პირველი, რაც ჩემს მოგონებებში დიდ
ემოციას იწვევს, დათოვლილი სოხუმია. იშვიათი იყო თოვლი სოხუმში...
ვალერი არქანიას სახელოსნო,
(სოხუმელი მხატვარი და ჩემი მასწავლებელი) რა თქმა უნდა, სანაპირო,
ყავის სუნი სანაპიროზე, მაგნოლიების ყვავილობის სურნელი. მაგრამ,
ყველაზე მეტად, მაინც, დათოვლილი სოხუმი...
ომის პერიოდში, ძირითადად, სოხუმში ვიყავი. ვსწავლობდი სამხატვრო
სასწავლებელში, ვხატავდი. წამოვედი ოჯახთან ერთად, სვანეთიდან, ფეხით,
ერთი პატარა ჩანთით. იმ დროს 16 წლის ვიყავი. ვამბობ ხოლმე, რომ ეს
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დაუგეგმავი ლაშქრობა იყო.
ჩემი პროფესია, თითქოს, ბავშვობიდანვე გადაწყდა. დაგეგმილიც გვქონდა,
რომ სწავლას თბილისში გავაგრძელებდი. თუმცა, მოვლენები დაჩქარდა.
თბილისში სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი. მიუხედავად მძიმე წლებისა,
შემოქმედებითი კუთხით, მაინც აქტიური პერიოდი იყო. უფროსი თაობის
მხატვრები ხელს გვიწყობდნენ, სულ გამოფენებს ვაკეთებდით.
ნინო სამხატვრო აკადემიაში გავიცანი. აკადემიის დერეფანში შევხვდით
ერთმანეთს. დიდი პიჯაკი ეცვა და მხარზე გადაკიდებული ფოტოაპარატი
"ზენიტი". დიდხანს ვმეგობრობდით. ურთიერთობის გაოფიციალურება ისე
ბუნებრივად მოხდა, ვერც მივხვდით.
2012 წელს, მე და ნინომ ერთობლივი გამოფენა გავაკეთეთ - "13/13".
წლების შემდეგ, ეს იყო პირველი გამოფენა, რომელიც თემატურად აფხაზეთს
ეხებოდა. დიდხანს ვაგროვებდით მასალებს. ესაა ჩემი საოჯახო ალბომის
ფოტოებით შთაგონებული ნამუშევრები. გამოფენა მიეძღვნა შთაბეჭდილებებსა
და შეგრძნებებს, ტკივილსა და სიხარულს, გაცნობიერებულსა თუ
გაუცნობიერებელს, მარტოობასა და სიჩუმეს, 13 თვეში და 13 დღეში
წართმეულ ბავშვობას.
ნინო კალანდია
დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემთვის სოხუმი არის მთელი ოჯახის ერთად
ყოფნის შეგრძნება. სოხუმში რომ ვცხოვრობდით, ერთი დიდი ოჯახი ვიყავით.
როცა იქიდან წამოვედით, ისე გამოვიდა, რომ დავიქსაქსეთ.
13 წლის ვიყავი, როდესაც აფხაზეთიდან წამოვედი. ომის დროს იქ არ
ვყოფილვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნაკლებად მტკივნეული იყო.
13 წლის ასაკში, უცებ გავიზარდე, წამებში დიდი გავხდი.
სიზმრებში სულ სახლს ვხედავდი, კართან ვიდექი და ვერ
შევდიოდი...
დედა სოხუმში ჩადიოდა ხოლმე. შენახული მაქვს წერილი, რომელიც მას
ჩემმა თანაკლასელმა გამოატანა. მწერს - ეზოში ისევ ვიკრიბებით ხოლმე
და ძალიან გელოდებითო. დედას სულ ვთხოვდი წავეყვანე, მაგრამ, რა თქმა
უნდა, ვერ წავედი.
ალბათ, დაახლოებით 7-8 წლის წინ, ჩემი ძმა იყო აფხაზეთში. სუფრაზე
აღმოჩნდა იმ ადამიანთან ერთად, რომელიც ახლა ჩვენს სახლში ცხოვრობს.
ორივემ იცოდა ეს ამბავი, თუმცა ამაზე არაფერი თქმულა.
ხელოვნება ჩემს ცხოვრებაში ბავშვობიდან ჩნდება. ფრაგმენტებად მახსოვს
როგორ ვსხედვართ სამზარეულოში მე და მამა. მისივე ჩამოტანილი
ფლომასტერებით ვხატავდი ბალერინას. ბალერინობაზე ვოცნებობდი. ჩემს
დახატულ ბალერინას ფეხები ვერ მივუხატე და მამა დამეხმარა. ეტყობა
კიდეც მამას ხელწერა. ეს ნახატი დღემდე შენახული მაქვს.
პაპუნა და მისი მეგობრები ჩემზე უფროსები იყვნენ და სამხატვრო
აკადემიაში მაღალ კურსზე სწავლობდნენ. ბუნებრივად დავმეგობრდით. მერე
მივხვდი, მე მათთან თავს ვგრძნობდი როგორც სახლში, რადგან ისინიც
სოხუმიდან იყვნენ...
ჩემი და პაპუნას შემთხვევაში "ის" მომენტი თავისით დადგა, ბუნებრივად.
გამიზნულად ამ მომენტს ვერ მოიყვან. აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი
ნამუშევრების გამოფენისთვის ერთი წელი ვემზადებოდით. გავაერთიანეთ
ჩვენი ემოციები, მოგონებები და გამოვიდა გამოფენა "13/13", სადაც
წარმოდგენილი იყო ჩემი კერამიკული ნამუშევრები და პაპუნას
ნახატები.