City Cover
ნატალია ვარსკვლავებით მოჭედილი ოჯახიდან - FASTEN YOUR SEATBELTS
ნატალია ჯუღელი 24 წლის ქართველი მსახიობია. მე მგონი... მე მგონი კი არა, ნამდვილად ძალიან მშრალად გამომივიდა. ამ გოგოსთან მიმართებაში მეშინია პათეტიკამ არ მძლიოს და ამიტომ მოდი, ასე ვოტყვი - ნატალია ჯუღელი 24 წლის ნიჭიერი და უმშვენიერესი ქართველი მსახიობია, რომელიც თავის ასაკთან შედარებით განსაცვიფრებლად დინჯი, თავმდაბალი, პასუხისმგებლიანი, გონიერი და მოაზროვნეა.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არაერთი პროფესიის დაუფლება უნდოდა, ყოველთვის იცოდა ბოლოს მაინც მსახიობი გახდებოდა. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ კინო მისთვის მშობლიური ანბანივითაა; კინოში დაიბადა, კინოს გმირებთან, თუ მათ შემქმნელებთან ერთად იცხოვრა და თავადაც კინოს ჰგავს. სულ რომ არ იცოდე მისი პროფესია, შეხედვისთანავე გინდა გადაიღო სადმე, რამით, სულერთია, თუნდაც ტელეფონით.

ნატა ვაჩნაძე, ნიკოლოზ შენგელაია, ელდარი, არიადნა... ოჯახის რამდენმე წევრის ჩამოთვლაც კმარა და თითქოს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მხოლოდ თითქოს. თავად ნატალიასთვის ბოლომდე გასაგები არაფერია, ის მუდმივად ეძებს, იკვლევს, პოულობს,

არ ჩერდება, განაგრძობს საკუთარი თავის ძიებასაც და თავისთვის ახალი, საინტერესო სივრცეების აღმოჩენას.

ზოგი "აღმოჩენილი სფერო" დღემდე მისი ცხოვრების ნაწილია, ზოგიც კი, ბავშვობის გატაცებად დარჩა. იყო დრო, როდესაც ნატალიამ ოპერის მომღერლობაც გადაწყვიტა. თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ გადაიფიქრა. საბოლოოდ?! არავინ იცის და დღეს ვერც თვითონ გეტყვის სად იქნება ხვალ. კინო და თეატრი კი სულ მასთანაა.

– ჩემს თავს სამი სიტყვით ასე აღვწერდი: გამჭვირვალე, ჭრელი და შავ-თეთრი.

– ჩემი ყველაზე ადრეული მოგონება იწყება ჩემი დიდი ბებიის ოთახში. ღამე, შუქის მოსვლის მოლოდინით, რაც მე რაღაც ჯადოსნური მეგონა.

– საუკეთესო რამ რაც ბოლო დროს გადამხდა, იყო მოულოდნელი მოწვევა ირლანდიის კინოფესტივალიდან.

– ჯინი რომ სამ სურვილს მისრულებდეს, ერთი ნამდვილად იქნებოდა დროის მანქანა.

– ჩემი მშობლები ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ მე ასე მეყვარებოდა ოპერა.

– არავინ იცის, რომ მე სინამდვილეში სხვა პლანეტიდან ვარ.

– ყველაზე ლამაზი ტალღები ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ ისინი ყველაზე ლამაზია.

- ყველაზე ლამაზი ვარსკვლავებიანი ცა წაღვერში, ჩემს ეზოში მინახავს.

– დილას რომ ვიღვიძებ, პირველი დედაჩემის წიგნებს ვხედავ, რომლებიც წლებია არ ჩამოგვიღია თაროდან.

– ღამე, დაძინებისას, ხშირად წარმომიდგენია აბსოლუტურად ყველაფერი.

– ჩემი სიზმრები... უკვე მობეზრდათ, იმდენად ხშირი და დაუჯერებელია.

– უხერხულობისგან ვწითლდები, როდესაც დაუმსახურებელ კომპლიმენტს მეუბნებიან, ან როდესაც მგონია, რომ ვინმეს ვაწუხებ.

– შიშის დავიწყება მირჩევნია თუ დაძლევა? - დაძლევა.

– წარსულიდან ან მომავლიდან რომ შემეძლოს ვინმეს გაცნობა, ეს იქნებოდა ნატო ვაჩნაძე.

– როდესაც ვინმესთან მისალმება არ მინდა, მაინც აუცილებლად ვესალმები. ზოგადად, თუ ვინმეს არ მივსალმებივარ იმიტომ, რომ ხშირად ვერ ვხედავ. არავის ვიცნობ ისეთს, რომ სალამი ვერ გავიმეტო.

– მუსიკალური ინსტრუმენტებიდან, ალბათ, ჩელო, ან არფა ვიქნებოდი.

– ჩემი როკვარსკვლავური სახელი იქნებოდა ნატ შენინგი. აჰაჰაჰჰა!
ანუ ჩემი დიდი, დიდი ბაბუის გვარი გამომადგებოდა.

