ახალი ამბები
თაკო ესაკია ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი . . .
ერთი ისტორია უნდა გიამბოთ. სტაციონარში ძალიან მძიმე პაციენტი მყავდა.
სისხლის უჯრედები, ფაქტობრივად, აღარ ჰქონდა. ტკივილის მოსახსნელად დღეში ექვს ამპულა მორფს ვუკეთებდი. ამბულატორიულად, პაციენტი ჩემი არ იყო, სტაციონარში გადაიკვეთა ჩვენი გზები.

ორი კვირა ქიმიოთერაპიას ვუკეთებდი, ყოველდღე სისხლის სხვადასხვა კომპონენტს ვუსხამდი. ეს ორი კვირა იმ განცდით და შიშით მივდიოდი სამსახურში, რომ ცოცხალი აღარ დამხვდებოდა.

გადარჩა! როგორც იტყვიან, „გამოძვრა“! ვაცილებდი მას სახლისკენ ბედნიერი, ამაყი და თვითკმაყოფილი. აი, ხომ ამბობენ, ექიმებს ზოგჯერ თავი ღმერთი ჰგონიათო. ამ შემთხვევაში, იმდენად მძიმე იყო მისი საწყისი მდგომარეობა, მორჩენილს რომ ვხედავდი, მართლა ღმერთი მეგონა თავი. მოკლედ, მემშვიდობება და მეუბნება:





- ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. შენ ისეთი ბაბუის შვილიშვილი ხარ, რომ წარმოუდგენელია ასეთი მაგარი არ ყოფილიყავი.

- თქვენ საიდან იცით ვისი შვილიშვილი ვარ? - გაკვირვებულმა ვკითხე.

- ერთ-ერთი გადასხმისას ქალი იყო, უნივერსიტეტის პროფესორი, გესაუბრებოდათ და მაშინ გავიგე, სერგო თოფურიას შვილიშვილი რომ ხართ. მეც მათემატიკოსი ვარ -  მიპასუხა ჩემმა პაციენტმა.

დავდიოდი მერე მთელი დღე განყოფილებაში და ვჯუჯღუნებდი, - ესეც სერგოს დაბრალდა-მეთქი.

ჩემი ისტორიის გმირს ჰქვია თაკო ესაკია. ის 30 წლისაა. კლინიკური ონკოლოგია „აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკაში“. ქართული სამედიცინო სამყაროს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი და დიახ, მისი ბაბუა ცნობილი მეცნიერი, სერგო თოფურიაა. თაკო, მის დებთან და დეიდაშვილებთან ერთად, ბაბუას სახლში, კეკელიძის ქუჩაზე გაიზარდა. ის პირველი შვილიშვილია და განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭიც ბაბუასგან მას გამოჰყვა მემკვიდრეობით.

- ბაბუა ჩემთვის არასდროს ყოფილა გამოჩენილი მეცნიერი. ჩვეულებრივი ბაბუა იყო. აღდგომა დილას ჩვენს საძინებელში წითელი კვერცხებით შემოდოდა, მოგვიჭახუნებდა და მოგვილოცავდა. ძირითადად სულ გვეთამაშებოდა. რომ გითხრათ გაკვეთილებს მამეცადინებდა, მოგატყუებთ, დროც არ ჰქონდა და არც ამის საჭიროება იყო _ კარგად გამომდიოდა მათემატიკა. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მისი მნიშვნელობა და ადგილი ცხადად დაკრძალვის დღეს შევიგრძენი, როდესაც მისი მოსწავლეებისა და კოლეგების არმია შეიკრიბა ტექნიკურ უნივერსიტეტში და გულწრფელად განიცდიდა ამ უდიდესი მეცნიერის გარდაცვალებას. დიდი პატივია, სიამაყის გრძნობა და, ცხადია, პასუხისმგებლობაც, რადგან შენ, სერგო თოფურიას შვილიშვილს, მეტი მოგეთხოვება.

თბილისის 55-ე საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე მედიცინაზე არ ფიქრობდა, იმის მიუხედავად, რომ დედა ენდოკრინოლოგია. პირიქით, თაკო იხსენებს, რომ იყო დრო, როცა ექიმობას კატეგორიულად გამორიცხავდა მის მომავალ ცხოვრებაში.

ალბათ იმიტომ, რომ დედა ხშირად მორიგეობდა და სულ მენატრებოდა. თუმცა, მეცხრე კლასში წავიკითხე მიხაილ ბულგაკოვის „ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები“ და ალბერ კამიუს „შავი ჭირი“, სადაც მთავარი გმირები ექიმები არიან. კითხვისას ჩემი თავი ამ ნაწარმოებების მთავარ გმირებად წარმომედგინა. ამ წარმოსახვებმა და წიგნებმა განსაზღვრეს ჩემი მომავალი პროფესია.

თაკო ესაკია ამთავრებს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტს და აკეთებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან არჩევანს.

- ხშირად მეკითხებიან რატომ ავირჩიე ონკოლოგია. ეს ძალიან სპეციფიკური, მაგრამ ამავდროულად, ძალიან საინტერესო დარგია. ამას გარდა, ძალიან განვითარებადი. იმას, რასაც სულ რამდენიმე წლის წინ თეორიულად ვსწავლობდით და ჰიპოთეზების დონეზე იყო, დღეს უკვე პრაქტიკაში ვიყენებთ. შვიდი წელია რაც ექიმი ვარ და ამ დროის მანძილზე იმდენი რამ შეიცვალა და განვითარდა! ამასთანავე, ონკოლოგიაში მუშაობა გამოწვევაცაა. ეს დაავადებაა, რომელიც ჯერ ბოლომდე ვერ დავამარცხეთ და თითოეული პაციენტის მკურნალობა, თითოეულის ისტორია ეს ბრძოლაა სიცოცხლისთვის.

თაკო ესაკია ცნობილი ონკოლოგის, ნია შარიქაძის მოწაფე იყო, რითიც ძალიან ამაყობს. ხოლო „ფრიდონ თოდუას კლინიკაში“ 2018 წლიდან მუშაობს. შესაბამისად, კლინიკის დამფუძნებელს პირადად არ იცნობდა, რაზეც ძალიან სწყდება გული. ვეკითხები, რას ნიშნავს მისთვის ამ დიდი და წარმატებული კლინიკის გუნდთან ერთად მუშაობა. მიხსნის, რომ მოწონს აქაური სისტემა, რადგან ის პაციენტზეა ორიენტირებული.

- ჩვენს კლინიკაში, კონკრეტულად ჩემს დარგში, ონკოლოგიურ პაციენტს ვთავაზობთ მომსახურების სრულ პაკეტს. ერთ ჭერქვეშ არის რადიაციული ონკოლოგია, კლინიკური ონკოლოგია, ქირურგია, ყველანაირი დიაგნოსტიკური საშუალება, არ გვიწევს პაციენტის სხვადასხვა კლინიკაში გადამისამართება. ეს კარგია საქმისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტისთვის. ასევე, ჩვენთან დანერგილია მულტიდისციპლინური შეკრებები. ყოველ ხუთშაბათს ვიკრიბებით სხვადასხვა დარგის სპეციალისტი და განვიხილავთ რთულ შემთხვევებს, კომპლექსურად ვუდგებით საკითხს და შედეგიც ძალიან კარგი დგება - შეჯერებულ გადაწყვეტილებამდე მივდივართ.

თქვენ ხედავთ ჩემს გმირს ჟურნალის ფურცლებზე. ყოველდღე, დილის 9 საათიდან საღამომდე, მას არაერთი უმძიმესი პაციენტის მიღება, სტრატეგიის დაგეგმვა და მკურნალობა უწევს. ყოველდღე უყურებს ადამიანს, რომელიც იბრძვის სიცოცხლისთვის, იბრძვის მასთან ერთად.

- ამ სიმშვიდეს როგორ ინარჩუნებთ? - ვეკითხები ფერიის გარეგნობის მქონე ექიმს.

- ძალიან რთულია. სპეციფიკური დარგია და ძალიან მრავალმხრივი. თვითონ სიმსივნეც ხომ ჰეტეროგენულია თავისი უჯრედული შენებით და სხვადასხვა რეცეპტორით. ამ მრავალი მახასიათებლის გათვალისწინებით, კონკრეტულ სიმსივნეს, კონკრეტული, მიზანმიმართული მკურნალობა სჭირდება.

მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სიმსივნის უკან არის ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი ისტორია, შეხედულებები, სურვილები, ეს გასათვალისწინებელია. უნდა ჰკითხო რას ელის მკურნალობისგან. რთულია ამ დიაგნოზთან ბრძოლა. ტატო, ჩემი მეუღლე, სულ მეუბნება, - უცნაურ ანალოგიებს აკეთებო, ასეა. ჩემთვის ონკოლოგია სიზიფეს მითივითაა იმიტომ, რომ ამ ლოდს ააგორებ მწვერვალზე და იცი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩამოგიგორდება და ისევ თავიდან უნდა დაიწყო ეს ყველაფერი.

