City News
The Movement TV / "სთორითელერები"
21-ე საუკუნეში ადამიანი თავად არის ტელევიზია

"სითის" ვუბრუნდები. ამ ჟურნალში დაარსების დღიდან ვწერდი, თუმცა ფრაგმენტულად, წლების განმავლობაში, მაშინ, როცა საინტერესო ამბავი მქონდა მოსაყოლი ან ბლოგი "მეწერინებოდა". 

ახლა აქტიურად ვბრუნდები. დაბრუნებაც სიმბოლურია _ "სითიში" ჩემმა საყვარელმა მეგობრებმა და კოლეგებმა ერთად დამაბრუნეს. ისეთი მოტივაცია მომცა ეკამ ხოფერიამ, რომ სიხარულით დავთანხმდი ყველასთვის გამეზიარებინა ჩემი დამოკიდებულება ამ ახალი ჟურნალისტური "მოძრაობაის" _ The Movement TV-ს მიმართ, რომელიც ერთდროულად კინოც არის და ჟურნალისტიკაც. ეს სრულიად ახალი, ერთგვარად კონცეპტუალური ინტერნეტპლატფორმა უმაგრესმა გოგოებმა შექმნეს. მათი იდეა ჩემ თვალწინ დაიბადა, განვითარდა, განხორციელდა, შედგა და გახდა იმაზე მეტად წარმატებული, ვიდრე ჩაფიქრებული იყო. მიხარია, რომ ამ ნოვატორული პროექტის ავტორები ჩემი მეგობრები _ ეკა ქადაგიშვილი და ანანო ბაკურაძე არიან.
ჯერ კიდევ P. S.-ში მუშაობდნენ, როცა გამიზიარეს _ ტელევიზიიდან წამოსვლა და ჩვენი ინტერნეტტელევიზიის გახსნა გვინდაო. თავიდან კარგად ვერ გავიაზრე, რას გულისხმობდნენ _ ისეთი ამბები უნდა მოვყვეთ და ისეთი ფორმატი უნდა შევქმნათ, რისთვისაც ტელევიზიაში ადგილი და დრო არასდროს არისო, _ მიხსნიდნენ. მოკლედ, მალე ისე მოხდა, რომ ამ ამბების შექმნაში და ნოვატორულ ინტერნეტტელევიზიაში მეც ჩამრთეს _ Iphone Reporting გაგიგიათ? რომ არა Movement TV, წელიწადნახევრის წინ არც კი დავიჯერებდი, რომ სრულყოფილი სიუჟეტის გაკეთება ტელეფონითაც არის შესაძლებელი. 2017-ის ოქტომბერში, ლაიფციგში, დოკუმენტური ფილმების ფესტივალს ვესწრებოდი, როგორც კინოცენტრის პიარი _ ჰოდა, ვაიბერით გოგოების ერთი "დაჟინებული" ზარის შემდეგ, დავიწყე ვიდეოების გადაღება ტელეფონით. ოღონდ არა ინსტაგრამის "სთორებისთვის". აი ასე, მარტივად, სულ მარტომ, სიუჟეტი ქართული კინოს ფოკუსზე ოპერატორის გარეშე და, არც მეტი, არც ნაკლები _ აიფონით გადავიღე, თანაც "სელფი კადრებით", სელფის ჯოხის გარეშე, წარმოიდგინეთ. მასალა ეკას და ანანოს ოპერატიულად, ტელეფონითვე ავუტვირთე. შემდეგ, თბილისში, ეს კადრები და ინტერვიუები თავად დაამონტაჟეს, "გატიტრეს" და საბოლოო პროდუქტი უკვე Movement TV-ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვნახე. ვერ ვიჯერებდი, რომ თურმე ასე მარტივად არის შესაძლებელი სიუჟეტის გაკეთება. თანაც, თვითკრიტიკულობის მიუხედავად, პირველი აიფონ რეპორტაჟისთვის თითქოს არა უშავდა. მთავარია თქვა სათქმელი! აი, მაშინ დავიჯერე _ Self Made ჟურნალისტიკის, სელფი კამერის, სელფი მოყოლის, სელფი "კარწინკის" და რომ 21-ე საუკუნეში ადამიანი თავად არის ტელევიზია. 



ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ვითანამშრომლე ჩემი გოგოების Movement TV-სთან. მეც მათსავით დავიწყე ისტორიების ძებნა ყველგან და ამბებს სხვანაირად შევხედე _ რამდენად საინტერესო იქნებოდა ესა თუ ის ამბავი Movement TV-ს კონტენტისთვის, ანუ უნებურად "პროდიუსერად" გადავიქეცი მეც. შემდეგ, Movement TV-ის ობიექტივში ჩემი შვილი და მისი მეგობარი მოხვდნენ თავიანთი ისტორიით _ როგორ უნდა შეებრძოლონ რუსულ პროპაგანდას. ამასწინათ, კიდევ ერთი ვიდეოს იდეა მომივიდა თავში _ წლების შემდეგ, ყველაზე მოკრძალებული პრინცესა _ ანა ბაგრატიონი Movement TV-ის ობიექტივში გვაცნობს თავს. ვიდეო საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა _ ასიათასზე მეტი ნახვით და ასე "ვიმოძრავე" ამ ტელევიზიასთან ერთად მისი შექმნის დღიდან. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ Movement TV-საც ვენათესავები და ჟურნალ "სითისაც." ახლა კი, ვცდილობ ვიყო შუამავალი ამ ორ მედიარგოლს შორის და მოგითხროთ რატომ და როგორ ხვდება ისტორიები Movement TV-ის ვიდეოებში. 

გოგოების ოფისიც განსაკუთრებულია და თავისი ისტორია აქვს. საკუთარი სახლი ეზოთი _ აქ, წლების წინ, ანანოს ბებია ცხოვრობდა. 

ანანო: "დედაჩემი აქ იზრდებოდა. მეც ნახევრად ამ სახლში გავიზარდე. ბებიაჩემის გარდაცვალების შემდეგ, აქაურობა დაკეტილი იყო. შემდეგ, როცა გადავწყვიტე ეს სახლი ოფისად მექცია, სულ შევცვალეთ მთელი სივრცე, სრულად გადავაკეთეთ და სულ სხვა გარემოა ახლა ვიზუალურად. თუმცა, მე მჯერა ენერგიების. ბებიაჩემისნაირ ძლიერ ქალს დღემდე არავის ვიცნობ. მარტო ზრდიდა დედაჩემს. საოცარი ქალი იყო და სულ ვგრძნობ აქ ბებიაჩემის ძალას, მის აურას. ახლაც, აქ სულ ქალები ვართ, ასე მოხდა."

ნინია: ეკა, გამახსენე კიდევ ერთხელ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? 



ეკა: "ზუსტად მახოსვს როგორ დაგვებადა იდეა. მაშინ მე და ანანო ტელევიზიაში ვმუშაობდით. ვისხედით ერთ-ერთ სამონტაჟოში და ვლაპარაკობდით ზოგადზე, რომ არსებობენ საინეტერესო ადამიანები და ამბები, რომლებიც რჩებიან სატელევიზიო ფორმატის მიღმა. ანანომ თქვა, მალე კამერა მექნებაო, ვკითხე _ იცი გადაღება? კი, ვიციო. და აი, რაღაცნაირად უცებ მოხდა. სახელიც ძალიან მალე მოვიფიქრეთ, რომელიც ანანოს მამის _ კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის სახელმა გვიკარნახა. ჩვენი პლატფორმა მოძრაობის თეატრის ბაზაზე შეიქმნა. მოკლედ, მივიჩნიეთ, რომ ბევრი რამ რჩებოდა მეინსტრიმული მედიის მიღმა და ეს არ იყო სამართლიანი. ასე ვცადეთ დაგვეწყო საინტერესო თემებზე, ადამიანებზე ვიზუალური თხრობა.

ნინია
: ანანო, შენ რატომ მოგინდა ჟურნალისტიკაში ახალი გზის ძიება?

ანანო
: ტელევიზია, ცხადია, სულ იქნება, მაგრამ თუ გინდა რომ უფრო ახალგაზრდა მაყურებელი გყავდეს, მგონია რომ "დიჯითალი" არის ის სივრცე, სადაც შეიძლება იყო ჟურნალისტი. განვითარებულ ქვეყნებში არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ტელევიზიაში იმუშაო ჟურნალისტად. მნიშვნელოვანი მგონია, რომ იყო არა "საყველაფრო" ჟურნალისტი, არამედ ვიწრო პროფილი აირჩიო, რომ ხარისხი უფრო მაღალი იყოს. აქ უფრო მეტი დროც გაქვს.
რაც ეხება სტილს და ფორმას, გზადაგზა ვისწავლეთ და გზადაგზა ჩამოვყალიბდით. თავიდან პროდუქტს ფეისბუქის გვერდზე სატელევიზიო სიმკაცრით ვტვირთავდით _ კონკრეტულ დროს, კონკრეტული რუბრიკა. იყო ვარჯიშის და იოგას ვიდეოებიც. მერე მოხდა ისე, რომ გადავიღეთ ლანა ღოღობერიძე და ეს ვიდეო გარდამტეხი აღმოჩნდა. მაშინ მივხვდით, დრო და რუბრიკები არ იყო მთავარი და რომ მსგავსი ისტორიები უნდა გაგვეკეთებინა სულ. ასე მივედით Storytelling-ამდე. ჩვენი ფოკუსი ადამიანზეა. ასევე, საინტერესო თემებზე, რომლებიც ადამიანებს აწუხებთ.
ნინია: ასევე, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თქვენ თავად ასრულებდით ტექნიკურ სამუშაოსაც. ანანო იღებს და ეკა, შენ ამონტაჟებ. ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ მემონტაჟე და ოპერატორიც გოგოები არიან. ამაზე ბევრი გვიხუმრია.

ეკა: იცი რა, ძალიან მენანება და ანანოც ასეა, რომ სხვის ხელში მოხვდეს ის, რასაც ჩვენთვის ვაკეთებთ. ნამდვილად არ ვიქებ თავს, მაგრამ მგონია, რომ კარგად გამოგვდის, უფრო ნატურალურად, ზედმეტი დადგმის გარეშე, ინტერვიუს კითხვების წინასწარ მომზადების გარეშე. უბრალოდ, ადამიანებთან დიალოგში შევდივართ და მგონია, რომ ამან ძალიან გაამართლა.

ანანო: ზუსტად ასეა, ამ ციფრულ სამყაროში ახლა უკვე მთავარია რას იღებ, თუნდაც ტელეფონით. ძალიან ბევრი ნახვა აქვს ხოლმე ისეთ ვიდეოებს, რომელიც ქმნის ბუნებრიობის განწყობას _ რომ არის ზუსტად იმ მომენტში, იმ ადგილას გადაღებული, სადაც საინტერესო ამბავი ხდება და თითქოს "მუვმენტის" ვიზუალიც ასეთ განცდას ტოვებს. ცხადია, ტელეფონით გადაღებულზე ხარისხიანია ჩვენი ვიდეოები, თუმცა ტელეფონითაც ხომ გადაგვიღია, აი თუნდაც შენ, ლაიფციგში. პირველი იყო შენთან ერთად.

ნინია: როგორ მოხვედით ამ ფორმატამდე?



ეკა: როცა ხარ ჟურნალისტი, ოღონდ როდესაც ეს არის უბრალოდ პროფესია კი არა, მოწოდება და შენი ნაწილი, მგონია, რომ ყოველთვის ხარ ორიენტირებული სიახლეებზე. რაღაცას აკეთებ, ეძებ, რომ მიაგნო უფრო საინტერესო ფორმას. ტელევიზიაში მივხვდით, რომ ამ სფეროში უნდა გვეცადა ბედი იმიტომ, რომ დავინახეთ მომავალი და რაც მთავარია, ჩვენი თავიც დავინახეთ ამ მომავალში. მგონია, რომ ახლაც, ყოველი ნამუშევრიდან მომდევნო ნამუშევრამდე ვიზრდებით. გვიფართოვდება ხედვა, ასევე ვვითარდებით როგორც ინტერვიუერები და ვიზრდებით გადმოცემის ხერხებშიც _ ამის საშუალებას გვაძლევს ეს სივრცე, ციფრული სამყარო. ტელევიზია არ გაპატიებს ასეთ ექსპერიმენტებს. ჩვენი ვიდეოები რომ გაუშვა ტელევიზიით, ცხადია არ იქნება ის, რა ხიბლიც აქვს სოციალურ მედიაში. არ არის ეს სატელევიზიო კონტენტი.

ნინია: კერძო დაკვეთებს რაც ეხება, ეს მიმართულება ცალკე გაქვთ, როგორც ვიცი.

ანანო: ჩვენ გვაქვს ორი სეგმენტი, "მუვმენტ ტვ" და არის "მუვმენტ ფროდაქშენი". "ფროდაქშენში" ვიღებთ ვიდეოებს დაკვეთით კლიენტებისთვის და კომპანიებისთვის. თუმცა, ჩვენი მთავარი პლატფორმა არის "მუვმენტ ტვ". სწორედ ეს პროდუქტი მოსწონთ და ამიტომ გვიკვეთავენ, შემდეგ უკვე, კერძოდ. ჩვენც ბევრი რამის სწავლა მოგვიწია ციფრულ სივრცეში. ასე მარტივად არ არის, ამ სფეროსაც აქვს თავისი წესები, კანონები, ხრიკები _ ათიათასობით ადამიანი რომ დასვა და აყურებინო, ამასაც უნდა ცოდნა და გამოცდილება. ახლა უკვე იქამდე მივედით, რომ ხან ტელევიზიაში, ხან დიდი კერძო კომპანიების გვერდებზე, პლაგიატობასაც აქვს ადგილი. ეს ჩვენთვის გამოწვევაც არის და მიღწევაც, ერთგვარი კომპლიმენტიც. გვიწევს სულ ახალი ფორმების ძიება.

ეკა: "ფროდაქშენის" დაკვეთებსაც ხელს ვკიდებთ მხოლოდ იმის მიხედვით, თუ ჩვენს გემოვნებას შეესაბამება. ყველაფერს არ და ვერ ვიღებთ. არის დიდი მოთხოვნა, რომ დაკვეთილი ვიდეო განვათავსოთ ჩვენსავე გვერდებზე _ გვაქვს ოთხი მიმართულება _ ფეისბუქის გვერდი, ვებგვერდი, იუთუბ ჩენელი და ინსტაგრამი. მაგრამ ამას არასდროს ვაკეთებთ. ჩვენს პლატფორმებზე ვდებთ მხოლოდ იმ კონტენტს, რასაც ჩვენ მივიჩნევთ საჭიროდ. არანაირი თანხის სანაცვლოდ არ ვდებთ დაკვეთილ ვიდეოს ჩვენთან. ამასწინათ დავთვალე და ამ 2 წელიწადში 240-მდე ვიდეო დაგვიგროვდა, მხოლოდ Movement TV-ში, "ფროდაქშენს" არ ვგულისხმობ.

ნინია: როგორც ვხედავ, თქვენი მთავარი სამარკო ნიშანი მაინც "სთორითელინგია."

ანანო: ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ამბავი. ჩვენ ყველანი ვართ ჩვენი ამბის შედეგი _ ჩვენ ვქმნით ჩვენსავე თავს. ის, რასაც ჩვენ სხვაში ვეძებთ, არის ისტორიები, რომლებიც შესაძლოა სხვისთვის გამოცდილება იყოს, ვიღაცის ამბავი შეიძლება შენთვის იყოს მოტივაცია, ან შთაგონება, შეიძლება პირიქით, სხვანაირად დაინახო შენი თავი. ყველა ადამიანს, ცხადია, ჩვენი ყველა ვიდეო არ დააინტერესებს, მაგრამ არ არსებობს ვერ მოძებნოს ჩვენთან ისეთი ვიდეო, რომელშიც საკუთარ კავშირს ვერ აღმოაჩენ რომელიმე ამბავთან. მე მგონია, რომ ყველა ადამიანს ამ პლანეტაზე აქვს ისეთი ამბავი, რაც შეიძლება გაუზიაროს სხვას.

ეკა: უკვე მანიად მექცა მგონი, ყველაფერში "სთორის" ვხედავ. დავდივარ ქუჩაში და ვეძებ ისტორიებს. კი არ ვეძებ, ბუნებრივად გამოდის _ იმ დღეს დავინახეთ ძალიან ლამაზი, ნათელი გოგო ნახატებს ყიდდა პეკინზე. მაშინვე შევხედეთ ერთმანეთს მე და
ანანომ _ ხომ არ გადაგვეღო?- ვთქვით ერთდროულად. მივბრუნდით, იმ გოგომ კი არ მოინდომა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ქუჩაში ყოველი გასვლისას შეიძლება საინტერესო ამბავს გადააწყდე.

ანანო: ჩვენ გვიჭირავს სოციალურ-კულტურული ნიშა. რასაც ვაკვირდები, ბოლო დროს, ტელევიზიებში კულტურას საერთოდ აღარ ეთმობა დრო. ჩვენი ცხოვრება გაჯერებულია, ძირითადად, პოლიტიკით. მგონია, რომ ჩვენნაირ სამყაროში მნიშვნელოვანია ჰქონდეთ პლატფორმა იმ ადამიანებს, ვინც ქმნის არტს, ვინც ებრძვის უსამართლობას, ვინც კულტურის სფეროში განსხვავებულს აკეთებს, ვისაც რაღაცის მიმართ პროტესტი აქვს. ასეთ ადამიანებს ვეძებთ და ალბათ, ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაც ავიღეთ, თუნდაც მომავალი თაობა რომ მეტად გაეცნოს მსგავს თემებს და არა მხოლოდ იმას, რასაც ახალ ამბებში გადმოსცემს ტელევიზია.

ეკა: ჩვენი კონცეფციაა, მოგითხროთ ამბავი ადამიანზე _ სოციალურ-კულტურულ ჭრილში, კინემატოგრაფიული ხერხებით. ამ მიმდინარეობას თანამედროვე მსოფლიოში Storytelling-ი ჰქვია და ჩვენც კომუნიკაციის ეს ფორმა ავირჩიეთ. იმოძრავეთ ჩვენთან ერთად!


ტექსტი: ნინია ახვლედიანი
ფოტო: LIG Studio
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქეთი ხატიაშვილი, ტანმოვარჯიშე,
ქეთი ხატიაშვილი, ტანმოვარჯიშე, "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის" დამფუძნებელი:
12:21 / 16.08.2019
განსხვავებული და უნიკალური
საკვები, დესერტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები –
თბილისში პირველი გასტროპაბი GOYA გაიხნა.
გასტროპაბი მაღალი ხარისხის რესტორნისა და პაბის ჰიბრიდია და ის
მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს.
განსხვავებული და უნიკალური საკვები, დესერტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები – თბილისში პირველი გასტროპაბი GOYA გაიხნა. გასტროპაბი მაღალი ხარისხის რესტორნისა და პაბის ჰიბრიდია და ის მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს.
12:54 / 12.08.2019
განსხვავებული და უნიკალური
საკვები, დესერტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები –
თბილისში პირველი გასტროპაბი GOYA გაიხნა.
გასტროპაბი მაღალი ხარისხის რესტორნისა და პაბის ჰიბრიდია და ის
მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს.
განსხვავებული და უნიკალური საკვები, დესერტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები – თბილისში პირველი გასტროპაბი GOYA გაიხნა. გასტროპაბი მაღალი ხარისხის რესტორნისა და პაბის ჰიბრიდია და ის მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს.
12:54 / 12.08.2019
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი ეტაპი "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიაში"
ქეთი ხატიაშვილი, ტანმოვარჯიშე, "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის" დამფუძნებელი:
12:21 / 16.08.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2019 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2657
TRY
TRY
1
0.5171
USD
USD
1
2.9626
ამინდი
ბორჯომი 12 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა