მაია ფანჯიკიძე - ანტრაქტი არ იქნება

„ცხოვრება უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის და მისგან საუკეთესო გამოიყვანო... არ უნდა დაგავიწყდეს ის, რაც მოხდა, რამაც ცხოვრება განსაზღვრა, მაგრამ სულ უნდა შეგეძლოს წინ გაიხედო და ნათელი წერტილები დაინახო. ყოველი ახალი ეტაპი, რისგანაც არ უნდა იყოს გამოწვეული ამ ახალი ეტაპის დაწყება, ჩემთვის საინტერესოა. მე ამ ეტაპს ვესალმები და ღიმილით ვხვდები."


...ახალი ეტაპი მის ცხოვრებაში ბევრჯერ დაიწყო, ყოველთვის სხვადასხვა მიზეზით. მაშინ, როცა პედაგოგი დიპლომატიაში წავიდა, როცა დიპლომატი ისევ პედაგოგობას დაუბრუნდა. როცა პოლიტიკაში წავიდა და მერე იქიდანაც წამოვიდა.


ახლანდელი დასაწყისი მისთვის დაბრუნებაცაა. დაბრუნება სამყაროში, რომელშიც დაიბადა...


„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ლიტერატურაა ჩემი სამყარო. ყველაზე კარგი სამყარო, რაც დედამიწაზე არსებობს და რომლისგანაც შორს არასდროს წავსულვარ. ამჯერად მან გამიხსნა ძალიან ბევრი შესაძლებლობა. დავიწყე თუ არა ამ მიმართულებით მუშაობა, ბევრი შემოთავაზება მივიღე, ერთ წიგნს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და ასე გრძელდება."


ახლა შვეიცარიაში, ციურიხთან ახლოს, მთებში, მთარგმნელობით სახლში ერთ თვეს გაატარებს. წარსული მომავალს ისევ კანონზომიერად დაუკავშირდა. სტიპენდია მაქს ფრიშის „შტილერის" სათარგმნად მიიღო. რომანისთვის, რომელზე მუშაობაც თავად ავტორმა დიდი ხნის წინ დედას - დალი ფანჯიკიძეს სთხოვა.


„ისეთი განცდა გვქონდა ოჯახში, თითქოს მაქს ფრიში მთლიანად ჩვენ გვეკუთვნოდა. მისი ორი რომანი „ჰომო ფაბერი~ და „ვიქნები თუნდაც განტენბაინი~ დედამ 70-იან წლებში თარგმნა. ავტორს ორივე გაუგზავნა და შემდეგ მისგანვე მიიღო შემოთავაზება „შტილერი~ ეთარგმნა. მაშინ მან ეს ვეღარ მოახერხა, ახლა გადავწყვიტე, მე გამეკეთებინა და თითქოს ყველაფერი თავისთავად დალაგდა. ერთი თვე შვეიცარიაში ინტენსიურად ვიმუშავებ. რომ დავბრუნდები, რაჭაში, ჩემს სახლში წავალ და იქ საბოლოო შესწორებებს შევიტან. პრეზენტაცია კი წლის ბოლოს გაიმართება."


ახალი სამყარო მაია ფანჯიკიძემ პროფესიული შესაძლებლობების გახსნისა და მოვლენებზე საკუთარი პოზიციის გამოხატვის გზადაც აქცია. ამ ეტაპზე მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი გერმანელი პოლიტიკოსის გერჰართ ბაუმის წიგნია - წიგნი თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე, პირადი მონაცემების დაცვასა და უსაფრთხოებაზე. მისი ქართული თარგმანი დავით უსუფაშვილის წინასიტყვაობით ამ ზაფხულს გამოვა.


„გერჰართ ბაუმის ეს წიგნი ეხება დამოკიდებულებას და ბალანსს მოქალაქის ძირითად უფლებებსა და უსაფრთხოებას შორის. სახელმწიფო ხშირად ზღუდავს ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს მათთვის მეტი უსაფრთხოების შექმნის საბაბით. „მე უნდა ვიცოდე ყველაფერი შენ შესახებ, რომ შემოგთავაზო მეტი უსაფრთხოება" - ეს არის სახელმწიფოს მიდგომა, რომელზედაც მოქალაქეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მკაცრი და კრიტიკული პოზიცია. სახელმწიფო, რასაკვირველია, ვალდებულია უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება, მაგრამ არა კონსტიტუციით მინიჭებული ძირითადი უფლებების უკიდეგანო შეზღუდვით. საჭიროა მუდმივი კონტროლი, რომ სახელმწიფომ არ გადააბიჯოს იმ ზღვარს, როდესაც მისი ინტერესი მოქალაქეების ცხოვრების მიმართ იძენს უკუღმართ ხასიათს. ჩვენ ჩვენი პირადი მონაცემები და თავისუფლება ისევე უნდა დავიცვათ, როგორც ვიცავთ სახელმწიფოში არსებულ სხვა სიკეთეებს. გერმანიაში სახელმწიფოს მიერ კანონით მინიჭებული უფლების ბოროტად გამოყენებაზე ლაპარაკი არ არის, საქართველოში კი ნამდვილად გვაქვს ასეთი მოლოდინი, ამიტომ საჭიროა ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეების სიფხიზლე, კონტროლი და წინააღმდეგობა, როცა, მაგალითად, იღებენ მოსმენების კანონს. ფრიდრიჰ ნაუმანის ფონდის მოწვევით ოქტომბერში ჩამოვა წიგნის ავტორი გერჰართ ბაუმი და მასთან ერთად გვექნება პრეზენტაცია."


„შტილერის" შემდეგ ორი პროექტი უკვე დაგეგმილი მაქვს. ერთერთი იქნება ასევე გერმანელი პოლიტიკოსის, ეგონ ბარის წიგნი სახელმწიფო კონფლიქტების მოგვარების თემაზე. ასეთი წიგნების ქართულად თარგმნას ხანდახან ვეძახი ხოლმე ჩემს ახლებურ წვლილს საქართველოს ევროინტეგრაციაში. სწორედ ასეთი წიგნებით შეიძლება ევროპული ღირებულებების, ფასეულობებისა და ცხოვრების სტილის დამკვიდრება. პოლიტიკური კულტურის, დემოკრატიის განვითარებას ასეთი ლიტერატურა უდავოდ ხელს უწყობს. მეორე კი იქნება მხატვრული ტექსტი - ამერიკელი ავტორის კრესმან ტეილორის „მისამართი უცნობია~.


ყველაფერი ეს ნიშნავს იმას, რომ თარგმნა უკვე ჰობი აღარ არის. თუმცა კითხვაზე, გახდა თუ არა ლიტერატურა მაია ფანჯიკიძის მთავარი საქმიანობა, პასუხი მაინც უარყოფითია. 23 წლის წინ დაწყებული დიპლომატიური ცხოვრება მისთვის არც გადაყენებით და არც გადადგომით არ დასრულებულა. კონფერენციებით, ლექციებით, გამოსვლებით ისევ დიპლომატიაში რჩება, საქართველოს მთავრობაში თანამდებობის დაკავებაზე საუბრისას კი ამბობს, რომ ფრაზა - არასდროს თქვა არასდროს - ზედგამოჭრილია.


"დიპლომატია მეორე პროფესიაა თუ პირველი, ძნელი სათქმელია, მაგრამ არის პროფესია, რომელშიც ძალიან დიდი ენერგია მაქვს ჩადებული, მიღებული მაქვს დიდი გამოცდილება და რომელიც, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ უკვალოდ არ დაიკარგება. დღეს რომ მივიღო შემოთავაზება, დათანხმება გამორიცხულია. ამ ხელისუფლების, ამ მთავრობის მიმართ ჩემი დამოკიდებულების შესახებ ბევრჯერ მითქვამს და იგი არ შეცვლილა, მაგრამ მომავალში რა იქნება, ვინ იცის. იმასაც ვიტყვი, რომ შესაბამისი გარემოს და პირობების შექმნის შემთხვევაში, დიდი სიამოვნებით დავუბრუნდები ამ საქმიანობას.


ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა და მათზე უარი არასდროს მითქვამს. თუმცა არცერთი გადაწყვეტილება კარიერისთვის არ მიმიღია; არც ელჩობაზე მიფიქრია არასდროს და არც მინისტრობაზე. ჩემს ცხოვრებაში ყოველი შემდეგი საფეხური თავისით გაჩნდა და მე მათ მივყევი. ასე მივიღე დიდი ხნის წინ ოჯახთან ერთად გერმანიაში წასვლის გადაწყვეტილება, როცა საქართველოს მაშინდელმა ელჩმა კოტე გაბაშვილმა საელჩოში მუშაობა შემომთავაზა. წინააღმდეგობაც არავისგან შემხვედრია.


ჩემი მეუღლე - პაატა თუშურაშვილი ბიოქიმიკოსია. იმ პერიოდში ფუნდამენტური მეცნიერებები საქართველოში ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, იქ კი საშუალება მიეცა საუნივერსიტეტო კლინიკაში და ატომური კვლევის ცენტრში ემუშავა. შემდეგ, როდესაც საქართველოში ყველაფერი შედარებით გაუმჯობესდა, დაბრუნდა და მე გარკვეული პერიოდი მის გარეშე მომიწია დარჩენა შვილებთან ერთად. ორივეს გვქონდა საკუთარი საქმე და ის წლები ჩვენთვის საინტერესოდ განვითარდა..."


"ვარდების რევოლუციისა და ინაუგურაციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პირველი ვიზიტით გერმანიაში ჩამოვიდა. მანამდე მასთან კონტაქტი არ მქონია. მე ვიყავი პასუხისმგებელი ამ ვიზიტზე, შეხვედრებს ვუთარგმნიდი.


ერთ დღესაც, შევდივართ ბუნდესტაგის ლიფტში დელეგაციასთან ერთად და უცებ მეუბნება:  „მითხრეს, მაია დანიშნე ელჩადო. ჟვანია ამბობს, განათლების მინისტრად დავნიშნოთო და განათლების მინისტრობა თუ შეგიძლია, მაშინ ელჩობას რა უნდა." მე ვუთხარი, რომ გერმანია ძალიან დიდი ქვეყანაა და იქნებ აჯობებდა ჯერ პატარა ქვეყანაში მიმეღო გამოცდილება-მეთქი. - არა, ახლა მაგის დრო არ გვაქვს, აქ მჭირდებიო. დაბრუნდა თბილისში, ცოტა ხანში გამომიძახეს და დამნიშნეს გერმანიაში ელჩად.


ასეთივე სპონტანური იყო შემდეგი გადაწყვეტილება - სამ წელიწადში, ნიდერლანდებში, ჩემთვის, საელჩოს გახსნის მისიის დაკისრება.~


თუმცა ასეთი მოულოდნელი უკვე აღარ იყო ელჩობიდან მოხსნის წერილის მიღება, რომელსაც წინ ირაკლი ალასანიას ოპოზოციაში წასვლა, პოლიტიკური პროცესების გამწვავება და საპროტესტო ტალღები უძღოდა.


„არ გამოვრიცხავ, რომ ეს გადაწყვეტილება მე თვითონ მიმეღო, რადგან მოვლენების შემდგომი განვითარების დროს ჩემი იქ არყოფნით უკვე ბედნიერი ვიყავი.~


მაშინ ეს სწორედ ის დასასრული იყო, ისევ ახალ დასაწყისს რომ უკავშირდება. ეს იყო სახლში, ძველ პროფესიასთან დაბრუნების და შემდეგ უკვე პოლიტიკაში წასვლის მიზეზიც.


„ვმუშაობდი მცხეთის საჯარო და ორ კერძო სკოლაში, ასევე თავართქილაძის უნივერსიტეტში. ამ პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება და დაიწყო შეხვედრები. „თავისუფალ დემოკრატებთან~ და „რესპუბლიკურ პარტიასთან~ უკვე თანამშრომლობდა, როცა ირაკლიმ მას ჩემთან შეხვედრა შესთავაზა. საინტერესო იყო მასთან საუბარი და იმ გარემოში მოხვედრა. მეორე შეხვედრისას უკვე გადაწყდა, რომ მე ოფისისთვის უნდა მეხელმძღვანელა და სპიკერობაც დამეკისრა. ეს იყო ჩემს ცხოვრებში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა _ პოლიტიკაში წასვლა.


ჩემ მიერ მიღებული ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება მეორე არ მახსენდება. რისკები გაცნობიერებული იყო და როცა ასეთ გზას ირჩევ, რასაკვირველია, უფრო მეტს ფიქრობ, ვიდრე მცხეთის საჯარო სკოლაში გერმანულის მასწავლებლად წასვლისას, მაგრამ ესეც ჩემი ხასიათის თვისებაა; ბრძოლის ჟინი, ენთუზიაზმი, ახლის კეთების, რაღაცის შეცვლის სურვილი. შიშის მომენტი არ მქონია, თუმცა ფიქრი, რომ ყველაფერი მშვიდობიანად არ წარიმართებოდა და შეიძლება შარს გადავყროდი - კი. ასეთ დროს მაინც ყოველთვის უნდა აიწონ-დაიწონოს, ღირს თუ არა ჩიტი ბრდღვნად. ის საქმე ღირდა ბრდღვნად, რის გამოც ჩვენ უკან არ დავიხიეთ და რისკის ქვეშ დავაყენეთ საკუთარი თავი, ოჯახი თუ სხვა დანარჩენი.


არჩევნების მერე ბიძინა ივანიშილმა შეხვედრა დამინიშნა, როდესაც შევედი, მოულოდნელად ახალი სტატუსით წარმადგინა: აი, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მოვიდაო. იმ პერიოდში ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, როგორც ბიძინა ივანიშვილთან, ასევე მის მეუღლესთან. სასაუბრო ბევრი გვქონდა. ვიზიტებისას მე სულ მის გვერდით ვიყავი. თვითმფრინავით მგზავრობისას ბევრს გვიყვებოდა საკუთარ თავზე, მოსკოვის, ბიზნესის ამბებს, სახლი როგორ ააშენა, კოლექცია როგორ შეაგროვა... რასაც ვეკითხებოდით, ყველაფერზე გვპასუხობდა და საინტერესო იყო ეს ურთიერთობა. ორჯერ სახლშიც მსტუმრობდა. ეზოში ტერასაზე გაშენებული ვარდებიც მისი ნაჩუქარია."



ეს მეგობრული ურთიერთობა ჯერ ირაკლი ალასანიას მიმართ საჯარო კრიტიკამ და ორაზროვანმა შეფასებებმა შეცვალა, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას კი, გამწვავებული შიდა სამთავრობო დაპირისპირება დიდ პოლიტიკურ სკანდალში გადაიზარდა.


„იყო პრემიერი, რომელიც თავისით ვერაფერს წყვეტდა და იყო ადამიანი, რომელიც ყველაფერს წყვეტდა და პასუხისმგებლობა არ ჰქონდა, ამ სიტუაციამ მიიყვანა მთავრობა კრიზისამდე. როცა მიხვდები, რომ ამ მთავრობის პირობებში შეიძლება ვიღაც არ მოსწონდეთ და ამიტომ რაღაც დააბრალონ, საქმე შეუთითხნონ, იკადრონ იგივე, რასაც მანამდე თავად ებრძოდნენ, უკვე იმ ფუნდამენტურ ღირებულებებშიც რომ შეგეპარება ეჭვი, რის გამოც სააკაშვილის წინააღმდეგ გაერთიანდი, ეს იყო ჩემთვის ის მომენტი, რამაც საბოლოოდ გადადგომის გადაწყვეტილება უყოყმანოდ მიმაღებინა. ყველაფერმა, რაც შემდგომ განვითარდა, იმ მეთოდებმა, რომლებითაც იბრძოლა „ქართულმა ოცნებამ“, დამარწმუნა ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილების სისწორეში. ბრძოლა ინდივიდუალური იყო. მე არ ვიცი, როგორ აფასებდნენ ჩვენს შესაძლებლობებს ჩვენი მოწინააღმდეგეები, მაგრამ თუ გადავხედავთ მათ საბრძოლო არსენალს, ჩანს, რომ სერიოზულად. ისეთი მძიმე არტილერია გამოიყენეს, ალბათ, უფრო მეტად ეშინოდათ ჩვენი, ვიდრე სხვა ოპოზიციური პარტიების."


