City Story
გიორგი დეისაძე - ექიმი ახალი თაობიდან
როდესაც ამ ინტერვიუს ჩასაწერად ვემზადებოდი, ვიცოდი, რომ ჩვენი სტატიის გმირი "აკ. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის" სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო. ასეთი რეგალიის უკან რომ ახალგაზრდა ადამიანი იდგა, ამაზეც გამაფრთხილეს, თან ამ წინადადებით - ის "თოდუას კლინიკის" ამომავალი ვარსკვლავია. გიორგი ქუთაისში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ მის ოჯახში პროფესიით ექიმი არავინ არის, როგორც გვიამბო, ბაღის ასაკიდან ზუსტად იცოდა, რომ ქირურგი უნდა ყოფილიყო. ამ არჩევანში ის არ შემცდარა. დღეს 29 წლის გიორგი დეისაძე სამედიცინო სფეროს იმ მიმართულების სათავეში დგას, რომელიც "აკ. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში" თავად დააარსა.


მოდით, თქვენი ისტორიის თხრობა ბავშვობით დავიწყოთ.

ქუთაისში დავიბადე. ჩემს ოჯახში პროფესიით ექიმი არავინ არის. დედა მასწავლებელია, მამა ინჟინერი იყო. მე კი, რატომღაც, პატარაობიდანვე, ბაღის ასაკიდანვე ვიცოდი, რომ მინდოდა ოპერაციების კეთება. სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. სკოლაში კარგად ვსწავლობდი. ტექნიკური საგნები უფრო მიყვარდა. 2006 წელს ჩავაბარე "თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში". მეხუთე კურსზე გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში წავედი პრაქტიკაზე. 2012 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ მინსკში, რეზიდენტურაში, კონკრეტულად სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებით დავიწყე სწავლა. იქ ორ წელიწადზე მეტი გავატარე. საკმაოდ საინტერესო გამოცდილება მივიღე და დავბრუნდი თბილისში. ლიცენზიის აღების შემდეგ კი მუშაობა თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში დავიწყე, სადაც ვცდილობდი დამენერგა ის სიახლეები, რაც თანამედროვე მედიცინისთვის იყო აქტუალური. სწორედ მაშინ შემომთავაზა ბატონმა ფრიდონ თოდუამ მის გუნდთან ერთად მუშაობა.

როგორ შეხვდით თქვენ და ბატონი ფრიდონ თოდუა?

ჩვენი შეხვედრა გამორჩეულად მახსოვს. ერთ საღამოს დამირეკეს და შემატყობინეს, რომ ბატონი ფრიდონ თოდუა მიბარებდა. რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი. ის იყო ადამიანი, რომელსაც სამედიცინო სფეროში ყველა იცნობდა და პატივს სცემდა. როდესაც შეხვედრაზე მივდიოდი, ვერ წარმოვიდგენდი თუ წინ ეს შემოთავაზება მელოდა. ჩემ შესახებ მომაყოლა. საუბრის დროს ვხვდებოდი, რომ ჩემზე ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა. განსაკუთრებით საინტერესო და აღმაფრთოვანებელი ის ფაქტი იყო, რომ კონკრეტულად ჩემს დარგში, რომელიც შედარებით ახალია, ბატონი ფრიდონი დეტალურად ერკვეოდა. მითხრა კათეტერის სახელებიც კი, რომელიც, წესით, სხვა ექიმმა არ უნდა იცოდეს, რადგან არ სჭირდება. ჩემი დარგის ყველა წვრილმანი კარგად იცოდა. იმ პერიოდში კლინიკაში არ იყო სისხლძარღვთა და ვასკულარული ქირურგიის მიმართულება. მთხოვა ეს დარგი ჩამებარებინა და განმევითარებინა. რაზეც, რასაკვირველია, დავთანხმდი.

რას გულისხმობს ეს მიმართულება?

სისხლძარღვების ენდოვასკულარულად მკურნალობა სამედიცინო სფეროს შედარებით ახალი დარგია. ეს არის დახშული სისხლძარღვების გახსნის დახურული მეთოდი. პროცედურა პაციენტის გაჭრის, ღია ქირურგიის გარეშე, ადგილობრივი ანესთეზიით, ფაქტობრივად, ერთი ჩხვლეტით კეთდება.
ჩვენი პაციენტების უმრავლესობა ასაკოვანი ხალხია. თანმდევი დაავადებების - ინფარქტის, ინსულტის, დიაბეტის და ა.შ ფონზე მათი ღია ოპერაციული მკურნალობა, რა თქმა უნდა, დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ეს მეთოდი მათთვის იდეალური, ბევრად უსაფრთხო ალტერნატივაა.

როგორია ამ მიმართულების შედეგები?

დღესდღეობით, მსოფლიო მედიცინა მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი პროცედურა ჩატარდეს დახურული მეთოდით, ნაკლები ტრავმით. ღია ოპერაციასთან შედარებით, იგი ბევრად ნაკლებ რისკებთანაა დაკავშირებული და რეაბილიტაციასაც ნაკლები დრო სჭირდება. ჩვენს შემთხვევაში პაციენტი მეორე დღეს ფეხზე დგება. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს კლინიკაში, სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართურთულებით, საკმაოდ წარმატებული ოპერაციები კეთდება.




პაციენტის მხრიდან, თუ ყოფილა ოდესმე უნდობლობა თქვენი ასაკის გამო?

თავიდან, როდესაც დავიწყე, ბევრჯერ პირდაპირ უკითხავთ - თქვენ უნდა გამიკეთოთ ოპერაცია? მესმის და ამას ყოველთვის გაგებით ვეკიდები. სამედიცინო სფეროში არის მიმართულებები, რომლებიც შედარებით ახალია და ახლა ვითარდება. მათ შორის ჩემი სფეროც. ამიტომ, ასეთ მიმართულებებში, ძირითადად, ახალგაზრდა თაობაა ჩართული.

როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ "აკ. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი" ბატონი ფრიდონის გარდაცვალების შემდეგაც, ასეთ წინსვლას განაგრძობს?

ძალიან მწყდება გული, რომ ბატონ ფრიდონთან მუშაობა მხოლოდ სამი თვის განმავლობაში მომიწია. იმდენად ჭკვიანი ადამიანი იყო, რომ წლების წინ გათვლილი და დალაგებული ჰქონდა კლინიკის სამომავლო გეგმები. საოცრად მოწესრიგებული სისტემა შექმნა, რომელშიც გუნდურად და უდიდესი ენთუზიაზმით მუშაობენ პროფესიონალი ექიმები.

თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

თავისუფალი დრო ცოტა რთული თემაა... ვცდილობ, თუ რამე გადაუდებელი არ ხდება, კვირა დღე სახლში გავატარო. ჩემს მეუღლეს კინოში სიარული უყვარს. ხშირად ვსეირნობთ...
სხვა დღეებში გვიანობამდე ვმუშაობ. ოფიციალურად, 09:00 დან 17:00-მდე, მაგრამ ხშირად არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს ვერ მივატოვებთ და საავადმყოფოში გვიანობამდე ვრჩებით.

თქვენი ცხოვრების მთავარ ადამიანზე, მეუღლეზე მიამბეთ...

მე და ჩემი მეუღლე, თეონა ნუცუბიძე სკოლის პერიოდიდან ერთად ვართ. მეათე კლასში ვიყავი, ის კიდევ მეშვიდეში, როდესაც გავიცანი. სკოლის დასრულების შემდეგ, მე სასწავლებლად თბილისში მოვდიოდი, თეონა რაღაც პერიოდი ქუთაისში უნდა დარჩენილიყო. ჩემი საზღვარგარეთ სწავლის დროს დიდი ხნით გვიწევდა ცალ-ცალკე ყოფნა. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, ოჯახი შევქმენით.
იყო რთული დღეებიც, რომლებიც ძალიან უეცრად დაიწყო. თაფლობის თვიდან, შრი-ლანკადან ახალი დაბრუნებულები ვიყავით. თეონა თავს ცუდად გრძნობდა. თავიდან ვფიქრობდით, რომ ეს რაიმე ინფექციის ბრალი შეიძლება ყოფილიყო თუმცა, აღმოჩნდა ლიმფომა.
ყველაფერი ერთად გადავიტანეთ. ყოველთვის, როდესაც რაიმე მიჭირდა, ის ჩემ გვერდით იდგა. ამიტომ, სხვანაირად წარმოუდგენელი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ყველაფერი არის ძალიან კარგად.
ამ პერიოდში ბევრი ადამიანი დაგვიდგა მხარში. ისრაელში ძვლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და შემდგომი რეაბილიტაცია დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მეგობრების, ოჯახის წევრების გარდა, დაგვეხმარა მერია და ჯანდაცვის სამინისტროც. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. თეონამ ისრაელში ერთი წელი გაატარა. უკვე ერთი წელია თბილისში დაბრუნდა და რეზიდენტურაში სწავლობს. მომავალი ენდოკრინოლოგია.





პროფესიული თუ ცხოვრებისეული დაბრკოლებების დროს რა გაძლევთ ძალას?

მჯერა, რომ რაც ძალიან გინდა, აუცილებლად გამოვა. არ არსებობს რაიმე რის გაკეთებასაც ვერ შეძლებ. თეონას შემთხვევაში ზუსტად ვიცოდი, რომ გავიმარჯვებდით. ცხოვრებაში არასდროს მიფიქრია, რომ რამის გაკეთებას აზრი არ აქვს, არ გამოვა, ხელი არასდროს ჩამიქნევია არც პირად ცხოვრებაში და, რა თქმა უნდა, არც პროფესიაში. თეონა ჩემზე ბევრად ძლიერია. რთულ სიტუაციებში საკუთარ თავს ვუმეორებ - ყველაფერი რაც გინდა, გამოგივა! ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო და არ უნდა დანებდე წინაღმდეგობებს არც პროფესიაში და არც პირადში.

ოდესმე გიფიქრიათ სხვა ქვეყანაში წასვლაზე?

გერმანიაში ყოფნისას მქონდა შემოთავაზება იქ დავრჩენილიყავი მაგრამ მივხვდი, რომ იქ ერთი-ორი წლით ყოფნას შედეგი არ ექნებოდა და სამუდამოდ უნდა დავრჩენილიყავი. მივიღე გადაწყვეტილება საქართველოში დავბრუნებულიყავი. შემოთავაზებები ახლაც მაქვს, მაგრამ მთელი ცხოვრებით წასვლა არ მინდა. თუ წახვალ, ბოლომდე უნდა წახვიდე ან დარჩე და აქ გააკეთო საქმე. მე დარჩენა გადავწყვიტე.

და ბოლოს, პროფესია ექიმი...

ეს არის პროფესია, რომელიც ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო. ძალიან ბევრი ქვეყნის წამყვან კლინიკაში ვარ ნამყოფი და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სამწუხაროდ შეცომები ყველას მოსდის. ქართველი ექიმები ნდობას ნამდვილად იმსახურებენ. პირადად მე, მათგან არასდროს მიგრძნია გულგრილობა. მსმენია ხოლმე - ეს "იქ" არ მოხდებოდა, მაგრამ მერწმუნეთ, სტატისტიკურად, საქართველო სხვა ქვეყნებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება.


ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: კახაბერ შარტავა
გადაღების ადგილი: "შოკოლატერია არტიზანი"
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ
აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი
დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
ბაკურიანში, დიდველის გზას რომ აუყვებით, ადვილად შენიშნავთ სასტუმროს, რომელიც თავისი დასამახსოვრებელი ჰოლით ყველა სტუმარს იზიდავს.
10:03 / 04.08.2020
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია
09:43 / 04.08.2020
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"თოდუას კლინიკის" განსაკუთრებული რიტმი
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
"სითის" მასტერკლასი „გასტრონომში“
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.
10:09 / 03.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6402
TRY
TRY
1
0.4228
USD
USD
1
3.0737
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა