City News
10 რჩევა რედაქტორისგან მომავლის გოგოებს
ეს ათი რჩევა გეკუთვნით თქვენ, მომავლის გოგოებს, რომლებსაც მე Girls Power დაგარქვით. ამ რჩევებს არ წააკითხავთ არც დედებს, არც მამებს, არც ბებიებს და არც ჟურნალისტებს. არცერთი სიტყვა აქედან არ უნდა მოხვდეს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ გამოცემებში. შევთანხმდით? მხოლოდ ჩვენ შორის!

სიგარეტი.


ჰო და დიახ, სიგარეტი. ვიცი, რომ თქვენი დედების და ბებიების 99% ეწევა. ის, რომ თქვენც ეწევით, ამ გარემოებების შედეგია და თქვენი ბრალი არ არის. მაგრამ მაინც, გადააგდეთ. არცერთ ბიჭს და კაცს არ მოსწონს სიგარეტის სუნით გაჟღენთილი გოგოს კოცნა. ის ამას არ გეტყვით, არასდროს. თქვენი ლამაზი კანი რეალურად ხდება ნაცრისფერი ან ოდნავ მოყვითალო. თვალებთან ჩაღრმავება იმაზე ადრე გაგიჩნდებათ, ვიდრე გგონიათ. კბილებზე _ თავადაც იცით. თუ ვერ ანებებთ, გაქვთ ორი გზა: გადადით "ჰაერზე" (ანუ ძალზედ მსუბუქ სიგარეტზე) ან მეორე: გართობის დღეებისთვის მოიმარაგეთ კარგი ხარისხის სიგარა, რომელსაც ნაპასის გარეშე მოწევთ. კი, ცოტა ძვირია, მაგრამ მე და თქვენ ყოველთვის გვირჩევნია ცოტა და ხარისხიანი.

დალევა.

არც კი ვიცი საიდან დავიწყო. უმრავლესობა სვამთ არაყს "რედბულით". შევთანხმდეთ, სასმელი საკმაოდ მძიმეა. თუ ეს ამბავი რეგულარულ ხასიათს მიიღებს, სადღაც, 35 წლისთვის უკვე გექნებათ საშინელი ნაბახუსევი, ჯანმრთელობა საგრძნობლად შერყეული და კარგადაც ვერ მოილხენთ, რადგან ფიზიკურად ვეღარ დალევთ. ჩემი რჩევა: კლუბის გარეთ _ კარგი ხარისხის ღვინო, კლუბში _ ჯინტონიკი ან, თუ მაინცდამაინც, თქვენი არაყი "რედბულით", ზომიერად. ჭკუას იმიტომ გარიგებთ, რომ 35 ან 40 წლის შემდეგ ცხოვრება მხოლოდ იწყება და ჩვენ ენერგია და ჯანსაღი ორგანიზმი ძალიან დაგვჭირდება იმ პერიოდისთვის.

ის ბიჭი "ის" ბიჭი არ არის.

ხო აი, არ არის. "ის" გამოჩნდება საგრძნობლად გვიან. გადაფარავს და მოიცავს მთელ თქვენს გონებას, ემოციას, არსს და გახდება თქვენი ცხოვრების მთავარი კაცი. ამიტომ, თუ ეს ბიჭი ცოტას გაგაბრაზებთ ან, თქვენი აზრით, უსამართლოდ მოგექცევათ, დიდად არ ინაღვლოთ ან ინაღვლეთ შემდეგი პრინციპით: ეს გამოცდილება მე მომავალში დამეხმარება. აქვე ერთიც, ახალი რომ დაიწყო, ძველი უნდა დაასრულო. პარალელური ურთიერთობები მხოლოდ დროს და ნერვებს წაიღებს. 

მუდმივად იფიქრე მომავალ სამსახურზე ან მომავალ საქმეზე.

შენს წარმოსახვაში მოირგე სხვადასხვა როლი და მერე ამ წარმოსახვისკენ მიმავალი რეალური ნაბიჯები გადადგი. გაიგე, გაარკვიე, იკითხე, მისწერე, მიდი, გაიარე პრაქტიკა, კასტინგი, იმუშავე, დაიღალე, ისევ გაიგე და ისევ ყველაფერი თავიდან. ბევრი უნდა იფიქრო და ბევრი უნდა ეძებო, რომ იპოვო ის, რაც შენია. ამიტომ, ახლავე დაიწყე, აი, ჩაიკითხე და დაიწყე!

ორი მთავარი წესი დაიმახსოვრე:

პირველ სამსახურში იმუშავე, თუ გინდა უფასოდ, მაგრამ 24 საათის განმავლობაში. აიღე ნებისმიერი დავალება, ნებისმიერი, ყველაზე რთული გრაფიკი, დაიღალე და იმუშავე ბევრი. დააგროვე გამოცდილება და გამოიმუშავე შრომის უნარჩვევა. და მეორე: უკვე გამოცდილებამიღებულმა ყოველთვის იცოდე შენი თავის ფასი და არასდროს შეგრცხვეს შენი მოთხოვნის დაკონკრეტება. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, კონტრაქტისა და წინასწარი დაკონკრეტების გარეშე, ბევრი შეეცდება თქვენს შრომაში კაპიკი არ გადაგიხადოთ. ეს მაგრად მოგიშლით ნერვებს. მე და თქვენ კი, ნერვების მოშლა არ გვჭირდება. ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს წინ!

ახალ სამსახურში აუცილებლად მოგივათ შეცდომა.

შეცდომა სერიოზული, რომელსაც აუცილებლად გაიგებს ხელმძღვანელობა და მას ყველაზე მეტად თქვენი ბოდიშის მოხდა გააღიზიანებს. რა უნდა ქნათ? მე, მაგალითად, ერთხელ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერე უშიშროების საბჭოს მდივანთან, მისი პირველი ინტერვიუ იყო. ტელევიზიაში მოსულს ოპერატორი მეუბნება, რომ ინტერვიუ წაშლილია. ჩემს იმჟამინდელ ხელმძღვანელს ამის შესახებ მხოლოდ მას მერე ვუთხარი, რაც ათასი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ყველაზე გავლენიან რესპონდენტთან ხელახალი ინტერვიუ უკვე შეთანხმებული მქონდა და კანცელარიაში მივქროდი. ეს ჩემი მაგალითია, დანარჩენი თქვენ მოიფიქრეთ, ჭკვიანი გოგოები ხართ.

სტილი და ჩაცმულობა.

ჩემი, ძალიან სუბიექტური აზრით, მომავლის გოგოებს ძალიან არ უხდებათ ძვირადღირებული ბრენდული ტანსაცმელი. არაფერი საინტერესო არაა იმაში, რომ პატარა ასაკში, მშობლების ფულით ნაყიდი ძვირადღირებული ჩანთა ან რამე ტანსაცმელი გქონდეს. თქვენგან ბევრად საინტერესოა ახალგაზრდა და უცხო დიზაინერების ტანსაცმლის მოძიება და თქვენი სტილის ასე წარმოჩენა. ეს თქვენს განსაკუთრებულობაზე და თავისუფლებაზე მეტყველებს, თორემ "ლუი ვიუტონის" ძვირად ყიდვა, შევთანხმდეთ, რომ დიდი ვერაფერი მიღწევაა.

გასაუბრებაზე მიდით სადად და მინიმალური მაკიაჟით.

თუმცა, ეგ ამბავი თქვენ უკვე ჩვენზე კარგად იცით. თუ თქვენი მომავალი საქმიანობა ბიზნესურ, ოფისურ ან ჟურნალისტურ სტილს ითვალისწინებს, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ საბაზისო გარდერობი. ჩემი რჩევაა: შარვალი, რომელიც იდეალურად გაზის, ყოველთვის იყიდეთ 2 ეგზემპლიარად. რაც უნდა ჯიჯი ჰადიდის ტანზე იდგე, ყველაზე რთული სწორედ შენი შარვლის პოვნაა. ამიტომ, გაითვალისწინეთ და თუ ეს რჩევა მოგეწონათ, განავრცეთ ის თქვენი გარდერობის სხვა საბაზისო ნივთებზე.

"სქრინშოთების" ეპოქაში მორჩით საქმეების გარჩევას ჩატებსა და ონლაინ ჯგუფებში.

რაც უნდა უწყინარი იყოს თქვენი მიმოწერა სხვა ადამიანებთან, მერწმუნეთ, "დასქრინშოტებული" ის ბევრად საშიშ ხასიათს იძენს. "სქრინშოთი" არ გადმოსცემს ინტონაციას, კონტექსტს, ემოციას, ის საკმაოდ მშრალი და სასტიკია. კაცმა არ იცის, ვის მისამართზე შეიძლება ის მივიდეს საბოლოოდ. თუ საქმის გარჩევა ან ლაპარაკი გინდათ, დარეკეთ, შეხვდით და პირისპირ ილაპარაკეთ.

აი, თქვენ უკვე პრაქტიკულად შემდგარი Girl Power ხართ და თქვენი სამსახურეობრივი კარიერა ზევით მიდის.

საღამოს 9 საათია და თქვენი შვილი გთხოვთ დააძინოთ. თქვენ კი სასწრაფოდ სამსახურში უნდა გავარდეთ. ჩემი ასი პროცენტით გადამოწმებული რჩევაა, არჩევანი შვილის დაძინების, გასეირნების, ჭამის თუ მოფერების სასარგებლოდ გააკეთოთ. მერწმუნეთ, არსად გაიქცევა არც კონტრაქტი, არც ვაიბერზე მეასე ზარით შემოსული უფროსი, არც პირდაპირი ეთერი და არც არაფერი. ერთადერთი, რაც გაიქცევა და არასდროს დაბრუნდება, თქვენი შვილების ბავშვობაა.
სულ ესაა. ბევრი რამ აკლია რჩევათა ამ ჩამონათვალს. რეზიუმეში მხოლოდ ერთს დავამატებ _ გამოჩნდა 5 წუთი? დაურეკე მშობლებს!


ეკა ხოფერია
Print