თამბაქო ამსხვრევს გულებს
ერთი შეხედვით რომანტიკული სლოგანი _ "თამბაქო ამსხვრევს გულებს",
ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას, თამბაქოს მოხმარებასა და ყველაზე
გავრცელებულ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის კავშირს ეხება.
ამიტომაც წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, თამბაქოს
კონტროლის ძირითად სამიზნედ სწორედ ეს პრობლემა აირჩია. 2018 წელს,
კამპანიის "მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე", მთავარი გზავნილია _
"თამბაქო ამსხვრევს გულებს".
კამპანიის მთავარი მიზანია საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახდეს
თამბაქოს მოხმარებასა და გულ-სასხლძარღვთა დაავადებებს შორის კავშირი.
გაიზარდოს ცნობიერება თამბაქოს მოხმარების და მისი მეორადი კვამლის
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე უარყოფითი გავლენის შესახებ და მოხდეს
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, თამბაქოს პროდუქტების
გამოყენებისგან ადამიანების დაცვა. მთელ მსოფლიოში და მათ შორის
საქართველოშიც, #1 მკვლელი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია. თამბაქოს
მოხმარება კი, გულის კორონარული დაავადებების, ინფარქტისა და
პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს
წარმოადგენს. მეტიც, მეორადი კვამლის ზემოქმედება, გულ-სისხლძარღვთა
დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის დაახლოებით 12%-ს შეადგენს.
თამბაქო, როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი მიზეზი,
მეორე ადგილზეა ჰიპერტენზიის შემდეგ.
ეს პრობლემა უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს და ციფრებში
გადმოვიტანოთ, თამბაქოს გლობალური ეპიდემიის გამო, მსოფლიოში
ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. აქედან, დაახლოებით
900 000 ადამიანი არამწეველია, რომლებიც თამბაქოს მეორადი კვამლის
ზემოქმედებით იღუპება. თამბაქოს მოხმარებისგან გამოწვეული
გულ-სისხლძარღვთა, კიბოსა და სხვა დაავადებების განვითარებისაგან
მოსახლეობის ეფექტურად დაცვისათვის საქართველომ 1 წლის წინ
რეგულაციები მიიღო, როგორიცაა: თამბაქოს კვამლისაგან თავისუფალი
კანონმდებლობა, რეკლამის, პოპულარიზაციის და სპონსორობის აკრძალვა და
სხვა. თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი კანონმდებლობა, რომელზეც
ასე აქტიურად საუბრობს ყველა, 2018 წლის 1 მაისიდან შევიდა ძალაში და
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საზოგადოებამ და ბიზნესმა ეს
ცვლილება შესანიშნავად მიიღო. საზოგადოებრივ შენობებსა და თავშეყრის
ადგილებში მაღალია კანონის დაცვის ხარისხი, რაც ადამიანებს თამბაქოს
მეორადი კვამლისაგან იცავს, მწეველებს კი, სტიმულს აძლევს თავი
დაანებონ მოწევას ან შეამცირონ მოხმარებული თამბაქოს რაოდენობა.
საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ამ კანონით საქართველოს ოჯახები,
ჯანდაცვის სისტემა და ეკონომიკა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს.
ყოველწლიურად, კამპანია "მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე" ფარგლებში,
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი აჯილდოებს
ყველაზე თვალსაჩინო ინსტიტუტებს და მოღვაწეებს, რომელთაც წვლილი
შეიტანეს თამბაქოს კონტროლის სფეროში. წელს ევროპის 53 წევრ ქვეყანაზე
მხოლოდ 6 ჯილდო გაიცა და დიდი მიღწევაა, რომ ერთ-ერთი ჩვენს ქვეყანას
ერგო. საქართველოში, ამ სფეროში მიღწეულ წარმატებაში წვლილი შეიტანა
პარტნიორთა დიდმა კოალიციამ. ჯილდო კი, სიმბოლურად, საქართველოს
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს
გადაეცა.