– ძალიან მიჭირს უარის თქმა, როდესაც მთელი გულით უნდათ რომ დავთანხმდე.

– როდის ვხვდები რომ ძალიან დიდი დრო დავხარჯე კომპიუტერთან? როდესაც ვიღაც უცხო, შესავლის გარეშე მწერს: "როგორ ხარ?"

– ადამიანები, რომლებიც ბავშვობის პერიოდიდან ყველაზე მეტად მენატრება ძალიან ბევრია, მაგრამ, ალბათ, ყველაზე მეტად ბაბუაჩემი.

– ყველაზე სასაცილო ნივთი რაც ჯიბეში მიპოვია, წინდა ან ლურსმანია.

– ბოლოს შევიძინე პური და ნამცხვრები.

– რომელი გამოგონილი პერსონაჟი ვიქნებოდი?
– პიტერ პენი.

– ერთი დღით სიამოვნებით გავუცვლიდი ადგილს ავსტრალიის ზოოპარკის ცხოველების მომვლელს.

– სიამოვნებით დავიბრალებდი, რომ ჩემი გადაღებულია "ცისფერი პლანეტა 2."

– დღეს რომ შემეძლოს ნებისმიერი საჩუქრის მიღება, რომელიმე უცხო ქვეყნის საგზურს ავირჩევდი, ძალიან პრიმიტიულად.

– თუკი უნდა ავირჩიო ერთი დღით ფრენა შემეძლოს თუ ვიყო უჩინარი, ავირჩევ ფრენას.

– ჩემი რომანტიკული პაემანი ასე წარმომიდგენია: დიდ, მწვანე პარკში სეირნობა და საუბარი, ეს ყველა რომანტიკულ დაწესებულებაში ჯდომას მირჩევნია.

– ბავშვობაში მეშინოდა სიზმარში ჩემი დიდი ბებიის ექიმის ნახვა. ჰაჰა, ცხოვრებაში არ მეშინოდა, მთავარია არ დამსიზმრებოდა.

– ზოგადად, "სამოთხე" არ ვიცი. ბოლო დროს თუ რამე მიჭირს, სულ მინდება წაღვერის ერთ მინდორში, პანტის ხესთან ვიყო. საქართველოში ეგაა ჩემი სამოთხე. ალბათ, მანდ ვარ ყველაზე თავისუფალი და იმიტომ.

– როდის ველაპარაკე ბოლოს ჩემს თავს და რაზე? ჩემს თავს ყოველდღე ველაპარაკები და დღემდე ვცდილობ გავიხსენო, ღრმა ბავშვობაში ვინ მითხრა, - საკუთარ თავთან ლაპარაკი არ შეიძლება, სიგიჟეაო. სულ მინდა ვუთხრა, რა სისულელეს მეუბნებოდა.

– მომწონს, როდესაც მამსგავსებენ იმას, ვისთან მსგავსებას მეც ვპოულობ.

– ჩემი საყვარელი გამოთქმა ფილმიდან არის "Fasten your seatbelts; it’s going to be a bumpy night." უცებ ეს ფრაზა გამახსენდა, ბეტი დეივისი ამბობს ფილმში, "ყველაფერი ევას შესახებ".

– სიამოვნებით ვეცეკვებოდი ვაცლავ ნიჟინსკის, ან პინა ბაუშს. პრინციპში, მათ ყურებასაც ვიკმარებდი.

– სათამაშო, რომელიც მინდოდა და არ მქონდა - არ მახსოვს. მხოლოდ ერთხელ მოვინდომე სათამაშო და მშობლებმა ახალ წელს მაჩუქეს. მეტი, მგონი, არასოდეს არაფერი მდომებია, ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე მახსოვს.

– უხერხულ სიტუაციაში, რამე უნიათო რომ ხდება - ყველაზე მეტად მაგ დროს მეცინება.

– ყველაზე საოცნებო კინოჯილდოს აღებისას, ჩემი სამადლობელი სიტყვა ასე დაიწყებოდა: ვინმე ცხვირსახოცს ვერ მომაწოდებს?

ეს ინტერვიუ რომ ჩავიფიქრეთ, გვინდოდა ნატალია თავის ცნობილ და ლეგენდარულ ბებიასთან, არიადნა შენგელაიასთან ერთად გადაგვეღო, მაგრამ ჩვენთვის საყვარელმა "მარგალიტამ" არც ამჯერად დაირღვია ბოლო წლების სიმშვიდე და ისევ მონატრებულად არჩია დარჩენა.

– არამ, არაო - თქვა ნატალიამ საყვარელ ბებიაზე და მასზე რამდენიმე ამბავი თავად გვიამბო.
დიდი ხნის წინ, როცა არიადნა თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდა, რომელიღაც ტელევიზია მოვიდა ჩვენთან. ზუსტად ვერ ვთარგმნი, მაგრამ ჟურნალისტმა დაახლოებით ასე ჰკითხა: - თქვენი ყველაზე `ვარსკვლავური~ პერიოდი როდის იყოო. მეც დამაინტერესა, ნეტა რომელ გადაღებას გაიხსენებს-მეთქი. უცებ თქვა, - აფხაზეთში, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება, ყველაზე "ვარსკვლავური" დროა ჩემს ცხოვრებაშიო. არასოდეს მავიწყდება, როგორ თბილად და მარტივად თქვა ეს წინადადება და ვინც მას იცნობს, იცის რამდენად გულწრფელი პასუხი იყო.


ეს არიადნას ბოლო ინტერვიუ იყო. ამის შემდეგ, გადაწყვიტა თავისი საყვარელი საქმიანობებით დაკავებულიყო და უბრალოდ, სიამოვნება მიეღო ახლობლებთან ურთიერთობით. ვფიქრობ, სწორედ ამიტომაც, შორეულ ვარსკვლავად დარჩა ხალხისთვის. მასზე იმდენ ლეგენდას გადავაწყდები ხოლმე მედიასივრცეში!

მე ძალიან მომწონს, რომ სწორედ ამ დროს არიადნა ყველანაირ ინტერვიუზე უარს ამბობს.
ძალიან უკვირთ ხოლმე და მიზეზის გაგებაც უჭირთ, რადგან არიადნას "საჯარო ცხოვრების" შეწყვეტის მიზეზი არც ასაკი იყო და არც როლების უკმარისობა. საზღვარგარეთ ძალიან ბევრი ვარსკვლავია, ვინც ამას აკეთებს, ქართველი მსახიობებიდან ახლა არავინ მახსენდება. არიადნას კარიერას თუ გადავხედავთ, მე კიდევ უფრო მესმის ეს არჩევანი. 21 წლის ასაკში, როგორც კი მეორე კინოროლი შეასრულა, უდიდესი პოპულარობა მოიპოვა მთელ საბჭოთა სივრცეში. დღემდე პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან და ინდოეთიდან გამოგზავნილ წერილებს ვპასუხობთ, იმის მიუხედავად, რომ უკვე თითქმის 20 წელია არსად აღარ ჩანს.

ისევ ისეთი ლამაზია, ოღონდ, როგორ ვთქვა, "ძალიან ბებიაა", რომელიც არც ნაოჭების დამალვას ცდილობს და ენერგია ყოველთვის ყველაზე მეტი აქვს.
ერთი პერიოდი თეატრალურში ასწავლიდა. სხვის გამოცდებს რომ ესწრებოდა, ჩანთა შოკოლადით ჰქონდა სავსე და სტუდენტებს ნერვიულობის შესამცირებლად ურიგებდა.
არ მერიდება ვთქვა, რომ ლამაზი და ნიჭიერი მსახიობის გარდა, ძალიან, ძალიან ძლიერი ქალია და ჩემთვის დიდი მაგალითი. "შერეკილებში" რომ ამბობს - "კაციც შენ იყავი ოჯახში და ქალიცო" - ზუსტად ასე იცხოვრა თვითონ. დღემდე არაფერს იშურებს გარშემომყოფთათვის და მისი მთავარი ინტერესი ჩვენი კარგად ყოფნაა.
საინტერესოა მის მიმართ სხვადასხვა ეროვნების ხალხის დამოკიდებულება. სოციალურ ქსელში ხან დანიელები წერენ ჩვენიანიაო, ზოგი ამბობს ბერძენიაო,ზოგს ებრაელი ჰგონია და ზოგსაც უზბეკი, რადგან იქ დაიბადა. სინამდვილეში დედა რუსი ჰყავდა, ხოლო მამა გერმანული წარმოშობის, მაგრამ როგორც მსახიობი, საქართველოსთან იყო და არის გაიგივებული, რაც, ვფიქრობ, მართალიცაა, რადგან ადამიანი იმ კულტურას ეკუთვნის, რომელშიც მოღვაწეობს.

პროექტის ავტორები: ნინო დარასელი, ნინო ჭიჭინაძე
ფოტო: Vazhak (Savemoment Studio)
ვიზაჟი: სალომე ზაქარაია
გადაღების ადგილი: Pierrot le Fou


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
 
გახსოვს პირველი შეხება
ნაჭერთან?

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჟურნალი
ჟურნალი "სითი", საქართველოში უძრავი ქონების ჰაბთან, Property Georgia-სთან და უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულ წარმომადგენლობა FIABCI-Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს.
11:44 / 24.11.2021
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის
ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
18:46 / 22.11.2021
"გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც,
15:05 / 22.11.2021
White Heart
სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის,
Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red
Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო
დნმ აქვთ - გული.
White Heart სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის, Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო დნმ აქვთ - გული.
10:07 / 19.11.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ლაშა დევდარიანი

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
TRY
TRY
1
0.2555
USD
USD
1
3.0967
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა