„შატო მუხრანი“ ისტორია, რომელიც მუდამ გრძელდება

სარედაქტორო ფოტო უნდა გადამეღო, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მინდოდა ისეთ ადგილზე წავსულიყავი, რომელიც მიყვარს მანქანაში ჩავსხედით და გეზი „შატო მუხრანისკენ“ ავიღეთ; თბილისიდან სულ რაღაც 35 კილომეტრშია, ქალაქიდან დაახლოებით 40 წუთში აქ მოსულს გავიწყდება გიჟური რიტმი და ცოტათი მოგონილი პრობლემები, გხვდება მაღალი ჭიშკარი, რომლის გახსნისთანავე ერთ ისტორიულ და ულამაზეს შატოში იძირები.


ეს პირველი ქართული შატოა. შატო, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში დიდმა მეცენატმა, ნოვატორმა და საოცრად ნიჭიერმა ივანე მუხრანბატონმა ააშენა. დაპროექტება და მშენებლობა ფრანგი სპეციალისტებისათვის მიუბარებია, ფრანგული გამოცდილება კი ქართული მეღვინეობის ტრადიციებთან შეუხამებია. ასე შეიქმნა ისტორიული მარანი და პირველი ბოთლში ჩამოსხმული ქართული ღვინო „მუხრანული“. მუხრანბატონის პირველი ღვინო 1878 წელს ჩამოისხა, სწორედ ამ ისტორიულ თარიღს უკავშირდება „შატო მუხრანის“ რესტორნის სახელი „სამეფო მარანი 1878“. - გვიყვება ჩვენი მასპინძელი, შატოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენე ოთარაშვილი.




ისტორია გვამცნობს, რომ ღვინო იმდენად ხარისხიანი იყო, პარიზში პრესტიჟული კონკურსის უმაღლესი ჯილდოც კი მოუპოვებია. ეს მეცხრამეტე საუკუნეში ხდებოდა; გადის დრო და 2017 წელს „შატო მუხრანის“ სიამაყე „სამეფო რეზერვი“ (წითელი) ყველაზე გავლენიან და პრესტიჟულ კონკურსზე Decanter World Wine AwardsD -ზე უმაღლეს შეფასებას - პლატინის მედალს იღებს. ამბავი უპრეცედენტოა, რადგანაც მსგავსი ჯილდო დღემდე არცერთ ქართულ ღვინოს არ მიუღია.


„შატო მუხრანის“ ღვინის წარმოების კონცეფცია ისეთივე უნიკალურია, როგორიც ამ სასახლის ისტორია. წელიწადში მხოლოდ 400 000 ბოთლი ისხმება, ვინაიდან როგორც მუხრანბატონისთვის, ასევე შატოს დღევანდელი მესვეურებისთვის ხარისხი გადამწყვეტია. ღვინო ისე ორგანულად ერწმის აქაურობას, რომ ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია. ღვინის დეგუსტაცია აქ სტუმრობისას ტურისტების ერთერთი ყველაზე საყვარელი მომენტია; დაგემოვნებისას გიყვებიან კიდევ ერთ ფანტასტიკურ ისტორიას, რომ ივანე მუხრანბატონი პირველი მარკეტოლოგიც ყოფილა საქართველოში.


„ერთ დღეს პარიზის ყველაზე პრესტიჟულ და განთქმულ რესტორნებში ლამაზად გამოწყობილი ბატონები შებრძანდნენ, შეუკვეთეს ვახშამი და მოითხოვეს ცქრიალა ღვინო „მუხრანული“. „მუხრანული?“ - აზუსტებდნენ მიმტანები. „დიახ, მხოლოდ ცქრიალა ღვინო „მუხრანული“. გაოგნებული ოფიციანტები უკან ბრუნდებოდნენ და სინანულით აღნიშნავდნენ, რომ მათი რესტორნის საცავებში მსგავსი არაფერი მოიძებნებოდა.

გამოწკეპილი ბატონები უკმაყოფილოდ ტოვებდნენ გაშლილ სუფრას, ცხადია, იხდიდნენ შეკვეთისას, მაგრამ გადიოდნენ. ეს მუხრანბატონს გამოუგონებია, ჩვეულებრივი „ინფლუენსერები“, წარმოგიდგენიათ? პარიზში, მეცხრამეტე საუკუნეში, ქართველის მიერ მოგონილი მარკეტინგული სვლა. შედეგმა არ დააყოვნა, საუკეთესო რესტორნებში ღვინო „მუხრანული“ მალევე გაჩნდა“. ვუსმენ ამ საოცარ ისტორიას და თვალწინ კმაყოფილი და ამაყად მომღიმარი მუხრანბატონი წარმომიდგება. ფანტაზიიდან ისევ ელენეს გამოვყავარ; „ძალიან მალე „შატო მუხრანი“ იმ ლეგენდარული ცქრიალა ღვინის აღდგენას აპირებს“. - ასრულებს ამბავს ჩემი მასპინძელი. ვეკითხები სტუმრებზე. უმეტესად უცხოელი ტურისტები არიან. მათი რაოდენობა შატოს გახსნისას წელიწადში დაახლოებით 1000 იყო, დღეს ეს ციფრი 30 000-ს აღემატება.


ჩემი იქ ყოფნის დროსაც შემხვდნენ, მგონი, პოლონეთიდან იყვნენ, ასე 10-15 კაცი, გარეთ, ჩვენ გვერდით მაგიდასთან, ღვინოს აგემოვნებდნენ. ქვევით, რესტორანში, დიდი სამზადისი იყო - ორი მსხვილი კომპანიის ბიზნესგაერთიანების ვახშამი მზადდებოდა. ეს „შატო მუხრანის“ კიდევ ერთი სავიზიტო ბარათია - დაუვიწყარი და მასშტაბური საღამოები, ქორწილები, იუბილეები, ბიზნესშეხვედრები და, რასაკვირველია, წლის მთავარი ღონისძიება - ლიტერატურული პრემია „საბა“. მაგრამ ჩემი საყვარელი დრო შატოში შემოდგომაა და „შატო მუხრანის“ რთველი. დღე, როდესაც აქ თავს იყრის ძალიან ბევრი ადამიანი, წურავს ღვინოს, აგემოვნებს, ხედავს თავის არაერთ ახლობელს და, უბრალოდ, ძალიან კარგად ატარებს დროს.


პირადად მე თითქმის ყველა რთველს დავსწრებივარ და ჩემი ხელით აქაური ვენახების ყურძენიც დამიკრეფია, მათ შორის, თვით პატრიკ ჰონეფთან, `შატო მუხრანის~ მთავარ მეღვინესა და გენერალურ დირექტორთან ერთად. ეს დღე ძალიან უყვართ და ეამაყებათ ადამიანებს, რომლებმაც დააფუძნეს „შატო მუხრანი“ - მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ფრედერიკ პაულსენს. წინ ძალიან დიდი გეგმებია, უპირველეს ყოვლისა, სასახლის რესტავრაციის დასრულება. პროექტზე ცნობილმა არქიტექტორმა ხუან პაბლო მოლინემ იმუშავა, მის განხორციელებას სოლიდური ინვესტიციები და დაახლოებით ორი წელი დასჭირდება. იქამდე „შატო მუხრანში“ ყოველდღიურად ახალი ამბები ხდება, ამბები, რომლებიც ამ უნიკალურ ადგილს ახალი სიცოცხლითა და ისტორიით ავსებს. მე აქ დავბრუნდები, დავბრუნდები ახალ არედაქტოროსთვის. მაშინ კიდევ უფრო მეტი სათქმელი მექნება, ჩემზეც და, შატოზეც, ცხადია.
















ტექსტი: ეკა ხოფერია

ფოტო : კახაბერ შარტავა



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"ტაბლა" ღვინის აქცენტით
ეს იყო ორშაბათს. დღეს, რომელიც ყველასთვის მძიმედ იწყება და რომლის სწორად დაგეგმვა, ჩემი ღრმა რწმენით, წარმატებული კვირის საწინდარია.
12:08 / 11.07.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სითი COVER
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2018 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.8520
TRY
TRY
1
0.5126
USD
USD
1
2.4546
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
გამოწერა