ახალი ამბები
მეგობრული პარტნიორობა უზნაძის 103-ში

გოგნი და ხუჯიკა, სამედიცინო წრეებში ოტორინოლარინგოლოგები, გიორგი გოგნიაშვილი და მიხეილ ხუჯაძე, თბილისის ერთ-ერთი ისტორიული შენობის ისტორიულ ბაღში მხვდებიან. სამუშაო დღე ორივესთვის დასრულებულია, ცოტაც და დაღამდება, თუმცა სახლში არც ერთს არ მიეჩქარება.

რამდენიმე საათის წინ ბავშვობის მეგობრებმა და წარმატებულმა ექიმებმა მათ ცხოვრებაში, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. ახლობლებისა და ნაცნობებისთვის კონტრაქტს ჰქვია მარტივად: ხუჯიკა და გოგნი გაერთაინდნენ, სამედიცინო სამყაროსთვის კი ერთი სერიოზული ექსკლუზივია: დღეიდან ოტორინოლარინგოლოგიისა და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგულ სამეცნიერო ცენტრს ხუჯაძე-გოგნიაშვილის სახელი ჰქვია. გიორგი გოგნიაშვილსა და მიხეილ ხუჯაძეს კიდევ აქვთ ერთი საერთო რამ- ორივე ოტორინოლარინგოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ცნობილი ქირურგის, შოთა ჯაფარიძის მოსწავლეები არიან, რომელმაც მომავალი წარმატებული ოტორინოლარინგოლოგების პროფესიულ განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. კლინიკის შექმნის იდეა კიდევ ერთ მეგობარსა და სამედიცინო სფეროში ცნობილი გვარის წარმომადგენელს ივა ქევანიშვილს ეკუთვნის, რომელმაც ჯერ კიდევ წლების წინ მეგობარ ოტორინოლარინგოლოგებს გაერთიანება და საკუთარი კლინიკის დაფუძნება შესთავაზა. იდეა თანდათან მწიფდებოდა, კლინიკა ჯერ ივა ქევანიშვილმა და მიშა ხუჯაძემ დააფუძნეს, პირველი მარტიდან კი მათ გიორგი გოგნიაშვილი შეუერთდა. ერთი პროფილის წამყვანი პროფესიონალების გაერთაინების პრეცედენტები მედიცინაში, ცხადია, არსებობს,თუმცა მაინც იშვიათობაა, ამდენად, კლინიკის გუნდს საამაყო ახალი ამბავი აქვს.

- თან კარგი ისიცაა, რომ სათქმელად უფრო მოკლე სახელწოდებაა, ხუჯაძე-გოგნიაშვილი, - გვეუბნება კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომელი, - ორივე ძალიან ცნობილი და წარმატებული ექიმია და ამ სახელის ხსენებით პაციენტებს უკვე კონკრეტული და ამომწურავი ინფორმაცია აქვთ.

- ამბავი საბჭოთა საქართველოში იწყება. ორ ძმაკაცს, იმდროინდელი მეცხრე საავადმყოფოს ფაქტობრივ დამფუძნებლებსა და ამშენებლებს, ომარ ხუჯაძეს და ოთარ გოგნიაშვილს ბიჭები შეეძინათ. ომარ ხუჯაძე ანესთეზიოლოგიის და საოპერაციო ბლოკის განყოფილების უფროსი იყო , ოთარ გოგნიაშვილი - ბიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. შვილების სამედიცინო მომავალი, თითქოს, იმთავითვე იყო განსაზღვრული. თუმცა შვილები მამებთან ყოფნის სხვა ეპიზოდებსაც იხსენებენ;

გიორგი გოგნიაშვილი : მე და მიშა ძალიან პატარები ვიყავით, როცა მამები ერთად გვატარებდნენ კარატეზე და საზიარო ვიდეომაგნიტოფონზე ფილმებს, ფეხბურთსა და მულტფილმებს გვაყურებინებდნენ. - იხსენებს გიორგი გოგნიაშვილი.

მიშა ხუჯაძე : ჰო, კარატეზე მივყავდით, ზოგჯერ სახინკლეშიც გაგვატარებდნენ. გიორგი ჩემზე სამი წლით პატარაა, ადრეულ ასაკში ეს მაინც დიდი სხვაობაა და ჩემი თავი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მეგონა გოგნისთან შედარებით, რეალური და ნაღდი ძმაკაცობა გვიან მოვიდა, ცოტა რომ წამოვიზარდეთ
უფროსი გოგნი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, 48 წლის ასაკში, გიორგი მაშინ 13 წლის ბიჭი იყო და დღევანდელ მის წარმატებაში დიდი წვლილი დედას, ნინა ჩხეიძეს მიუძღვის, რომლის ცხოვრების მთავარ მიზნად გიორგის განათლება და პროფესიონალად ჩამოყალიბება იქცა. გიორგი კიდევ ერთ ადამიანს იხსენებს, მამამისის ძმაკაცს, ომარ ხუჯაძეს:

გიორგი გოგნიაშვილი : მიშას მამამ, ომარ ხუჯაძემ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. გერმანიიდან საქართველოში ახლად დაბრუნებულს ძალიან მჭირდებოდა მხარდაჭერა. ის სულ გვერდით მედგა და მეხმარებოდა. იქამდე, კი ვიდრე მიშა საფრანგეთში სწავლობდა, მე და ომარ ბიძიამ ერთად ვიპოვეთ ის ადგილი, სადაც ახლა მიშას მშობლები ცხოვრობენ. ეს ადგილი ადრე ხრიოკი იყო, ახლა კი იქ ძალიან ბევრი ხეა. ომარ ბიძიამ ყველა ხეს თავისი საყვარელი ადამიანების სახელები დაარქვა. ერთ-ერთ ნაძვს მამაჩემის სახელი ჰქვია. ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ ახლა ამ მეგობრობას ჩვენი შვილები განაგრძობენ.

თუმცა, მამების გარდა, ოტორინოლარინგოლოგთა ცხოვრებაში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ადამიანია, ადამიანები, ვისი მეცადინეობითაც დღეს ორივე წარმატებული ქირურგის სახელს ატარებს. ეს ფრანგული და გერმანული ოტორინოლარინგოლოგიის მამები, ცნობილი საექიმო სკოლის წარმომადგენლები არიან. მიშა ხუჯაძის სკოლა ფრანგულია, გიორგი გოგნიაშვილის - გერმანული.

მიშა ხუჯაძე: 1997 წელს წავედი საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეს საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც საფრანგეთის ერთ-ერთ უდიდეს ქირურგს, პროფესორ ბერნარ გერიეს მივებარე. 3 წელი ვიმუშავე ამ კლინიკაში. იმ გამოცდილებით, რომელიც მე საფრანგეთში დამხვდა, ჩემი პროფესიული საქმიანობის განვითარება და გამრავალფეროვნება შევძელი, რაც არა მარტო ყურის, ცხვირისა და ყელის პათოლოგიებს, არამედ მთლიანად თავ-კისრის პათოლოგიებს მოიცავს. მონპელიეს საუნივერსიტეტო კლინიკის თავ-კისრის ქირურგიის კათედრა ყელ-ყურსაც აერთიანებდა. ჩვენ ვაკეთებდით ოპერაციებს ფარისებრ ჯირკვალზე, სანერწყვე ჯირკვლებზე, ხორხზე, ხახის და სხვა სიმსივნეებზე, ასევე, ყურის ოპერაციებს, მათ შორის, კოხლეარულ იმპლანტაციებს. ეს პრაქტიკა, ბუნებრივია, ჩვენს კლინიკაშიც გადმოვიტანეთ. ფრანგებს ძალიან გაუკვირდათ, როცა 2000 წელს საქართველოში დავბრუნდი, თუმცა ჩემთვის ამაში საოცარი, რა თქმა უნდა, არაფერი ყოფილა. მე მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ აქ უფრო სასარგებლო ვარ, ვიდრე საფრანგეთში.

გიორგი გოგნიაშვილი: სამედიცინო უნივერსიტეტი მეც თბილისში დავამთავრე და შემდეგ გერმანიაში, გრაიფსვალდის საუნივერსიტეტო კლინიკაში წავედი. იქ 2003 წლის თებერვლიდან 2006 წლის სექტემბრამდე ვიმუშავე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი უშუალოდ კლინიკაში, სადაც გამუდმებით ოპერაციები და კონსულტაციები მიმდინარეობდა. გამიმართლა, რომ ჩემი უფროსები ორი გენიალური ადამიანი და პროფესიონალი, პროფესორი ჰოზემანი და მლინსკი იყვნენ, რომლებიც ყოველ წელს გვსტუმრობენ და ჩვენთან უფასო ოპერაციებს აკეთებენ. პროფესორი მლინსკი , მასწავლებლის და უფროსი კოლეგის გარდა, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადამიანია, ფაქტობრივად, ოჯახის წევრი. როცა პროფესორ მლინსკის ჩემი და მიშას გაერთიანების შესახებ ვუთხარი, ძალიან გაუხარდა და სექტემბრისთვის მისი ჩამოსვლაც დავგეგმეთ. ის ჩვენთან ურთულეს, კერძოდ, რეკონსტრუქციულ ოპერაციებს გააკეთებს და დაეხმარება, მაგალითად, ისეთ პაციენტებს, რომლებმაც უკვე მრავალჯერ გაიკეთეს ოპერაცია და ნორმალურად ვერ სუნთქავენ, პაციენტებს, რომელთაც სჭირდებათ ტრანსპლანტაცია ნეკნიდან, ყურის ხრტილიდან და ა.შ. ამ ურთულეს ოპერაციებზეც ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ.

კოლეგებისა და მეგობრების მთავარი მიზანი ახალგაზრდა თაობის აღზრდა და ძლიერი სკოლის შექმნაა, უკვე დღეს მათ კლინიკაში ახალი თაობის ოტორინოლარინგოლოგები მუშაობენ.

მიშა ხუჯაძე : ჩვენს უმცროს კოლეგებს უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ აქ, ამ კლინიკაში ეზიარონ როგორც ფრანგული, ისე გერმანული სკოლის საუკეთესო წარმომადგენელთა გამოცდილებასა და ცოდნას.ჩვენი ძალისხმევა სწორედ აქეთკენაა მიმართული, რომ ის, რაც ჩვენ გვასწავლეს და რისთვისაც ჩვენ, მოდით ასე ვთქვათ, საკმაოდ რთული გზა გავიარეთ, შედარებით გავუმარტივოთ მათ და საქართველოში შეძლონ ჩვენი უცხოელი კოლეგების დახმარებით გაზრდა.

გიორგი გოგნიაშვილი : ეს ამბავი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ექიმებისთვის, არამედ პაციენტებისთვისაც. არსებობენ პაციენტები, რომელთაც სურთ, ოპერაცია მხოლოდ და მხოლოდ უცხოელ სპეციალისტთან გაიკეთონ. ამის უზრუნველყოფას ჩვენ შევძლებთ პაციენტის მხრიდან ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გაწევის გარეშე. ჩვენს კლინიკაში ჩამოდიან და ჩამოვლენ ფრანგი და გერმანელი სპეციალისტები. რაც მთავარია, ეს პაციენტს არა მხოლოდ დამატებით ხარჯს აარიდებს, არამედ დაიცავს ყველა იმ გართულებისგან, რომელიც ახალნაოპერაციევ პაციენტს უცხოეთიდან საქართველოში გადმოფრენისას ემუქრებოდა.

მიშა ხუჯაძე: გერმანული და ფრანგული სკოლა, რასაკვირველია, ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ არა დადებითი ან უარყოფითი ნიშნით. ისინი ერთმანეთს ავსებენ. მე და გიორგის საფრანგეთსა და გერმანიაში გვყავს ძალიან კარგი ექიმები, ჩვენი მეგობრები, რომლებთანაც მუდმივი კონსილიუმები გვაქვს და პროფესიულ და მეგობრულ ურთიერთობას არ ვწყვეტთ. ამიტომ, ნებისმიერი სადავო საკითხი ჩვენს კლინიკაში ორი ქვეყნის და ორი უმაღლესი კლასის - გერმანული და ფრანგული სკოლის მასშტაბით განიხილება. ასე რომ, ჩვენი ნებისმიერი სამედიცინო დასკვნა უფრო პროფესიონალური და ღრმაა. არცერთ ნამდვილ ექიმს აზრის გაზიარება და რჩევის მიღება არ ეთაკილება, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ჩვენ არასდროს გაგვჭირვებია ერთმანეთისთვის აზრის კითხვა და რჩევის მიცემა.

გიორგი გოგნიაშვილი : ჩვენს კლინიკაში, ევროპის წამყვანი ქყვეყნების მსგავსად, ყელ-ყურ-ცხვირი არ არის ცალკე დისციპლინა და ის თავ-კისრის ქირურგიასთანაა გაერთიანებული. სწორედ ესაა ევროპის დიდი საუნივერსიტეტო კლინიკების პრაქტიკა, რომელსაც ქართველი ახალგაზრდა ექიმები ჩვენს კლინიკაში გაეცნობიან. მიშამ მოახერხა, ამ ნიშნით გაეერთიანებინა ეს კლინიკა და ახლა მას მეც შემოვუერთდი. მედიცინა მუდმივ განახლებას, ინფორმირებულობას, ახლის დანერგვას ითვალისწინებს. მაგალითისთვის, ბავშვთა ცხვირის ქირურგია. ადრე მიიჩნევდნენ, რომ თუ ბავშვს ცხვირზე დეფორმაციული სახის პრობლემა ჰქონდა, ოპერაცია გარდატეხის ასაკამდე, 16 წლამდე უნდა გადაგვედო. ეს ძალიან დიდ სირთულეს უქმნიდა მცირეწლოვან პაციენტს, რომელსაც დაახლოებით ათი წელი მაინც სუნთქვის პრობლემებით უნდა ეცხოვრა. გერმანელ კოლეგებთან ერთად საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ ამ საკითხზე, უკვე 50 წარმატებული ოპერაცია ჩავატარეთ და ბავშვებს ადრეულ ასაკში მოუგვარდათ სუნთქვის პრობლემა. ეს ოპერაციები, ცხადია, ჩვენს კლინიკაშიც ჩატარდება. მოკლედ, ბევრი სიახლე იქნება და, რაც მთავარია, დაუღალავი შრომა, რისთვისაც, მეც, მიშაც და ჩვენი გუნდი მზად არის.

- კონკურენცია ? - ვეკითხები ბავშვობის მეგობრებსა და ახლა უკვე პარტნიორებს
- კონკურენცია იქნება, აუცილებლად, მხოლოდ იმ კუთხით ვინ უფრო მაგრად შეაყვარებს შვილებს ამ პროფესიას. - ამბობს გიორგი
- ამ ამბავს მაშინ შენ დაგითმობ, მე ბიჭებს კარატეზე წავყვები, როცა მოვიცლი, ცხადია. - აკონკრეტებს მიშა ხუჯაძე.


ბექა ღიბრაძე
ფოტო: ლიგ სტუდიო



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა,
მეგობრებთან ერთად, ახალი ბენდი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო
მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა, მეგობრებთან ერთად, ახალი ბენდი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "ადამოში" გაიმართა. ბენდის სახელი მოფიქრების პროცესშია. სხვათა შორის, სიამოვნებით მოისმენენ თქვენს იდეებსაც. აი, ბენდის წევრების სახელები კი უკვე ბევრისთვის ნაცნობია- ზუკა ხუციშვილი, ლევან ჩხაიძე, დავით ლონდარიძე, გიორგი ჭაუჭიძე, რეზი ედგარიძე და უმშვენიერესი ანანო ღიბრაძე.
09:50 / 15.07.2019
"სითის" და "ნიკორა სუპერმარკეტის" ერთობლივი ფოტოპროექტი
09:04 / 15.07.2019
თანამედროვე ცხოვრებაში
ყოველდღიურად იმსხვრევა გენდერული სტერეოტიპები. იცვლება
დამოკიდებულება ბავშვის მოვლასა და აღზრდაში მამების მონაწილეობასთან
დაკავშირებით. დღეს, მამებს შვილების აღზრდის პროცესში უკვე გაცილებით
მნიშვნელოვანი როლი აქვთ და მეტი ჩართულობა. ცნობილი, საქმიანი და
დაკავებული მამებიც წარმატებით ცდილობენ შვილებს მაქსიმალურად დიდი
დრო დაუთმონ და დედებთან ერთად, თითქმის თანაბრად ჩაერთონ მათ
აღზრდაში.
თანამედროვე ცხოვრებაში ყოველდღიურად იმსხვრევა გენდერული სტერეოტიპები. იცვლება დამოკიდებულება ბავშვის მოვლასა და აღზრდაში მამების მონაწილეობასთან დაკავშირებით. დღეს, მამებს შვილების აღზრდის პროცესში უკვე გაცილებით მნიშვნელოვანი როლი აქვთ და მეტი ჩართულობა. ცნობილი, საქმიანი და დაკავებული მამებიც წარმატებით ცდილობენ შვილებს მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმონ და დედებთან ერთად, თითქმის თანაბრად ჩაერთონ მათ აღზრდაში.
11:42 / 13.07.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2191
TRY
TRY
1
0.5040
USD
USD
1
2.8714
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა