საზოგადოება
დათო ლიკლიკაძის ბლოგი

ეროვნული წუწუნი და ეროვნული გამოცდები საქართველოში,
ანუ როდის ვმუშაობთ?
ჩვენ ვართ წუწუნა ერი, თან ძალიან წუწუნა; იმდენად წუწუნა, რომ ლამის ეროვნულ ხასიათში გადაგვივიდა. არც იფიქროთ, ეს ბლოგი ეძღვნებოდეს იმას, თუ რა ცუდი ხალხი ვართ ქართველები. არა! უბრალოდ ასეთები ვართ. გვიყვარს წუწუნი...
აქ არ იქნება საუბარი წუწუნა ცოლებზე, რომლებიც ქმრებს ეწუწუნებიან ყველაფერზე. მაგალითად, "მიყიდე რაა... იმის ცოლს რომ აქვს, მეც მინდა" და ამგვარი. ვგულისხმობ ეროვნულ წუწუნს და უხასიათობას.
წარმომიდგენია, ქვეყანაში წუწუნი რომ აკრძალო, ატყდება ამბავი, ქართველობას და წუწუნს გვართმევენო. რატომ? იმიტომ რომ არცერთი საქმე ჩვენ არ გამოგვდის იძულების გარეშე. ზოგჯერ წუწუნი საერთაშორისო მასშტაბებს იძენს. ყველას გემახსოვრებათ, ცოტა ხნის წინ როგორ გავიყავით მთელი ერი ჰილარისტებად და ტრამპისტებად და როგორ დავაყარეთ ერთმანეთს. მე მაშინ ჰილარისკენ ვიყავი და ძალიან განვიცდიდი, "ამერიკული ოცნება" არ დასამარდეს-მეთქი. ბოლოს ყველანი შევრიგდით და ამერიკასაც ვაპატიეთ ტრამპის არჩევა.
ბედნიერების დროსაც კი ვწუწუნებთ. თითქოს ბევრს ვმუშაობდეთ და ცოტას ვისვენებდეთ, ამიტომაც გამუდმებით მივტირით დასვენებასა და შვებულებას. სოციალურ ქსელებში (რომელიც საქართველოში მხოლოდ Facebook-ია, მაგრამ ჩვენ მაინც ასე გვიყვარს თქმა, რადგან მრავლობითშია და ვითომ ბევრია) ადამიანები გამუდმებით ლოცავენ პარასკევის დადგომას და ზიზღით ელიან ორშაბათის მოსვლას. მე ჯერ არ მინახავს ადამიანი, რომელიც სექტემბრით კმაყოფილია და იტყვის, რომ დასვენებული შეუდგა მუშაობას. "ფუფ! არადა ახლა იწყება "ბარხატნი" (ხავერდოვანი-დ.ლ.) სეზონი. აუუ, სექტემბერი არ უნდა იყოს აქტიური თვე!" - მთელი სერიოზულობით აცხადებს ერი. ასე განსაჯეთ და ნელნელა "გადავაჩოჩეთ" კიდეც სასწავლო პროცესი უმაღლეს და საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ხან 15 სექტემბერს, ხან 20-ში და ზოგ შემთხვევაში პირველ ოქტომბერსაც კი. მოკლედ, თქვენი არ ვიცი და მე სექტემბერში ჯერ არ მინახავს დასვენებული ადამიანი. სადღაც ოქტომბრამდე გრძელდება წუწუნი, რომ შვებულების მერე სამსახურში დაბრუნება კატასტროფაა.
აი, ოქტომბერში კი სამსახურისა და მუშაობისთვის არავის სცალია. მთელი ერი ერთიანად არის გადაშვებული საარჩევნო პროცესში (მოგეხსენებათ, არჩევნები ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყოველ წელს იმართება). არჩევნები კი საქართველოში ერთგვარი "სამოქალაქო ომია", რომელშიც ერთიანად არის ჩართული დიდი თუ პატარა, ფულიანი თუ უფულო, უბნის ბირჟავიკი, ექსპერტი, მთავრობა, მედია, არასამთავრობო, მღვდელი, ბიზნესი, პარტია, ქარტია და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ეს არის პერიოდი, როცა ყველას ახსენდება ხალხი. ხალხსაც რაღაც მაგიური სჭირს (ჯერ ვერ ამოვხსენი) და ექმნება ილუზია, რომ რაღაცას შეცვლის. ეს ის პერიოდია, როცა ქართველი მომღერლები იწყებენ სიმღერას და ქართველი მძღოლები - ღვედის შეხსნას ("მოიცა კაცო, არჩევნების წინა პერიოდში არ აჯარიმებენ").
ნოემბერში, როცა უკვე არჩევნებს და, გნებავთ, მეორე ტურებსაც მოვრჩებით, იწყება პატარ-პატარა აქციები და მაშინვე გადავერთვებით ხოლმე ახალ საწუწუნო თემაზე, რადგან ცოტა აცივდა. აციებულზე და ქურთუკ-სვიტერ-როლინგ-ქურქებში მუშაობა ძალიან ძნელია. ამასობაში დეკემბერიც მოვიდა და საახალწლო სამზადისი იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთოდ აზრი არ აქვს მუშაობას, რადგან ახლა იწყება ყველაზე საინტერესო საწუწუნო პერიოდი. რა ძვირი ღირს გოჭი (მანქანის ფასი გახდა ეს უპატრონო), სად არის ყველაზე მაგარი ხელოვნური ნაძვის ხე, ცეცხლი უკიდია ნიგოზს და ასე შემდეგ.
ნუ, ახლა, იანვარში მუშაობას საპატიო მიზეზით არ აქვს აზრი. თითქმის თვის ბოლომდე ოფიციალურად ისვენებს ქვეყანა. იანვარზე ყველანი ვთანხმდებით, შეკითხვები არ გვაქვს და პირდაპირ გავიაროთ.
თებერვალი ისედაც მოკლეა და თან საცივიდან თავის ამოღების პროცესიც არაა ორდღიანი ამბავი.
მარტში საშინელი ამინდია. ერს აქვს დეპრესია. მიდის წუწუნი. ვერ გამოვდივართ სახლიდან. არ მოდის გაზაფხული (არადა, კალენდრის მიხედვით, მარტი გაზაფხულია), ვერ გვახარებს ვერც "ერთი მერცხლის ჭიკჭიკი" და ვერც "ია მოსული მთაზედა".
აი, აპრილიდან უკვე სამუშაო განწყობა ნამდვილად აღარაა. ზაფხული მოვა, ხალხო, მალე, ნანატრი ზაფხული, ვის აღელვებს ახლა მუშაობა. პირველ რიგში, სასწრაფოდ ვიწყებთ წუწუნს ზედმეტ კილოგრამებზე (და წლებზეც), არაფერი არ გვიხდება, არაფერში აღარ ვეტევით. ვიწყებთ დიეტებს. ამ დროს ყველა წარუმატებლობას ზედმეტ კალორიებს ვაბრალებთ; მაგალითად, იმიტომ არ გვირეკავს "ის", რომ მსუქანი ვართ, ან იმიტომ არ დაგვპატიჟეს, რომ მსუქანი ვართ, ან სულაც იმიტომ წვიმს სულ, რომ მსუქანი ვართ და ასე შემდეგ. ყველას სჯერა, რომ ორშაბათიდან დაიწყებს დიეტას და ზედმეტ 10 კილოს (და ამდენივე წელსაც) საზღვაო სეზონამდე მოიკლებს.
მაისში იწყება სრული უხასიათობა. რადგან დიეტა გრძელდება, ჩვენ კი ისევ ვერ ვიხდენთ სასურველ სამოსს. თან ამინდი გამოდის, ცოტა დათბა და ოფისებში ჯდომა სისულელეა. ისედაც, რანაირად უნდა დაუდო გული სამუშაოს, როცა ზაფხული გაქვს დასაგეგმი და, შესაბამისად, შენი "ყოფილები" - გულგასაგლეჯი, შურისგან, ცხადია. ზოგი იკლებს კიდეც წონაში, მაგრამ წარმატებებს მაინც ვერ აღწევს. აქ იწყება ბედის ირონია, ანუ ერთ დღესაც დაიკლებ წონაში, ფორმაში ჩადგები და მიხვდები, რომ სიმსუქნე არ ყოფილა ის, რის გამოც წარმატებებს ვერ აღწევ... აი, აქ იწყება თუ იწყება წუწუნი, რომელიც შეიძლება ტირილში გადაიზარდოს.
ივნისი-ივლისი-აგვისტო - ყველას გვესმის, რომ პირდაპირ უნდა გამოვტოვოთ. ზაფხულში ნორმალური ადამიანი უნდა ისვენებდეს.
არა რააა... ჩვენ ვართ სუფთა ევროპელები. არ გვიყვარს შრომა და არც არის საჭირო. აი, მაგალითად, ევროპაში ადამიანი გეტყვის: "ეს ქუჩა იმან უნდა დაგავოს, ის პიცა იმან უნდა გამოაცხოს. მე კი სახლში უნდა ვიჯდე, რადგან არ მიყვარს შრომა!" მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იქ ვისაც შრომა არ უყვარს, მისი ქვეყანა უმუშევრობის ფულს და კომუნალურ გადასახადებს უხდის. აი, ჩვენ როგორ ვცხოვრობთ უშრომლად, ეს ცალკე კვლევის თემაა და ამასაც დავწერ ოდესმე.
პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, არასოდეს მიწუწუნია სამსახურში მუშაობის გამო. არასოდეს დამითვლია დღეები შვებულებაში გასვლის და გამოსვლის. არ მითქვამს, რომ რა უსამართლოა ცხოვრება, სხვა რომ ისვენებს და მე ვმუშაობ. ტაქტის ამბავია. სულ ვფიქრობ იმაზე, რომ ვიღაცას (და ეს ვიღაცა მთელი ქვეყანაა თითქმის) სამსახური არ აქვს და ენატრება მუშაობით დაღლა.
