City News
ჟაკადისფერი ცა
ზაფხული მხოლოდ სკოლადამთავრებულებისთვის არ არის ცხელი და საპასუხისმგებლო. თავისი "დიდური" ამბები აქვთ მათაც კი, ვინც ჯერ სკოლაში არ წასულა. წარმოიდგინეთ რამხელა ამბავია - ზოგი ბაღში უნდა წავიდეს პირველად, ზოგი -სკოლაში, ზოგიც, პირველად და დამოუკიდებლად, საზაფხულო ბანაკში. "სითი" და "ჟაკადი" პირველივნისობას ეთად ხვდება და ხვდება ჟაკადისფერი ფოტოსესიითა და ახალი გმირებით. მოხდა დაუგეგმავი ამბავიც. ერთ-ერთმა მონაწილემ ფოტოსესიისთვის ვერ ჩამოგვისწრო. "ჟაკადისა" და "სითის" სიყვარულმა გამოსავალი მოაძებნინა და სპეციალურად ამ რუბრიკისთვის, ფოტოები ლონდონიდან გამოგვიგზავნა.


ტაისია ქორიძე



11 წლის ტაისია მეხუთე კლასში სწავლობს. სწავლის პარალელურად, დადის სიმღერაზე, სამეჯლისო ცეკვებზე, ინგლისურსა და ფიგურულ სრიალზე. რა პროფესიას გაჰყვება, ეს ჯერ არ იცის. მოსწონს ცივი ფერები: ცისფერი, თეთრი, მწვანე. წელიწადის დროებიდან უყვარს ზაფხული, რადგან ამ დროს ბევრი ნაყინის ჭამა შეიძლება. საპირველივნისოდ ერთი ნატვრა აქვს: მშობლებმა უყიდონ ძაღლი. თუმცა, ამ ნატვრის ასრულებაში ცოტა ეჭვი ეპარება, ამიტომ შუამდგომლობას "სითის" გვთხოვს. ვშუამდგომლობთ - ძვირფასო ტაისას მშობლებო, უყიდეთ ბავშვს ძაღლი, პირობას დებს, რომ პირადად მოუვლის.

ნუნა ქორიძე



ოთხი წლის ნუნა ბაღში დადის. მისი ყოველდღიური გრაფიკი ძალზე დატვირთულია. იქვე, ბაღში, ნუნა ცეკვას, ხატვას და სიმღერას სწავლობს. საყვარელი გმირი ფიფქიაა, ხოლო საყვარელი სიმღერა - "ბასტი ბუბუს" ფიფქიას სიმღერა. "ფიფქიამ თქვა, უნდა სუფთა იყო მუდამ"- გაგვახსენა ძველი ჰიტი ნუნამ. ფერებიდან, ვარდისფერის მერე, წითელი უყვარს. წელიწადის დროებიდან კი, საგუნდაო პერიოდი - ზამთარი. ნუნას მომღერლობა უნდა და ვიდრე ნამდვილი მომღერალი გამოვა, "პრინცესულ" კაბაზე ოცნებობს.

ქრისტინე ლომიძე



ვარდისფერი საოცრება 4 წლის არის. ცეკვა, სიმღერა და ხატვა უკვე ყოველდღიური საქმეების ჩამონათვალშია. დადის ჯგუფ "სახის" სტუდიაში და როგორც გვითხრა, განსაკუთრებით კარგად წახნაგას "მოწყენილი სახეები დღეს არ იქნება" გამოსდის. მართალია ბაღში არ დადის, მაგრამ უკვე ზუსტად იცის ვინ გამოვა: ან ფიფქია, ან პრინცესა. "ეგ ხო ერთი და იგივეაო", - განმარტა ქრისტინემ და გვითხრა, რომ ოცნებობს პრინცესას ეტლზე, რომლითაც ის ჯადოსნურ ზღაპარში გაემგზავრება. საყვარელი ფერი - ვარდისფერი, წელიწადის საყვარელი დრო - ზამთარი. იმიტომ, რომ ამ დროს ის გუნდაობს!

ნიკო არაბიძე



წლის და ორი თვისაა და ეს მისი პირველი ფოტოსესიაა. ირკვევა, რომ ნიკოს ძალიან უყვარს ცეკვა ოღონდ, ჩვეულებრივ მუსიკაზე კი არა, დოლის თანხლებით. განსაკუთრებით, თუ ამ დოლთან ბაბუამისი ზის. მუსიკალურია ძალიან და აქვს საოცრად საყვარელი ამოჩემება: უსტვენს მელოდიებს. ჩვენ გაგვიმართლა - დაგვისტვინა. ორი წამით, მაგრამ მაინც!

მარიამ ბერძენიშვილი



8 წლის მარიამი მესამე კლასის მოსწავლეა და დადის მუსიკაზე, ცეკვაზე, ცურვასა და რობოტექნიკაზე. სამომავლოდ ფიქრობს ან მოდელი გამოვიდეს, ან მოცეკვავე. საყვარელი ფერი _ ლურჯი, წელიწადის საყვარელი დრო - ზაფხული. მარიამი, მისი ძმის მსგავსად, ოცნებობს სახლზე დიდი ეზოთი, სადაც ის და მისი მეგობრები ბევრს ითამაშებენ.

ნიკოლოზ ბერძენიშვილი



რვა წლის ნიკოლოზი, სკოლის პარალელურად, აქტიურადაა ჩართული სპორტში, რომელთაგან ყველაზე მეტად კალათბურთი უყვარს და შესაბამისად, ოცნებობს გახდეს წარმატებული კალათბურთელი. პარალელურად, დადის კარატეზე, სიმღერასა და ცეკვაზე. წელიწადის საყვარელი დრო ზაფხულია იმიტომ, რომ დაბადების დღე აქვს. ოცნებობს დიდ სახლზე დიდი ბაღით, სადაც ის იცხოვრებს მის დიდ ოჯახთან ერთად.

ანასტასია ბაკურაძე




ის რვა წლისაა და მესამე კლასში სწავლობს. სწავლის პარალელურად, უკვე დადის სამოდელო სააგენტოში, ცეკვაზე, სიმღერაზე. უკვე ჰქონია ჩაწერილი დუეტები ძალიან, ძალიან ცნობილ მომღერლებთან. ოცნებობს მოდელობაზე. უყვარს ვარდისფერი, ხოლო წელიწადის დროებიდან მისი საყვარელი შემოდგომაა, რადგან სექტემბრის თვეში ანასტასიას დაბადების დღე აქვს. მისი ნატვრაა ჰყავდეს ძაღლი. ვარაუდობს, რომ საპირველივნისოდ თუ არა, დაბადების დღისთვის მაინც აუსრულდება.



ელენე საგანელიძე



7 წლის ელენე, სკოლაში სწავლის პარალელურად, დადის ტანვარჯიშზე, რუსულსა და თეატრალურ კლუბში. აქ მას ძალიან საინტერესო როლი აქვს,
"ფიფქია და შვიდ ჯუჯაში" ელენე სარკის როლს ასახიერებს. ეს როლი ძალიან საპასუხისმგებლოა _ ცალკე ავ დედინაცვალს უნდა გაუძლო და ცალკე მუდამ სიმართლე ილაპარაკო. ელენეს ეს როლი ძალიან მოსწონს და როგორც ამბობენ, მშვენივრად ართმევს თავს. საყვარელი ფერი _ ლურჯი, წელიწადის საყვარელი დრო - გაზაფხული: 8 მარტს ელენეს დაბადების დღე აქვს. ოცნებობს გძელთმიან ბარბიზე.

ნოდარ საგანელიძე

ნოდარი 8 წლისაა და მესამე კლასის მოსწავლეა. დადის ცურვაზე. შემოდგომით განაახლებს სიარულს ფეხბურთზე. იცის ჩინური, თან საკმაოდ კარგად. ამბობს, რომ არც ისეთი რთულია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ჩინურის პარალელურად, ცხადია იცის ინგლისურიც. ვინ გახდება სამომავლოდ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, სადღაც ფეხბურთელსა და ბიზნესმენს შორის ფიქრობს და მალე ჩამოყალიბდება არჩევანში. წელიწადის საყვარელი დრო ზამთარია, რადგან ამ დროს ბევრს სრიალებს.



ანდრია საგანელიძე

ჩვენი ფოტოსესიის ყველაზე ენერგიული და მოუსვენარი მონაწილე 5 წლისაა. დადის ბაღში, ცურვაზე, ბოქსზე, რაგბიზე და ფეხბურთზე. დედა ამ ჩამონათვალს საგრძნობლად ამცირებს, მაგრამ ანდრია დაჟნებით ითხოვს, რომ ზუსტად ასე დავწეროთ. უნდა რომ გახდეს მაგარი ფეხბურთელი, კერძოდ კი, მეკარე, რადგან, მისი აზრით, გოლებს მასავით ვერავინ აიღებს.წელიწადის საყვარელი დრო ზამთარია, რადგან, უფროსი ძმის მსგავსად, ისიც ბევრს სრიალებს. ნატვრა ასეთია: სათამაშო სატვირთო მანქანა.

ელენა ნაფეტვარიძე



ელენა წლინახევრისაა და ლონდონში ცხოვრობს. როგორც ელენას დედა გვიყვება, მისი პირველი სიტყვა, "აღუს" მერე, იყო Bye. ძალიან უყვარს ეს სიტყვა, ყველას ყველგან ემშვიდობება.
ფერი არ ვიცი რომელი უყვარს, ვერ ლაპარაკობს ჯერ, მაგრამ მე ლურჯს ვუხდენ, თვალის ფერის გამო. ამ დროს თვალის ფერი ეცვლება და სასწაულად ლამაზ ფერებში გადადის...
სიმღერით ჯერ ვერ ვმღერით, მაგრამ ცეკვა უყვარს და განსაკუთრებით მუსიკის მოსმენა. მოჰკრავს თუ არა მუსიკას ყურს, მაშინვე იწყებს ცეკვას. ყოველი ჩვენი დილა ასე მხიარულად იწყება.
საყვარელი სათამაშო არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს საყვარელი პატარა პლედი, რომლის გარეშეც არ იძინებს და სულ თან დააქვს. გამორიცხულია სხვა პლედით შეუცვალო, ხელის შეხებითაც კი გრძნობს და არ იკარებს სხვას არაფერს.
ყველაზე მეტად უყვარს სეირნობა. განსაკუთრებით ბედნიერია პარკში, როდესაც ფარშევანგებს უყურებს. ელენას სიყვარული ცხოველების მიმართ, ვფიქრობთ, დააფიქრებს მამიკოს და ლამაზ ბოოს გვიყიდის. ასევე, უყვარს ლამაზი Look-ები გამორჩეულად ფეხსაცმელი, მაღაზიაში როდესაც მიგვყავს, ჯერ ფეხის ზომას უღებენ, მერე აცმევენ სხვადასხვა ფეხსაცმელს და ესეც მოთმინებით და სიხარულით გადის ამ პროცედურებს. ამის მერე, მთელი დღეები ყველას აჩვენებს ახალ ფეხსაცმელებს და ელოდება კომპლიმენტებს მხიარული სახით...






ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: ანა კოსტომაროვა
გადაღების ადგილი: სასტუმრო "ადამო"
Print