City Events
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.

დასაწყისი

ყოველთვის მინდოდა დამოუკიდებელი ვყოფილიყავი და საკუთარი საქმე მქონოდა. გადავწყვიტე, ყაზბეგში გამეკეთებინა კონცეპტუალური სასტუმრო და კაფეტერია. ბევრი მეუბნებოდა, რომ ძალიან პატარა ვარ ასეთი რთული წამოწყებისთვის. თავიდან მეშინოდა კიდეც, მაგრამ ეს წინააღმდეგობა კიდევ უფრო მიძლიერებდა სურვილს დამემტკიცებინა, რომ შეუძლებელი არაფერია.
დავწერე ბიზნესგეგმა. გეგმაში გამოიკვეთა ფინანსური მხარე, რასაც მარტო ვერ გავუმკლავდებოდი. ამ ნაწილში გვერდით ოჯახის წევრები დამიდგნენ. ბებიის დახმარებით გამოვიტანე სესხი და დავიწყე სასტუმროს მშენებლობა.

შთაგონება

ამ სფეროში გამოცდილება, პროფესიულ დონეზე არასდროს მიმიღია. თუმცა, მოგზაურობის დიდმა სიყვარულმა და იქ მიღებულმა შთაბეჭდილებებმა გადამაწყვეტინა სასტუმროს აშენება. ყველა დეტალი, რაც სხვადასხვა მოგზაურობის დროს მომეწონა და მიიქცია ჩემი ყურადღება, ავიღე და, ჩემს სასტუმროს შევმატე. ყაზბეგის ბუნების ხედები და სილამაზე რომ არ დამერღვია, მაღალი შენობის აშენებაზე უარი ვთქვი და არჩევანი რამდენიმე პატარა კოტეჯზე შევაჩერე.

მოულოდნელი სირთულეები

მშენებლობა დავიწყეთ ცარიელ მიწაზე, მიტოვებულ და მოუვლელ ნაკვეთზე. ყაზბეგის ამინდები ხომ იცით - შემოდგომა განსაკუთრებით ცივი და წვიმიანია, ზამთარში მიწა იყინება და თითქმის შეუძლებელია სამუშაოების წარმოება. ამასთან ერთად, განსაკუთრებულად რთული პერიოდი, პანდემიაც დაგვემთხვა. ყველაფერი დროულად რომ მოგვესწრო, გვიწევდა დილით ადრე თბილისიდან ყაზბეგში გამგზავრება და კომენდანტის საათამდე უკან დაბრუნება.
განსაკუთრებული მხარდაჭერა

ძალიან დამეხმარნენ მეგობრები. ზოგი ღებავდა, ზოგი ხეებს რგავდა. თეკლა კიღურაძემ და ოთო ცაგარეიშვილმა მომიხატეს ოთახის კედლები, რამაც სასტუმროს თითოეულ ოთახს მეტი ინდივიდუალიზმი შესძინა.
მშენებლობის პროცესი

გამიჭირდა ხელოსნებთან შედეგიანი კომუნიკაციის დამყარება. ალბათ ასაკის გამო, სერიოზულად არ იღებდნენ ჩემს შენიშვნებს. თუმცა, თანდათან, მუშაობის პროცესში, ერთმანეთს შევეწყვეთ და 2020 წლის ზაფხულისთვის ნაკვეთზე უკვე სამი კოტეჯი და ერთი შენობა კაფეტერიისთვის მზად იყო.

დღეს

ჩვენი პატარა სასტუმრო ყოველდღიურად 15-20 სტუმარს მასპინძლობს. საბოლოო მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრი გეგმა მაქვს განსახორციელებელი, ბევრი რამ სასწავლი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ შევძლებ სტეფანწმინდაში ამოსული ხალხი ჩემთან, "კრებულში" შეიკრიბოს.

სასტუმრო "კრებული" ჩემი ისტორიით დაიწყო და იმედი მაქვს, ბევრი მოგზაურობის მოყვარულის ამბით გაგრძელდება. ჩემი სასტუმროს სახელიც ხომ სწორედ ამას გულისხმობს - საინტერესო ისტორიების კრებული.

ფოტო: ბექა ჯავახიშვილი

Print