City News
ქრომოსომებს აღარ ვითვლით
#წინდამინდა

- "დედა, შენ ხარ ჩემი წითელი" - დამიწერა სასამმარტო მისალოცზე პატარა იკამ და მოგვიანებით გამოტყდა, - "მე მინდოდა დამეწერა შავი, შენ ხომ შავი ფერი ძალიან გიყვარს, მაგრამ "მასმა" არ დამაწერინა."

მადლობა, იკას "მასს". უცებ ტანში გამაჟრჟოლა, როცა წარმოვიდგინე, რომ მისალოცში ჩემს შვილს შეიძლება ჩემთვის ასე დაეწერა, - "დედა, შენ ჩემი შავი ხარ!"

მეც, ჩემი ჟურნალის პატარა გმირების მსგავსად, უცებ მომინდა გავფერადებულიყავი, თუნდაც ამ მხიარული წინდებით. და აი, ახლა, მეც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, ნამდვილი მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან. 

არც მე ვითვლი, უკვე დიდი ხანია და ამ ამბავში დიდი როლი ამ ჟურნალის პატარა გმირებმაც ითამაშეს. მათ ისიც მასწავლეს, რომ ზედმეტი არაფერია საჭირო - არც შეშფოთება და არც გამუდმებით "რა საყვარელიას" ძახილი. უბრალოდ, არ უნდა დაითვალო და მორჩა! 

დასათვლელი იმდენი რამაა! 

აი მე, მაგალითად, რამდენ რამეს ვითვლი, იცით?

ვწერ გმირს, ის 29 წლისაა. მე ვითვლი: ის რომ დაიბადა, მე ვიყავი 15 წლის. ის იყო 15 წლის, მე რომ "ღამის კურიერი" მიმყავდა. უყურებდა ნეტავ? რას ფიქრობდა?
ვითვლი ბიჭებზეც. ნიკოლა რომ სკოლას დაამთავრებს, მე ვიქნები 52 წლის (რა მოხდა, ჯეი ლოც ამდენი წლისაა). აი, ნიკოლა რომ ჩემხელა გახდება, მე ვიქნები... არა, ამაზე ახლა არ მინდა, ამის დაწერა ათი წლის მერეც შემეძლება!

ბევრ რამეს ვითვლი.

ვითვლი დღეებს, ვიდრე ეს ჟურნალი თქვენამდე მოვა. ვითვლი წუთებს ამ სარედაქტოროს რომ დავასრულებ და, როგორც იქნა, პატარა საშვებულებო მოგზაურობისთვის მოვემზადები. ვითვლი დღეებს მაისამდე, როცა ჩემი უფროსი გოგო, ანანო ჩამოვა. ვითვლი დღეებსა და კილოგრამებს, საზაფხულო შვებულებამდე რომ უნდა შემცირდეს!

რას არ ვითვლი?

არ ვითვლიდი არასდროს ორ რამეს: რამდენი მეგობარი მყავს და რამდენი ფული მაქვს საფულეში ან ანგარიშზე. ჰოდა, რაც ცოტა გავიზარდე, არ ვითვლი მესამესაც - ქრომოსომებს!

თქვენ?

თქვენ რას არ ითვლით?

ეკა ხოფერია
Print