RED MUST GO ON

სიყვარული, ექსპრესია, ვნება, ძალა და ენერგია - ეს ყველაფერი ერთერთ ყველაზე მკვეთრ და, ერთი შეხედვით, გამომწვევ ფერს -  წითელს უკავშირდება.

სხვადასხვა ქვეყანაში მას სხვადასხვა დატვირთვა აქვს; მაგალითად, ჩინეთში წითელი ზეიმისა და წარმატების ნიშანია, ინდოეთში - სიწმინდისა და ერთიანობის. ის შობისა და ახალი წლის ფერიცაა - ახლის საწყისის, სიცოცხლისა და მუდმივი განვითარების.

სწორედ წითელმა გააერთიანა მსოფლიო Red Nose Day- იდეის გარშემო. წითელი ცხვირების კამპანიის მთავარი მიზანი ბავშვების დახმარებაა. წლების წინ ბრიტანეთში დაწყებულ საქველმოქმედო აქციას, რომელშიც "წითელცხვირიანი" მეგავარსკვლავები ჩაერთვნენ, წელს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც შუერთდა. „სითი“ Red Nose Day-ს მეგობარი ხდება ღიმილის, სიკეთისა და ბავშვების გადარჩენის სურვილით.

წითელი ცხვირები „სითის“ მთავარმა გმირებმაც მოირგეს, გმირებმა, რომლებზეც ბევრს არ საუბრობენ, ვერც ტელეეკრანებზე იხილავთ ხშირად, თუმცა მათი ცხოვრება წითელს სწორედ სისავსითა და ენერგიულობით, სიმამაცითა და მიზანდასახულობით, დინამიზმითა და მღელვარე თავგადასავლებით უკავშირდება.

წითელი ფარდის მიღმა

ბალერინა ნათია ბუნტური

ნამდვილი ცხოვრება მაშინ დაიწყო, როცა 9 წლის ასაკში ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩააბარა. სწორედ მაშინ იგრძნო საკუთარი თავი პროფესიაში. უკვე 16 წლისა ამერიკაში წავიდა, ბოსტონის საბალეტო სკოლაში, სპეციალური სტიპენდიით. ორი წლის შემდეგ კი ნიუ იორკის საბალეტო სკოლაში გადავიდა. პარალელურად იყო კასტინგები და პირველი სამუშაო ადგილი ფილადელფიის საბალეტო დასში.

“ამერიკაში ცხოვრება იმდენად სავსე იყო ჩემთვის, სულ რომ აღარასდროს მეცეკვა, მაინც „დანაყრებული ვიქნებოდი“ და ის მოგონებები დიდხანს მეყოფოდა ცხოვრებისთვის. კიდევ შეიძლებოდა დავრჩენილიყავი, წინ წავსულიყავი და სხვა სიმაღლეებისთვის მიმეღწია, მაგრამ 5 წლის იქ ყოფნის შემდეგ გადავწყვიტე, რომ სახლში დაბრუნების დრო იყო და დავბრუნდი.~


ოთხი სეზონი იცეკვა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში, მერე რიგით ბალერინობაზე უარი თქვა და წამოვიდა. ცეკვა მაინც არ შეუწყვეტია, მიუზიკლ `ვერის უბნის მელოდიებში~ აქტიურად იყო ჩართული. რამდენიმე წლით დილის გადაცემის წამყვანობაც სცადა. პარალელურად კი ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე იწვევდა თავის პროექტებში. რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ მარიამმა ოფიციალურად დააარსა დასი და ახლა ნათია ბუნტური თბილისის გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ბალეტის დასის წამყვანი სოლისტია.


“თანამედროვე ბალეტში საკუთარი თავი ვიპოვე სხვა, ახალ მდგომარეობაში. ის, რაც მათრახით მაქვს ნასწავლი, სულ ჩემშია, არ ვკარგავ, ისე გამოვდივარ მისგან და ვუბრუნდები სინამდვილეს, პირველყოფას. მარიამის დამსახურებაა ჩემი გათავისუფლება, როგორც ადამიანის, მოცეკვავისა და ხელოვანის. დამეხმარა მეპოვა თავისუფლება ასეთ დატვირთულ პროფესიაში და სწორი მიდგომები ცხოვრებაში. ესაა დასი, რომელმაც ახლა დაიწყო ცხოვრება, წინ დიდი გზაა, უამრავი ექსპერიმენტით. მისი პირველი ნაბიჯების ნაწილი ვარ მე, როგორც წამყვანი სოლისტი. ყოველთვის ვიქნები ის, ვინც დღეს ვარ დასისთვის. მერე შევძლებ სხვებს გადავცე ჩემი ყველაზე ფასეული მოგონებები თუ შეგრძნებები.”


სცენაზე დიდი პრემიერა უკვე შეასრულა, უკვე იპოვა მთავარი პარტია და მთავარი ურთიერთობა - "გურჯი ხათუნი”. მან თითქოს ნათიას ცხოვრება გარდაქმნა, საკუთარ თავთან პირისპირ დააყენა და აალაპარაკა, გადაწყვეტილებები მიაღებინა და მერეც სულ თან დაჰყვება.


“დიდი და საოცნებო პარტიები, ალბათ, კიდევ მელოდება, მაგრამ "გურჯი ხათუნი" სულ სხვა ფორმით იარსებებს და სხვა ადგილი ექნება ჩემში. მარიამს ჰკითხეს, როგორია გურჯი ხათუნიო და ისეთი, როგორიც ნათიააო. ეს არ იყო კომენტარი მხოლოდ შესრულებაზე, ის მიხვდა, რაც დამემართა, როგორ გავერთიანდი.”


დიდი პრემიერები უკვე შეასრულა ცხოვრებაშიც. დედა გახდა - ყველაზე დიდი და საპასუხისმგებლო პარტიის შემსრულებელი. იყო დიდი გადაწყვეტილებაც 7-წლიანი ოჯახური ცხოვრების დასრულების, შემდგომი სირთულეებით, თუმცა საკუთარი თავის შეგრძნება არასდროს დაუკარგავს.


“მე ვქმნი ჩემს ცხოვრებას, ჩემი შვილი და მეგობრები. ცეკვას ვერაფერს დავარქმევ, ის მე ვარ უბრალოდ და რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს ვცარიელდები. როგორიც ვარ, ასეთად ყოფნა სხვებში თუ რაღაც კარგს იწვევს, ეს გადამარჩენს მე. ესე იგი, ვარსებობ, როგორც ადამიანი.


ცხოვრება სულ მოძრაობაა, ჩემთვის ორმაგი - ოთხი თვლა, რვა თვლა.. ყველა უჯრედით მოძრაობაა, ემოციების, სხეულის, ჩემი და ჩემ გარშემო სამყაროს მოძრაობაა - სიყვარულისკენ!”


წითელ ხალიჩაზე - პრომოუტერი ირაკლი მაქაცარია


ბავშვობაში მოცეკვავეობა უნდოდა, თუმცა მერვე კლასში მიიღო გადაწყვეტილება, წასულიყო ამერიკაში. ორი წელი იმუშავა მიზნის მისაღწევად, პირველი გამარჯვება მოიპოვა და საოცნებო ქვეყანაში ერთწლიანი გაცვლითი პროგრამით გაემგზავრა, მეათე და მეთერთმეტე კლასის პროგრამა ერთად დაძლია და დაბრუნდა ამერიკული ატესტატით. მერე მარკეტინგის სპეციალობაზე ჩააბარა და უკვე საქართველოში გააგრძელა წინსვლა.


"მესამე კურსიდან დავიწყე პრაქტიკების გავლა. ნელ-ნელა მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე გახდა. პირველი სერიოზული სამუშაო მალევე მივიღე, სამშენებლო კომპანიაში. მერე გადავედი ბანკში. ამას მოჰყვა „საქართველოს ბანკისა“ და „საქართველოს ფოსტის“ ერთობლივი პროექტი.