ჰოდა, ვიდრე გვაქვს სამსახური, ნუ ვწუწუნებთ, თქვენ შემოგევლეთ. ჩვენც გავდივართ და ვბრუნდებით შვებულებაში ისე, რომ არავის ვაწუხებთ. არც "ხუთვარსკვლავიანი" დასვენება მიკვირს და არც "კაპოტზე" არაყი და კოკა-კოლა, მაგრამ მადლობას ვამბობ. წყალობა მგონია ღმერთის, რომ ჯერ კიდევ ვმუშაობ.
ყურადღებიანი მკითხველი იკითხავს, რა შუაში იყო სათაურში ეროვნული გამოცდები. იკითხავს და სწორიც იქნება. არ იფიქროთ, რომ ვაბნევ აზრებს და მკითხველსაც. ახლავე აგიხსნით: მოვილიეთ ეროვნული გამოცდები და გავხდით სტუდენტის დედა, ბებია, მამიდა, ბიცოლა, ბიძა, ძიძა და ასე შემდეგ. ყველამ დაწერა, რომ ექიმის დედაა, ენერგეტიკოსის ძმა, დიპლომატის ბიძა და ასე შემდეგ. ბედნიერმა დედებმა რამდენჯერმე მიმალოცინეს შვილის სტუდენტობა. ახლობლებმა ჯერ ეროვნული გამოცდების ჩაბარების გამო ატეხეს ამბავი, მომილოცეთ, სტუდენტის დედა ვარო, მეორედ - ჩაბარებული ქულების მიხედვით ბარიერის გადალახვის, მესამედ - გრანტის მინიჭების, მეოთხედ - სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრის გამო...
სოციალური ქსელით მივხვდი, რომ ბავშვებზე მეტად მშობლებს უხარიათ მათი სტუდენტობა და ეს, პრინციპში, კარგია. კარგია იმიტომ, რომ დღევანდელი ქართული უმაღლესი სასწავლებლები მეტწილად არის გაცდენილი ოთხი, ხუთი ან ექვსი წელი. ამაში მაშინ დარწმუნდებით, როცა ხელახლა მოგიწევთ სწავლა კარგი სამსახურის შოვნის შემდეგ. არასდროს გაგიჩნდეთ ილუზია, რომ რომელიმე დამსაქმებელი ოდესმე გკითხავთ, თუ რა გაქვთ დამთავრებული და ამით ჩაგჭრით. ისე გამოვიცვალე ოცამდე სამსახური, კაციშვილს არ მოუკითხავს ჩემი დიპლომი. არც ვიცი, სად მაქვს.
ყოველ ნორმალურ დამსაქმებელს აინტერესებს თქვენგან, თუ რა გიკეთებიათ აქამდე, რაში დახარჯეთ ის 4 წელი, რაც ბაკალავრიატზე უნდა გაგეტარებინათ.
რა გახსენდება ბავშვობიდან ყველაზე კარგი მოგონებაო — ერთხელ მკითხეს გასაუბრებაზე. თავიდან არასერიოზულად მივიღე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამაზე კარგ და ჩასაფიქრებელ კითხვას, ალბათ, იშვიათად დაგისვამენ სადმე.
რატომ? იმიტომ, რომ დამსაქმებლისთვის ყველაზე ძვირფასი ყოველთვის არის თქვენი personality და შეძენილი უნარები. არცერთ მათგანს არ აქვს ილუზია, რომ 22 წლის ასაკში აგიყვანს და რაიმე თემის "მასტერი გაიჩითები". ყოველთვის ეცოდინება, რომ მისგან და გუნდისგან ბევრი გექნება სასწავლი და ამ გამოცდილებას უნივერსიტეტი ვერასდროს მოგცემდა.
ბოლოში ისე გამომივიდა, რომ არ ვშრომობთ და ახლა სწავლითაც არ უნდა ვისწავლოთ. ბუნებრივია, ეს ასე არ არის. ბევრიც უნდა ვისწავლოთ, ვიშრომოთ და გნებავთ, დავისვენოთ კიდეც ბევრი. წუწუნი, რასაკვირველია, ყველა შემთხვევაში, მაგრამ, მართლა და მართლა, როდის ვმუშაობთ?
სტატიას დავასრულებ ქუთაისური ნამდვილი ამბით, რომელიც (ისევე, როგორც ბევრი ასეთი ისტორია) ანეკდოტად იქცა. გასული საუკუნის ქუთაისის კოლორიტ სოსოია ხარაბაძესთან მისი შვილი მივიდა:
- მამა, ქობულეთში მივდივარ დასასვენებლად და 200 მანეთი მომეციო...
- 400 მანეთს მოგცემ, შვილო, ოღონდ მითხარი, სად დაიღალეო?


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კომპანია Apple-მა გარემოს დაცვაზე, მობილური ტელეფონით გადაღებული
ფოტოებით, საპროტესტო ვიდეორგოლი დაამზადა.

კომპანია Apple-მა გარემოს დაცვაზე, მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებით, საპროტესტო ვიდეორგოლი დაამზადა.

08:06 / 15.06.2017

პოპულარული

როდესაც არ იცი, რით დაიწყო, დაიწყე კადრით. მისი აღწერით. კადრი ყოფილი „პიონერთა სასახლის“ შიდა ეზოს კიბეებთან იწყება, სადაც შავ დეკოლტირებულ კაბასა და თხელ მოსასხამში მას ფოტოს უღებენ.

06:51 / 26.06.2017
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017

ახლახან ეკა ხოფერიას გადაცემაში სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტი, ჩვენი განათლების მინისტრი ჰყავდა.

08:22 / 16.03.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
irakliontheroad&elensio-მთავარი თემა
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
08:30 / 23.10.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
გახადე მსოფლიო ბავშვებისთვის უკეთესი
სექტემბერი სწორედ ის თვეა, როცა ბავშვებისთვის არდადეგები სრულდება და სწავლა იწყება.
08:57 / 20.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017
მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა დაინერგება

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2017 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
2.9344
TRY
TRY
1
0.6784
USD
USD
1
2.4864
ამინდი
ბორჯომი 8 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა