ახალი ამბები
ბატონიშვილი ანა
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
დიასახლისია, უბრალოდ, ხანდახან "პრინცესად" მუშაობა უწევს.ოღონდ ისე, რომ არც სასახლე აქვს და არც ოფიციალური აღიარება. მისი გვირგვინიც სადღაც სხვაგან ინახება და სხვა, რაიმე განსაკუთრებული ქონებაც არ გააჩნია; მაგრამ, თუკი გაიცნობ, მისით მოხიბლულს არ შეიძლება არ გაგახსენდეს ფრაზა: "შენ, საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა".
ლამაზი, გონიერი,მშვიდი და საოცრად თავმდაბალი _ ასეთია ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ბრენდის, სამარკო ნიშნის _ `ბაგრატიონი", მთავარი წარმომადგენელი _ ბატონიშვილი ანა.





ანა, როგორ შეიძლება წარგადგინო, რაიმე ოფიციალური სტატუსი გაქვს?

ოფიციალურ წოდებაზე და სტატუსზე თუ ვსაუბრობთ, ეს დღევანდელი მთავრობის მხრიდან უნდა იქნეს აღიარებული. ჩემი ოჯახისთვის სტატუსის და, შესაბამისად, წოდების ოფიციალურად მინიჭება, ჯერჯერობით, რატომღაც არ ხდება. თუმცა, არსებობს საერთაშორისო სამართალი, რომელიც აღიარებს ოდესღაც უკანონოდ გაუქმებული სამეფო ოჯახების სუვერენულ სტატუსს და მათ შეზღუდულ უფლებებს მოქმედ მონარქიულ სახლებთან შედარებით. ეს, უბრალოდ, მოკლე განმარტება გავაკეთე ზოგადი წარმოდგენისთვის. რაც შეეხება ჩემს წარდგენას, სწორი ფორმა ასეთია, ყოველ შემთხვევაში უცხოეთში ჩემი ვიზიტებისას ასე წარმადგენენ ხოლმე _ მისი სამეფო უმაღლესობა, საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე, ბატონიშვილი ანა. აი, ეს არის ჩემი ისტორიულ-მემკვიდრეობითი სტატუსი.



წოდება ზღაპრის გმირის გაქვს და შენი ცხოვრება თუ გავს ზღაპარს?
ყოველ ჩვენგანს ხომ თავისი ისტორია აქვს, ცხოვრების საკუთარი ზღაპარი. მეც მაქვს ჩემი ზღაპარი, სადაც ხან კეთილი და ხან ბოროტი პერსონაჟები მონაწილეობენ. არ მგონია, რომ წოდება აქ რაიმე როლს თამაშობდეს.
ნებისმიერს შეუძლია იცხოვროს თავის ჯადოსნურ ზღაპარში, აკეთოს კეთილი საქმეები, ეომოს დევებს, გაიმარჯვოს ან დამარცხდეს, იყოს უბედური ან ბედნიერი.





ანა, როდის დადგა ის მომენტი, როდესაც მიხვდი, რომ შენი თანატოლებისაგან შენი გვარი განსაკუთრებით გამოგარჩევს?
მახსოვს კარგად, სკოლაში საქართველოს ისტორიის სწავლა რომ დავიწყეთ, ბაგრატიონის გვარის გაგონებაზე, მთელი კლასი გაუგებრად იცინოდა. მასწავლებელიც, ცოცხალი ექსპონატის მსგავსად, იშვერდა თითს ჩემი დისკენ და ჩემსკენ. მახსოვს ჩემი შეგრძნება, როგორ მერიდებოდა და საშინელ უხერხულობას ვგრძნობდი. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდა, თუმცა, იმ უხერხულობის შეგრძნებამ დღემდე არ გამიარა.



ბავშვობაში გოგონების უმეტესობა პრინცესობანას თამაშობს,შენ რას შვებოდი ამ დროს?
ჩემი საყვარელი თამაში `სკოლობანა~ იყო და, სიმართლე გითხრა, ეს თამაში მოგვიანებით რეალობად იქცა. 12 წელი ვიმუშავე სკოლაში ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგად. საუკეთესო წლები იყო.





ახლა რამდენად"პრინცესული" ცხოვრებით ცხოვრობ?
ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ. როგორც ყველას, მაქვს ყოველდღიური მოვალეობები,თუმცა, ხშირად მიხდება პრინცესად გარდასახვა. მაგალითად, როდესაც სხვადასხვა ღონისძიებაზე მიწვევენ, ძირითადად უცხოეთში.



რით განსხვავდება თქვენი გვარი სხვა ბაგრატიონებისგან?
დღეს ბაგრატიონთა საგვარეულოში დაახლოებით 150 ადამიანია. მათი უმრავლესობა გაწევრიანებულია დინასტიურ კავშირში სახელად "ბაგრატოვანთა სახლი". მასში გაერთიანებული არიან სხვადასხვა შტოს ბაგრატიონები. არსებობს ბაგრატიონთა სამეფო დინასტია, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამეფო შტო _ მეფეთა შტო, რომელიც ერთიანი საქართველოს მეფეთა პირდაპირ უწყვეტ ხაზს წარმოადგენს. ამ შტოს სამართალმემკვიდრე სწორედ ჩვენი _ ბაგრატიონ-გრუზინსკების ოჯახია დღეს. სამეფო დინასტიას სხვაგვარად, ასევე ეძახიან სამეფო სახლსაც. ანექსიის შემდეგ, რუსეთის იმპერიამ ქართველ მონარქთა _ ერეკლე მეორისა და გიორგი მეთორმეტის შთამომავლებს, ანუ ჩემს წინაპრებს, მიანიჭა ქართველი თავადის _ გრუზინსკის _ წოდება, რაც, დროთა მანძილზე, ჩვენს გვარად ჩამოყალიბდა.





ანა, სასახლე გაქვთ?
ისტორიული სასახლეებიდან, რომლებიც ჩემი წინაპრების რეზიდენციებს წარმოადგენდნენ, სამწუხაროდ, დღემდე ბევრი არ შემორჩა. თბილისის მთავარი სასახლე, რომელიც ტერიტორიულად დღევანდელი საპატრიარქოს გვერდით იდგა და, ისტორიულ ცნობებზე დაყრდნობით, უმშვენიერესი ყოფილა, სამწუხაროდ, სპარსელებმა გაგვინადგურეს... მეფე გიორგიმ ის არ აღადგინა, რადგან ქვეყნის ბიუჯეტი მთლიანად ეკლესია -მონასტრებისა და თბილისის მაცხოვრებლების სახლების აღდგენას მოახმარა.
დღესდღეობით, შემორჩენილ სასახლეთაგან გვაქვს ზემო, ანუ ეგრეთ წოდებული `დარეჯანის სასახლის~ ერთი ოთახი, არადა, ის ძველი, უზარმაზარი კომპლექსის უმცირეს ნაწილს წარმოადგენს და მას ხშირად ვიყენებთ შეხვედრებისთვის. ასვევე, თელავის სასახლე, რომელიც დღეს, ძირითადად, მუზეუმს წარმოადგენს და რომლის რესტავრაციაც სულ ახლახანს დასრულდა.



რამდენიმე წლის წინ, საკმაო აჟიოტაჟი მოჰყვა ინიციატივას, თუ იდეას მონარქიის აღდგენის შესახებ. არადა, როგორც ვიცი, ეს იყო, უბრალოდ, თქვენი სამეფო სახლისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების საკითხი. ასევე, არანაკლები ხმაური მოჰყვა შენს ქორწინებას, რომელიც, სამწუხაროდ, უიღბლო აღმოჩნდა. ანა, თვლი რომ ეს იდეაშივე შეცდომა იყო?
არა, არ ვფიქრობ რომ იდეა შეცდომა იყო. შეცდომა იყო საკითხის არცოდნა და აქცენტების არასწორად დასმა გარკვეული წრეების მხრიდან. თუმცა, დღეს უკვე ეს ყველაფერი ლაგდება.  ჩემი ქორწინება, სამწუხაროდ, უიღბლო, თუმცა საინტერესო და დიდი გამოცდილების მომცემი იყო. იმ პერიოდში გავიზარდე უფრო მეტად, შევიძინე უამრავი თვისება, რომელიც მანამდე არ მქონდა _ მოთმინება, დათმობა, ხასიათის სირბილე... ქორწინებამდეც რთული გზის გავლა მომიხდა ჩემს თავთან, ფაქტობრივად, უარი ვთქვი ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც მომწონდა, მიყვარდა და დავიწყე ახალ, სრულიად უცხო გარემოში არსებობა. მესმის, ძნელია 21-ე საუკუნეში მონარქიის რეკონსტრუქციისთვის გადადო თავი და ცხოვრება დაუკავშირო სრულიად უცხო ადამიანს, სხვა კულტურიდან მოსულს, მაგრამ არსებობს რაღაც, რასაც მეც ვერ ვხსნი დღემდე. საიდან მოვიდა მაშინ იმხელა ძალა და პასუხისმგებლობის გრძნობა. ერთი ვიცი, რომ დღესაც იგივეს გავაკეთებდი, რათა პატივი მიმეგო ჩემი ქვეყნის ისტორიისთვის და წინაპრებისთვის. უიღბლო ქორწინებამ უდიდესი ბედნიერება დამიტოვა ბატონიშვილი გიორგის დაბადებით.




უკან რომ დაგაბრუნა, რას გააკეთებდი სხვანაირად?
უკან არ მიყვარს დაბრუნება. მირჩევნია წინ ვიარო და წარსულში დაშვებული შეცდომა არ გავიმეორო და მიღებული გამოცდილება გამოვიყენო.



სხვა ქვეყნების სამეფო ოჯახებთან თუ გაქვთ კავშირი?

კი, რასაკვირველია, კარგ ურთიერთობაში ვარ ჰაბსბურგთა საიმპერატორო სახლთან, რომლის წარმომადგენლები შესანიშნავი ადამიანები არიან. ასევე, პარმის ბურბონთა სახლთან. ამასწინათ, დავახლოვდი ჰავაის პრინცესასთანაც, ალბანეთის ტახტის მემკვიდრესთან, ლეკასთან, ავღანეთის პრინცესასთან და სხვა.



ანა, რას გააკეთებდი მეტი საშუალება რომ გქონდეს?
მახსენდება შვედეთის მეფის, გუსტავ მე-16 შესანიშნავი გამონათქვამი _ "მე ჩემი ქვეყნის სამარკო ნიშანი ვარო". თუმცა, ჩვენი ქვეყნის ასაღორძინებლად მარტო სამარკო ნიშნობა, რასაკვირველია, არ იქნება საკმარისი. ამიტომ, გავაკეთებდი ყველაფერს, რათა ჩემმა ქვეყანამ ერთის მხრივ ააღორძინოს და შეინარჩუნოს ღირსეული ტრადიციები, ხოლო მეორეს მხრივ, მიჰყვეს ცივილიზაციას და არ ჩამორჩეს მას. პირველ რიგში, ქართული სოფელი უნდა დადგეს ეკონომიკურად ფეხზე. ქართველ გლეხს სჭირდება დიდი მოფერება, რადგან მან შეგვინარჩუნა ქვეყანა.




როგორ რეაგირებ კრიტიკაზე?
ადრე მიჭირდა, ასე მეგონა დედამიწა მეცლებოდა ფეხებიდან. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ყველას გულს ვერ მოვიგებ, ყველას თავს ვერ მოვაწონებ და დავმშვიდდი.  მართალი გითხრა, კრიტიკას დადებითი თვისებაც გააჩნია. მთავარია, ყური დაუგდო ემოციის გარეშე და აუცილებლად იპოვი რაიმე სასარგებლოს.



როგორია შენი ყოველდღიურობა?
ჩემი ყოველდღიურობა, პირველ რიგში, ჩემს შვილებთან არის დაკავშირებული, მათ საჭიროებებთან. ასევე, სამეფო ოჯახის კანცელარიის მუშაობასთან, რაც ასევე ბევრ დროს მოითხოვს და დიდ პასუხისმგებლობას.





რაზე გიწევს უარის თქმა შენი თავისთვის?
ჩემი მემკვიდრეობითი სტატუსიდან გამომდინარე, რასაკვირველია, ბევრ რამეზე მიწევს უარის თქმა. ეს ბუნებრივია და ამას, ფაქტობრივად, სკოლის პერიოდიდან უკვე ვაცნობიერებდი, რომ ჩემი პიროვნების უკან იდგა ათასწლოვანი მემკვიდრეობა და რომ მე, სხვებისგან განხვავებით, მომიწევდა ბევრ რამეზე უარის თქმა და ასეც გამოვიდა. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი გამოვა. ამის გამო თავს ცუდად არ ვგრძნობ, რადგან გარდა მემკვიდრეობითი პასუხისმგებლობისა, ეს ჩემი გააზრებული არჩევანიც არის.



"რომაული არდადეგებიდან" პრინცესა ანას თავგადასავლის გამეორება თუ გინდება ხოლმე?
მიყვარს ეს მხატვრული ფილმი. ის იმდენად ლამაზი ფილმია, რომ, რასაკვირველია, მიოცნებია ასეთი ისტორის პერსონაჟობაზე.



შენზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას თუ დასთანხმდები?
თუ მოვახერხებ ჩემი ქვეყნისთვის გავაკეთო იმდენი, რაც მე მინდა რომ გავაკეთო, ალბათ, მერე შეიძლება დავთანხმდე.





ვის გაუცვლიდი ერთი დღით ადგილს?
რიგით ჯარისკაცს



რაზე ოცნებობ?
უამრავ რამეზე ვოცნებობ, სულ ვოცნებობ და იცი რატომ? საოცარია, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რაც მეტს ვოცნებობ,მით უფრო მეტი ხდება რეალურად და ამის უამრავი მაგალითი მაქვს ჩემი ცხოვრების მანძილზე.



რას იტყვი სიყვარულზე?
რა გითხრა, მიყვარს სიყვარული. მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.



რა გინდა, რომ 100 წლის მერე შენზე დაწერონ?
ჩემზე რომ დაწერონ, ამისთვის დიდი და გრძელი გზა უნდა გავიარო, გზადაგზა უნდა შევქმნა, ვაშენო, დავეხმარო, მიყვარდეს.... მინდა დაწერონ, _ ღირსეულად ემსახურა თავის ქვეყანას. ეს დიდი პატივი იქნება ჩემთვის.


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ახალი რომანი თუ საქმიანი ურთიერთიერთობა?-რა აკავშირებს დიზაინერ მეგი გაბუნიას მოდელ ალექსანდრე მელაძესთან?
რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დიზაინერ მეგი გაბუნიას მამაკაცის ხაზის ფოტოსესია ჩატარდა.
13:06 / 27.08.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2018 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0299
TRY
TRY
1
0.4944
USD
USD
1
2.6818
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 7 °C
img
ახალქალაქი 1 °C
img
გამოწერა