კოვზირას ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან
ოვზირა - მონარქიით დავიწყოთ; თუ ემხრობით, რატომ ემხრობით? რაში გვჭირდება მეფე?


ზაქარია ქუცნაშვილი -  ეს მოსაზრება მისი უწმინდესობისგან წამოვიდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, რომ უწმინდესის ყველა მოსაზრებას ყურადღებით მოვეკიდოთ. თუმცა მოსაზრება ჯერ არ გადასულა განხილვაში; ანუ, ის ჯერ მხოლოდ მოსაზრების დონეზეა.


კოვზირა - თქვენ თუ ემხრობით ?


ზაქარია ქუცნაშვილი - ბევრი მიფიქრია-მეთქი, რომ ვთქვა, სწორი არ იქნება. თუმცა, როგორც ყველაფერს, ამ საკითხსაც ექნება თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. ცხელ გონებაზე რა ანალიზის გაკეთებაც შეიძლება, კარგი ის აქვს, რომ სახელმწიფო მეთაურის არამმართველ და ნაკლებად ფუნქციონირებად ამბიციებს ჩაახშობს. ავტორიტეტის და მიბაძვის თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო ეთიკური სტანდარტების შემომტანი შეიძლება გახდეს. ტრადიციებისა და თვითმყოფადობის თვალსაზრისით, კარგ მაგალითად შეიძლება იქცეს და იქნებ კიდევ უფრო გაადვილოს კომუნიკაცია ამ პერსონამ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებთან. თუმცა საკითხს ექნება სხვა მხარეც და ამაზე დაფიქრებაა საჭირო.


კოვზირა - საქართველოს ყველაზე ცუდი მეფე ვინ იყო?


ზაქარია ქუცნაშვილი - ყველაზე ცუდი მეფე, ალბათ, ის იყო, რომელმაც ვერ შეძლო თუნდაც ოჯახური სიწმინდის დაცვა. შესაბამისად, დავით ულუ ერთერთია, ვინც ეს ვერ მოახერხა და შევიდა ისტორიაში, როგორც უარყოფითი პერსონაჟი.


კოვზირა - მეფე რომ გვყავდეს ახლა, ყველაზე კარგად მასხარის როლს ვინ შეასრულებდა
?


ზაქარია ქუცნაშვილი - მასხარებს დიდი ფუნქცია ჰქონდათ ყოველთვის, სიმართლეს ამბობდნენ და ამ სიმართლისთვის მათ არ სჯიდნენ. რაც შეეხება მასხარის როლს, ვანო ჯავახიშვილს, მგონი, ამ როლში ვერავინ აჯობებს. ოღონდ სიმართლეს ხშირ შემთხვევაში არ ამბობს.


კოვზირა - დღეს თუ გრძელდება „მოსმენები“, როგორც ადრე იყო? ადამიანის პირად ცხოვრებაში თუ ერევიან ამ გზით?


ზაქარია ქუცნაშვილი  - არ მგონია, რომ ეს ინტერესი არსებობდეს, რადგან, თუ დავაკვირდებით, ჩვენი საზოგადოება ძალიან გაიზარდა. არათუ პირად ცხოვრებაში ჩარევის, არამედ სიძულვილის ენის ნაწილშიც დიდი ზრდაა. აღარ ვსაუბრობ გენდერულ ენაზე. გენდერული ენა დღეს ძალიან დაცულია. ყრუ პროვინციაშიღა თუ გაიგებ გამონათქვამებს, რომ ქალი სუსტია და არაფერი იცის. პირად ცხოვრებაში ჩარევის ინტერესიც უკვე ნაკლებია. თანამედროვე ცხოვრებამ გააუფასურა სიყვარულის მნიშვნელობა. სიყვარულმა იმდენი ფორმა შეიძინა, ქალისა და მამაკაცის სიყვარული თითქოს ყველაზე ბანალური გახდა. დღეს უფრო ორიგინალურად ითვლება სიყვარულის დანარჩენი ფორმები, ვიდრე ქალისა და მამაკაცის სიყვარულისა. ამიტომაც ამ არეულდარეულ მსოფლიოში მეეჭვება, კიდევ ვინმეს ჰქონდეს ინტერესი მსგავსი თემების.


კოვზირა  - ქალიშვილობა თუ არის აუცილებელი, როცა ქალი თხოვდება?


ზაქარია ქუცნაშვილი  - გააჩნია, ქალიშვილისთვის თუ ვაჟიშვილისთვის. ვაჟიშვილისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ქალიშვილისთვის კი -  აქვს.


კოვზირა  - ისე ემხრობით? აუცილებელია?


ზაქარია ქუცნაშვილი - მგონი, ეს ეტაპიც გაიარა ჩვენმა საზოგადოებამ, როცა სიყვარულის უფლება იყო მხოლოდ ერთჯერადი უფლება. ადრე ფიქრობდნენ, რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ შეიძლება, მაგრამ ხომ შეიძლება ეს სიყვარული აღმოჩნდეს მცდარი, ან მოხდეს ღირებულებათა კონფლიქტი ორ ადამიანს შორის? ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მეორე და მესამე სიყარულის შანსი. ამ საზოგადოებამ სიყვარულის მონოპოლიაზე, მგონი, უარი უკვე თქვა.


კოვზირა -  როგორ ფიქრობთ, ოჯახის სიწმინდის დღე რატომ დაწესდა?


ზაქარია ქუცნაშვილი - არ იფიქროთ, რომ მე ანგელოზი და გამორჩეული ვარ საზოგადოების სხვა ნაწილისგან. უბრალოდ, რაც ასაკი მემატება, სულ უფრო მეტად ვხვდები ოჯახის ფასს და ამისთვის დიდ მადლობას ვეუბნები ქალაქ ქუთაისს. ოჯახი მომენატრა. ბავშვებთან ყოფნა, ცოლთან ყოფნა, მშობლებთან ყოფნა, მეგობრებთან ყოფნა. თქვენ ჩართავთ ტელევიზორს, 150 დეპუტატს უყურებთ და ღიზიანდებით, მე ყოველდღე ვუყურებ ამ 150 ადამიანს.




კოვზირა  - ვინ გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?


ზაქარია ქუცნაშვილი - მაღიზიანებენ მატყუარები, ფლიდები. სამი და ოთხი სახის მატარებელი ადამიანები.


კოვზირა  - „ქართულ ოცნებაში“ არ არიან ეგეთები ?

ზაქარია ქუცნაშვილი - კი, სამწუხაროდ, ჩვენთანაც არიან.


კოვზირა  - ის ჩოხა სად იყიდეთ, ოჯახის სიწმინდის დღეზე რომ გეცვათ?

ზაქარია ქუცნაშვილი -  ჩოხა ერთი მაქვს და შევიკერე, არ მიყიდია. თბილისელმა ჩოხოსნებმა მთხოვეს, რომ სჭირდებოდათ პოპულარული ადამიანის გვერდში დგომა. მითხრეს, რაც მეტი პოპულარული ადამიანი ჩაიცვამდა ჩოხას, მით მეტად გაძლიერდებოდა მათი მოძრაობა. უარს ვერ ვეტყოდი ამაზე. ჩემი მეუღლე დამცინის ხოლმე, შენ რომ ქალი იყო, მსუბუქი ყოფაქცევის იქნებოდიო. უარის თქმა ძალიან მიჭირს. ძალიან ცოტა ადამიანისთის მაქვს უარი ნათქვამი. სესიაც კი გავაცდინე იმ დღეს, რომ გამოვცხადებულიყავი ჩოხით, ქამარ-ხანჯლითა და „აზიაცკებით“.

ოვზირა - გზავნილი რომ გაუშვით, „ცისფერების ქვეყანა“ არ გავხდებითო, ვის მიმართეთ, რას ნიშნავს `ცისფერების ქვეყანა”?

