"სითის" საიუბილეო ნომრის ფურცლებიდან კიდევ ერთ, ძლიერ,
წარმატებულ და საინტერესო CITY WOMEN-ს გაგაცნობთ.
ნათია დევდარიანი სუროგაციისა და დონაციის ცენტრის Happy
Family-ს დამფუძნებელია. ამ კომპანიამდე საინტერესო, მრავალფეროვანი
გზა გაიარა. წინ კიდევ ბევრი სამომავლო გეგმა აქვს. პროფესიით
ექიმი-გინეკოლოგი და ჟურნალისტია. საკმაოდ წარმატებული გამოცდილებით
ორივე სფეროში. სხვათა შორის, 2001 წლის `მის თბილისის" ტიტულის
მფლობელიცაა. მოკლედ, გაიცანით _ ნათია დევდარიანი, "სითის" კიდევ
ერთი აღმოჩენა.
დავიწყოთ ბავშვობით...
6 წლამდე სოხუმში ვიზრდებოდი. თუმცა, ომის გამო ჭიათურაში დავბრუნდით.
სკოლა ექსტერნად დავასრულე და 15 წლის ასაკში უკვე სამედიცინო
უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. მიუხედავად ამისა,
ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი. ამიტომ, მშობლებისგან დამოუკიდებლად,
ჩუმად ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და ეს ამბავი მხოლოდ
ჩაბარების შემდეგ გავუმხილე ოჯახს. ორი წლის განმავლობაში ორივე
უნივერსიტეტში ვსწავლობდი. შემდეგ მალევე გავთხოვდი და აკადემიური
წლის აღება მომიწია. ბავშვის გაჩენის შემდეგ, სწავლა გავაგრძელე,
ორივე უნივერსიტეტი დავამთავრე. თუმცა, საბოლოოდ, სამედიცინო სფეროს
გავყევი. პარალელურად კი აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის კიდევ ერთი
საინტერესო სფერო ბიზნესი აღმოჩნდა, სადაც ყველაზე კარგად ვიპოვე
საკუთარი თავი.
პირველი სამსახური თუ გახსოვთ?
პირველი სამსახური ჟურნალისტიკას უკავშირდება. იყო ასეთი ჟურნალი _
"ჩვენ". ტელევიზიაშიც ვმუშაობდი. იყო საუბარი იმის შესახებ, რომ
საკუთარი გადაცემაც მქონოდა, თუმცა, პირადი მიზეზების გამო, ამ
შემოთავაზებაზე უარის თქმა მომიწია. ჟურნალისტად მუშაობისას მივხვდი,
რომ მაკლდა ის სითამამე, რაც ჟურნალისტს აუცილებლად სჭირდება და
ნელ-ნელა ჩამოვშორდი ჩემს საყვარელ პროფესიას. ამის შემდეგ კი, ჩემს
კარიერაში უკვე სამედიცინო სფეროს ეტაპი დიწყო _ რამდენიმე კომპანიაში
ვიმუშავე სუროგაციისა და დონაციის მიმართულებით. პარალელურად,
სამედიცინო ტურიზმისა და მარკეტინგის მიმართულებითაც ვმუშაობდი. რაღაც
მომენტში მივხვდი, რომ საკმარისი გამოცდილება დამიგროვდა და
გადავწყვიტე ჩემი საკუთარი კომპანია გამეხსნა.
კომპანიის დაარსებამდე, ალბათ, საკმაოდ რთული გზის გავლა
მოგიწიათ...
ოთხი წლის განმავლობაში ვემზადებოდი ამ კომპანიის შესაქმნელად. ძალიან
ბევრს ვფიქრობდი და ვმუშაობდი, თან ცოტათი ჩემი ასაკიც მაშინებდა. ამ
სფეროში დამოუკიდებელი ნაბიჯის გადასადგმელად პატარა ვიყავი თუმცა,
ერთ-ერთი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, დანამდვილებით მივხვდი _
ჩემთვის და ჩემი მომავლისთვის აუცილებელი იყო, რომ საკუთარი კომპანია
მქონოდა. 2012 წელს პარტნიორთან ერთად დავაფუძნე პირველი კომპანია.
გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, გავიყავით და Happy
Family დავაარსე.
Happy Family-ს საქმიანობისა და მისი უპირატესობის შესახებ
მომიყევით
Happy Family კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული
კომპანიაა, რომელიც უშვილობის პრობლემის მქონე ოჯახებს სიხარულს
ჩუქნის. პოტენციურ მშობლებს ჩვენი კომპანია ყველაზე მაღალი რეიტინგის
მქონე კლინიკებს სთავაზობს და ხელს უწყობს მათი მოთხოვნების
შესაფერისი სუროგატი დედისა და კვერცხუჯრედის დონორის შერჩევაში.
კომპანია აწარმოებს მთელი პროცესის მონიტორინგს, დაწყებული სუროგატი
დედის და დონორის შერჩევით, ბავშვის გაჩენით და შესაბამისი საბუთების
მომზადებით დამთავრებული. საუკეთესო ინვიტრო კლინიკებთან
ვთანამშრომლობთ როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი
პარტნიორი ქვეყნები არიან: აშშ, ევროპის ქვეყნები, ისრაელი, იტალია,
კვიპროსი, ინდოეთი, იაპონია, ჩინეთი, ესპანეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი,
თურქეთი, კანადა, ავსტრალია, ბელგია და არაბული ქვეყნები. ძალიან დიდ
სიამოვნებას მანიჭებს ის ფაქტი, რომ ჩემი კომპანიის მეშვეობით ასობით
ბავშვი იბადება და ამით უამრავ ოჯახში შეგვაქვს ბედნიერება და
სიხარული. კომპანიის ყველა საქმიანობაში პირადად ვარ ჩართული, რათა
დაკმაყოფილდეს თითოეული პაციენტის მოთხოვნა და უზრუნველვყოთ მათი
მაქსიმალური კომფორტი. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ყოველი მათგანი
მნიშვნელოვანია. ყოველი ახალი სიცოცხლის დაბადებას უდიდესი
პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ჩვენ ორსულ დედებზეც ვზრუნავთ.
მონიტორინგს მთელი ორსულობის განმავლობაში ვაწარმოებთ. პოტენციურ
მშობლებს დროულად ვაწვდით ინფორმაციას ორსულობის მიმდინარეობის და
ჩატარებული გამოკვლევების შესახებ. ორსულობის დროს კომპანიის
კოორდინატორი 24/7 რეჟიმში აწარმოებს კომუნიკაციას როგორც სუროგატ
დედასთან, ასევე პოტენციურ მშობლებთან. მუდმივად ხდება ორსულობის
მიმდინარეობის და შესაბამისი გამოკვლევების კონტროლი. ასევე, მოწმდება
დროულად არის თუ არა მიღებული საჭირო მედიკამენტები ორსულის მიერ,
როგორი რეჟიმით ცხოვრობს ის და ა.შ. საჭიროების შემთხვევაში,
კომპანიის კოორდინატორი მას დახმარებას უწევს _ მიყვება ექიმთან
კონსულტაციაზე, ეხმარება მედიკამენტების სწორად მიღებაში, რათა
ორსულობა გართულებების გარეშე წარიმართოს და ჯანმრთელი ბავშვის
დაბადებით დასრულდეს. ჩვენი კომპანია არ შემოიფარგლება მხოლოდ
სუროგაცია-დონაციით. ჩვენ სამედიცინო ტურიზმითაც აქტიურად ვართ
დაკავებული. რაც გულისხმობს კავშირს უშუალოდ იმ კომპანიებთან,
რომლებსაც საქართველოში უცხოელი პაციენტები ჩამოჰყავს. კლიენტთან
კონტაქტის შედეგად, ჩვენ მათ ვუგეგმავთ კლინიკაში ვიზიტს და
სხვადასხვა პროცედურას. ჩვენი სერვისი საქართველოს რეგიონების
დათვალიერებასა და გაცნობასაც გულისხმობს.
რაც შეეხება უპირატესობებს: მთავარი ისაა,
რომ ჩვენ პაციენტს სრულ სერვისს ვთავაზობთ. Happy Family-ში მოსვლის
შემდეგ, პაციენტებს არ უწევთ ფიქრი იურიდიულ დეტალებზე. კლინიკასა და
მაღალკვალიფიციურ ექიმებს შორის კომუნიკაციას, ვიზიტების კონტროლს და
სხვა დეტალებს კომპანია თავის თავზე იღებს. ჩვენს კომპანიას
პაციენტებთან დავა და სასამართლოში საქმე არასდროს ჰქონია.
სტატისტიკური მონაცემებით, ჩვენი კომპანია არის ლიდერი საქართველოს
ბაზარზე. ამას მოწმობს ჩვენი საქმიანობის უამრავი დადებითი შედეგი.
ჩვენი წარმატების ფორმულაა კომპანიის თანამშრომლების პროფესიონალი და
მაღალკვალიფიციური გუნდი, რომელიც შედგება პარტნიორი კლინიკებისა და
მათი საუკეთესო ექიმებისგან. Happy Family პაციენტებს ორი ტიპის
პაკეტს სთავაზობს: ეკონომ პაკეტსა და VIP გარანტირებულ პაკეტს.
ჩვენი პაციენტები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ჩვენთან თავს ოჯახურ
გარემოში გრძნობენ. თავიდან ჩვენთან სევდიანი, მძიმე ემოციური ფონის
მქონე პაციენტები მოდიან. როცა უკვე შედეგი დგება და მშობლებს
იუსტიციის სახლში ვხვდებით, ვერ წარმოიდგენთ იმდენად განსხვავდება
მათი სახე და მდგომარეობა. ფაქტობრივად, სხვა ადამიანები ხდებიან.
ყოველი დაბადებული ბავშვი ჩვენი კომპანიის ყველა თანამშრომლისთვის
არის ზეიმი და ძალიან დიდი ბედნიერება. ერთი კვირის წინ ტყუპები
გაგვიჩდნენ ბიჭი და გოგო. ცხრა წლის განმავლობაში უამრავი კლინიკა
მოიარეს, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც და ბოლოს, ჩვენი
დახმარებით შეეძინათ ტყუპები. პარასკევს ებრაელ წყვილს უსაყვარლესი
გოგო შეეძინა. 15 წელი ცდილობდნენ ამ პრობლემის გადაჭრას და საბოლოოდ,
ჩვენთან, პირველივე ცდაზე, ორსულობა მივიღეთ. ისეთი ბედნიერები არიან,
ამბობენ სახლი უნდა ვიყიდოთ საქართველოში და ყოველ წელს ჩვენს შვილთან
ერთად ჩამოვიდეთო. ჩვენი ესპანელი პაციენტებიც იმავეს ამბობენ, ბავშვი
რომ დაიბადება, იყიდიან აქ სახლს. ან, თუ ვერ შეძლებენ, ყოველ წელს
ჩამოვლენ და საქართველოს შეაყვარებენ შვილს. ყველა ექიმი აღნიშნავს,
რომ ჩვენთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო და კომფორტულია, რადგან ჩვენ
ვართ გუნდი, რომელიც 24/7 რეჟიმით მუშაობს და ყველაფერს ექიმებთან და
პაციენტებთან შეთანხმებით გეგმავს.
სულ რამდენი ოჯახი გააბედნიერა თქვენმა
კომპანიამ?
Happy Family-მ 500-ზე მეტი ოჯახის გაბედნიერება შეძლო.
რა სამომავლო გეგმები აქვს Happy
Family-ს?
ჩვენი სამომავლო გეგმები უკავშირდება გაფართოებას და ევროპის
სხვადასხვა ქვეყანაში ფილიალების გახსნას. ვგეგმავთ
წარმომადგენლობების გახსნას უკრაინასა და ესპანეთში. ამჟამად, გვყავს
ძალიან ბევრი კონტრაქტორი ქვეყანა და კომპანია. ძალიან ბევრ პაციენტს
ვიღებთ ესპანეთიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან და ისრაელიდან.
გადაღებას თქვენი შვილი, თაკოც ესწრება. მომიყევით
მასზე
თაკო 13 წლისაა, ქართულ-ბრიტანულ სკოლაში სწავლობს და ძალიან
წარმატებული გოგოა. უკვე, წლების განმავლობაში, წლის საუკეთესო
მოსწავლეა. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს. ცეკვავს ანსამბლში.
ამჟამად, ექვსთვიანი გასტროლისთვის ემზადება. აქტიურად არის
დაკავებული სპორტითაც-ცურვით და დადის სამოდელო სააგენტოში. თავისუფალ
დროს კი, დედას ეხმარება სამსახურში. სამ ენას ფლობს: ფრანგულს,
ინგლისურს, რუსულს და არდადეგების პერიოდში ჩემთან მუშაობს. საკმაოდ
კარგად მეხმარება ხოლმე. უკვე პროფესიაც არჩეული აქვს _
ბიზნესსამართლის სწავლა სურს.
და ბოლოს, დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ შეაფასებდით
თქვენს საბოლოო პროფესიულ არჩევანს, ნანობთ რამეს?
დღევანდელი გადმოსახედიდან გული არ მწყდება იმის გამო, რომ
ჟურნალისტიკას ჩამოვშორდი და ვთვლი, რომ დღეს ზუსტად იქ ვარ, სადაც
უნდა ვიყო. ამ სფეროში ყველაზე კომფორტულად ვარ. ჩემი თავი ბოლომდე
ვერსად ვიპოვე ისე კარგად, როგორც იმ სფეროში და საქმეში, რომელსაც
ახლა ვაკეთებ. ვერ წარმოიდგენთ, თითოეული ბავშვის დაბადება ჩემთვის
რამხელა ბედნიერებაა.