ზოგჯერ ჩვენ, ექიმებიც ვიღლებით და ერთმანეთში ვლაპარაკობთ: რას ვაკეთებთ ჩვენ? რატომ დადგა ესა თუ ის შედეგი? მაგრამ, როგორც კამიუ წერდა სიზიფეს შესახებ, ალბათ თავად მწვერვალებისკენ სწრაფვაა ბედნიერება... და თან იმდენად განვითარებადია ეს დარგი, რომ ყოველ შემდეგ ეტაპზე შეგიძლია ახალი, უკეთესი მკურნალობა შესთავაზო პაციენტს. ამ ლოდის ზემოთ-ქვემოთ გორებაში წლები გადის და თუ ამ წლებს მოიგებ, უკვე დიდი გამარჯვებაა.

- თაკო, ამ ინტერვიუს, სავარაუდოდ, ბევრი ის ადამიანიც წაიკითხავს, ვისაც ეს დაავადება აქვს. როგორ ფიქრობთ, ვინ ან რა რის ამ ბრძოლაში მთავარი?

- კომპლექსურია ესეც. იმედი პაციენტს აუცილებლად უნდა მისცე. ამავდროულად, აუცილებლად უნდა იყო გულახდილი და რეალური სიტუაცია აუხსნა, მოუყვანო არსებული სტატისტიკა, რას შეიძლება ველოდოთ, მაგრამ იმედი აუცილებლად უნდა მისცე იმიტომ, რომ ეს ადამიანები არ არიან ციფრები კლინიკურ კვლევაში, ისინი არიან ჩვეულებრივი ადამიანები. იმედის გარეშე ძალიან რთულია ბრძოლა, ვინაიდან თავად მკურნალობის პროცესიც რთულია.

- რა ეხმარებათ მათ ამ რთული პერიოდის დაძლევაში?

- ოჯახის წევრები. თუ ოჯახის მხრიდან აქვთ მხარდაჭერა, გაცილებით მარტივია ებრძოლო ამ დაავადებას. ყველა განსხვავებულად აღიქვამს ამ ყველაფერს. არიან ადამიანები, რომლებიც ბლოკავენ ამ ინფორმაციას და რაც არ უნდა კარგად ესმოდეთ რასთან აქვთ საქმე, მაინც თითქოს მათ მიერ გამოგონილ დაავადებას ებრძვიან და არა რეალურს. და იცით, ხშირად ეს კარგად ისახება შედეგებზე.

ამ ყოველდღიური ბრძოლის დასასრულს, სადღაც საღამოს 7 საათისკენ, კლინიკური ონკოლოგი თაკო ესაკია სახლში ბრუნდება, სადაც მას მოწყენილი და მონატრებული... ყუყუ ელოდება. ყუყუ, ოფიციალური ვერსიით ტვიგი, თაკოს და ტატოს ძაღლია. ტატო, თაკოს მეუღლე, პროფესიით სპორტული კომენტატორი, ამ დროს უკვე ტელევიზიაშია და „სილქსპორტზე“ ფეხბურთის მოყვარულთათვის მორიგ ცხელ რეპორტაჟს ან ამზადებს ან პირდაპირ ეთერშია. ისე აეწყო ამ ორი ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა ადამიანის ცხოვრება, რომ ერთის სამსახური დილიდან საღამომდეა, მეორის - საღამოდან ღამემდე.

- როდის ისვენებთ, ან სადმე ერთად როდის დადიხართ?

- ორშაბათობით - მპასუხობს ტატო და ჩემი გაკვირვებული სახე მის პრაქტიკაში, სავარაუდოდ, მეასეა. ორივეს იმდენად უყვარს საკუთარი საქმე, რომ რეჟიმის და მით უფრო, პროფესიის გადახედვაზე საუბარი სასაცილოა.

ტატომ და თაკომ ერთმანეთი ბევრი წლის წინ, ძალიან უცნაურ სიტუაციაში გაიცნეს. თაკო 6 წლის იყო, ტატო 9-ის. თამაშობდნენ „ამის პატრონმა რა ქნას“. თაკოს ტატოს კოცნა ამოუვიდა. სერგო თოფურიას შვილიშვილმა ეს ამბავი გააპროტესტა და არ აკოცა. გადის დრო, ტატო უკვე 15 წლისაა, თაკო 12-ის. ისევ ხვდებიან და ისევ თამაშობენ, ამჯერად „წითელი, ყვითელი, შავს“. ჰოდა, თაკოს ტატოზე შავი ამოსდის, რაც სილის გაწნას გულისხმობს. ამ დავალებას თაკო მისთვის ჩვეული პროფესიონალიზმით ასრულებს. ასე სილის გაწვნა-გამოწვნით და თამაშ-თამაშით დაიწყო მეგობრობა, მერე სიყვარული და დღეს უკვე ოჯახი.






- ტატო, თქვენ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრეთ?

- არა, პროფესიით ეკონომისტი ვარ. სხვათა შორის, ბაბუაჩემი არა (ბაბუა ცნობილი მეცნიერი ვახტანგ ბაციკაძეა), მაგრამ მამაჩემი თაკოს ბაბუას კარგად იცნობდა. ბაბუა წლები ასწავლიდა ტექნიკურ უნივერსიტეტში, მამა უკვე - 50 წელია. თუმცა, უკვე იცით ჩვენ ერთმანეთი სად და როგორ გავიცანით.

როგორც ყველა საინტერესო და პროფესიონალ სპორტულ მიმომხილველს, ტატოს ფანტასტიკური იუმორის გრძნობა აქვს. ფეხბურთში დიდად არ ვერკვევი, მაგრამ კარგი კომენტატორობა რას ნიშნავს, ვიცი.

- როგორ გგონია, რა არის მთავარი კარგ კომენტატორობაში?

- ბევრი რამ, მაგრამ მთავარი მაინც განათლებაა. ოღონდ არა „ყურმოკრული“ განათლება: მეზობელმა მეზობელს უთხრა, მერე მე მითხრა, მე კი არ გადავამოწმე და მჯერა ამ ამბის. რეალურ განათლებას ვგულისხმობ. ფეხბურთის გარდა, ადამიანს სხვა რამეც უნდა აინტერესებდეს: მუსიკა, ლიტერატურა, კინო. როცა რაღაც მეტი იცი, ეს გეხმარება. რეპორტაჟი კი ისეთი წასაყვანია, როგორ გითხრათ, გამრთობიც არ ხარ ბოლომდე, მაგრამ ესეც უნდა შეითავსო. მაყურებელი არ უნდა მოაწყინო, არ უნდა ჩაეძინოს. თუ ცუდი თამაშია, რაღაც ინტერესი უნდა მისცე. ამიტომ, განათლება მნიშვნელოვანია. ისეთ თემებზეც უნდა ისაუბრო, რაც შეიძლება კონკრეტულად ამ თამაშთან არ იყოს კავშირში, მაგრამ საინტერესოა. პლუს, იუმორი. იუმორი აუცილებელია.

ერთად ეს ორი ადამიანი კვირაში მხოლოდ ერთ დღეს-ორშაბათს ისვენებს. ახლა, ჩვენი ინტერვიუს ჩაწერისას, ათას საინტერესო და სახალისო ისტორიას, ჩვენთან ერთად, მათი ყუყუც ისმენს. ვუყურებ ორივეს და დარწმუნებული ვარ, ეს წყვილი არანაკლებ წარმატებას საქართველოს ფარგლებს გარეთაც მიაღწევდა. უფიქრიათ საზღვარგარეთ წასვლაზე? რატომ არ წავიდნენ?

ორივე ცალ-ცალკე მიხსნის. სხვადასხვა სიტყვებით, სხვადასხვა ემოციით, მაგრამ ორივე ერთს მეუბნება, ერთ მარტივ, ბანალურ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზს:

თუ ყველა წავიდა, აქ, ამ ქვეყანაში ვინ უნდა დარჩეს?!

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თუ
ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა
ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
თუ
ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა
ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
 
ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური
ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით
შემოჭრილი,

 

ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით შემოჭრილი,

13:42 / 05.12.2018
 
ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური
ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით
შემოჭრილი,

 

ბევრი წლის წინ, როცა არ არსებობდა სოციალური ქსელები და ჯერ ინტერნეტიც არ იყო ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით შემოჭრილი,

13:42 / 05.12.2018
 
 
,,ხელოვნება
გადაგვარჩენს'' - ამ ლოზუნგით უნდა ვიცხოვროთ ადამიანებმა.

 

 

,,ხელოვნება გადაგვარჩენს'' - ამ ლოზუნგით უნდა ვიცხოვროთ ადამიანებმა.
12:04 / 04.12.2018

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მოდა ქართული! MBFW 2018 S/S

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0324
TRY
TRY
1
0.4992
USD
USD
1
2.6682
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა