City News
BOOK TALK NATION
ქალაქის განვითარებასთან ერთად, ჩვენ გარშემო ბევრი ახალი და საინტერესო ადგილი ჩნდება. შენობაში, სადაც ადრე გამომცემლობა იყო, დღეს სასტუმრო "სტამბაა". "სტამბის წიგნები" კი, მისი ახალი სივრცეა.

"წიგნების მაღაზიის და საგანმანათლებლო სივრცის გაკეთების სურვილი ჩემს მშობლებს ყოველთვის ჰქონდათ" - გვიყვება ანაკო ტურაშვილი, დათო ტურაშვილის და მაკა კეკელიძის შვილი და ჩვენი მასპინძელი "სტამბის წიგნებში". ანაკო, მშობლებთან ერთად, აქტიურად არის ჩართული წიგნების მაღაზიის მართვაში. პარალელურად კი, ტელეკომპანია "იმედში" გადაცემა "იმედის დილის" ჟურნალისტად მუშაობს და კულტურის მოვლენებს აშუქებს.

ანაკო ტურაშვილი
მწერლის ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. კითხვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩემი პირველი წიგნები "პეპი", "კარლსონი" და "ყაჩაღის ასული რონია" იყო. საყვარელი მწერლის ან წიგნის დასახელება მიჭირს, რადგან ეს დროსთან ერთად იცვლება. წიგნი, რომელსაც ახლაც იმ ემოციით ვკითხულობ როგორც მაშინ, როცა პირველად წავიკითხე, აინ რენდის "პირველწყაროა". საკუთარ თავს ხშირად ვამსგავსებ წიგნის პერსონაჟებს, გმირების ხასიათის თვისებებს, მოქმედებებს, სიტუაციებს. მახსოვს როგორ შემიყვარდა ჰეკლბერი ფინი, ჰოლდენ კოლფილდი, ჰაუარდ რორკი, ალექს დელარჯი და ბევრი სხვა. 



საზღვარგარეთ მოგზაურობისას, ჩემზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას წიგნის მაღაზიები ახდენდა. 90-იან წლებში მსგავსი წიგნის მაღაზიები თბილისში არ იყო. აღფრთოვანებული ვიყავი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნანახი წიგნის მაღაზიებით. იქ საათებს ვატარებდი. ბავშვობიდან ვოცნებობდი ასეთი მაღაზიები ჩვენს ქალაქშიც ყოფილიყო. ძალიან მიყვარდა კოსტავას ქუჩაზე მდებარე "ლიტერატურული კაფე", რომელიც თბილისში მსგავსი ტიპის პირველი სივრცე იყო. მამა და მისი მეგობრები "ლიტერატურულ კაფეში" ხშირად იკრიბებოდნენ. მე კი მათ ლექციებს, პრეზენტაციებს და კითხვის საღამოებს ვესწრებოდი.



ჩემს მშობლებს ყოველთვის სურდათ შემეცნებითი სივრცე გაეკეთებინათ. ადგილი, რომელსაც, წიგნების გაყიდვასთან ერთად, საგანმანათლებლო დატვირთვაც ექნებოდა. ერთ დღეს, სასტუმრო "სტამბამ", სადაც, სასტუმროს გარდა, ბევრი სხვადასხვა სივრცე არსებობს, წიგნის მაღაზიის გაკეთება შემოგვთავაზა. რამდენიმეთვიანი შრომის შედეგად, მე, ჩემმა მშობლებმა და მათმა მეგობრებმა, ერთობლივი ძალისხმევით "სტამბის წიგნები" შევქმენით.



ვფიქრობ, ამ ადგილის მთავარი ხიბლი მისი ინტერიერია. როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრები აღნიშნავენ, რომ ეს სივრცე სრულიად განსხვავებულია და სხვა წიგნის მაღაზიებს არ ჰგავს. ხშირად ვმასპინძლობთ შემეცნებით საღამოებს, ლექციებს და პრეზენტაციებს. გაშლილი სივრცე, დიდი ფართობი, ტექნიკური საშუალებები შესაძლებლობას გვაძლევს ადამიანებს საინტერესო საღამოები შევთავაზოთ. გახსნის დღეს რატი ამაღლობელის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. მოგვიანებით, დათო ტურაშვილმა და ბესო ხაინდრავამ ლექცია ჩაატარეს სახელწოდებით "თბილისის ფოტოისტორია". შემდეგ კი, ლაშა ბუღაძის ლექციას "მოცარტი და თანასწორობის იდეა" ვუმასპინძლეთ. 



ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა იმ მწერლებისთვის, რომლებსაც სურთ საზოგადოებას ახალი წიგნები წარუდგინონ. ვხსნით "საკვირაო სკოლას" ბავშვებისთვის, რომელსაც ლაშა ბუღაძე გაუძღვება. სკოლაში მოზარდები ხელოვნების, ლიტერატურის და მუსიკის შესახებ საინტერესო ლექციებს მოისმენენ. თითოეული ჩვენი ნაბიჯი მიმართულია "სტამბის წიგნების" საგანმანათლებლო სივრცედ ქცევისაკენ. 



ამ თაროებზე ნებისმიერი ადამიანი შეძლებს თავისი წიგნი იპოვოს. ვთანამშრომლობთ ყველა ქართულ გამომცემლობასთან. გვაქვს ცნობილი უცხოური გამოცემების ინგლისური და რუსული წიგნები. მხატვრული ლიტერატურის და სხვადასხვა ჟანრის წიგნების გარდა, ჩვენთან საკანცელარიო ნივთებს, ცნობილი მხატვრების რეპროდუქციებს, აქსესუარებს, ჩანთებს, სათვალეებს და პოსტერებსაც ნახავთ. 



მას შემდეგ რაც წიგნის მაღაზიის მართვაში ჩავები, აღმოვაჩინე, რომ ჩვენში წიგნის ყიდვის კულტურა გაცოცხლდა, რაც ჩვენთვის დიდი სტიმულია. ვიმედოვნებ, "სტამბის წიგნები" გახდება ის ადგილი, სადაც ადამიანები სასიამოვნოდ გაატარებენ დროს, შეიძენენ, აღმოაჩენენ ახალ წიგნებს და საინტერესო ლექციებს მოისმენენ.




ტექსტი: მარიამ ზარნაძე
ფოტო: LIG Studio
Print