ახალი ამბები
ამერიკული ოცნებები ქართულად

-ქიქოძის ქუჩაზე წამიყვანეთ, სოლოლაკში - ვეუბნები მძღოლს,

ჭაღარაშერეულ შუახნის მამაკაცს, რომელსაც ერთი შეხედვისთანავე ეტყობა, რომ ძველი თბილისელია და პასუხიც იმ წუთასვე ამართლებს ჩემს ვარაუდს.

 


-მახარაძის ქუჩაზე, ხომ? აი, ის ლამაზი სახლი რომ არის.


- დიახ, ზუსტად მაგ სახლში.


სოლოლაკში, ამჟამინდელ ქიქოძის ქუჩაზე, ჩემი აზრით, თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი სახლი დგას, რომელიც მე-19 საუკუნეში უმდიდრეს ვაჭარს, ტერ-მიქელოვს ეკუთვნოდა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი, კომუნალურ ბინად გადააქციეს, თუმცა, ძალიან ელიტარულ კომუნალურ ბინად. მის მეორე სართულზე, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს ცეკას პირველი მდივანი, ფილიპე მახარაძე ცხოვრობდა. ქუჩასაც ამიტომ დაარქვეს მახარაძის ქუჩა. იმ პერიოდის მრავალი ისტორიიდან, არაერთი უკავშირდება ამ სახლს.

მაგალითად, სწორედ აქ გაიცნო ბერიამ ევგენი მიქელაძის მეუღლე, ქეთუსია ორახელაშვილი და ეს შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა ევგენი მიქელაძისთვის და ულამაზესი ქალბატონ ქეთუსიასათვისაც, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა.


დღეს ეს სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, თუმცა იქ დღემდე ცხოვრობენ ადამიანები.

ბოლო სართულზე, ზუსტად იქ, სადაც ულამაზესი აივანია ზღაპრული ხედით, არის მაღაზია buyers და მე იქ მივდივარ, რადგან სწორედ იქაა ფოტოსესია ,,სითის'' საახალწლო ნომრისათვის. მე ჩემს გმირებს, ირინკა და ირაკლი კავსაძეებს უნდა შევხვდე.





დაახლოებით ერთი წლის წინ, ,,სითისთვის'' ჩავწერე ინტერვიუ ირინკა კავსაძესთან. ინტერვიუ მესინჯერით და მიმოწერით შედგა. ირინკა ვაშინგტონში იყო, მე - თბილისში.

მიუხედავად ამისა, ჩემი, საკმაოდ შთამბეჭდავი რაოდენობის ინტერვიუების გათვალისწინებითაც კი, თითქმის არასდროს შემხვედრია ასეთი პუნქტუალური, ზუსტი და დისციპლინირებული რესპონდენტი, რაც, ვფიქრობ, ირინკას პროფესიონალიზმის უსვამს ხაზს.

მაშინ ირინკა, ამერიკული თეატრ ,,სინეტიკის'' ვარსკვლავი, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მხოლოდ იმით იყო ცნობილი, რომ კახი კავსაძის შვილიშვილია.

,,სითი'' მკითხველს მისი ამერიკული ცხოვრების და როლების შესახებ მოუთხრობდა. ახლა კი, პროექტ ,,ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობით, ლამის ყველაზე პოპულარულ გოგონად იქცა.


-ეს პროექტი ძალიან დიდ დროს და ენერგიას მართმევს, მაგრამ დიდი გამოცდილებაცაა. ასევე, საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩემი კარიერისთვისაც იმიტომ, რომ თავად პროექტში მონაწილეობა ძალიან პრესტიჟულია მთელ მსოფლიოში.

როდესაც ჩემს ამხანაგებს ვუთხარი, რომ საქართველოში ,,ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობა შემომთავაზეს, ყველა მეუბნებოდა, რომ ეს ძალიან კარგია.


ირინკას ფოტოსესიისთვის ვიზაჟი უნდა გაუკეთონ. მე კი, ირაკლი კავსაძესთან ვიწყებ საუბარს. არაერთი რამ მინდა ვკითხო ბავშვობაზე, მშობლებზე, საკუთარი სიყვარულის ისტორიაზე, ამერიკაზე, სპექტაკლებზე, მოკლედ, ყველაფერზე, მაგრამ საუბარს მაინც ამერიკაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილებიდან ვიწყებთ.


-ეს პროცესი ნელ-ნელა მწიფდებოდა ჩემში და არა იმიტომ, რომ იმ პერიოდში საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა და სამუშაო აღარ მქონდა. ასე არ ყოფილა, სამუშაო ყოველთვის იყო, მაგრამ ახალ ეტაპზე გადასვლა და სხვა შესაძლებლობების მოსინჯვა იყო საჭირო.


პირველად ამერიკაში სტუმრად წავედით მე, ჩემი მეუღლე და მისი დის ოჯახი. ჩვენს დამხვდურებს შორის ერთ-ერთი იყო გიო მგელაძე. ერთ საღამოს გიომ და ირაკლი კაკაბაძემ ჯორჯ თაუნში წამიყვანეს.

არაჩვეულებრივი სიტუაცია იყო: უნივერსიტეტის სტუდენტები, ლაღი, თავისუფალი, სასიამოვნო გარემო. ვსხედვართ, რაღაცას ვლაპარაკობთ და უცებ, გიო მეუბნება - იცი, პაატა ციქურიშვილიც აქ არისო. ინსტიტუტიდან ვიცნობდით ერთმანეთს.

მე ევროპაში მეგონა. გიოს ვეუბნები - დაურეკე-მეთქი. დავრეკეთ. მეორე დღეს შევხვდი. ბევრი ვილაპარაკეთ. იდეები უცებ, საუბარში გაჩნდა. მაშინ პაატას ერთ რეჟისორთან ერთად ჰქონდა სტანისლავსკის თეატრი და მითხრა, რომ ზუსტად ახლა, „ფაუსტზეიწყებდნენ მუშაობას. თვითონ მეფისტოფელს თამაშობდა და მე ფაუსტის როლი შემომთავაზა, მაგრამ მაშინ საბუთები წესრიგში არ მქონდა და გადავწყვიტე საქართველოში დავბრუნებულიყავი.

თუმცა, კონკრეტული გეგმით. ჩემთვის წასვლა ოცნება და გამოსავალი არ ყოფილა. არასდროს მიფიქრია - ამერიკაში ჩავალ და მერე გამოჩნდება რაც იქნება. როდესაც საბოლოოდ გადავწყვიტე წასვლა, უკვე კონკრეტულად ვიცოდი სად მივდიოდი და რა უნდა გამეკეთებინა.

ამ ყველაფერზე კახის რომ ველაპარაკებოდი, სულ დუმდა. დუმდა კი არა, ისეთი იყო, დანა პირს არ უხსნიდა. მე ვლაპარაკობდი, ვლაპარაკობდი, ის კი ხმას არ იღებდა. მამაჩემს ყველაზე მეტად ირინკას გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა. მათი ურთიერთობა ცალკე ისტორიაა, განსაკუთრებული.


2000 წელს წავედი და პირველი როლი, რომელიც ამერიკულ სპექტაკლში ვითამაშე, იყო პროკურორი, გოგოლისრევიზორისდოსტოევსკისეულ რედაქციაში.

როდესაც ,,ვაშინგტონ პოსტში'' სპექტაკლზე რეცენზია დაიწერა, იქ აღნიშნული იყო, რომ გამოჩნდა ახალი მსახიობი, რომელიც სპეციფიკური აქცენტით საუბრობს და რომელსაც განსხვავებული, საინტერესო ფერები შემოაქვს სპექტაკლში.


რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ,,სინეტიკში''შერეკილებისდადგმა გადავწყვიტეთ, მამაჩემი ბატონ რეზო გაბრიაძესთან მივიდა, რათა ნებართვა აეღო ნაწარმოების დადგმაზე და მოყოლა დაუწყო, რომ მისი შვილი ვაშინგტონის თეატრშია, რომ ეს პრესტიჟული თეატრია, რომელზეც ,,ვაშინგტონ პოსტიწერს და მისი შვილის შესახებაც წერენ ,,ვაშინგტონ პოსტში”.

ბატონმა
რეზომ ჰკითხა, - შენი შვილის სახელი და გვარი წერიაო? წერია და არაერთხელო - უპასუხა კახიმ. ამერიკაში ადამიანები მთელი ცხოვრება ოცნებობენ თუნდაც ერთხელ მოხვდნენ ამ ცნობილი გამოცემის ფურცლებზე.

მოკლედ
, „შერეკილები~ დავდგით და მის პრემიერას ბატონი ელდარ შენგელაია ესწრებოდა.


როდესაც ამერიკაში ჩავედი, ,,სინეტიკის'' თეატრი ჯერ კიდევ არ არსებობდა. პაატამ გამიზიარა, რომ ჰქონდა ჩანაფიქრი გაეკეთებინა ისეთი ჟანრის თეატრი, სადაც ძირითადი დატვირთვა პლასტიკაზე, მოძრაობაზე იქნებოდა.

როდესაც ვთქვით, რომ უნდა გაგვეკეთებინა შექსპირის ,,ჰამლეტი'' უტექსტოდ, ამან, რბილად რომ ვთქვათ, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. გვეუბნებოდნენ - თქვენ, ემიგრანტებმა ეტყობა არ იცით, რომ შექსპირი, უპირველეს ყოვლისა, სიტყვაა, ტექსტიაო.

მაგრამ, შექსპირი ხომ მარტო სიტყვები არ არის. ჯერ ერთი, მისი ტექსტი უკვე მუსიკალურია. სიტყვების მიღმა რაც არის -გრძნობები, შინაგანი მდგომარეობა, ანუ ის ყველაფერი, რაც წარმოგათქმევინებს ამ სიტყვებს, აი, ამის გადმოცემა იყო მთავარი.

მოკლედ, გავაკეთეთ ისე, როგორც ვფიქრობდით და ვხედავდით. გაამართლა! წარმოიდგინეთ, ჰამლეტს პაატა ციქურიშვილი თამაშობდა, ოფელიას - ირინა ციქურიშვილი და კლავდიუსს მე. ანუ, სამი ქართველი და ეს ყველაფერი ტექსტით რომ ყოფილიყო.


- ამერიკაში ჩასული ყველა მსახიობი კინოკარიერაზე ოცნებობს. თქვენ არ გიფიქრიათ ჰოლივუდზე?


- სიმართლე რომ ვთქვა, დღევანდელი ჰოლივუდი, რომლის სიმბოლოც კიმ კარდაშიანია, საერთოდ არ მხიბლავს. ეს არ არის ის ჰოლივუდი, რომელიც ოდრი ჰეპბერნის დროს იყო.

ასეთი რაღაცები, ალბათ, დროს მოაქვს. მახსოვს, ერთხელ, კახის ამერიკაში ყოფნისას, საუბარში ვუთხარი, - ძველი დრო მენატრება-მეთქი. რას ამბობო - გადაირია. კომუნისტებიო, ისო, ესო, ბევრი ვიკამათეთ, ვერაფრით ვერ შვთანხმდით. მეორე დღეს ჩვენთან სახლში მოიტანეს გაზეთიმამული“ (არის ასეთი ქართული გაზეთი, რომელიც ამერიკაში გამოდის და ემიგრანტებისთვისაა).

ზუსტად იმ ნომერში დაბეჭდილი იყო ჩვენი მშობლების თაობის ქართველ ვერსკვლავებზე - დედაჩემზე, მამაჩემზე, სოფიკო ჭიაურელზე, ოთარ მეღვინეთუხუცესზე, ლია ელიავასა და ოთარ კობერიძეზე.

კახის ვაჩვენებ და ვეუბნები - აი, ეს მენატრება-მეთქი. -ეგ ჰო, კარგიაო. - ჰოდა, თუ კარგია, ზუსტად ამ ძველ დროზე გელაპარაკებოდი გუშინ, აბა ბრეჟნევი კი არ მენატრება-მეთქი.


რაც შეეხება კინოს, მქონდა მიწვევები სხვადასხვა სერიალში, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი. თანხმობის შემთხვევაში, დიდი ხნით უნდა წავსულიყავი თეატრიდან.

ეს კიდევ წარმოუდგენლად მიმაჩნდა. მე მსახიობიც ვარ, რეჟისორიც, ვწერ კიდევაც, მუსიკალური გაფორმებითაც ვარ დაკავებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერს იმდენი ენერგია და დრო მიაქვს, რომ არ არსებობს დღე და ღამე.

მე ამ შემოქმედებით პროცესს ისევე ვუყურებ, როგორც თავიდანვე მაქვს ნანახი, ბავშვობიდან . მარტო ჩემი მშობლები ხომ არ იყვნენ, ყველას ვუყურებდი როგორები იყვნენ, როგორ ცხოვრობდნენ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ რაღაცების მიმართ.


ამერიკაში არიან მსახიობები, რომლებსაც, როგორც კი სამუშაო საათი დამთავრდება, ვერც კი დაელაპარაკები. ეს ერთის მხრივ, მეორეს მხრივ კი, საოცარი პროფესიული დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა აქვთ საქმისადმი.

2012 წელს ,,სინეტიკი'' საგასტროლოდ იყო თბილისში. ბოლოს, როცა ყველაფერი დასრულდა, ერთი, ჩვენი თეტრის სცენის მუშა მეუბნება - იცი ყველაზე მეტად რამ გამაკვირვა?

ამერიკელი მსახიობები რეპეტიციის დროსაც კულისებში გაუნძრევლად რომ ისხდნენ და სცენაზე თავიანთი შესვლის დროს რომ ელოდნენ. ადგილიდან არცერთი რომ არ დაძრულა, არც მოსაწევად გასულან, არც ყავის დასალევად, რეპეტიციის დროსაც კიო.


არა მარტო პროფესიული, არამედ სტრუქტურული თვალსაზრისითაც ჩვენს და ამერიკულ თეატრებში სხვადასხვაგვარი სიტუაციაა. იქ, სახელმწიფო დოტაციაზე არცერთი თეატრი არ არის. თეატრებს, მუზეუმებს და ასეთი ტიპის კულტურულ სივრცეებს, არაკომერციული ორგანიზაციები ჰქვია და ისინი მთლიანად შემოწირულობის ხარჯზე არსებობენ.

კანონი ქველმოქმედებისა და მეცენატობის შესახებ ყოველნაირად უწყობს ხელს იმ ადამიანებს, ვინც კულტურას მფარველობს და მთელი რიგი გადასახადებისაგან ათავისუფლებს.

კომერციული თვალსაზრისით, ეს ბიზნესისთვის საინტერესოა და ძალიან პრესტიჟულიცაა, რადგან ადამიანი, რომელიც ასეთი ტიპის ქველმოქმედებას ეწევა, უაღრესად დაფასებული და პატივსაცემია.

ცოტა ხნის წინ, სპექტაკლი დავდგი ებრაულ ცენტრში და ამ ორგანიზაციის შენობის ყველა კიბეზე ოქროს ასოებით იყო ამოტვიფრული იმ ადამიანთა სახელები, რომლებიც სხვადასხვა დროს აფინანსებდნენ ამ ცენტრს.


სანამ მე და ირაკლი ვსაუბრობდით, ირინკამ ვიზაჟის გაკეთებაც მოასწრო, ფოტოსესიისთვის გამოცვლაც და უკვე მუშაობს. მუშაობს მშვიდად, ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს ყველა დავალებას.

მის ყველა რეპლიკაში, მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა, იგრძნობა პროფესიონალიზმი. მას უკვე ნათამაშები აქვს ჯულიეტა, ლავინია, ესმერალდა - არაერთი მსახიობისთვის საოცნებო როლები.


არ ვიცი რამდენად შეიძლება დაარქვა როლი, მაგრამ პროექტ ,,ცეკვავენ ვარსკვლავებისკინოტურში მის მიერ შესრულებული ცეკვა ფილმიდან ,,დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, მხოლოდ არაჩვეულებრივი ქორეოგრაფიული ნომერი არ ყოფილა.

გარდა იმისა, რომ მან გააცოცხლა ულამაზესი ბელა მირიანაშვილის მიერ შექმნილი გმირი, მოახერხა მოეტანა 60-იანი წლების თბილისის ფაქიზი, სადა, მშვენიერებით სავსე გრძნობათა ბუნება.


-ეს ყველაზე რთული და მძიმე ტური იყო ჩემთვის. ემოციურად ძალიან დატვირთული. ბებიაჩემს, ბელა მირიანაშვილს და ბაბუაჩემს, მალხაზ გორგილაძეს მივუძღვენი.


ბელა ჩემთვის უძვირფასესი ადამიანია. მასთან დაკავშირებული, ყველაფერი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. მამიდაჩემს, ნანუკას, აქვს ის გვირგვინი, რომელიც ბელასჭინჭრაქაშიადგას დაპატარა უფლისწულისხმალი.

ეს ისეთი ძვირფასი რელიქვიებია, რომ ამერიკაში თან ვერ წავიღებ, აუცილებლად ოჯახში უნდა დარჩეს. 2012-ში, გასტროლებზე რომ ვიყავით, ბელას გვირგვინს ფოტო გადავუღე.

უკვე ამერიკაში, ფოტოებს ვათვალიერებდი ტელეფონში და გვირგვინის ფოტოც ვნახე. იმდენად მინდოდა ბელა მუდმივად ჩემთან ყოფილიყო, თან მყოლოდა, რომ გადავწყვიტე ამ გვირგვინის ტატუ გამეკეთებინა.


- სახლში მოვიდა და განაცხადა - ტატუ უნდა გავიკეთოო -ერთვება ირაკლი -კინაღამ გადავირიე.

მსახიობისთვის ტატუ გამორიცხულია. მსახიობის სხეული სუფთა უნდა იყოს, მაგრამ როცა მითხრა რის გაკეთებას აპირებდა, განმაიარაღა.


- სალონში რომ წავედი, იმ დღესვე მინდოდა გაკეთება -იხსენებს ირინკა, -მაგრამ იმ დღეს მხატვარს დრო არ ჰქონდა. გვირგვინის ფოტო დაიტოვა და სამ დღეში დამიბარა.

ამ სამი დღის განმავლობაში ჩემს თავს ვცდიდი, აბა თუ გამიქრებოდა ტატუს გაკეთების სურვილი. სინამდვილეში, ერთი სული მქონდა სამი დღე როდის გავიდოდა.

სალონში მეგობართან ერთად წავედი. გაკეთების პროცესი ძალიან მტკივნეული იყო. ნახატი ხერხემალზე გადის და ტკივილისგან ბალიშს ვიხუტებდი. გადახრილი ვიჯექი, კანი ხომ დაჭიმული უნდა იყოს.

მიუხედავად ამ ტკივილისა, როდესაც ტატუ უკვე მზად იყო, სიხარულით წამოვხტი. ჩემმა მეგობარმა ვიდეო გადამიღო -ვიცინი და უბედნიერესი ვარ.





-დედა ნამდვილი ბრძენი ადამიანი იყო - მშვიდი, საოცრად მშვიდი.

მასთან უამრავი უცხო მოდიოდა და თავის პრობლემებს უზიარებდა. რაზე ლაპარაკობდნენ არ ვიცი, მაგრამ ბელას ჰქონდა ფსიქოლოგის საოცარი ნიჭი და ამ ადამიანებს საუბრით ისე ამშვიდებდა, ისეთ რჩევებს აძლევდა, რომ ისინი ნელ-ნელა ჩვენი ოჯახის მეგობრები ხდებოდნენ და შემდეგ ისე მოდიოდნენ სტუმრად.


ირაკლის ბოლო ნამუშევარი, „ ანტუანი და პატარა უფლისწული“, რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრში დადგა, ბელა მირიანაშვილს ეძღვნება. ქალბატონი ბელა ინსტიტუტში თამაშობდა ეგზიუპერის ამ ნაწარმოებში.


- სპექტაკლი ორნაწილიანია. პირველი ნაწილი, ,,ანტუანი'', მე თვითონ დავწერე.

მაქვს განცდა, რომ ყველაფერი, რაც ეგზიუპერიმ დაწერა, რაღაცნაირად მისი ავტობიოგრაფიაა. ყველა ის პერსონაჟი, რომელიც პატარა უფლისწულში გვხვდება, მას ცხოვრებაშიც შეხვედრია და შემდეგ, მწერალმა ამ ფორმით აღწერა ყველაფერი.

ჩემ მიერ დაწერილი პიესა სწორედ ამაზეა. ხოლო მეორე ნაწილი უშუალოდპატარა უფლისწულია''. თითქოს ორი სპექტაკლი გამოვიდა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში ამ ფორმით აჩვენებენ. დღის სააბონემენტო სპექტაკლი, მხოლოდპატარა უფლისწულია“.

ხოლო საღამოს სპექტაკლები სრული, ორმოქმედებიანი ვერსიაა. მთავარ როლს კახი ასრულებს. მისი სახეც ისე გავიაზრე, რომ ის თან კახია და თანაც პერსონაჟი, უფრო სწორად, ხან კახია და ხან პერსონაჟი. სპექტაკლი დედას ეძღვნება და ეს ხაზი ძალიან მნიშვნელოვანია.


სწორედ ამ ჩანაფიქრის და, ალბათ უფრო იმის გამო, რომ ხელოვანი თავისი შემოქმედების გარკვეულ პერიოდში მიიჩნევს, რომ კონკრეტულ სივრცეში თავისი სათქმელი ამოწურა და სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეს, ირაკლი კავსაძე თეატრ ,,სინეტიკიდან'' წამოვიდა. ის ახლა . . დამოუკიდებელი აგენტია და სხვადასხვა სივრცეში დგამს სპექტაკლებს. ფიქრობს მულტფილმის გაკეთებაზე.


-ჩემი გეგმები საქართველოსაც უკავშირდება და ამერიკასაც. ამერიკა ჩემი ქვეყანაა. მომწონს ბევრი რამ და ბევრი შემოქმედებითი გეგმა მაქვს. თუმცა, ჩემი მეუღლე ლიკა ზოგჯერ მეუბნება - გავყიდოთ სახლი და დავბრუნდეთ საქართველოშიო.

ამ ყველაფერზე ჩემი უმცროსი ქალიშვილი, ტაშა მოკლედ ამბობს.

- ნოუ. როდესაც ლიკა და ირინკა ამერიკაში ჩამოვიდნენ, ლიკა ტაშაზე 5 თვის ფეხმძიმე იყო. ძალიან მეშინოდა. სასაზღვრო სამსახურს მისი ფეხმძიმობა რომ შეემჩნია, ნამდვილად უკან გააბრუნებდნენ და მაშინ მეც აუცილებლად დავბრუნდებოდი.

მაგრამ ვერ შენიშნეს. ამქვეყნად უბრალოდ არაფერი ხდება. ესეც ასე უნდა მომხდარიყო.


თეტრალური ინსტიტუტის სტუდენტი ვიყავი და ერთ დღეს რუსთაველზე დავინახე პატარა გოგონა. რატომღაც ყურადღება მივაქციე. შემდეგ, მეორე დღესაც დავინახე, მესამე დღესაც. ისე ხშირად ვხედავდი, რომ მივხვდი სადღაც ახლო-მახლო ცხოვრობდა.

ერთ დღეს მომეჩვენა, რომ მარტო მე კი არ ვუყურებდი, ცოტა-ცოტა ისიც მიყურებდა. ერთ დღეს ჩემს დასთან აგარაკზე ავედი და რას ვხედავ, ეს გოგო ჩემს დასთან არ ზის სტუმრად!

უკვე მივესალმე, ნანუკა გამოვიყვანე და ვკითხე - ვინ არის-მეთქი. - ეს მალხაზ გოგრგილაძის შვილია. ეგ და მისი კლასელები მცირე დარბაზის სპექტაკლებზე გიჟდებიან და ლამის ყოველდღე დადიანო.

ეს იყო ჩემი და ლიკას, ასე ვთქვათ, ოფიციალური გაცნობა. შემდეგ ჩემს ეზოში, ჩემს მეგობრებთან იყო სტუმრად. მოკლედ, იმ დღეს ჩემს თავში რაღაცები აღმოვაჩინე, მაგრამ იყო ერთი დაბრკოლება - ლიკა ძალიან პატარა ოყო, 15 წლის, 16-ის ხდებოდა.

მე უკვე დიდი ვიყავი, 18 ის. რამდენიმე წელი ვიარეთ აღმა-დაღმა. რომ დავქორწინდი, 21 წლის ვიყავი. ლიკა ამერიკაში სამედიცინო სფეროში მუშაობს.


ინტერვიუს პარალელურად, ირინკას და ირაკლის ,,სითისგუნდი ფოტოებს უღებს. ირაკლი ისევ თეატრზე საუბრობს.


-,,პატარა უფლისწულში'' კახის როლზე მე უნდა შევიდე იმიტომ, რომ იანვრის დასაწყისში დაგეგმილ სპექტაკლებში კახი ვერ მოახერხებს თამაშს.


- ჰოდა, ერთხელ მეც შევვარდები სცენაზე. ისე მომენატრა სცენა და თამაში, ისე მომენატრა, ვერ წარმოიდგენთ - ერთვება ირინკა.


ძველით ახალი წლის შემდეგ, ირაკლი და ირინკა ამერიკაში დაბრუნდებიან. ირაკლის თავისი გეგმები აქვს, ირინკა კი, ნიუ-იორკში გადადის სასწავლებლად. ამ ფანტასტიკურ ქალაქში მას ახალი ეტაპი და ახალი შესაძლებლობები ელოდება.


მანამდე კი, თბილისში იქნება ,,ცეკვავენ ვარსკვლავები'', ,,ანტუანი'' და ,,პატარა უფლისწული'', ბრჭყვიალა და მხიარული ახალი წლის ღამე და საახალწლო ,,სითი'', ულამაზესი ირინკა კავსაძის ფოტოთი ყდაზე, სოლოლაკის იდუმალებით მოცული უმშვენიერესი სახლიდან.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის
ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში".
12:01 / 16.11.2019
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის
ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში".
12:01 / 16.11.2019
ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს
გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური:
Beauty and the box-ია,

ყველაზე კარგი, რაც 2018 წელს გადამხდა _ ყველაზე კარგი თავგადასავალი, ჩემი ახალი სამსახური: Beauty and the box-ია,

11:17 / 13.02.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ნინუცა ბიბილეიშვილი-ორჯონიკიძის  კი და არა
მე ვარ... ჯიუტი, ფიცხი, ხანდახან ზედმეტად ემოციური, ყოფაში უდისციპლინო, ძლიერი, შრომისმოყვარე, მიზანდასახული, კეთილგანწყობილი და მიმნდობი.
11:58 / 19.11.2019
შემოდგომა თბილისში
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში".
12:01 / 16.11.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2917
TRY
TRY
1
0.5203
USD
USD
1
2.9735
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ახალქალაქი -4 °C
img
გამოწერა