ზაქარია ქუცნაშვილი - „ცისფერების ქვეყანა“ ნიშნავს, რომ მიუხედავად სექსუალური ორიენტაციის თავისუფლებისა, ჰომოსექსუალები სთავაზობენ საზოგადოებას თავიანთ სტანდარტებს. მე ვამბობ, რომ ყველას აქვს სექსუალური ორიენტაციის არჩევანის თავისუფლების უფლება, მაგრამ მათი სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში არ მოხდება.

კოვზირა -  რა სტანდარტებს გულისხმობთ?

ზაქარია ქუცნაშვილი -  არ გირჩევთ, რომ ამ საკითხში გაერკვეთ.


კოვზირა -  რომ გითხრან, შემდეგ ცხოვრებაში ან მიშა უნდა იყო სააკაშილი, ან ჰომოსექსუალი უნდა გახდეო, რომელს აირჩევდით ?


ზაქარია ქუცნაშვილი -  ესე იგი, ჯოჯოხეთში ვხვდები და ჯოჯოხეთი არ დამიმსახურებია. არა მგონია, ასეთ ჯოჯოხეთში მოვხვდე მაინცდამაინც.


კოვზირა - ჰომოსექსუალად იბადება ადამიანი თუ მერე ხდება
?


ზაქარია ქუცნაშვილი -  სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით, არ ვიცი ზუსტად, მგონი ორივეა, ცნობიერიც და გენეტიკურიც. არ მივიჩნევ ამას ავადმყოფობად, მაგრამ არც ბედნიერება მგონია. სადღაც შუაშია, უფრო ანომალია.


კოვზირა - მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ებრძვით რატომღაც, რატომ არ გინდათ, რომ ეს მოხდეს?


ზაქარია ქუცნაშვილი - თქვენ ახლა სულ ოჯახზე მისვამდით შეკითხვებს. როგორც ექიმები ამბობენ, მარიხუანა მამაკაცებში იმპოტენციასა და უნაყოფობას იწვევს და მერე ქალები წვალობენ ამის შედეგად. რატომ უნდა გავიმეტოთ ქალები უნაყოფობისთვის?


კოვზირა - შეიძლება ამის გამო დაიჭირო ახალგაზრდა ადამიანი?


ზაქარია ქუცნაშვილი - ჩვენი კანონმდებლობა იმდენად ლიბერალურია, გაძლევს რამდენიმე შანსს და თუ მესამე და მეოთხე შანსის შემდეგ ისევ გაწირავ საკუთარ თავს, შემდეგ უკვე პასუხი უნდა აგო. ახლა კიდევ უფრო შევარბილეთ კანონმდებლობა. მაგრამ მე ვიქნები და ვრჩები ნარკოტიკების მოხმარების მოწინააღმდეგედ, იმიტომ, რომ ჩვენ, ქართველებს, დემოგრაფიული თვალსაზრისით ძალიან გვიჭირს და თუ ამას არ გავუფრთხილდით, ერი როგორღა გამრავლდება?


კოვზირა - რეპერების საქმეზე რას ფიქრობთ, როგორც ჩანს, მათ ნარკოტიკები ჩაუდეს. როცა ასეთი პრეცედენტი იქმნება, რამდენად საგანგაშოა სახელმწიფოსთვის?


ზაქარია ქუცნაშვილი - ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ გვქონდა შეხვედრა მინისტრთან. მას ვთხოვეთ, რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყოს ეს საქმე, რადგან რისთვისაც ვიბრძოდით, მათ შორის იყო ის თემაც, რომ ადამიანს არ უნდა ეშინოდეს. ამიტომაც, პრინციპულად მიუღებელია გადაცდომა. როგორც მინისტრმა გვითხრა, მარტო 43 კაცია დაჭერილი, ხოლო ადმინისტრაციული გადაცდომის გამო 5000-მდე პოლიციელია დაჯარიმებული, ან გაფრთხილებული. ეს დიდი უწყებაა და მისი მართვა ასე მარტივი არ არის.


კოვზირა - სკოლაში რას გეძახდნენ?


ზაქარია ქუცნაშვილი - ზაქარიას, ან ქუცნას. ძირითადად, ამ ორ სახელს.


კოვზირა - რა გინდოდათ გამოსულიყავით ?


ზაქარია ქუცნაშვილი - ბავშვობიდანვე მინდოდა იურისტობა და როდესაც კიდევ უფრო გაცნობიერებულად დავიწყე ფიქრი, ზუსტად ვიცოდი, რომ იურისტი გავხდებოდი.


კოვზირა - ადვოკატობა გინდოდათ თუ ბრალმდებლობა?


ზაქარია ქუცნაშვილი - პოლიციელად ჩემს თავს ვერ მოვიაზრებდი. მე ყოველთვის მოტივირებული ვიყავი უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ორ რამეს ვუძღვნი ჩემს ცხოვრებს - უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას და გაჭირვების წინააღმდეგ ბრძოლას. შეიძლება ძალიან მდიდარი იყო, მაგრამ უსამართლობამ გაგანადგუროს. ან შეიძლება ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ გაჭირვებამ მოგსპოს. ამიტომ ეს ორი რამ - უსამართლობა და გაჭირვება მგონია კაცობრიობის მთავარი მტერი.


კოვზირა - მილიონერი მართლა ხართ ?


ზაქარია ქუცნაშვილი - ჯერჯერობით, არა.


კოვზირა - დეპუტატობა არ მინდოდაო და ბიძინამ დამაძალაო, თქვენზე წაივიკითხე, მართალია?


ზაქარია ქუცნაშვილი - დიახ, ასეა.


კოვზირა - რას გერჩოდათ?


ზაქარია ქუცნაშვილი - რას მერჩოდა და როცა ბატონი ბიძინა 2011 წელს პოლიტიკაში მოვიდა, მან პირველმა დაგვიძახა ჩვენ. შესაბამისად, შეგვკრიბა ის 9 თუ 10 კაცი, რომლებიც იმ პერიოდში მისი მრჩევლები ვიყავით. ჩვენ ვიყავით ყველაზე დაახლოებული პირები ბატონ ბიძინასთან და შეგვეძლო გაგვებედა და გვეთქვა ის, რასაც სხვა, შემდეგ შემოერთებული ადამიანები ვერ ბედავდნენ. როცა დადგა ის პერიოდი, ვინ სად იქნებოდა, მე აცილება მივეცი ჩემს თავს. ვამბობდი, რომ დეპუტატობა არ მინდოდა. ვუთხარი ბატონ ბიძინას, რომ როგორც საარჩევნო სამსახურის ხელმძღვანელი, მის გვერდში ვიქნებოდი და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებდი, მაგრამ თანამდებობა არ მსურდა. ბატონმა ბიძინამ მთხოვა, გადამეფიქრებინა. დავით უსუფაშვილი ჩავრთე მაშინ საქმეში, მე საარჩევნო სამსახურს ვხელმძღვანელობდი, ის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო. ბატონმა ბიძინამ მითხრა, რომ ქვეყნისთვის სწორედ ასეთი ხალხია საჭირო, ვინც არ იბრძვის თანამდებობისთვისო. და ისიც მითხრა, რომ მალე თვითონაც დატოვებდა პოლიტიკას. ბიძინა კი წავიდა, მაგრამ მე დავრჩი.


კოვზირა - რა არის ბიძინა ივანიშვილის მთავარი პლუსი, როგორც პოლიტიკოსის?


ზაქარია ქუცნაშვილი - ბიძინა არ არის პოლიტიკოსი.


კოვზირა - როგორც ადამიანის ?


ზაქარია ქუცნაშვილი - ის არის დიდი სიკეთის მთესველი და მართვის უმაღლესი კლასის სპეციალისტი. სიკეთე და მართვა მისი ცხოვრების ნაწილია. მას არ შეუძლია ამ ორი რამის გარეშე. თუმცა იმდენი სამართავი სფერო აქვს, რომ საკმაოდ გაუჭირდა დარჩენილიყო პოლიტიკაში.ზოგიერთი ერთ ოჯახს ვერ უვლის და ის ამხელა ტრანსნაციონალურ კომპანიებს მართავს. ასე რომ, ვფიქრობ, ბატონ ბიძინაში ეს ორი რამ - სიკეთე და მართვის უნარი გასანაკუთრებით არის წარმოჩენილი.


კოვზირა - მინუსი რა არის?


ზაქარია ქუცნაშვილი - სიფიცხე.


კოვზირა - ხშირად მარხულობთ?


ზაქარია ქუცნაშვილი - დიახ.


კოვზირა - თქვენი ღმერთი როგორია?


ზაქარია ქუცნაშვილი -  ჩემი ღმერთი ძალიან კეთილი და სამართლიანია. ის ყველა ადამიანს აძლევს ახალ შანსს, თუმცა არა ბევრს. მე ის არ მომწონს, როცა ადამიანები ხშირად სჩადიან ერთსა და იმავე შეცდომას და აქვთ პატიების იმედი. ჩემი ღმერთი სამართლიანია, კეთილი და ერთი შეცდომის უფლებას ყველას აძლევს.


კოვზირა - ბიბლიას თუ კითხულობთ ?


ზაქარია ქუცნაშვილი - არა.


კოვზირა - სამაგიდო წიგნი გაქვთ?


ზაქარია ქუცნაშვილი - ეს არის ჩემი ქვეყნის კონსტიტუცია და საქართველოს ისტორია.


კოვზირა - როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო რატომ უხდის ისედაც მდიდარ ეკლესიას ამდენ ფულს ბიუჯეტიდან?


ზაქარია ქუცნაშვილი - არ არის ეკლესია მდიდარი.


კოვზირა - თუმცა თითქმის ყველა სასულიერო პირი ძალიან ძვირად ღირებულ მანქანას მართავს.


ზაქარია ქუცნაშვილი - ეს არ არის სიმდიდრის ნიშანი. თქვენ შეიძლება მამამ დაგიტოვოთ დიდი ქონება, მაგრამ ჯიბეში სიგარეტის ფული არ გედოთ. საქართველოში ქონებრივი მდგომარეობა გაიზომება ორი კომპონენტით - ქონებით და შემოსავლით. მე ვმუშაობდი საპატრიარქოში და დამიჯერეთ, არ არის ეკლესია ძალიან მდიდარი. რომ არა სახელმწიფო დახმარება, სასულიერო განათლება ჩავარდებოდა, რადგან სახელმწიფოს მიერ გადახდილი ფულიდან ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ სწავლა-განათლებას ხმარდება.


კოვზირა - კმაყოფილი ხართ ამ განათლების შედეგით?


ზაქარია ქუცნაშვილი - გამიჭირდება ამის შეფასება.


კოვზირა - თქვენი საყვარელი მუსიკოსი ვინ არის?


ზაქარია ქუცნაშვილი - ნანი ბრეგვაძის და ეკა კვალიაშვილის ხმის ტემბრი ჩემთვის ყველაზე გამორჩეულია, მამაკაცებიდან - ანრი ჯოხაძე. ქართულ მუსიკას უფრო ვუსმენ, ვიდრე უცხოურს.


კოვზირა -  ფილოსოფოსი ვინ მოგწონთ?


