City მთავარი თემა
ლიკა ევგენიძე GIRL POWER
პოპკორნი გადადეთ, კინო არ იქნება!

ჯერ ერთი, საშინლად ვერ ვიტან პოპკორნს და მეორეც, დღემდე ვერ მივმხვდარვარ კინოს ყურებისას, მით უფრო კინოთეატრში, პოპკორნს რატომ უნდა ჭამდე და თან, გვერდზე მჯდომის ხრაშუნს უსმენდე.
ლიკას კინოს პოპკორნი საერთოდ არ უხდება. თავისი ერთ-ერთი კულმინაციური (თუმცა ვინ იცის რა არის ცხოვრებაში კულმინაციური, როცა ჯერ კიდევ 32 წლის ხარ) მომენტი ისე დაასრულა, არცერთ მოყვითალო ჟურნალს თუ ონლაინ გამოცემას მასზე არ დაუწერია. არადა, ქვეყნის პრეზიდენტის ოჯახის რძალი იყო, მიშა სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას ოჯახის. ნიკუშა ალასანიას და ლიკა ევგენიძის გაშორებაზე მყვირალა სათაურები მე არსად შემხვედრია. ჩუმად, წყნარად მოხდა ყველაფერი. მაგრამ, ცხადია, სირთულეების გარეშე არ ჩაუვლია ამ ამბავს.

ჩვენი პირველი შეხვედრა ახლადგათხოვილ ლიკასთან 9 წლის წინ შედგა. ლიკა ამერიკიდან ახალი ჩამოსული იყო ნიკასთან და ორი თვის ანა-სოფიასთან ერთად. ამ დროიდან იწყება ლიკა ევგენიძის დამოუკიდებელი სვლა და გამოჩენა ფართო საზოგადოების წინაშე. ამ დროიდან ის ლიკა ევგენიძეა - არც დათო ევგენიძის შვილი და არც ალასანიების რძალი. დამოუკიდებელი ტიპი ამ სახელითა და გვარით. 

- ლიკა, ამერიკიდან ჩამოსვლისთანავე დაიწყე ტელევიზიაში მუშაობა. ეს შენი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა, როგორც ვიცი.

- არასდროს. უფრო ხელოვნებაზე ვფიქრობდი. ფერწერას და მერე უკვე სამსახიობო საქმეს ვსწავლობდი და გეგმებიც სხვა იყო. თაკო ფხაკაძემ ტელევიზია რომ შემომთავაზა, დავთანხმდი. საინტერესო გამოწვევა იყო. სხვა `დრაივი~ მოაქვს პირდაპირ ეთერს, სხვა უნარ-ჩვევებს გიმუშავებს. მაგალითად, როგორ უნდა აალაპარაკო სრულიად უტყვი ადამიანი ან რა უნდა გააკეთო, თუ ეს უტყვიც, მოულოდნელად, საერთოდ არ მოვიდა. ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შემახვედრა ტელევიზიამ, მის გარეშე მათ ნამდვილად ვერ გავიცნობდი. პირველივე დღიდან ძალიან კარგ გუნდში მომიწია მუშაობა. მაგრამ ეს არასდროს ყოფილა ის საქმე, რომელიც ცხოვრების მთავარი საქმე გახდებოდა. ისეთი, მხოლოდ ეს რომ მეკეთებინა.



- შენ იშვიათი გამონაკლისი ხარ "სატელევიზიო ადამიანებში", რომელიც სრულად არ მოიცვა ტელევიზიამ. ეს როგორ მოახერხე?

- მგონია, რომ ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისათვის, რომ ის ერთ საქმეს დავუთმოთ და მხოლოდ ერთ სივრცეში ვიტრიალოთ. მე მხოლოდ ჩემს აღქმას და ემოციას გიხსნით, ჩემთანაა ასე. მინდა ბევრ რამეს შევეხო, ვცადო, ვისწავლო. არ ვაძლევ საშუალებას არც ჩემს თავს და არც ჩემს ცხოვრებას, რომ მხოლოდ ერთმა საქმემ მომიცვას.

- მაგრამ, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ტელევიზიას სტაბილურობა მოაქვს, მათ შორის, სტაბილური შემოსავალი. როდესაც შენ გადიხარ ამ სივრციდან, აცნობიერებ, რომ დამოუკიდებელ და თავისუფალ სივრცეში გადადიხარ ამ კუთხითაც. არ გაშინებს არასტაბილურობა?

- მართალი გითხრა, ეგ არასდროს მაშინებდა. ჩემი ცხოვრების ისტორიას თუ გადავხედავთ, ალბათ ეს ჩანს კიდევაც. არასდროს მიფიქრია სტაბილურობაზე, მაინც დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ისედაც არავინ ვიცით ხვალ და ზეგ რა იქნება. შეიძლება დაალაგო შენი გეგმები ხუთ, ათ წელზე და ის ერთ წამში შეგეცვალოს. ამიტომ, ვცდილობ ვიცხოვრო დღევანდელი დღის ემოციით. რა თქმა უნდა, შვილების გაჩენამ ოდნავ შეცვალა ჩემი ეს მიდგომა. პასუხისმგებლობა გაიზარდა ბევრად, ის თავისუფლება აღარ მაქვს, მაგრამ ხასიათის ეს თვისება მაინც დამრჩა.



- სტაბილურობა პრიორიტეტული არც არასდროს ყოფილა, ასე გამოდის.

- თუ ეს სტაბილურობა მე შემჭამს, არანაირად არ იქნება. ხშირ შემთხვევაში გავურბივარ იმას, რაც მე მჭამს. 

- მოდი, ამერიკაზე მომიყევი. საქართველოში შეიცვალა პოლიტიკური მდგომარეობა და შენ, ოჯახთან ერთად, წახვედი ამერიკაში. რა მოგიტანა ამ ქვეყანამ, რა შეცვალა?

- ამერიკა... ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპი არის ძალიან საინტერესო. ყველაფერი რაღაცისთვის იყო და არის. იმისთვის, რომ შეგცვალოს, რაღაც ისწავლო, რაღაც აღმოაჩინო.

- მაინც, რა მოგცა

- ამერიკა, თავისთავად, ძალიან საინტერესო ქვეყანაა და მით უფრო, ნიუ-იორკი. მთელი მსოფლიოს ნაკრებივითაა - ყველა მიმართულების თუ სფეროს ერთობლიობაა. ქაოტურიცაა და, ამავდროულად, საოცრად ენერგიული. ზოგჯერ ეგ ენერგიაც გღლის, მიუხედავად იმისა, რომ მე, ზოგადად, ძალიან ენერგიული ტიპი ვარ. ნიუ-იორკში ცხოვრებისას არ არსებობს შუალედური ემოცია, ემოციურად არასოდეს ხარ შუაში: ან ხარ ძალიან ზემოთ, ან ძალიან ქვემოთ, ან ძალიან არაადეკვატურად ბედნიერი ან პირიქით. ეგეთია ეს ქალაქი, სწრაფი ძალიან. ნიუ-იორკი, ალბათ, ძალიან საინტერსოა როდესაც ხარ სტუდენტი, როცა მარტო ტიპი ხარ (სინგლე), სწავლობ, ეცნობი, კარიერას იწყობ. ჩემს შემთხვევაში ცოტა სხვანაირად იყო, მე ბავშვები მყავდა. ჩვენ ბავშვებს მარტო, დამხმარეს გარეშე ვზრდიდით და დიდი გამოწვევაც იყო ეს. სწორად გამიგეთ, იმას არ ვამბობ, რომ ბავშვების მარტო გაზრდა ძალიან რთულია. ხალხი ხუთ და ექვს ბავშვს ზრდის მარტო. არა, უბრალოდ, ჩემთვის რთული იყო საინტერესო საქმის გარეშე დარჩენა. ძალიან პატარა ასაკიდან ვიყავი მიჩვეული რაღაცის კეთებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია პარალელურად რაღაც ვაკეთო. ეს ენერგია თუ არ გამოვუშვი, ის მანგრევს, მემართება დეპრესია. მილაპარაკია ამ თემებზე, მათ შორის, გადაცემაშიც. პანიკური შეტევებიც მქონია. 



- მე არ მომისმენია.

- კი, კი, ეთერში ვილაპარაკე რადგან მგონია, რომ ამ თემის გაზიარება ბევრს დაეხმარება. ადამიანები გიყურებენ ტელეეკრანზე, შენ კარგად გამოიყურები და რთულია წარმოდგენა, რომ შენც შეიძლება იგივე პრობლემები გქონდეს, რაც ბევრ სხვას. ბევრს ეხმარება, როცა სხვისგან ესმის, რომ ისიც შენსავით ებრძვის დემონებს. ვისაც ეს არ განუცდია, ვერასდროს გააგებინებ რა არის პანიკური შეტევა.

- და, რა არის? იქნებ სცადო ამიხსნა. შიშის ტალღა გიპყრობს?

- ჰო, მოდის შიშის ტალღა, გაუცნობიერებელი. თავიდან ვერ ხვდები რისი შიშია ეს. მე მეშინოდა სიკვდილის იმიტომ, რომ მქონდა უცნაური სიმპტომები: ვერ ვსუნთქავდი და მეგონა, რომ ვკვდები. მერე ამ ყველაფერს იუმორით ვყვებოდი. ზოგადად, მგონია იუმორით თუ უყურებ პრობლემებს, ბევრად უფრო გიმარტივდება. ჰოდა, ვხუმრობდი, - ნიუ-იორკის "ემერჯენსში" ყველას ვიცნობ-მეთქი. წარმოიდგინე რამდენი ხალხი შედის და გამოდის, უამრავი! მაგრამ მე მცნობდნენ, იმდენად ხშირად მივდიოდი. იცოდნენ, რომ ტყუილად მივდიოდი და არაფერი მჭირდა, მაგრამ მაინც მაერთებდნენ აპარატებზე, მიკვლევდნენ და სახლში მიშვებდნენ. მერე, როგორღაც, დავიმეგობრე ეს პანიკური შეტევები და მოვარჯულე.



- ჰოო, როგორ?

- მივიღე ის!

- და უთხარი - ო.კ. შენ არსებობ!

- კი, შენ არსებობ ჩემთან ერთად. დავიწყე ჩემი ორგანიზმის მოსმენა, მივხვდი, რომ ჩემთვის არ შეიძლება, მაგალითად, ღამის გათენება.

- კიდევ რა არ შეიძლება?

- ჯანმრთელი ცხოვრების წესს მკარნოხობს ჩემი ორგანიზმი.
ეს სწორედ ის მომენტია, როცა პოპკორნი არ იქნება. დაახლოებით ვხვდები და ვგრძნობ რას მიპასუხებს, მაგრამ მაინც ვეკითხები:



- რატომ დაშორდით შენ და ნიკა?

- ვერ გაიგებ როდის მოდის და როდის მიდის ის ემოცია, რომელსაც გრძნობას ვეძახით. ცხოვრობს ორი ადამიანი, არსებობს მათ შორის კავშირიც, სიახლოვეც, მეგობრობაც და პატივისცემაც, მაგრამ ის, "რაღაც სხვა", ქრება. ჩვენი ცხოვრების ეს ეტაპიც დამთავრდა და ასე გადავწყვიტეთ.

- შენ ჩამოდიხარ თბილისში.

- მე ვბრუნდები ქალაქში, რომლის გარეშეც, როგორც აღმოჩნდა, ცხოვრება არ შემიძლია. მაშინაც კი, მოსკოვში რომ ვცხოვრობდი სტუდენტობისას და დახნუძლული ცხოვრება მქონდა, აქაურობა სულ მენატრებოდა. არ ვიცი რა არის ეს - მიწა, წყალი, ჰაერი, ადამიანები. მიჭირს აქაურობის გარეშე. რა მნიშვნელობა აქვს სად ხარ და სად ცხოვრობ, თუ კარგად არ ხარ. აქ თავს კარგად ვგრძნობ.



- ლიკა, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ შენს პოზიციას, რომელიც პირადი ცხოვრების პირადად შენთვის დატოვებას გულისხმობს. დაახლოებით ვხვდები რა სირთულეებს გაივლიდით თქვენ, ორივე და თქვენი ოჯახები. მესმის, რომ ამაზე არასდროს ილაპარაკებ. ალბათ, მეც ასე გავაკეთებდი.

- მგონია, რომ პირადი ცხოვრება არაა ის თემა, რომელიც უნდა გამოამზეურო. მით უფრო, გრძნობები.

- გეთანხმები. უბრალოდ, ერთ კითხვას დაგისვამ - როდის იყო შენთვის ყველაზე რთული?

- რთული სულ იყო, მთელი ეს პროცესი. ჯერ ის, რომ შორდები ადამიანს, რომელთანაც ბევრი წელი გაქვს გატარებული. მითუმეტეს, არიან ბავშვები და თანაც, ადამიანები გაყრის შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. რთულია ამ ყველაფრის დალაგება, მაგრამ დრო ყველაფერს ალაგებს.



- აქ ჩამოსულს ყველაზე მეტად ვინ დაგეხმარა?

- ზოგადად, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ოჯახი და ეგეც რთული იყო, მეცხოვრა ქვეყანაში, სადაც ჩემი უახლოესი ადამიანები არ არიან.

- თუმცა, შენ არასდროს ყოფილხარ ოჯახს მიწებებული გოგო.

- არასდროს. ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი. ამ თავისუფლებას ყოველთვის მაძლევდნენ მშობლები. მაგრამ, ძალიან გიჭირს მათ გარეშე. გიჭირს როცა ხვდები, რომ გადის წლები და შენ მათ ვერ ნახულობ.

- ლიკა, შენ დაამსხვრიე მითი, რომ ხარ ერთი გათამამებული გოგო, რომელსაც მხოლოდ სხვისი ფულის დახარჯვა შეუძლია და უცებ ყველა მიხვდა, რომ შენ დამოუკიდებლად არსებობაც გამოგდის და შეგიძლია ფულის შოვნაც.

- არადა, არასდროს ვყოფილვარ გათამამებული ტიპი, რომელსაც მუშაობა არ შეუძლია ან არ უნდა. პირიქით, მაგრამ ასე ჩანდა, ალბათ, შორიდან. 


- ჰო, მაგრამ როცა შენ გამოჩნდი, ლიკა ევგენიძე, დათო ევგენიძის გოგო, კირა ანდრონიკაშვილის შვილიშვილი, უკვე იყავი საქართველოში ერთ-ერთი გავლენიანი ოჯახის რძალი და ყველა შენს აქტივობას, საზოგადოება, ალბათ, სწორედ ამ ჭრილში უყურებდა. გაშორების მერე ყველა კითხვას სვამდა _ მოიცა, გაქაჩავს მარტო? შეძლებს ამას?

- გვერდიდან თავისებურად ჩანს ყველაფერი, ალბათ. სულ ჩემით ვაკეთებდი რაღაცას. როდესაც ნიკას ცოლი ვიყავი, მაშინაც ვმუშაობდი და სხვადასხვა შემოთავაზება მქონდა. ცხადია, როცა ქმარი გყავს, სხვა რეალობაა და როცა მარტო ხარ - სხვა. ბავშვები სხვა პასუხისმგებლობას მოითხოვს შენგან. მაგრამ, რომ გითხრა გამიჭირდა - მეთქი, მოგატყუებ. დაბრუნდა ძალიან მალე ტელევიზია, გაჩნდა ახალი საქმე.

- რომელი?

- მაგალითად, უტა ბექაია. ის 90-იან წლებში წავიდა ამერიკაში. ძალიან საინტერესო არტისტია და ალბათ იცით, რომ მისი შემოქმედება ძალიან მრავალმხრივია. გამოფენა ჰქონდა სხვადასხვა გალერეაში, აქვს უნიკალური არტპროექტები. მე მას ვიცნობდი ნიუ-იორკიდან, მაგრამ დავმეგობრდით, როდესაც აქ დაბრუნდა. უტა ბექაიას უნდა გაეკეთებინა პროექტი "მერსედეს ბენცის მოდის კვირეულისთვის". სოფო ჭყონიასგან წამოვიდა იდეა. იცოდა რომ ვიცნობდი და მთხოვა მისთვის შემეთავაზებინა. უტამ ერთობლივი პროექტის იდეა დადო. შემომთავაზა მე ვყოფილიყავი პროდიუსერი. ასე გაჩნდა მოდის კვირეულზე ჩვენი პირველი ერთობლივი პერფომანსი "წითელი ჩრდილები", რომლისთვისაც მუსიკა ნიკა კოჩაროვმა შექმნა. იდეამ გაამართლა და დღეს მე და უტა ვფიქრობთ შოურუმის გაკეთებას, სადაც ყველა ის კოსტიუმი იქნება წარმოდგენილი, რომელიც ამა თუ იმ პერფომანსზე გამოვიყენეთ. ადამიანებს შეეძლებათ მათი ყიდვა, ქირაობა, ან ახლის შეკვეთა.



- საქმემ კომერციული მხარე შეიძინა, ხომ?

- კი, რადგან აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვთავაზობთ იმას, რაც აქამდე თბილისში არ იყო. გამზადებულ წარმოდგენას, რომელშიც კოსტიუმირებული შოუ კონცეპტით არის წარმოდგენილი და მასში ჩართულნი არიან მოცეკვავე გოგონები, ბალერინები, საოპერო მომღელრებიც... კოსტიუმები კონცეფციიდან გამომდინარეობს. მაგალითად, ეს კოსტიუმები, რომელიც "სითიში" გადავიღეთ, კაზინო "ავიატორისთვის" შევქმენით. პირველ იანვარს მოხდა ეს ამბავი და show girls-ის ულამაზესი პერფომანსი ჩატარდა.

- ლიკა, დროა ამ ისტორიაში ნიკა კოჩაროვი შემოვიყვანოთ. როდის გაიცანი?

- შორიდან ადრეც ვიცნობდი, გადაცემებში იყო ჩვენთან რამდენჯერმე. უბრალოდ ისე, გამარჯობით ვიცნობდი, ცხადია, ვიცოდი მისი მუსიკაც. მერე უცნაური ამბავი მოხდა: მამამ კომპოზიცია დაწერა და გადაწყვიტა, რომ მისი სიმღერა მე და ნიკას ერთად გვემღერა.

- მერე?

- მერე არაფერი, ეს სიმღერა აღარ ჩაიწერა.


- და თქვენ შეგიყვარდათ ერთმანეთი, მომიყვები თუ ვერა?

- ვერა. ძნელია აღწერო და მოყვე ის, რაც ორ ადამიანს შორის ხდება, რა კოსმოსური ენერგია ახვედრებს ამ ადამიანებს ერთმანეთს. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ახლოა ჩემთან, ჩემი ოჯახიდან გამომდინარე. ირგვლივ სულ ხელოვანი ხალხი მყავდა, მთელი ბავშვობა ისე ვერ ვიძინებდი, თუ სახლში სიჩუმე იყო. სულ მუსიკის ხმა უნდა ყოფილიყო. ჩემი და ნიკას ამბავი, თითქოს სახლში დაბრუნებას ჰგავს, ბავშვობაში.



- იცი რა მომიყევი, რატომ თქვა ალექსამ, შენმა შვილმა, შემდეგი ფრაზა: "ბავშვები ისე არ იქცევიან, როგორც ლიკას ორი შვილი"?

- აი, ესაა გამოწვევა, რომელსაც, ალბათ, ვერც შევისწავლი და ვერასდროს ვერ ვიქნები მისთვის მზად. ანა-სოფია 23 წლის ასაკში გავაჩინე და ასე მგონია, მეც მათთან ერთად ვიზრდები და ვსწავლობ. ალექსამ კი ეს იმიტომ თქვა, რომ საშინლად ცელქები არიან. ისე მშურს რესტორანში რომ ვუყურებ მშობლებს და მათ გვერდით წყნარად მსხდარ ბავშვებს. ანა სოფიას და ალექსას სტუმრობის შემდეგ, რესტორანი გასარემონტებელი ხდება. ჰოდა, ალექსამ აი ეს გამოხატა ამ ცნობილ ფრაზაში.



- ლიკა, მე შენ გაგიცანი ანა-სოფიათი. ორი თვის იყო მაშინ. მომიყევი როგორია ის?

- ძალიან ხასიათიანი.

- შენზე მეტად?

- კი. აი, დამიბრუნა ცხოვრებამ ჩემი ხასიათის სირთულე ანა-სოფიას სახით. ჩემს ოჯახში ყველა ამბობს, რომ მე მძიმე ხასიათი მაქვს. ჰოდა, ანა-სოფიას ჩემზე მეტად. მაგრამ მგონია, ეს კარგი იქნება მისთვის.



- ყდის სურათზე ნიღაბი გიკეთია. ეს რამეს ნიშნავს შენთვის?

- კი. ზოგადად მგონია, რომ ბევრი აქტუალური თემაა - გარემოს დაბინძურების გლობალური პრობლემით დაწყებული, ვირუსებით დამთავრებული. ჩემთვის დღეს მხოლოდ ლამაზი ფოტოსესია ან ლამაზი პერფომანსი უინტერესოა, თუ მას არც კონცეფცია აქვს და არც სათქმელი. "სითის" ამ ყდას აქვს სათქმელი და მას ყველა თავისებურად წაიკითხავს.



ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: ნატა სოფრომაძე
კოსტიუმები: ლიკა ევგენიძე, უტა ბექაია
თმა: ეკატერინე ჩანჩიბაძე
მაკიაჟი: ტატიანა ასაბაშვილი / THE MAKEUP INSTITUTE GEORGIA
ლოკაცია: "მტკვარზე"; SUCCESS BAR
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა,
მეგობრებთან ერთად, ახალი ბენდი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო
მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა, მეგობრებთან ერთად, ახალი ბენდი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "ადამოში" გაიმართა. ბენდის სახელი მოფიქრების პროცესშია. სხვათა შორის, სიამოვნებით მოისმენენ თქვენს იდეებსაც. აი, ბენდის წევრების სახელები კი უკვე ბევრისთვის ნაცნობია- ზუკა ხუციშვილი, ლევან ჩხაიძე, დავით ლონდარიძე, გიორგი ჭაუჭიძე, რეზი ედგარიძე და უმშვენიერესი ანანო ღიბრაძე.
09:50 / 15.07.2019
"სითის" და "ნიკორა სუპერმარკეტის" ერთობლივი ფოტოპროექტი
09:04 / 15.07.2019
თანამედროვე ცხოვრებაში
ყოველდღიურად იმსხვრევა გენდერული სტერეოტიპები. იცვლება
დამოკიდებულება ბავშვის მოვლასა და აღზრდაში მამების მონაწილეობასთან
დაკავშირებით. დღეს, მამებს შვილების აღზრდის პროცესში უკვე გაცილებით
მნიშვნელოვანი როლი აქვთ და მეტი ჩართულობა. ცნობილი, საქმიანი და
დაკავებული მამებიც წარმატებით ცდილობენ შვილებს მაქსიმალურად დიდი
დრო დაუთმონ და დედებთან ერთად, თითქმის თანაბრად ჩაერთონ მათ
აღზრდაში.
თანამედროვე ცხოვრებაში ყოველდღიურად იმსხვრევა გენდერული სტერეოტიპები. იცვლება დამოკიდებულება ბავშვის მოვლასა და აღზრდაში მამების მონაწილეობასთან დაკავშირებით. დღეს, მამებს შვილების აღზრდის პროცესში უკვე გაცილებით მნიშვნელოვანი როლი აქვთ და მეტი ჩართულობა. ცნობილი, საქმიანი და დაკავებული მამებიც წარმატებით ცდილობენ შვილებს მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმონ და დედებთან ერთად, თითქმის თანაბრად ჩაერთონ მათ აღზრდაში.
11:42 / 13.07.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2410
TRY
TRY
1
0.5109
USD
USD
1
2.8845
ამინდი
ბორჯომი 19 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 15 °C
img
გამოწერა