ახალი ამბები
"პომოდორისიმო"-მოდი, ვილაპარაკოთ
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".

ჩემი გამოცდილებით, შვილებთან და მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად ისეთი სივრცე უნდა შეირჩეს, სადაც არც დედა მოიწყენს (ან მამა!) და არც შვილი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შვილები იმავე კაფეებსა და რესტორნებში წავიყვანო, რომლებსაც თავად ხშირად ვსტუმრობ. გავა წლები და აქ უკვე საკუთარ შვილებს რომ მოიყვანენ, აუცილებლად გაიხსენებენ ჩვენს საღამოებს და საუბრებს.  სამუშაო დღე იყო. შეხვედრა ხუთი საათისთვის დავგეგმეთ. "პომოდორისიმოში" სტუმრებს მე და ჩემი 18 წლის ანანო ველოდებოდით. აქაურობა ძალიან მიყვარს. ნეოპოლიტანური ხასიათი დაჰკრავს წითელი, კუბოკრული საფირმო გადასაფარებლებისა და შეშის ღუმელში გამომცხვარი, ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო პიცის გამო. განაპირა მაგიდა შევარჩიეთ, ყველა რომ დავტეულიყავით. ნელ-ნელა გოგოებიც მოვიდნენ: ნინო დარასელი და მარიტა, ლიკა კვარაცხელია და ელენე, მაკუნა გამცემლიძე და მანანიკო. მინდოდა გოგოებს ერთმანეთი გაეცნოთ, დედები ხომ დიდი ხანია ვმეგობრობთ და ვიცნობთ ერთმანეთს.








სამსახურიდან მოსული მაკუნა მიყვება, რომ მანანიკოსთან ერთად ხშირად დადის "პომოდორისიმოში", ჭავჭავაძის გამზირზე და აქაც, სავაჭრო ცენტრ "მერანის" ტერასაზე. დაგვიანებით მოსული ნინო დარასელი გვიხსნის, რომ ვიდრე ჩვენამდე ამოვიდოდა, გზად მარიტასთვის კაბის ყიდვა მოასწრო. ლიკა და ელენე პირდაპირ სატელევიზიო გადაღებიდან მესტუმრნენ. რაღა დაგიმალოთ და, სამსახურებიდან გამოვარდნილებს საღამოს ვახშამი არც ჩვენ გვაწყენდა. ამიტომ, ერთი სული გვქონდა ფოტოგადაღება როდის დასრულდებოდა.








ნინო დარასელის მარიტა არაბავშვური კერძების _ ბოსტნეულის სალათებისა და ყველის ტაბლას მოყვარული აღმოჩნდა. მანანიკო პიცის, ლიკა კვარაცხელიას ელენე და ჩემი ანანო _ ბრუსკეტებისა და უგემრიელესი გრილი ლიმონათების.
უფროსებმაც ცოტ-ცოტა ყველაფერი დავაგემოვნეთ და ვიდრე გოგოები სელფებისა და ბუმერანგების გადასაღებად "პომოდორისიმოს" ხედებს ითვისებდნენ, კმაყოფილებით აღვნიშნეთ, რომ ამოცანა "მეტი დრო შვილებთან და მეგობრებთან ერთად", წარმატებით შევასრულეთ!  ასე რომ, მოინიშნეთ "პომოდორისიმოც"!





Print