"გუნდის დაშლა იყო მათი სტრატეგიის ერთერთი პუნქტი, რომელიც წარმატებით განახორციელეს. როგორ დავიჯერო, რომ არჩევნების გამოცხადების მეორე დღეს შეიცვალეს პოზიციები მათ, ვინც ჩვენი გუნდიდან უცებ მთავრობაში აღმოჩნდა. რასაკვირველია, ეს მანამდე მზადდებოდა. ეს, ალბათ, დაპირება და ჯილდო იყო დამსახურებებისთვის. დამსახურება კი გუნდის დასუსტებას უკავშირდებოდა.


მეორე მხრივ, საბოლოო ჯამში, მე მაინც ვერ ვხვდები, საზოგადოებას რა აღელვებს, ან ღელავს კი ვინმე? მგონი, ჯამში 10%-ზე მეტი არ მიუღიათ ოპოზიციურ პარტიებს, ანუ გამოდის, რომ მოსახლეობის 90%-მა ეს მთავრობა აირჩია. მათაც, ვინც არჩევნებზე არ წავიდა. თუ 90%-ს მოსწონს ის, რაც ხდება, მაშინ აღარ უნდა გაგვიკვირდეს ის, რაც ხდება.“


საბოლოოდ, სწორედ ეს აღმოჩნდა კიდევ ერთი ეტაპის დასასრული - ხელისუფლებაში ყოფნის, პოლიტიკური ცხოვრების, გუნდის წევრებთან, თანამოაზრეებთან, მეგობრებთან ურთიერთობის ფინალით. ეს გახდა აღმოჩენებიდან, იმედგაცრუებიდან და სიმძიმიდან ახალ შესაძლებლობებამდე მისვლის, საკუთარ ძალებში და ადამიანების ერთგულებაში დარწმუნების ეტაპიც.


„მე რომ პოლიტიკაში არ ვყოფილიყავი, ჩემი სახელი ეცოდინებოდა ორ ადამიანს და ამით დამთავრდებოდა. არაფრით ვიქნებოდი საინტერესო არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“, არც „ქართული ოცნებისთვის“ და არავისთვის… ღირდა თუ არა ჩემი ოჯახის ნერვიულობად ცხოვრების ეს ეტაპი?.. რთული სათქმელია. მაგრამ სხვა შემთხვევაში შენ შენს საკუთარზე უნდა თქვა უარი. ადამიანების ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და სიყვარული კი იმაშიც გამოიხატება, რამდენად ვუტოვებთ მათ თავიანთი ცხოვრების საშუალებას და რამდენად ვუდგავართ გვერდით განსაცდელში. ეს მიმაჩნია ადამიანური ცხოვრების კულტურად, რომელიც უნდა ჰქონდეს ყველას. როცა შენ შენი ცხოვრება გაქვს და სხვას თავის ცხოვრებას აცდი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ის მეორე ადამიანი - ოჯახის წევრია, მეგობარი თუ უცნობი."


თავად ამ პრინციპით ურთიერთობს ადამიანებთან და მათგანაც იმავეს ითხოვს...


დისციპლინა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა, სიზუსტე, მკაფიოობა. - ამბობს, რომ ეს თვისებები იმედს არასდროს უცრუებს და გადაწყვეტილებებსაც ადვილად აღებინებს. დიპლომატიურ კარიერაში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას კარიერის უმაღლეს მწვერვალად მიიჩნევს, ყველაზე ემოციურად კი მინისტრად დანიშვნისა და გადადგომის დღეებს იხსენებს.


 

პროფესიის მიღმა ემოციური დღეები უფრო მრავლადაა. მეხსიერება რაჭის სახლის აივნიდან იწყება და ყოველი მეორე მოგონებით ისევ იქ ბრუნდება. ბავშვობის მოგონებებშია მამის, გურამ ფანჯიკიძის სამუშაო ოთახიც, ბევრი წიგნით და ხელნაწერებით, თვითონ კი წინა დღით დაწერილი ფურცლების წასაკითად სამუშაო მაგიდასთან ჩუმად მიპარული. ფეხბურთის სიყვარულიც იმ დროიდან მოდის... მერე კი ბავშვურ გატაცებებს მთავარი გადაწყვეტილებები ცვლის - პროფესიის არჩევის და ოჯახის შექმნის - ამ დრომდე ყველაზე მყარი გადაწყვეტილებები...


„მამაჩემი, რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა თავისი სიძეები, ხუმრობდა ხოლმე, ჩემს სიძეებს ორდენები ეკუთვნით ჩემი შვილების გაძლებისთვისო. მე ამას ჩემს დასა და სიძეზე, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი… მაგრამ ჩემზე და ჩემს მეუღლეზე, მეც ხუმრობით რომ ვთქვა, მანაც იცის, რომ მას სხვა ვერავინ გაუძლებს და მეც ვიცი, რომ სხვა ვერავინ გამიძლებს. ყველა ცოლ-ქმრის ცხოვრებაში არის სხვადასხვაგვარი პერიოდი. ჩვენს შემთხვევაში - საქმიანობის გამო ცალცალკე ცხოვრების ეტაპი, მაგრამ თუ მაინც ერთად ვართ, ესე იგი, არსებობს მყარი საფუძველი, მეგობრობა გაზიარების შესაძლებლობით და ერთმანეთის გაგების სურვილით. არანაირი სიყვარული არ ძლებს, თუ ეს არ არის..."


- ოცნებები?



„ოცნებაზე არ ვგიჟდები, უფრო გეგმები მაქვს, გეგმები ყოველთვის. დიდი ოცნება რომ მქონდეს, აუცილებლად განვახორციელებდი. მაგალითად, ძალიან მესიამოვნებოდა ვყოფილიყავი მაღალი კლასის რესტორნის მფლობელი, მისი მასპინძელი. კულინარია ჩემი ჰობია, ამიტომაც ვთარგმნე ქართული სამზარეულოს წიგნი გერმანულად. იქაურობას ჩემს გემოზე მოვაწყობდი და სტუმრებს პირადად მივიღებდი. თუმცა ეს არ არის ნამდვილი ოცნება, ოცნება რომ იყოს, აუცილებლად ავიხდენდი."


- გეგმები?


გეგმა, როგორც გითხარით, ბევრი... ერთი საინტერესო გეგმა ნათიას ეკუთვნის, ჩემს დას.  პენსიაზე რომ გავალთ, 15 წლის შემდეგ, რაჭაში მივდივართ საცხოვრებლად, მარტო ჩვენ ორნი,  სხვა ყველა _ მეუღლეები, შვილები, შვილიშვილები - სტუმარი იქნება. ეს ნათიას ისე აქვს გადაწყვეტილი, მე არც მეკითხება. გვეყოლება ძროხები, თხები, ქათმები, გვექნება ციტრუსის ორანჟერეა და ბევრი ყვავილი. შვეიცარიის მთარგმნელობითი სახლის მსგავს შემოქმედებით სახლს გავხსნით. ერთი თვე რომელიმე მწერალს მივიღებთ, ერთი თვე - მხატვარს, მუსიკოსს, ყველანაირ პირობას შევუქმნით სიმყუდროვეში მუშაობისთვის. თუ ჩვენი „ბედნიერი თხის ყველის“ ბიზნესმა კარგად იმუშავა, სტიპენდიასაც დავაწესებთ. ასეთია ჩვენი გეგმები... თუმცა წინ 15 წელია  - ევრი დაგეგმილი და ჯერ დაუგეგმავი ეტაპით...

 

ტექსტი: თეკლა გოგოლაშვილი

ფოტო: აკო ხარისთვალაშვილი I SEE STUDIO

თმა: მიშა გასიტაშვილი

მაკიაჟი: ეკა ჩანჩიბაძე

განსაკუთრებული მადლობა ატელიე StandArt-ს და

დიზაინერ მარიამ ოშაყმაშვილს თანამშრომლობისთვის

გადაღების ადგილი: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
irakliontheroad&elensio-მთავარი თემა
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
გახადე მსოფლიო ბავშვებისთვის უკეთესი
სექტემბერი სწორედ ის თვეა, როცა ბავშვებისთვის არდადეგები სრულდება და სწავლა იწყება.
08:57 / 20.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9344
TRY
TRY
1
0.6784
USD
USD
1
2.4864
ამინდი
ბორჯომი 8 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა