სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან
კარგი.
ყველაფერი ახსოვთ და კითხვა _ "აბა, თუ გახსოვს, რა კაბა მეცვა ჩვენ
რომ პირველად ერთმანეთს შევხვდით" _ ამ მეხსიერებათა სკივრიდან
ერთერთი ყველაზე მარტივი და ბანალურია. სხვა თემაა, იმათ რომ არ
ახსოვთ ხოლმე.
ჩვენ გვახსოვს დედას კაბა, რომელიც მას შენს დაბადების დღეზე ეცვა,
გვახსოვს მისი ახალი ვარცხნილობა, მამასთან ერთად რომ მიდიოდა
მეგობრებთან სახლში დაბადების დღეზე, გვახსოვს, იმ ბინაში რომ
გადმოვედით, რემონტი რომელი ოთახიდან დაიწყეს, გვახსოვს ახალწასმული
ლაკის თუ მასტიკის სუნი, გვახსოვს ჩვენი ბაღელი, ყველა არა, აი ის,
ფოტოზე რომ იჭყანება, გახსოვს, ის თოჯინა რომ ჰქონდა? გახსოვს, როგორ
არა, თოჯინას რა ეცვა, ისიც გახსოვს. და რა ლამაზი დედა ჰყავდა,
გახსოვს? გახსოვს, აბა რა!
ჩემი მეხსიერება იმ ასაკიდან იწყება, ზოგჯერ დაფიქრებისაც მეშინია.
ალბათ, სამი წლისაც არ ვიყავი, ერთ პატარა ოთახში `ვ გასტიახ უ
სკაზკის~ (იყო ასეთი საბავშვო პროგრამა) რომ ვუყურებდით და მოურჩხულო
არსების ეკრანზე გამოჩენისას ხელები რომ სახეზე ავიფარე. ოთხი წლის
ვიქნებოდი, გაგრაში ბაბუა რომ გარდაიცვალა, მახსოვს კი არა, დეტალებს
მოგიყვებით, რაში გაინტერესებთ, თორემ კი ბატონო. ეს მე თქვენგან არ
გამომარჩევს. თქვენსავით მახსოვს ყველაფერი, გამომარჩევს, ალბათ, სხვა
რამ. დროთა განმავლობაში ჩემს თავზე ვიმუშავე, გაუაზრებლად, ალბათ,
ჰოდა, დიფერენცირებული მეხსიერება გამოვიმუშავე. გაგიგიათ ასეთი? აი,
მე მაქვს. ძალიან ცუდი, უსიამოვნო ავტომატურად ვარდებოდა თავიდან.
გასულა წლები და რომ გეკითხათ, სად იყო ის ადგილი, სადაც ესა თუ ის
ამბავი მოხდა, რომელ სართულზე ცხოვრობდი, ბინა არ გახსოვს? მოიცა,
სახლიც არ გახსოვს? არა! არ მახსოვს. ის ამბავი იყო? იყო კი, მაგრამ
სად, როდის, როგორ _ არ მახსოვს. ეგ მაგარი მომიფიქრებია და დღემდე
მადგება.
ჰოდა, რატომ გავხსენი ეს მეხსიერებათა სკივრი. ჩვენი ჟურნალის თემამ
შემახსენა, `უკან, სკოლაში, აი, ამ ორმა ტიპმაც, ჩემ გვერდით რომ
დგანან სასაცილოდ.
ჩემი პირველი სკოლაც მახსოვს, კლასელებიც და შეგრძნება იმისა, რომ
გავიზარდე. 6 წლისა ნულ ჯგუფში წავედი; როგორ მივედი, კლასი რომ
შეგვეშალა, მერე რომ ვიპოვეთ, წერა-კითხვა რომ უკვე ვიცოდი და სადღაც
რომ გამაქანეს ლექსების სათქმელად და ტელევიზიაში ჩასაწერად, ეგ
მახსოვს. მაგრამ უფრო ცხადად და შეგრძნებით თვალწინ პატარა კოპლებიან
ხალათში გამოწყობილი ეკა მახსოვს, ცალი ყურით რომ იჭერდა დედის და
მამის საუბარს მასზე. `ეკა კარგი გოგოა, ეკა უკვე დიდი გოგოა~! მამას
ახლა, დარწმუნებული ვარ, არც ახსოვს ეს ნათქვამი, ერთი დედასთან უნდა
გადავამოწმო, მას თუ ახსოვს. მე კი ზუსტად მემახსოვრება ამ ფოტოს
გადაღებისას რაც ვთქვი: "მოდი, ჩავიცუცქები და ამათთან ერთად ვიქნები,
კარგი?"