City Cover
ლპანეტა სუბლატი
ნინას დანიშნულ დროს ველოდები. ოდნავ აგვიანებს. ნინა სუბლატი ვარსკვლავი 2013 წლიდანაა. ის ერთხელ გადაცემაშიც ჩამერთო "ევროვიზიის" თემაზე, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ "ცოცხლად" ნანახი არ მყავს. არ ვიცი როგორია. ასე, 5 -10 წუთი მაქვს და ვფიქრობ როგორ მოხდა მისი ვარსკვლავობა. ის არ მღერის კომერციულ ან ფართო აუდიტორიისთვის საყვარელ სიმღერებს. მას ვერ მოუსმენთ კლუბში, ის არ გახვეულა არცერთ სკანდალში და პირადი ცხოვრებაც წყნარი და მშვიდი აქვს. აი ამ, თითქოს ერთგვაროვანი სიმშვიდის ფონზე, ის ნამდვილი ვარსკვლავია. ჰყავს მიმდევრების დიდი არმია ინსტაგრამზე და, ალბათ, ისეთივე ბრენდია საქართველოში, როგორც, მაგალითისთვის, ნინო ქათამაძე. ცოტა პატარა, ცხადია, და ცოტა სხვა ზღაპრიდან.


ნინა სუბლატი მომდგარ ჯინსებსა და ტყავის მოკლე ქურთუკშია. თმა ბუნებრივი, წაბლისფერი, უბრალოდ გაშლილი, სახეზე ოდნავშესამჩნევი ტონალური. უაღრესად ზრდილობიანი და კეთილი. ამის გასარკვევად არ გჭირდება მასთან საათების გატარება. საკმარისია მის პირისპირ დაჯდე და რაღაც ფენომენალურ, ლაჟვარდოვანი ზღვისა და კამკამა ცის ფერის თვალებში ჩახედო! ეს თვალები ღია ხორბლისფერ კანზე, პირველი შეხედვისთანავე გნუსხვავს, რომ აღარაფერი ვთქვათ აბსოლუტურად უნაკლო სახის სხვა ნაკვთებზე. საშინლად ლამაზია. თან, ამ სილამაზეს სხვადასხვა გამოვლინება აქვს - ხან ვამპია, ხან 90-იანი წლების ჰოლივუდი, ხან "ბეიბი დოლი", ხანაც გოგონა კოსმოსიდან.

- მე შენ არასდროს ჩამიწერიხარ, ჰო? - რაღაცით ხომ უნდა დავიწყო, რას იფიქრებს ბავშვი, გაშტერებული ვუყურებ.

- არა, მგონი ერთხელ ჩართვა გვქონდა "ევროვიზიაზე".



მოსკოვში დაიბადა და სამ წლამდე ბებიასთან ცხოვრობდა. მშობლები, რომლებსაც ნინა 18 -19 წლის ასაკში გაუჩნდათ, ასაკის შესაბამისად, დაქროდნენ იქით-აქეთ. ხან სასწავლებლად და ხან გასართობად. ნინა ნინა ბებიამ ჩაიბარა. პროფესიით არცერთს არ ჰქონდა კავშირი მუსიკასთან, მაგრამ მუსიკა სულ იყო სახლში და იყო სხვადასხვაგვარი. მალე ნინა ჩამოდის თბილისში. ეს, იცით რომელი წელია?

- 2001 წელი - მპასუხობს ნინა.

- ანუ, შენ რომ სკოლაში მიდიხარ, უკვე წყალიცაა, შუქიც და ორ წელიწადში საქართველოში ვარდების რევოლუცია მოხდება - ვითვლი წლებს ჩემი კალენდრით. ნინაც მომყვება.

- კი, ასეა. ოღონდ, შუქის ჩაქრობის ბოლო "კუდის მოქნევას" მაინც მოვუსწარი. მოსკოვიდან ჩამოსულს მეგონა, რომ ვიღაცის დაბადების დღე იყო. მერე მამამ "ლევი" შუქი გამოიყვანა - ანუ, "ლევი" შუქი მანაც იცის.

- შენს თაობაზე მომიყევი, რა მუსიკას უსმენდით, რა ინტერესები გქონდათ?

- არ ვიცი ჩემი კლასელები რა მუსიკას უსმენდნენ. ძირითადად, მგონი ქართულ ესტრადას. რაღაც პერიოდი მეც. მერე სხვა მიმართულებებმა გამიტაცა: ვუსმენდი პანკს, დავდიოდი როკ-კონცერტებზე. სადღაც 11-12 წლის ასაკში, ბენდიც შევქმენით მეგობრებთან ერთად და "ქავერებს" ვმღეროდით. 



მუსიკოსობა და მომღერლობა ბავშვობის ოცნება არ ყოფილა, მას ბალერინობა სურდა. არ გამოვიდა - პატარა ასაკში ზუსტად ამ სიმღლის ვიყავი და აღარ წამიყვანეს მშობლებმაო. სკოლის დამთავრების შემდეგ, უმაღლესი სასწავლებლების მთელი ნუსხაა: ჯერ ჟურნალისტობა უნდა, მერე სამხატვრო აკადემიაში აბარებს, სადღაც შუალედში, კონსერვატორიაც ფიგურირებს, საბოლოოდ არცერთი არ დაასრულა, მაგრამ უცხო ენების კურსი ონლაინ მაინც გაიარა.

- ანუ, დიპლომი გაქვს? - მაინც ვამოწმებ შეშფოთებული.

- კი, კი, დიპლომი მაქვს, უცხო ენების - ღიმილით მამშვიდებს ნინა სუბლატი.
ვარსკვლავი ნინას მთავარი ფენომენი ისაა, რომ მან ყველაფერი ორ წელიწადში მოასწრო. დაიწყო 2013 წელს "საქართველოს ვარსკვლავით", სადაც გაიმარჯვა და დაასრულა 2015 წელს 50 ათასიან დარბაზში ჩატარებული "ევროვიზიით", რომელსაც, ოფიციალური მონაცემებით, 200 მილიონიანი ტელეაუდიტორია ჰყავს.
პირველს არ ნანობს, მეორეს - ზოგჯერ.

- მაშინ, რატომ წახვედი?

- მინდოდა რაღაც საინტერესო გამკეთებინა იმის მიუხედავად, რომ "ევროვიზია" არ არის ჩემი ფორმატი.

- ეს, ალბათ, საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოდიხარ.

- ეს ძალიან მაგარი რაღაცაა. შენი ენერგია სადღაც ცალკე არსებობს, მაყურებლის - ცალკე და მერე ხდება კოლაფსი. ამ კოლაფსში იბადება ემოცია. მეორეს მხრივ, ესაა ფანტასტიკურად აწყობილი სისტემა - გახმოვანებიდან დაწყებული, განათებით დასრულებული.



"ევროვიზიამ", ცხადია, თავისი დადებითი როლი შეასრულა - გაჩნდა უცხოენოვანი აუდიტორია საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომელიც დღემდე არათუ მოჰყვება, ყოველდღიურად იზრდება. მოჰყვა სრულიად კონკრეტული და ნინასთვის საინტერესო შემოთავაზებები საქართველოში: მომღერალს "რუსთავი ორი" არაერთხელ იწვევს "საქართველოს ვარსკვლავისა" და "იქს ფაქტორის" ჟიურის წევრად. მაყურებელთა უდიდესი სიმპათია და სიყვარული, უცნაურად და მოულოდნელად კეთილგანწყობილმა ჟიურის წევრმა, უცებ დაიმსახურა. ნინა პროექტიდან ადამიანების გაშვებას მართლა ძალიან მძიმედ განიცდიდა. ყოველი საკონკურსო დღე სახლში ცრემლებითა და გათენებული ღამით სრულდებოდა. მაგრამ, ნინა მაინც იყო ბედნიერი.

- შემდეგ?

- შემდეგ არაფერი. უცებ, 22 წლის ასაკში სრულდება ყველაფერი. ერთხელ სიმღერისას ვიგრძენი, რომ კავშირი ჩემსა და მაყურებელს შორის გაწყდა. საკუთარ სიმღერაზე ვფიქრობდი, - როდის დამთავრდება, რა გრძელია-მეთქი... და მორჩა! ვეღარ ვმღეროდი, ვეღარც გამოვდიოდი, არაფერი მინდოდა. იშვიათად ინტერვიუს თუ მივცემდი ტელევიზიას. ესეც იმიტომ, ყველა კონტაქტი რომ არ დამეკარგა.

არც არის გასაკვირი. 20-დან 22 წლამდე მას ჰქონდა ყველაფერი: საუკეთესო კონკურსები, გამარჯვებები, აუდიტორია, საერთაშორისო სცენა, რიტმი, დინამიკა და რომელიღაც ერთ კონკრეტულ დღეს ეს ყველაფერი მორჩა.

- პროფესიის შეცვლაც კი ვცადე - ხან ხატვა დავაპირე, ხან რაღაც სხვა, არაფერი გამომდიოდა.

- ეს პირად ცხოვრებაში რაიმე პრობლემებმაც ხომ არ გაამძაფრა?

- არა, არა. თან, იცით, მე ის ტიპი ვარ, რომელსაც პირიქით, პრობლემები მოქმედების ბიძგს აძლევს. პირად ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად მქონდა. ძალიან კარგი ცხოვრებით ვცხოვრობდი, უბრალოდ, მოსიარულე მკვდარი ვიყავი, სრულიად დაცლილი, დახარჯული, უემოციო, რა მინდოდა მე თვითონაც არ ვიცოდი.

- მერე? მერე რა მოხდა?

- გამოღვიძების მომენტიც დადგა. რაღაც თავისით მოვიდა. მივხვდი, რომ არაფერში მჭირდებოდა არც კარიერა და არც წარმატება. მოვიხსენი ის ჩარჩო, რომელიც ჩემდაუნებურად მე თვითონ გავიკეთე.



ძალიან პატარა ასაკიდან ნინა ფინანსურად დამოუკიდებლად ცხოვრობს. შემოსავლის უდიდესი ნაწილი საავტორო უფლებებიდან შემოსულ თანხაზე მოდის. დღეს მას ევროპის ქვეყნებში გაცილებით დიდი აუდიტორია უსმენს, ვიდრე საქართველოში. თუმცა, როგორც ყველა ჭეშმარიტ ვარსკვლავს, მასაც ჰქონია პერიოდი, ჯიბეში მხოლოდ რამდენიმე თეთრი რომ ედო.

- ძალიან პატარა ასაკიდან საკმაოდ კარგი შემოსავალი მქონდა. 19 წლისას შემეძლო მეყიდა ის, რაც ბევრს ზრდასრულ ასაკში არ შეუძლია. ბევრს ვმოგზაურობდი, ცხოვრების სხვა წესი მქონდა. მერე, უცებ, ეს ყველაფერი მორჩა და იყო პერიოდი, როდესაც საკუთარი ერთი თეთრიც კი არ მქონია. მაგრამ, მეორეს მხრივ, ამ პერიოდმა ისიც მასწავლა, რომ ძალიან ბევრი ფული სრულიადაც არ არის საჭირო და, როგორ გითხრათ, უფრო ჭკვიანი მხარჯველიც გავხდი. ვისწავლე დაზოგვა და ისეთ რაღაცებში არ ვხარჯავ, რაც არ მჭირდება - მიყვება ამბავს 24 წლის გოგო. ნამდვილი მომავლის გოგო, რომელსაც თითქმის ყველაფერი აქვს გამოცდილი, თითქმის.

- მეუღლე?

- ის მუსიკოსია, გიორგი შამანაური. 2013 წელს გავიცანი "საქართველოს ვარსკვლავის" რეპეტიციაზე. მაშინ მეც და მასაც სხვადასხვა პარტნიორი გვყავდა. გავიდა დრო, დამირეკა, - ერთად ფილმს ხომ არ ვუყუროთო, ვუყურეთ.

და დღემდე ერთად უყურებენ, ერთად გეგმავენ, ერთად უსმენენ, ერთად კითხულობენ და ერთად ცხოვრობენ. ერთი სიტყვით, იქ ყველაფერი იდეალური და მშვენიერია. იმდენად, რომ "თვალი არ ეცეს" პრინციპით, ბევრი აღარ ვილაპარაკოთ.

ისტორიის ბოლოს კი, კიდევ ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ.

ნინას სამი და-ძმა ჰყავს მამის მხრიდან. და - ლილე. აი, ამ სტატიამდე რომ მასალაა "ყველაფერი", მისი ერთ-ერთი მთავარი გმირია ლილე. დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილი ფოტოსესიით ლილე და მისი მეგობრები "სითის" ამ ნომერს ხსნიან. ხსნიან ერთი მარტივი თემით: ცხოვრება მრავალფეროვანია და ჩვენ ქრომოსომებს არ ვითვლით.

- რამე გასწავლა ლილემ? 

- არა, ეკა. როგორ აგიხსნა. ...მე ვერ ვხვდები რას ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობები. ადამიანებს სხვადასხვა შესაძლებლობა აქვთ. ის, რაც შემიძლია მე, არ შეგიძლიათ თქვენ და ასე, დაუსრულებლად. მე სამი და-ძმა მყავს და ისინი არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ლილეს ერთი რამ მართლა გამოარჩევს, ულევი პოზიტიურობა - ამბობს ლილეს უფროსი და, ნინა ღიმილით.

რა ელოდება წინ ამ 24 წლის დიდ გოგოს?
ქალაქგარეთ ცხოვრება.
ბავშვები.
ულამაზეს და ძალზე საინტერესო ქალად გადაქცევის პერიოდი.
და უდაოდ, უდაოდ, ახალი ბილიკი ახალი პლანეტისკენ!
იქამდე კი, იყოს ეს სტატია და "სითის" ეს ყდა.




ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტოპროექტის ავტორი: ნინო დარასელი / ნინო ჭიჭინაძე
ფოტო: GEORGE VAN DE KAMP
ფოტოგრაფის ასისტენტი: თათა მეტივიშვილი
MUA: თინა შალიკაშვილი
ვარცხნილობა: ეკა ტაბატაძე
ტანსაცმელი: გიორგი ქებურია / თიკო პაქსა
ფეხსაცმელი: STUDIO BY SHOES GALLERY
განსაკუთრებული მადლობა: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას და ბატონ ნოდარ ფოფხაძეს
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ინტერვიუ ემბრიოლოგ ნინო
კუჭუხიძესთან
ინტერვიუ ემბრიოლოგ ნინო კუჭუხიძესთან
13:15 / 10.12.2019
27 წლიანი გამოცდილების მქონე
კომპანია
27 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია "კაპიტან პლუსი" ზამთრის სეზონზე გთავაზობთ აქტუალურ სამოგზაურო ტურებს: დუბაი, აბუ დაბი, ტაილანდი, კუბა, ვიეტნამი, მალდივები, მექსიკა, ევროტურები.
13:09 / 10.12.2019
"ლიფერენთის" სხეულის მოვლის პროცედურები
13:01 / 10.12.2019
მისი ღიმილი, ალბათ, ყველას გახსოვთ.
სამედიცინო საქმიანობას ტელეწამყვანობა იმდენად წარმატებულად
შეუთავსა, რომ მისი პროფესიული არჩევანის სისწორეზე რიგით ადამიანებს
კითხვები გაუჩინა.
ისი ღიმილი, ალბათ, ყველას გახსოვთ. სამედიცინო საქმიანობას ტელეწამყვანობა იმდენად წარმატებულად შეუთავსა, რომ მისი პროფესიული არჩევანის სისწორეზე რიგით ადამიანებს კითხვები გაუჩინა.
16:06 / 09.12.2019
ესეც ჩემი მეორე თვე და მეორე
ბლოგი. გეტყვით გულახდილად - მარტივი არ არის და ვებრძვი მთელი გულითა
და სხეულით.
ესეც ჩემი მეორე თვე და მეორე ბლოგი. გეტყვით გულახდილად - მარტივი არ არის და ვებრძვი მთელი გულითა და სხეულით.
15:59 / 09.12.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
იმოგზაურე "კაპიტან პლუსთან" ერთად!
27 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია "კაპიტან პლუსი" ზამთრის სეზონზე გთავაზობთ აქტუალურ სამოგზაურო ტურებს: დუბაი, აბუ დაბი, ტაილანდი, კუბა, ვიეტნამი, მალდივები, მექსიკა, ევროტურები.
13:09 / 10.12.2019
რესტორანი "ათი"
ქართული სამზარეულოს ახალი ერა
12:42 / 07.12.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2606
TRY
TRY
1
0.5077
USD
USD
1
2.9446
ამინდი
ბორჯომი -3 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ახალქალაქი -7 °C
img
გამოწერა