ყველასთვის საკმაოდ რთულ პერიოდში,
ნოდიკო ტატიშვილმა ახალი სიმღერა ჩაწერა, სახელად `გემშვიდობები~.
კლიპის გადაღებები ნოდიკოს ახალ სახლში და "ბიოლში" 2 დღეს გაგრძელდა.
პროცესს ჩვენი გადამღები ჯგუფიც დაესწრო და "სითის" მკითხველისთვის ეს
ფოტოკოლაჟიც მოვამზადეთ. რა თქმა უნდა, ნოდიკოსთან ინტერვიუც ჩავწერეთ
და ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვისაუბრეთ - ბავშვობიდან დღემდე.
ბავშვობა
ამბავი 1986 წლის 5 ნოემბერს იწყება. თბილისის პირველ სამშობიაროში
დაიბადა ბიჭი, რვათვიანი. წონით, სულ რაღაც, 2 450 გრამი. მოათავსეს
ბავშვთა ინკუბატორში თუმცა, რამდენიმე დღეში მშობლებს სახლში
გაატანეს. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ სწრაფად დაიწყო განვითარება და
აღარ საჭიროებდა კლინიკაში მეთვალყურეობას. მეტსაც გეტყვით, 4 თვის
უკვე 9 კილოგრამს იწონიდა, ხოლო 9 თვის - 16-17 კილოგრამს. დღეს ეს
ბიჭი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალია, სახელად
- ნოდიკო ტატიშვილი.
ნოდიკოს მუსიკალურ-ვოკალური მონაცემები
მშობლებმა პირველად ბაღში აღმოაჩინეს, როდესაც, ყველა ღონისძიებაზე, 2
წლის ნოდიკო იყო სოლისტი. საბავშვო ბაღის შემდეგ, იყო სკოლა. ალბათ
ბევრმა არ იცის, რომ ნოდიკო სასკოლო გაზეთის - "აურზაური #39",
მთავარი რედაქტორი იყო. გაზეთი თვეში ერთხელ გამოდიოდა და დიდი
პოპულარობით სარგებლობდა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებში. მალე
აღნიშნული გაზეთი ერთ-ერთი, იმ დროისთვის სოლიდური, მედია-ჰოლდინგის
წარმომადგენლებმა ნახეს და ნოდიკო უკვე მაღალტირაჟიანი გაზეთის
საყმაწვილო გვერდის რედაქტორად მიიწვიეს.
პროფესია
სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ, მომღერალმა, მშობლების თხოვნით,
თბილისის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა და სახელმწიფო
მართვის მოხელის პროფესიას დაეუფლა.მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი
სასწავლებელი წარჩინებით დაასრულა, მისთვის პრიორიტეტი ყოველთვის იყო
მუსიკა და სიმღერა. ამიტომ, პარალელურად, თბილისის მეორე მუსიკალურ
სასწავლებელშიც ჩააბარა.
პირველი ნაბიჯი დიდ
სცენაზე
6 წლის იყო, როდესაც, დღემდე მისთვის ყველაზე საყვარელ სცენაზე,
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში პირველად დადგა ფეხი. სცენაზე
ნამღერი მისი პირველი სიმღერა ალექსანდრე ბასილაიას ეკუთვნოდა. სწორედ
მაშინ მიხვდა, რომ მისი ცხოვრება მჭიდროდ იქნებოდა დაკავშირებული
მუსიკასთან, სიმღერასთან, სცენასთან და, შესაბამისად,
აუდიტორიასთან.
მისი შემოქმედებითი გზა ძალიან
მრავალფეროვანია. იყო ბევრი საერთაშორისო კონკურსი და მეგაშოუ. ორი
სოლო ალბომი და ერთი სინგლი. ჯამში, შვიდი საერთაშორისო კონკურსის
ლაურეატია. მის ჯილდოებში არაერთი საპრიზო ადგილია - პირველიდან
მესამემდე და, რა თქმა უნდა, არის გრანპრიც.
მთავარი ტრამპლინი "ჯეოსტარი 2009"-ში
გამარჯვება იყო, რის შემდეგაც ნოდიკოსთვის დრო აჩქარდა. შემდეგ იყო
მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური კონკურსი - "ევროვიზია", სადაც
საქართველო სოფო გელოვანთან ერთად წარადგინა. წყვილმა გრანდ-ფინალში
მოხვედრაც შეძლო. ამის შემდეგ, ნოდიკო მრავალჯერ იყო ევროვიზიის
ჟიურის წევრი. მიიწვიეს შვედეთშიც, ყველაზე დიდი შოუს ჟიურის წევრად,
სადაც შვედები საკუთარ წარმომადგენელს ირჩევდნენ "ევროვიზიის"
კონკურსისთვის.
ახდენილი ოცნება
2012 წელს, 25 წლის ასაკში, ყველაზე დიდი სურვილი აუხდა. მან, დიდ
საკონცერტო დარბაზში, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, პირველი სოლო
კონცერტი გამართა, სადაც ლეგენდარული კომპოზიტორის - ალექსანდრე
ბასილაიას მუსიკის ახალი ვერსიები შესრულდა. სწორედ მის ხსოვნას
მიუძღვნა მომღერალმა აღნიშნული საღამო. ყველაზე ბედნიერი იყო იმით,
რომ დარბაზში სრული ანშლაგი შედგა. იგივე პროექტი, სახელად,
"ალექსანდრე ბასილაია - ზღაპარი სიყვარულისა" 2017 წელს კიდევ ერთხელ
გაიმეორა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელიც ასევე, სრული
ანშლაგით გაიმართა. მომღერალი იხსენებს, რომ კონცერტამდე რამდენიმე
საათით ადრე ვებგვერდს, სადაც ბილეთები იყიდებოდა, დაეწერა SOLD OUT,
რამაც მას უდიდესი სიხარული მოუტანა.
ყველაზე დიდი ოცნება...
მისი ყველაზე დიდი ნატვრა "გრემის" ჯილდოა. ამბობს, რომ აქამდე რაც
უნატრია ყველაფერი ასრულებია და იმედს იტოვებს, რომ მის ცხოვრებაშიც
მოხდება სასწაული და მსოფლიოში ყველაზე მაღალი მუსიკალური პრემიის -
"გრემის" მფლობელიც გახდება.
ფიქრობს, რომ..
ცხოვრებაში ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. არ უნდა შეუშინდე
დაბრკოლებებს, უნდა ეცადო ყველაფერზე მაღლა დადგე, განსაცდელები
ღირსეულად მოიგერიო და გადალახო.
სიყვარული...
ცხოვრებაში სრულყოფილებასთან ახლოს რომ იყო, სიყვარული აუცილებელია.
თუმცა, ის არ უნდა ეძებო, თავისით მოვა.
არ უყვარს...
კონფლიქტები, უთავმოყვარეო ადამიანიები და მოღალატეები.
უყვარს...
კეთილი, ერთგული და შრომისმოყვარე ადამიანები.
ცხოვრებაში მთავარია..
ოჯახი, მეგობრები და მსმენელი.
ახალი სიმღერა და კლიპი -
"გემშვიდობები"
ადამიანები, არც თუ ისე იშვიათად, ემშვიდობებიან ერთმანეთს. ხშირად
მიზეზიც აქვთ, მაგრამ ხშირად კონკრეტული მიზეზი არც არსებობს. სწორედ
ესაა ჩემი ახალი სიმღერის ფაბულა და კლიპის შინაარსიც, რომელიც ორი
ადამიანის ურთიერთობის სევდიან დასასრულზე მოგვითხრობს.
სიმღერა და ლექსი ნიჭიერმა ავტორმა - ცირა
ბზიშვილმა დაწერა. მანვე აიღო საკუთარ თავზე მუსიკალური პროდიუსინგი.
კლიპი კი, ჩემმა მეგობარმა და საოცარმა კლიპმეიქერმა, ნესტან
სინჯიკაშვილმა გადაიღო. დამდგმელი ოპერატორი ლევან ლეკიაშვილი, იგივე
"ბუდაა". ვიზაჟზე და თმის სტილზე მაკა შავერდაშვილმა, ბადრი ფევაძემ
და შაკო საჯაიამ იმუშავეს. კლიპში ჩემი საყვარელი ქალის როლს თამაშობს
მსახიობი ანა ჯავახიშვილი. ვიდეოს ორი დღე ვიღებდით ჩემს ახალ სახლში
და "ბიოლში".
თითოეული ჩემი ნამუშევარი, სიმღერა, კლიპი თუ
ნამღერი, ჩემს მსმენელს ეძღვნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალ
სიმღერას და კლიპს მსმენელი ძალიან შეიყვარებს და მათ მუსიკალურ
ფლეილისტში კუთვნილ ადგილსაც დაიკავებს.
ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი, ლიზა
გაბუნია