შემდეგ ჩემმა მეგობრებმა ბრენდული მაღაზიების სავაჭრო ქსელის გახსნა გადაწყვიტეს და ამ საქმეში ჩართვა შემომთავაზეს. სტაბილური სამსახური მაშინვე გვერდზე გადავდე და წავედი `ახალი იმპერიის~ ასაშენებლად. ძალიან დიდი გზა გავიარე, 3 წელზე მეტი გავატარე იქ და ერთიდან თორმეტ მაღაზიამდე ავედით. როცა ეს საქმე რუტინაში გადავიდა, მივხვდი, რომ წასვლის დრო იყო. გადავედი სარეკლამო კომპანიაში. სწორედ ამ დროს დაემთხვა ინდოეთიდან პირველი დელეგაციის ჩამოსვლა, რომელთანაც პირველ კინოპროექტზე ვითანამშრომლე.”


მაშინ დაიწყო ირაკლი მაქაცარიას ურთიერთობა დიდ, ინდურ კინოინდუსტრიასთან - ეს იყო პირველი დიდი პრემიერა, პირველი წითელი ხალიჩა და პირველი ნიშანი, რომ შეეძლო საკუთარი თავი და საქართველო ამ სამყაროს ნაწილად ექცია. ორი წელი და უდიდესი რესურსი დასჭირდა ინდოელი ფილმის მწარმოებლების დაინტერესებას. მის ამ წამოწყებას გარშემო ყველა სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა მიზანს მაინც მიაღწია.


"ჯერ ერთი პატარა პროექტი შემოვიდა, მერე რეკლამა, მუსიკალური კლიპი და მაშინ მივხვდი, რომ გამოდის, ჩნდება ინტერესი საქართველოს მიმართ, ჩამოდიან სულ უფრო მაღალი ბიუჯეტით. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათი ცხოვრებისა და მუშაობისთვის საჭირო ყველა დეტალს გამგზავრებამდე. მაქვს საკუთარი კომპანია, რომელიც 5 წელია ბაზარზეა. ძირითადად, ვმუშაობ ინდოეთის მიმართულებით, უკვე ძალიან ბევრი ფილმი გვაქვს გადაღებული. ამას გარდა, ჩამომყავს ინდური კინოს ლეგენდები. მათი ერთი ჩამოსვლით საქართველოს ცნობადობა შეიძლება გაიზარდოს ხუთი პროცენტით, რაც უდიდესი პოტენციალია ჩვენი ქვეყნისთვის."


რამდენიმე თვის წინ პირველი ინდური პროექტი უკრაინაში გააკეთა. საქართველოს მსგავსად, ამ ქვეყანასაც წარმოადგენს, როგორც მომგებიან ადგილს კინოწარმოებისთვის. ავითარებს ტურიზმის მიმართულებას. სწორედ უკრაინას უკავშირდება ირაკლი მაქაცარიას კიდევ ერთი ნიშვნელოვანი გამარჯვება. ირაკლი იყო ყველაზე მაღალბიუჯეტიანი რეალითი შოუს Холостяк-ის მეექვსე სეზონის მთავარი გმირი რეკორდული რეიტინგით.


„ზედმეტად თავდაჯერებული არ ვარ, მაგრამ მაინც წავედი ამ ავანტიურაზე. მქონდა სრული თავისუფლება, თუმცა პროექტში დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღმოვჩნდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ქართველი ვარ, აქ მთელ საქართველოს წარმოვადგენ და რამე რომ შემეშალოს, ჩემს ქვეყანაში ვეღარ დავბრუნდები-მეთქი. მიხარია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, უფრო მეტად დავრწმუნდი საკუთარ ადამიანურ თვისებებში. შევძელი ოცდაათ მონაწილე გოგოსთან ურთიერთობის ღირსეულად წარმართვა ისე, რომ გულნატკენი არავინ ყოფილა. პროექტის შემდეგ ჩემს არჩეულ გოგოსთან ერთი წელი გავატარე და დღეს აღარ ვართ ერთად. თუმცა ამ ყველაფერმა ისეთი გამოცდილება მომცა, რომ შეიძლება წიგნიც დავწერო."
ამ გამოცდილებით გეგმავს ფილმის გადაღებასაც. უკრაინულ-ქართული რომანტიკული კომედიისას, რომლის პროდუსერიც და მთავარი როლის შემსრულებელიც თავად იქნება. ასევე იწყებს მუშაობას ერთერთ უკრაინულ ტელეკომპანიაში თოქშოუს წამყვანად. მანამდე კი, სულ მალე, საქართველოში მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში მიიღებს მონაწილეობას.


„არასდროს მეშინია ახალი გამოწვევების. ახალ ეტაპებზე გადასვლა რომ ვერ გამებედა, ვინანებდი. ჩემი მთავარი თვისებაა - სწრაფვა საკუთარი თავის და გარემოს განვითარებისკენ. ძალიან მინდა იმ ეტაპამდე მივიდე, რომ შევძლო ჩემ ირგვლივ მყოფების ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ, რადგან საკუთარი კეთილდღეობა მარტო მე კი არა,  სხვასაც ერგება. ჯერ აღმასვლის პროცესში ვარ, მინდა, დრომ არ შემიშალოს ხელი და ყველაფერი მოვასწრო. მთავარია, გულით ვაკეთო და წარმატებაც თავისით მოვა, წინ კიდევ ბევრი წითელი ხალიჩა იქნება. მთავარია, თავს მუდამ საჭიროდ ვგრძნობდე."


წითელ კონტურებში - მსახიობი ანკა ვასაძე


ბაბუის, აკაკი ვასაძის, სახლ-მუზეუმში დაიბადა და გაიზარდა. ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, სხვა პროფესიაზე არც უფიქრია. ძალიან პატარასაც ორი როლი ჰქონდა - ხან ბიჭი იყო მეგობრებისთვის და ხან - ძალიან პრანჭია გოგო სარკესთან. `მე ხომ ანკა აღარ ვიქნები, მსახიობი რომ არ გავხდეო" და თეატრალურ უნვერსიტეტში ჩააბარა. უმაღლესი შეფასება მიიღო, ბებიასაც კი შეადარეს, მარინა თბილელს. მაშინ, როცა პროფესიული ცხოვრება უნდა დაეწყო, სპონტანური გადაწყვეტილება მიიღო და გათხოვდა.


“პირველ კურსზე ორსულად ვიყავი. მძიმე იყო, როცა ვუყურებდი როგორ მუშაობდნენ ჩემი ჯგუფელები და მე იმ დოზით ვერ ვიღებდი მონაწილეობას. მერე დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ის დრო ამენაზღაურებინა. მაინც არაფერს ვნანობ, მყავს ოჯახი, რომელიც მიყვარს და შვილი, რომელიც უკვე ჩემი მეგობარია. სპონტანური ხასიათი მაქვს, ძალიან ემოციური ვარ, კონფლიქტის დროს ხანდახან ალოგიკური ვხდები, თუმცა როგორც მსახიობს, ეს ემოციურობა არ მიშლის ხელს, პირიქით მეხმარება, რომ ჩემი პატარა როლების ხასიათიც მკვეთრად გამოვხატო.”


მესამე კურსიდან მარჯანიშვილის თეატრის დასშია. 22 წლის იყო, როცა დიდ სცენაზე მთავარი როლი მიიღო სპექტაკლში "ტოიბელე და მისი დემონი”. ეს იყო ანკასთვის პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო და შანსი, დაემტკიცებინა, რომ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. მას შემდეგ თეატრთან მიჯაჭვულობა მისთვის უფრო გაღრმავდა. ახლა ლევან წულაძესთან "ბაკულას ღორებზე" მუშაობს. სერიალებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ფიქრობს, რომ შემდგარი მსახიობების პროფესიონალიზმზე უარყოფითად არ მოქმედებს, ახალგაზრდა კი შეიძლება დაშტამპოს და პოპულარულობისთვის არ უღირს.


“პოპულარობის სურვილით არ ჩამიბარებია სამსახიობოზე. ხანდახან რეპეტიციებზე მირჩევნია ყოფნა, ვიდრე სპექტაკლის თამაში. ამ პროცესის დროს თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. ძალიან პატარა როლზეც იმავე დამოკიდებულებით ვმუშაობ, როგორითაც - დიდზე. არის საოცნებო როლები, მაგრამ იდეაფიქსად არაფერს ვაქცევ. სპექტაკლზე მუშაობის დაწყებისას როლების გადანაწილებამდეც კი არ ვფიქრობ ჩემთვის სასურველზე, მერე იმედი რომ არ გამიცრუვდეს და ჩემი კუთვნილი როლისგან დისტანცირებული რომ არ გავხდე. კაცის როლიც მაინტერესებს, ალბათ, ბავშვობიდან გამომდინარე. შესაძლოა, კინოშიც მოვსინჯო ძალები. ბევრ კინორეჟისორს უნდა ნაკლებად გაცვეთილი სახე, რომელიც პირველად მასთან გამოჩნდება, ალბათ, ამისთვის უფრო ვინახავ ჩემს თავს, რაიმე დიდისთვის და განსაკუთრებით საინტერესოსთვის.”


ანკასთან რამდენიმეწუთიანი ურთერთობისას ყველაზე მთავარს, რასაც შეამჩნევთ, მისი აქტიური ხასიათი და ემოციაა, რომლითაც გარშემომყოფებზე მოქმედებს. ფიქრობს, რომ ესაა სიკეთე, რომელიც ყველაზე მარტივად შეუძლია გასცეს. ხშირად გვერდიდან უყურებს საკუთარ თავს და ბევრსაც იცინის მასზე. ეს როგორც მსახიობს, სწორი შეფასებების გაკეთებაში ეხმარება.


“რომ მკითხოთ, როგორი ვარ, თქმა ძალიან გამიჭირდება, რამდენიმე როლმა ამაზე დამაფიქრა. ცოტა შემაწუხა კიდეც, როცა ვერ ამოვხსენი, რა ტიპის ადამიანი ვარ, მერე დავფიქრდი, რომ პროფესიულად ეს შეიძლება ხელსაც მიწყობდეს. ერთმანეთისგან განსხვავებული პერსონაჟების ფსიქოლოგიის შექმნაში, ალბათ, უკეთ შევძლებ შესვლას და ჩემი ხასიათის მათს ცხოვრებაში გადატანას. ისე გამოდის, რომ ყველაფერს თეატრს ვუკავშირებ, მაგრამ ასეა, მხოლოდ თეატრისა და ოჯახისგან შედგება ჩემი ცხოვრება. ჩემს დრო მათ ვახმარ მხოლოდ.”


უარყოფით ემოციებსა და ამბებზე დროს არ ხარჯავს, არც ინტრიგებსა და არაჯანსაღ კონკურენციაზე. ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, დაგროვების პროცესშია, ვიდრე საკუთარ თავს, როგორც მსახიობი, დიდ სცენებზე მოხატავს.


“დიდი ბაბუა ჩემთვის მაგალითია - რაც უფრო მეტი ვარსკვლავია ცაზე, ხომ უფრო ლამაზიაო. რაც უფრო მეტი კარგი მსახიობი იქნება თეატრში და სპექტაკლში შენ გვერდით, პირველ რიგში, შენთვისაა კარგიო. ბევრი რამ ხდება ცხოვრებაში, რაც მარწმუნებს, რომ გზები თავისთავად იხსნება, ჩვენ დანახვა უნდა შევძლოთ. თითქოს უმნიშვნელო შეხვედრებს და ამბებს ადამიანების ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ასე ეწყობა ჩემი ცხოვრებაც; გარდა იმისა, რასაც მე ვაკეთებ, სულ ჩნდებიან ადამიანები, თითქოს პატარა ნაბიჯებით ახალ გზას რომ მიხსნიან. მეც ასევე ვცდილობ,  რომ შევძლო და სხვა ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შევასრულო."












Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
irakliontheroad&elensio-მთავარი თემა
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
გახადე მსოფლიო ბავშვებისთვის უკეთესი
სექტემბერი სწორედ ის თვეა, როცა ბავშვებისთვის არდადეგები სრულდება და სწავლა იწყება.
08:57 / 20.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9344
TRY
TRY
1
0.6784
USD
USD
1
2.4864
ამინდი
ბორჯომი 8 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა