City Events
პირველად "სითის" ფურცლებზე
ჩვენი ფოტოსესიის მთავარი გმირები ხუთი თვის ნიკოლოზ მახარაშვილი და ოთხი თვის ზუკა ლაშქარაძე არიან. "სითის" და "ოკაიდის" ერთობლივ პროექტში დედიკოებთან, ლეკა მიქაძესთან და მარიამ სანოგოსთან ერთად გადავიღეთ. ბიჭები გადაღების დროს იმდენად კარგად იქცეოდნენ, ვერც მიხვდებოდით, რომ ეს მათი პირველი პროფესიონალური ფოტოსესიაა. წლების შემდეგ, ჩვენი ჟურნალის ამ ნომრის ნახვისას, მათ ერთით მეტი კარგი მოგონება ექნებათ. მიზანიც ესაა. მაშ ასე, ნიკოლოზ და ზუკა, კეთილი იყოს თქვენი მოხვედრა "სითის" ფურცლებზე.

ლეკა მიქაძე, ინფლუენსერი, პროდიუსერი



ნიკოლოზი ხუთი თვისაა და ეს ხუთი თვე რადიკალურად განსხვავებული ცხოვრება მაქვს. მისი გაჩენის შემდეგ, სამსახურში აღარ გავსულვარ იმიტომ, რომ ძიძის აყვანა გადავიფიქრე. რამდენიმე მყავდა გასაუბრებაზე და მივხვდი, რომ ვერავის ვანდობ. მირჩევნია ცოტა გავიჭირვო და მე მყავდეს სულ... მორიგეობით ვათენებთ მე და მახარა. ორი თვის იყო, როდესაც ღამის ჭამა ამოაგდო და 12-დან 6-მდე სძინავს. უბრალოდ, უნდა გადაატრიალო ხოლმე. თუ არ გადაატრილებ, იწყებს ჩხუბს. ტირილით არ ტირის, თავის ენაზე იძახის რაღაც სიტყვებს გაბრაზებული.
ბევრს ველაპარაკებით. უკვე ერთი კვირაა თვითონაც დაიწყო და დედას და გიოს იძახის. გიჟდება სეირნობაზე, განსაკუთრებით ცუდ გზაზე ეტლით როცა ვატარებ. ეგრევე ითიშება და იძინებს. ორივეს ძალიან გვგავს - თვალებით მახარას, ტუჩებით - მე. ზოგადად, ძალიან კარგი ხასიათი აქვს, თუ ყველაფერი ისეა, როგორც მას უნდა. ამიტომ, ჩვენც ყირაზე ვდგებით რომ ასე იყოს.

მარიამ სანოგო, მოდელი



ზუკა 1 ივნისს ოთხი თვის ხდება. ჩვენს ცხოვრებაში მისი გამოჩენით მეც შევიცვალე, ჩემი მეუღლეც და ზოგადად, სამყაროს აღქმაც შემეცვალა. სულ სხვა კუთხით ვუყურებ ყველანაირ საკითხს. თუ ადრე რომელიმე დღე ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, ახლა ყველა დღე ამ ადამიანის გამო იმდენად ბედნიერად იწყება, რომ ყველა მნიშვნელოვანია. ნაკლებად ვღელავ პატარა პრობლემებზე. იმდენად მთავარ როლშია, რომ მის ფონზე ყველაფერი მავიწყდება.
ძალიან მშვიდია. უცინის აბსოლუტურად ყველას - უცხოებსაც, ნაცნობებსაც. ძალიან მოსწონს სეირნობა, ყველაფერს ათვალიერებს და მერე ტკბილად ეძინება. მუსიკა უყვარს და სახლში ძალიან ხშირად ვუმღერით ხოლმე.
როდესაც ორსულად ვიყავი, როგორც ყველა მომავალი დედა, ვეცნობოდი ყველანაირ ინფორმაციას ბავშვების შესახებ. ვიცოდი, რომ არსებობს ბავშვების კატეგორია, რომლებსაც არ სძინავთ, არ ჭამენ, ბევრს ტირიან. ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ძალიან გამიმართლა, რომ ზუკა ამ ყველაფრის საპირისპიროა, კარგად სძინავს, მშვენიერი მადა აქვს. ძალიან იშვიათად ტირის და ყველას გვიცინის. 




ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ლიზა გაბუნია
Print