მაკა გიორგობიანი მიზნად დასახული წარმატება

 

ის საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტია. ქალი, რომლისთვისაც არ არსებობს გადაულახავი წინააღმდეგობა. ქალი, უზომოდ შეყვარებული სპორტზე.

ამ ეფექტური და გამორჩეული გარეგნობის მქონე ქალის იმ ცხოვრების მიღმა, რომელსაც თქვენ, ,,სითის'' მკითხველები, სავარაუდოდ, ხშირად ადევნებთ თვალს ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე, უზარმაზარი შრომა, დაძაბული სამუშაო გრაფიკი, მუდმივი გადაფრენები, საერთაშორისო ტურნირები და, რაც მთავარია, ის თაობა დგას, რომელიც დღეს მსოფლიოს მასშტაბით სპორტის ამ სახეობაში სერიოზულ წარმატებებს აღწევს.



 

ყინულზე პირველი დადგომა

 

5 წლის ვიყავი, როდესაც ეკრანზე ფიგურული სრიალი დავინახე და კატეგორიულად ,,მოვითხოვე'', რომ სპორტის ამ სახეობაზე მევლო. ციგურებთან პირველი შეხება სამოყვარულო დონეზე მქონდა. თუმცა, ძალიან მალე სამოყვარულო ინტერესი პროფესიულში გადაიზარდა.


ბავშვობიდანვე მიზნად დავისახე სპორტის ამ სახეობაში მწვერვალები დამეპყრო. იმ დროისათვის საქართველოში ამ სფეროში დიდი წარმატების მიღწევა, ბავშვური ოცნების კვალობაზეც კი, არარეალური იყო. თუმცა, განცდა იმისა, რომ მიუღწევლის მიღწევა არ შეიძლება, არასდროს გამჩენია. მშობლებმა ჩემს არჩევანს მხარი დაუჭირეს.


 

 

პროფესიული კარიერა მოსკოვში

დიახ, მოსკოვში, რადგან საქართველოში ვარჯიშისთვის სათანადო პირობები არ იყო. მშობლები, როგორც გითხარით, გვერდში მედგნენ და გადაწყდა, რომ მოსკოვში უნდა გამეგრძელებინა ვარჯიში.


8 წლის ვიყავი და იქიდან მოყოლებული, თითქმის მთელი ბავშვობა საქართველოს გარეთ გავატარე. დედა ყოველთვის ჩემ გვერდით იყო. რუსული სკოლა, მოგეხსენებათ, ფიგურულ სრიალში წამყვანია. საქართველოს ნაკრები იმ დროისთვის რუსეთის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობდა.


მეც მათთან ერთად ვვარჯიშობდი და ეს უზარმაზარი გამოცდილება იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, მუხლზე მიღებული სერიოზული ტრავმის გამო, პროფესიული სპორტი ჩემს ცხოვრებაში იმაზე ადრე დასრულდა, ვიდრე უნდა დასრულებულიყო.

 

 

ტრავმა, ცხადია, ძალიან განვიცადე, ვნერვიულობდი ამ ამბავს, მაგრამ არ დავნებდი. ახალი სტიმული გაჩნდა, ახალი მიზანი ცხოვრებაში - სრიალი მომავალი თაობისთვის მესწავლებინა და მათ დავხმარებოდი მწვერვალების დაპყრობაში, მსოფლიო წარმატების მიღწევაში.

 

საქმიანი პაუზა

 

ფიგურულ სრიალთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია: ვიყავი სპორტსმენი, მწვრთნელი, გარკვეული პერიოდი მსაჯიც. ყველა ეტაპი, რომელსაც სპორტის ეს სახეობა მოიცავს, გავლილი მაქვს. თუმცა, იყო პაუზაც, მაგრამ ჩემთვის საინტერესო და გამოცდილების მომცემი.


,,ლუკოილ ჯორჯიაში''  დავიწყე მუშაობა და იმ პერიოდშიც ნებისმიერ შესაძლებლობას ვიყენებდი პროექტები ჩემი საყვარელი საქმის მიმართულებით რომ მეკეთებინა. ასეთი იყო შეჯიბრი ,,ლუკოილ ჯორჯიას'' თასზე ფიგურულ სრიალში, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ კომპანიის ხელმძღვანელობის.

 

პროფესია

 

პროფესიით დასავლეთევროპული ენების სპეციალისტი ვარ. ,,ლუკოილ ჯორჯიაში'' მუშაობის დაწყების შემდეგ, გავიარე მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსები.


კომპანიაში ჯერ ამ მიმართულებით ვმუშაობდი, ხოლო მომდევნო 10 წელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიყავი. მართლაც ძალიან საინტერესო და დიდი გამოცდილება იყო, რომელსაც დღესაც ვიყენებ ჩემს საქმიანობაში.

 

ფიგურული სრიალის ფედერაცია

 

ფედერაციაში 2010 წელს მივედი. წინა ხელმძღვანელმა დახმარება მთხოვა. მაშინ ამიხსნეს, რომ სჭირდებოდათ ჩემი გამოცდილება სპორტის ამ სახეობაში მენეჯმენტის კუთხით. ფედერაციაში რომ მივედი, როგორ გითხრათ, პრაქტიკულად არაფერი დამხვდა.


არ იყო ფინანსები, საციგურაო მოედანი, ფაქტობრივად, არ არსებობდა, მოშლილი ინფრასტრუქტურა.


დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვიხსენებ, ვერც კი ვხვდები იმ სიტუაციაში ეს ნაბიჯი როგორ გადავდგი, საიდან მქონდა იმის რწმენა, რომ ამ პრობლემებს მოვაგვარებდი და იმ წარმატებებს მივაღწევდით, რითიც დღეს ასე ვამაყობთ.


პირველი ნაბიჯები, პირველი გადაწყვეტილება

 

 

საქმე სტანდარტული ყინულის მოედნის გარეშე არ გამოვიდოდა. შესაბამისად, პირველი ნაბიჯი, პირველი მოლაპარაკება, პირველი ფიქრი და შრომა იყო მიმართული იქითკენ, რომ გვქონოდა გამართული საციგურაო მოედანი.


სპორტის ამ სახეობას საქართველოში ჰქონდა თავისი ტრადიცია და საკმაოდ წარმატებული სპორტსმენებიც გვყავდა, მაგრამ პირობების არარსებობის გამო, ყველა მათგანი საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობდა.


ასევე, რასაკვირველია, არსებობდნენ ქართველი მოციგურავეები, თუმცა ისინიც საქართველოში არ იზრდებოდნენ. ჩემი პირველი მიზანიც ეს იყო: ახალი თაობა საქართველოში უნდა აღზრდილიყო.

 

 

2012 წელს, ბათუმში, პირველი სტანდარტული საციგურაო მოედანი გავხსენით. ეს იყო ადგილი, სადაც ჩემი საქმე უნდა მეკეთებინა. ყველაფერი სწორედ იქ დავიწყეთ.

 

ბათუმი – ახალი საციგურაო მოედანი და ახალი თაობა

 

ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. ადგილობრივი ბავშვები ავიყვანეთ. თბილისში, როგორც უკვე ვახსენე, პატარა საციგურაო მოედანი იყო და ახალგაზრდების ნაწილი აქ ვარჯიშობდა. როგორც კი ბათუმში გაჩნდა ახალი ალტერნატივა და ვარჯიშისთვის უკეთესი შესაძლებლობები, ნელ-ნელა მომავალი სპორტსმენები აქეთ დაიძრნენ.


თუმცა, ხომ ხვდებით რა დგას ამ ყველაფრის უკან. სხვა ქალაქიდან ბავშვი მარტო ვერ ჩავა და ფედერაციამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სავარჯიშო და საცხოვრებელი პირობები ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის.


ჩვენ ეს შევძელით. ბათუმში გადმოდიოდნენ ბავშვები რეგიონებიდან და თბილისიდან. ეს ზუსტად ის თაობაა, რომელიც ჩვენ ამ რვა წლის განმავლობაში აღვზარდეთ და რომელთაც უკვე ასახელეს ჩვენი ქვეყანა. ეს ყველამ ერთად შევძელით: ბავშვებმა, მშობლებმა და ფედერაციამ.

 

პირველი შედეგები

პირველი შედეგი დადგა 2016 წელს, ზამთრის ახალგაზრდულ-ევროპულ თამაშებზე. თბილისიდან ბათუმში გადმოყვანილმა ბიჭმა, ნიკა ეგაძემ, ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუტანა. ამ შედეგით ყველამ დაინახა რომ ის, რაც შეუძლებელი გვეგონა, თურმე შესაძლებელია.

ფედერაციის მიღწევები, რომლითაც ამაყობთ...

 

ნებისმიერ სფეროში მენეჯმენტი და სწორი ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე დიდების ასაკობრივ კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის აღება შევძელით, რაც დიდი მიღწევა და წარმატებაა.



 

ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ლიცენზიის მიღება

 

ეს მართლაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენმა სპორტსმენმა, მორის ყვითელაშვილმა, ამ ლიცენზიის მოპოვება ურთულეს ბრძოლაში მოახერხა. ამ ლიცენზიის მოპოვება ვერ შეძლეს ზამთრის სახეობებში ინფრასტრუქტურულად ბევრად განვითარებულმა ქვეყნებმა: ბელორუსიამ, ხორვატიამ, ბულგარეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და სხვ.


2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე ფედერაცია ბევრი სირთულისა და პრობლემის წინაშე დადგა. დიდების ასაკობრივ კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენი ჩვენ არ გვყავდა. თაობა, რომელსაც ახლა ვზრდით, პატარაა. თუმცა, გუნდური შემართებით და მონდომებით ამ სირთულის გადალახვაც შევძელით.


ქართველი სპორტსმენი, მორის ყვითელაშვილი, რომელიც რუსეთის ნაკრებს წარმოადგენდა, ბევრი ბრძოლის შედეგად, მოვახერხეთ და საქართველოს ნაკრებში გადმოვიყვანეთ. სწორედ მორისმა მოუტანა ზამთრის სახეობებში პირველი ოლიმპიური ლიცენზია ჩვენს ქვეყანას.

 

ახალი გამოწვევები

 

დღეს საქართველოს ორი ნაკრები ჰყავს: ახალგაზრდული და დიდების. ეს ბავშვები მუდმივად მონაწილეობენ საერთაშორისო ტურნირებში, სადაც მათ ჩვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდებათ. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩვენ უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო მსაჯი გვყავს, რომელსაც უფლება აქვს მსოფლიო ოლიმპიურ თამაშებს უმსაჯოს.


ეს ქვეყნისთვის დიდი ძალაა, რადგან ის მსოფლიო ასპარეზზე საკუთარი სპორტსმენების ინტერესებს იცავს. საქართველო ისეთ ქვეყნებთან ერთად ასპარეზობს, როგორიცაა: იაპონია, რუსეთი, ამერიკა და კანადა. ჩვენ მსოფლიო ათეულში ვართ.


2018 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მეცხრე პოზიცია დავიკავეთ ისეთი ძლიერი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა: რუსეთი, ამერიკა, იაპონია და კანადა. ჩვენ ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ და მათზე უკეთეს შედეგებს ვდებთ. შეჯიბრი ჩვენი შედეგის საუკეთესო მაჩვენებელია.

 

ახალგაზრდული ნაკრები

 

მათ უდიდესი პოტენციალი აქვთ. სწორი მენეჯმენტი და ხელშეწყობა არის ის, რაც მათ სჭირდებათ. მათი მომზადება დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ფიგურული სრიალი, ჩოგბურთთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული სპორტია.


ამ სახეობაში ფინანსები ბევრ რამეს წყვეტს. ფედერაციას ქართველი მოციგურავეების საზღვრებს გარეთ გაშვება უწევს, რათა პროფესიონალურად მოემზადონ ასპარეზობისთვის.


დღეს, ჩვენი უფროსების ნაკრები უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელებთან ემზადება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ეთერ თუთბერიძე, რომელიც წელს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ქალბატონი ეთერი მოსკოვში მუშაობს და ძალიან გვეხმარება.


 

არასპორტული სირთულეები

 

უამრავი, რამდენიც გინდათ! არც საწყის და არც შემდგომ ეტაპზე, ფიგურულ სრიალს არ განიხილავდნენ პერსპექტიულ და პრიორიტეტულ სახეობად. ეს ზოგადად, თორემ სპორტის სამინისტრო ფედერაციას ყოველთვის ეხმარებოდა. მათ გარეშე ჩვენ ვერაფერს მოვახერხებდით, რადგან ფედერაციას ბიუჯეტი არ ჰქონდა.


ჩვენ არ გვაქვს ინფრასტრუქტურა, რათა შეჯიბრებები ჩავატაროთ, ფინანსური მოგება მივიღოთ და ამით ჩვენი თავი შევინახოთ. ამიტომ, მთლიანად სახელმწიფოზე, სპორტის სამინისტროზე და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტზე ვართ დამოკიდებული.


ბედნიერი ვარ, რომ ორი უმაღლესი სპორტული ორგანოს იმედები გავამართლეთ. მათ შედეგი დაინახეს და უფრო დიდი სურვილი გაუჩნდათ, ამ სახეობის განვითარებაში მეტი წვლილი შეიტანონ.


ახლა, მთელი ძალისხმევა იქითაა მიმართული, რომ თბილისშიც აშენდეს საერთაშორისო სტანდარტების მქონე ყინულის სასახლე. ჩემი მთავარი მიზანია, რომ შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენ გვყავდეს გუნდი და საქართველო ოთხივე სახეობაში იყოს წარმოდგენილი.

 

თანადგომა

 

სპორტსმენს მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენთან წარუმატებლობა უფრო ჩანს და უფრო მეტადაა განხილვადი, რაზეც ძალიან მწყდება გული. ევროპის ჩემპიონატზე, ინგლისში, ბრინჯაოს მედალი ავიღეთ და კვარცხლბეკზე ქართველი მოციგურავე იდგა.


საქართველოში ეს მოვლენა არცერთ ტელევიზიას გაუშუქებია. ვისურვებდი, სპორტსმენების თუნდაც პატარა წარმატება საზოგადოებისა და მედიის მიერ სათანადოდ იყოს აღქმული. ასე ხდება სპორტის და ცხოვრების ჯანსაღი სტილის პოპულარიზაცია, ბავშვებისა და მშობლების დაინტერესება.



 

სპორტი ადამიანის ცხოვრებაში

 

მე, პირადად, სპორტმა ბრძოლისუნარიანი გამხადა. გადაულახავი სიძნელეები ჩემთვის არ არსებობს. თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოხვდები კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე, თუნდაც ძალიან პატარა ასაკში, ხვდები, რომ ლიდერი ხარ და ეს გრძნობა მთელი ცხოვრება მიგყვება.


სპორტსმენი მხოლოდ საკუთარი მიღწევებისთვის არ იბრძვის, ის ქვეყნისთვის იბრძვის და შრომობს. როდესაც შენი ქვეყნის დროშა იწევა, ისმის შენი ქვეყნის ჰიმნი, პატრიოტიზმისა და შენი ქვეყნით სიამაყის საოცარი გრძნობა გეუფლება.


იცით, კიდევ რა არის მნიშვნელოვანი? სპორტი მოწინააღმდეგის პატივისცემას გასწავლის, ვინაიდან შენ ყველაზე კარგად იცი, რამხელა შრომაა ჩადებული მის წარმატებასა თუ წარუმატებლობაში. ჩემთვის, ყველა საერთაშორისო წარმატებასთან ერთად, ისაა მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ამ სულისკვეთებით იზრდება მოციგურავეების მომავალი თაობა.

 

 

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საინტერესო ადამიანების აღმოჩენა და თქვენთვის გაცნობა „სითის“
ძალიან რომ უყვარს, ეგ ამბავი უკვე იცით.

საინტერესო ადამიანების აღმოჩენა და თქვენთვის გაცნობა „სითის“ ძალიან რომ უყვარს, ეგ ამბავი უკვე იცით.

14:13 / 05.11.2018

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მოდა ქართული! MBFW 2018 S/S

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0324
TRY
TRY
1
0.4992
USD
USD
1
2.6682
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა