City News
ეკკო პაუზა
ყოფილხართ ოდესმე სახლში, სადაც ყველა, ოღონდ მართლა ყველა დეტალი განსაკუთრებულად ლამაზი და გამორჩეულია? სწორედ ასეთ სახლში მასპინძლობს "სითის" გუნდს ჩვენი თაობის ყველაზე გამორჩეული ხელოვანი, რუსუდან ფეტვიაშვილი. "სითიში" ის უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, "ეკკო პაუზის" სტუმარია.


რუსუდან ფეტვიაშვილი, მხატვარი

ჩვენს ოჯახში ტრადიცია ჩამოყალიბდა: თუ საქართველოში ვართ, განტვირთვისა და თავისუფალი დროის გასატარებლად, ხშირად ან ჩვენთან, სახლში ვიკრიბებით ან მცხეთაში. ჩემს ძმისშვილებს, დისშვილებს, აქ ან სათამაშოები აქვთ შენახული, ან სახატავები. ამ სახლში ყველას თავისი ადგილი აქვს. მიყვარს, როდესაც ჩემი ახლობლები, მეგობრები და ოჯახის წევრები აქ იკრიბებიან.
მე და ჩემს მეუღლეს ჩვენებური განტვირთვა ჩამოგვიყალიბდა. როცა თავისუფალი დრო გვაქვს და ამოსუნთქვა გვჭირდება, მივდივართ მცხეთაში,ჯვრის მონასტერთან, მთიდან გადასახედზე. მიგვაქვს გასაშლელი სკამები, ყავა. ვსხდებით, ვსაუბრობთ და ვტკბებით ულამაზესი ხედებით. უკვე წლებია ასე ვაკეთებთ. ეს ჩემთვის სხვანაირად ბედნიერი ადგილია. სხვათა შორის, შემჩნეული მაქვს, რომ ძალიან ბევრი პრობლემის გადაჭრა თავისთავად, სწორედ მცხეთაში ხდება. ესაა ჩემი ყველაზე საყვარელი "პაუზა", როცა საქართველოში ვარ. 



საქმიან მხარეს რაც შეეხება, მუდმივად ვმუშაობ, ვაგზავნით ნამუშევრებს საზღვარგარეთ, სადაც ეწყობა სხვადასხვა გამოფენა. საქართველოშიც ბევრ პროექტში ვარ ჩართული. ისეთებში, რომელიც მსიამოვნებს. ვფიქრობ სწორედ ესაა მთავარი და ყველაზე ღირებული - იმუშაო იმ თემებზე, რომელიც გსიამოვნებს. ჩემთვის ეს თავისუფლებისა და სიხარულის გამოხატულებაა.
სულ მალე ჩემი და "ვილეროი და ბოხის" ერთობლივი პროქტის მეორე ნაწილი გამოვა. ჭიქების შემდეგ, ეს იქნება შეზღუდული რაოდენობის, ექსკლუზიური სანამცხვრეები. მათზე დატანილი ნახატების თემატიკა თითქმის იგივეა. გრძელდება სიყვარულის, ჰარმონიისა და სიძლიერის ხაზი.

სალომე ფეტვიაშვილი, მხატვარ-დიზაინერი 

თავისუფალ დროს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ჩემს შვილებთან ერთად, რუსუდანთან სტუმრობა. როდესაც მათ ვეკითხები სად წავიდეთ, პარკში გავისეირნოთ, თუ რომელიმე გასართობ ადგილას, ერთხმად მპასუხობენ _ "რუსუდანთან და თემურისთან!". აქ ყოფნა განსაკუთრებით უყვართ მათაც და მეც.




რუსუდანი არის ადამიანი, რომელსაც მუდმივად უჩნდება ახალი იდეები. ძალიან მრავალმხრივია _ ხატავს ტორშერებზე, ბრებზე, შირმებზე, კედლებზეც. აი, ხედავთ კიდეც... ეს ყველაფერი იმდენად ლამაზი გამოდის, რომ გვინდა ბევრი იყოს. ერთ-ერთი საინტერესო იდეის განხორციელებაში, რომელიც მას და თემურის გაუჩნდათ, მეც ჩავერთე. საფრანგეთში, რუსუდანის გამოფენებზე, შარფებზე მის ნამუშევრებს ვბეჭდავდით სუვენირებად. აქედან გაჩნდა იდეაც. სულ მალე ასეთი შარფების შეძენა ჩვენი საიტიდან იქნება შესაძლებელი. სხვათა შორის, შარფი მარტო აქსესუარი არ არის, მისი გამოყენება ინტერიერში, ნახატის სახითაც შეიძლება.

თემურ ბადრიაშვილი, რეჟისორი

უახლოეს მომავალში, თბილისში, გალერეის გახსნასაც ვგეგმავთ. გამოცდილება უკვე გვაქვს _ ბათუმში საკმაოდ წარმატებული გალერეა გვქონდა. თუმცა, სეზონურობიდან გამომდინარე, ახლა მსგავსი სივრცის გახსნა თბილისში გვინდა. ეს იქნება კაფე-გალერეა, მეგობრების შეხვედრის ადგილი ან, უბრალოდ, ადგილი განტვირთვისთვის, სადაც ადამიანი შემოვა, დროს გაატარებს ნახატების გარემოში, მიირთმევს ყავას, გემრიელ დესერტთან ერთად და ისიამოვნებს იქაური ატმოსფეროთი და სიტუაციით.




ჩემი და რუსიკოს "პაუზა" ფაქტობრივად ერთნაირია. სულ ერთად ვართ. ამიტომ, თავისუფალი დროც ორივეს ერთდროულად გვიჩნდება. წლებია ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა მცხეთაში განტვირთვა... ხშირად გვაქვს მეგობრული და ოჯახური დღეებიც, სწორედ აქ, ჩვენს სახლში.

ტექსტი: ანა არაბიძე 
ფოტო: ლიზა გაბუნია
Print