, რომელიც არასდროს არაფერს შეალამაზებს და ყველაფერს პირდაპირ მეტყვის _ ამბობს ხატია მიშა ჭკუასელზე.



დიდი მენეჯერის ოჯახში ყველა სერიოზული და საქმიანია. ხატიას გოგო, მარიამ სეხნიაშვილი, ევროპის ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტის მაგისტრატურის შემდეგ, სასტუმრო საქმეში ბრწყინვალე კარიერის პირველ საფეხურებს გადის. 14 წლის ანდრია, უმაღლესი ქულებით, სწავლას "ამერიკულ აკადემიაში" განაგრძობს, მიშა ჭკუასელი "პრინცი გურიელის" რუსთაველიადაზეა გადართული. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი წევრი _ შვილიშვილი ელენე კი, ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია. უცნობია რა გზას აირჩევს, თუმცა, ერთი, ვფიქრობ, გადაწყვეტილია _ ინტერნეტსივრცის ღია ეთერში მან თვით ხატია მოისწრაფიშვილი "ჩააჩოჩა". ველოდებით, უკვე მისგან:
"გამარჯობა, ეთერშია ელენე ღოღობერიძე!"




Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის
სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის
საწინდარია.
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის საწინდარია.
12:08 / 11.07.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ
ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
კულინარიული ბუმის ეპოქაში, რომელმაც მყარი ნაბიჯებით საქართველოშიც
შემოაბიჯა, ამ რუბრიკის გაკეთება ცოტა რთულად წარმომედგინა. მეგონა,
ამ ქალაქში ჩემ გარდა პრაქტიკულად ყველა კულინარიის მაგისტრი თუ არა,
ბაკალავრი მაინც იქნებოდა. საბედნიეროდ, ვცდებოდი.
კულინარიული ბუმის ეპოქაში, რომელმაც მყარი ნაბიჯებით საქართველოშიც შემოაბიჯა, ამ რუბრიკის გაკეთება ცოტა რთულად წარმომედგინა. მეგონა, ამ ქალაქში ჩემ გარდა პრაქტიკულად ყველა კულინარიის მაგისტრი თუ არა, ბაკალავრი მაინც იქნებოდა. საბედნიეროდ, ვცდებოდი.
11:13 / 11.07.2018
ვიცი, პრეტენზიულად ჟღერს ეს სათაური, მაგრამ ასეა. ნახეთ, როგორი
ამბავია: ონლაინ პლატფორმების საუკუნეში ყველას მიეცა საქმიანობის
ფართო გასაქანი; ზოგი მაისურების და ფეხსაცმლის შემქმნელი გახდა, ზოგი
დიზაინ-ბლოგერი, ზოგი კერძების მომზადების დიდოსტატი, ზოგიც
სამკაულების კოლექციონერი.
ვიცი, პრეტენზიულად ჟღერს ეს სათაური, მაგრამ ასეა. ნახეთ, როგორი ამბავია: ონლაინ პლატფორმების საუკუნეში ყველას მიეცა საქმიანობის ფართო გასაქანი; ზოგი მაისურების და ფეხსაცმლის შემქმნელი გახდა, ზოგი დიზაინ-ბლოგერი, ზოგი კერძების მომზადების დიდოსტატი, ზოგიც სამკაულების კოლექციონერი.
11:58 / 09.07.2018
ჩვენ დაახლოებით ვხვდებით, რას ფიქრობთ ამ წამს, ამ ტექსტს რომ
კითხულობთ და თან ამ წყლისფერ-ოქროსფერ საოცრებას უყურებთ. წარწერა
Guess უკვე მიგანიშნებთ, რომ ფიქრებით
სწორი მიმართულებით მიდიხართ.
მივყვეთ ფიქრებს: თქვენ ფიქრობთ ზაფხულზე. თქვენ ფიქრობთ საკუთარ
თავზე ამ ზაფხულში. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ზაფხული ყველაზე მაგარი
უნდა იყოს… მაგრამ!
ჩვენ დაახლოებით ვხვდებით, რას ფიქრობთ ამ წამს, ამ ტექსტს რომ კითხულობთ და თან ამ წყლისფერ-ოქროსფერ საოცრებას უყურებთ. წარწერა Guess უკვე მიგანიშნებთ, რომ ფიქრებით სწორი მიმართულებით მიდიხართ.
მივყვეთ ფიქრებს: თქვენ ფიქრობთ ზაფხულზე. თქვენ ფიქრობთ საკუთარ თავზე ამ ზაფხულში. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ზაფხული ყველაზე მაგარი უნდა იყოს… მაგრამ!
11:34 / 09.07.2018

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"ტაბლა" ღვინის აქცენტით
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის საწინდარია.
12:08 / 11.07.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2018 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.8520
TRY
TRY
1
0.5126
USD
USD
1
2.4546
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
გამოწერა