ზაქარია ქუცნაშვილი - ჩემთვის უდიდესი ფილოსოფოსია, მაგალითად, ილია ჭავჭავაძე. ფილოსოფოსია ის ადამიანი, ვინც სიბრძნეს მეტყველებს და არა ის, ვინც თავის თავს უწოდებს ფილოსოფოსს. ძალიან დიდი ფილოსოფოსები არიან ვაჟა ფშაველა, შოთა რუსთაველი, ალექსანდრე ყაზბეგი, ნიკო ლორთქიფანიძე. საქართველო მდიდარია ბრძენი ადამიანებით.


კოვზირა - რას თამაშობდით ბავშვობაში, ან თუ დადიოდით სპორტზე?


ზაქარია ქუცნაშვილი -  მთელი ბავშვობა წყალბურთზე დავდიოდი და ვთამაშობდი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც, ბევრი წელი შევალიე წყალბურთს.


კოვზირა - ფილმი რომელი გიყვართ ?


ზაქარია ქუცნაშვილი - სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს ქართველი რეჟისორების ნამუშევრები. რაც პარლამენტში ვარ, „შერეკილები“ კიდევ უფრო შემიყვარდა. გიგა ლორთქიფანიძის „დათა თუთაშხია“ რჩება უდიდეს კლასიკად. უცხოელი რეჟისორებიდან ფელინისა და ალმადოვარის ფილმები მიყვარს.


კოვზირა - პორნოგრაფია პირველად სად ნახეთ?


ზაქარია ქუცნაშვილი - კლასელები შევიკრიბეთ და ვიდეოზე ვნახეთ პორნოგრაფია ჩუმად, რომ უფროსებს არ გაეგოთ.


კოვზირა - ქართველი პოლიტიკოსებიდან ყველაზე სექსუალური ვინ არის?


ზაქარია ქუცნაშვილი - 2013 წელს მაგ ტიტულით მე დამასაჩუქრეს, 2017 წლის ჯერ არ გამოუცხადებიათ. თუმცა თმის ნაწილში ირაკლი კობახიძემ ნამდვილად გადამასწრო. ირაკლის შემდეგ ჩემს თმას შეეშვნენ.


კოვზირა - თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ სექსუალური ხართ?


ზაქარია ქუცნაშვილი - ეს გოგოებმა შეაფასონ.


კოვზირა - იბერია როდის გაბრწყინდება და როგორი იქნება გაბრწყინებული იბერია?


ზაქარია ქუცნაშვილი - ეს ყველაზე რთული შეკითხვაა; მეგონა, ხელისუფლებაში მოსვლა საკმარისი იყო ქვეყნის აყვავებისთვის, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ისეთი გამოწვევების დამარცხება, როგორებიცაა უმუშევრობა და გაჭირვება, საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ჩვენ სამი უზარმაზარი გამოწვევა გვებრძვის: მცირე ეკონომიკა და მისი თანმდევი შედეგი, ანუ უმუშევრობა და გაჭირვება, ოკუპირებული ტერიტორიები და დემოგრაფიული კატასტროფა. მიუხედავად იმისა, რომ დავამარცხეთ კორუფცია, ენერგოკრიზისი, ომი, არეულობა, ინფლაციური პროცესები, ჩვენ ეს სამი რამ ჯერ არ დაგვიმარცხებია. ამიტომაც იბერიის გაბრწყინება იქნება მათ დაძლევაზე დამოკიდებული. დღეს ნახევარი მილიონი ადამიანი გვყავს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ერთი მაგდენი კიდევ ითხოვს ამ პროგრამაში შეყვანას. ამ ფონზე, თუ პატიოსანი ადამიანი ხარ, მშვიდად არ უნდა გეძინოს.

 

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
irakliontheroad&elensio-მთავარი თემა
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
გახადე მსოფლიო ბავშვებისთვის უკეთესი
სექტემბერი სწორედ ის თვეა, როცა ბავშვებისთვის არდადეგები სრულდება და სწავლა იწყება.
08:57 / 20.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9344
TRY
TRY
1
0.6784
USD
USD
1
2.4864
ამინდი
ბორჯომი 8 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა