Editorial
ძლიერი ქალი

- ეს ნაოჭები ცოტა გაასწორებინე, რა!  -  მეუბნება ჩემი კოლეგა სარედაქციო ოთახში ჟურნალის აწყობის დროს. ვუყურებ საკუთარ ფოტოს: ჰოო, ნაკანიმამასახლისის ავტორობით ჩემი ბოლო პორტრეტიდან 4 წელი გასულა და დროის აღმნიშვნელ პაწაწინა ხაზებს აშკარად მოუმატიათ ჩემს სახეზე.

- რატომ? დავტოვებ ისე, როგორც არის, - ვპასუხობ და ჩემთვის ვფიქრობ, როგორ ჩამოვაყალიბო თქვენთვის და ჩემთვის პასუხი კითხვაზე: რას ნიშნავს ძლიერი ქალი? ჩემს პირად აზრსა და აღქმას გეტყვით: ძლიერი არ ნიშნავს საქმიანს, 24 საათი რომ გავარდნილი ხარ სახლიდან და ათობით პროექტს მეტ-ნაკლები წარმატებით ართმევ თავს; ძლიერი არ ნიშნავს მრავალშვილიან დედას; არ ნიშნავს სულ ფორმაში მყოფსა და მუდმივად მოვარჯიშეს საქმეებსა და ოჯახს შორის; არ ნიშნავს კარგი ქმრისა თუ საყვარლის "დამთრევს" (ბოდიში ამ ტერმინისთვის); არ ნიშნავს მრავალ მიტინგგამოვლილ პოლიტიკოსს, არც მრავალ მთავრობაგამოვლილ წარმატებულ ჟურნალისტს, არც უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ ავტორიტეტებსა თუ ინსტიტუტებთან მებრძოლს, არც ავადმყოფობასთან, ან პირად ტრაგედიასთან მებრძოლსა და გამარჯვებულს. ძლიერი ადამიანი ჩემთვის კეთილი ადამიანია, ადამიანი, რომელიც ზემოჩამოთვლილი წინააღმდეგობების, გამოწვევების, წარმატებებისა თუ დამარცხებებების მიუხედავად, ამ ტალანტს არ კარგავს და საკუთარ თავში სიკეთეს არ ახშობს. ის, ვისაც მართლა უხარია სხვისი წარმატება, სხვისი ბედნიერება, სხვისი კარგად ყოფნა. რომ არა კეთილი და ძლიერი ადამიანები, პირადად ჩემგან არაფერი გამოვიდოდა, სწორედ ეს ადამიანები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მოულოდნელად ჩნდებოდნენ ჩემთან და მაჩვენებდნენ, რომ საქმე საკმაოდ მარტივად და ბანალურადაა: სიკეთე ბოროტებას ამარცხებს, ოღონდ სიკეთე უნდა იყოს ნაღდი და გულიდან წამოსული. და ვინაიდან სიკეთე არასდროს ბერდება, ვის რაში ადარდებს ნაოჭი თვალთან?



Print