City News
გიორგი დიასამიძე - დაჩქარებული დრო
დილის 9 საათია. "აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის" ფოიეში სამუშაო რეჟიმი ჩვეულ რიტმში შედის. უცნაურია, ცენტრში, რომელიც ყოველდღიურად ასიათასობით პაციენტს იღებს და მკურნალობს, გამორჩეული სამედიცინო სიმშვიდეა. აქ ათასჯერ ვყოფილვარ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ათასჯერვე ზუსტად ეს შემინიშნავს: ტემპი ჩქარია, გადაწყვეტილებები სწრაფი, პაციენტი ბევრი, მაგრამ უსაშველო და "აურზაურული" რიგები - არა. ამას, ერთი მხრივ, ცენტრის დიდი და ფართოდ გაშლილი ტერიტორია განაპირობებს და მეორე მხრივ, აწყობილი სისტემა. სისტემა, რომელსაც ჯერ კიდევ 90-იანი წლების მიწურულს საფუძველი ფრიდონ თოდუამ ჩაუყარა. სისტემა, რომელიც თანამედროვე აქცენტებით მუშაობს საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა მენეჯერის, გიორგი დიასამიძის ხელმძღვანელობით.
ციფრები კარგი გამოგონებაა. მათი მოშველიება უცებ გიმარტივებს სათქმელს, რომელიც გინდა მკითხველამდე მიიტანო. ახლა მე რამდენიმე ციფრს გეტყვით: გიორგი დიასამიძე, ჩემი რესპონდენტი და კლინიკის ხელმძღვანელი, 20 წლის არის. ამ უზარმაზარ და ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ცენტრს ის ორი წელია ხელმძღვანელობს. ახლა მეორე ციფრის დრო დადგა: კლინიკა გიორგიმ 18 წლის ასაკში გადაიბარა!
ჩემი შვილის თანატოლია. თანატოლი კი არადა, თურმე ერთ ბაღში დადიოდნენ ოდესღაც. გიორგის არცთუ ისე დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ ეს მცირე დროც საკმარისია საიმისოდ, რომ მას ჩემი მეგობარი დავუძახო.
ჰოდა, ერთხელაც ჩემი უმცროსი მეგობარი, "სითის" მორიგი ნომრის გამოშვების შემდეგ მირეკავს. იქ სარედაქტორო იყო "რედაქტორის ათი რჩევა მომავლის გოგოებს". გიორგის სარედაქტორო, ცხადია, წაკითხული აქვს. "ახლა ველოდები როდის დაწერთ ათ რჩევას მომავლის ბიჭებისთვის", - მეუბნება გიორგი. ვპირდები, რომ აუცილებლად დავწერ და ამ პირობას დილით, "თოდუას კლინიკაში" მისულს, კიდევ ერთხელ მახსენებს. ურთულესი ამოცანაა, რა უნდა ვურჩიო და დავუწერო მომავლის იმ ბიჭს, რომელმაც 18 წლის ასაკში სახელგანთქმული ბაბუის საქმე გადაიბარა. რამე რომ ურჩიო, მასზე ბევრი უნდა გაიგო. ამიტომ, გიორგის მის ისტორიას ვაყოლებ.
გიორგი დიასამიძე დაბადებიდანვე ბაბუას ბიჭი იყო. მაშინაც კი, როდესაც მათ შორის მხოლოდ ტრადიციული, ბაბუა-შვილიშვილური კომუნიკაცია არსებობდა.





გიორგი, პირველი კადრი, რაც ფრიდონ თოდუასთან ერთად გახსენდება, რომელია?

- პირველი კადრი ეს ბაბუას სახლია. დიდი მისაღები ოთახი, გაშლილი დიდი ხალიჩა, სათამაშოებით მოფენილი და მათ ცენტრში ბაბუას მიერ ჩამოტანილი ახალი, ვეებერთელა ცემენტის მოსარევი დიდი სატვირთო მანქანა. ძალიან მანებივრებდა სათამაშოებით და სულ რაღაც ასეთი მანქანები ჩამოჰქონდა. ის "ცემენტის მოსარევი" განსაკუთრებით მახსოვს. 

მთელი ბავშვობა ბაბუასა და დედის სახლს შორის ეზოებში სირბილში აქვს გატარებული. ბატონი ფრიდონი აბაშიძის ქუჩაზე ცხოვრობდა, გიორგის ოჯახი - რიგაზე. იქ პატარა გასასვლელებია სახლებს შორის და ეს იყო მთავარი გასასვლელები ბაბუასა და შვილიშვილს შორის. მერე ბაბუა დიღომში, გიორგი, ოჯახთან ერთად, აბაშიძეზე გადადის. ცოტა ხნის მერე, გიორგი მის ცხოვრებაში მთავარ გადაწყვეტილებას იღებს: საცხოვრებლად ბაბუასთან, დიღომში, გადადის.

- უმცროსი ძმა გამიჩნდა და ჰო, ალბათ ვეჭვიანობდი კიდეც. მაგრამ მთავარი მიზეზი იყო სურვილი მეცხოვრა ბაბუასთან ერთად.

იმ პერიოდიდან დღემდე, გიორგი ბაბუის სახლში ცხოვრობს. სწორედ იქედან, ბაბუის მსგავსად, ყოველ დილით ცხადდება სამსახურში ზუსტად დილის 9 საათზე და ერთვება კლინიკის ყოველდღიურ ორომტრიალში.

ექიმობა არასდროს გინდოდა?

- პირიქით, ძალიან მინდოდა ყოველთვის.

აბა, ბაბუა იყო წინააღმდეგი?

- არა, რას ამბობთ. ფრიდონი არ იყო ის ადამიანი, რამე დაეძალებინა ან აეკრძალა. გადაწყვეტილება, რომ მენეჯმენტის, მარკეტინგის, პიარის გზით წავსულიყავი, თავისთავად მოვიდა. ფრიდონი, უბრალოდ, ყველაფერზე ღიად და გახსნილად მელაპარაკებოდა. მიყვებოდა რა გზა მელოდა ექიმის პროფესიის არჩევისას, რა დრო დასჭირდებოდა ამ მიმართულებაში სერიოზული წარმატების მიღწევას. ასე კონკრეტულად არც მახსოვს როდის და როგორ, მაგრამ გადაწყვეტილება პროფესიასთან მიმართებაში მე მივიღე, დამოუკიდებლად.





სკოლაში, ალბათ, რაღაც განსაკუთრებული უნარ-ჩვევებითა და სწავლის დონით გამოირჩეოდი.

- არა, არა. ძალიან ჩვეულებრივი ვიყავი. იცი, ხშირად მეუბნებიან, რომ შენ რაღაც განსაკუთრებული რამ მოახერხე, როდესაც ამ ასაკში ამდენი შეძელი, განსაკუთრებულად სწავლობდი. მე მეღიმება ამ ყველაფერზე და ვპასუხობ - თქვენ არ იცით, რა თაობა მოდის. მათ თქვენ ჯერ კიდევ არ იცნობთ, ისინი ჯერ კიდევ სწავლობენ და მათი ჩამოსვლა რეალურად დიდ ცვლილებებს მოახდენს სხვადასხვა სფეროში, მათთან შედარებით ჩემი მიღწევები არაფერია-მეთქი.

ამას ახალი კომპლიმენტების მისაღებად კი არ გეუბნებათ, რეალურად ასე ფიქრობს და რეალურად დღეს კლინიკა, რომელსაც გიორგი დიასამიძე ხელმძღვანელობს, ახალი თაობის ყველაზე გამორჩეულ პროფესიონალებს იზიდავს, ზრდის და გუნდის წევრად ხდის.

წარმატებული ვერ იქნები, რთული და პრობლემებით აღსავსე გზა თუ არ გაიარე. გიორგის შემთხვევაშიც ასეა. უბრალოდ, მას ამ ყველაფრის გავლა დაჩქარებულად მოუწია.
უდარდელი და უზრუნველი თინეიჯერობა-სტუდენტობა იმწამსვე დასრულდა, როდესაც ბაბუას დიაგნოზის კონტურები გამოიკვეთა. სტამბულის აეროპორტშიც გვერდიგვერდ იყო განლაგებული გასასვლელები. გიორგი სასწავლებლად ავსტრიაში მიემგზავრებოდა, ბატონი ფრიდონი სამკურნალოდ გერმანიაში.

- ვხვდებოდი, რომ აი იმ წამებში რაღაც სრულდებოდა. ჯანმრთელ ფრიდონს ბოლოს ვხედავდი. დამშვიდობებისას, თითქოს ჩვენი თანაცხოვრების ყველაზე უზრუნველ და ბედნიერ პერიოდს ვემშვიდობებოდი. ცხადია, ამას ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ ვგრძნობდი.

როდესაც ბაბუა გარდაიცვალა, მოვიდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დრო: გიორგი ბრუნდება საქართველოში.

რატომ?

- უპირველეს ყოვლისა, ოჯახს ვერ დავტოვებდი. ჩემი ძმა პატარა იყო, ოჯახში სულ ქალები. როგორ ვერ იცხოვრებდნენ, იცხოვრებდნენ. ალბათ, არც არაფერი დააკლდებოდათ, მაგრამ მე ვერ ვიცხოვრებდი ძველებურად. იქამდე მხოლოდ ჩემს სწავლასა და გართობაზე ვიყავი ორიენტირებული. ფრიდონის ავადმყოფობამ ტალღასავით გადამისროლა სხვა სფეროში, სხვა ცხოვრებაში და მისი წასვლის მერე მივხვდი, რომ ისე როგორც ადრე იყო, აღარასდროს იქნებოდა.

ბაბუის დაკრძალვის მეორე დღეს დგება მორიგი გადაწყვეტილების და ნაბიჯის მომენტი. პარასკევი დილაა. გიორგი იცვამს, ემზადება და კლინიკაში მიდის. კონფერენციაზე, უზარმაზარი გუნდის წინ, თავჩაღუნული, მიკროფონით ხელში, ყველას მადლობას უცხადებს თანადგომისთვის და მომავალი ეტაპისთვის ამზადებს: "ჩვენ ყველას და უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ფრიდონ თოდუას საქმე გრძელდება."

- თავჩაღუნული ვიდექი, ეკა, რადგან მრცხვენოდა, მრცხვენოდა ამ გამოცდილი და უფროსი ადამიანების, პროფესიონალების, რომელთა წინაშე ვიდექი მე, 18 წლის გიორგი დიასამიძე და სათქმელს ვეუბნებოდი. რთული იყო ეგეც, მაგრამ აუცილებელი. აუცილებელი, პირველ რიგში, ჩემთვის.




მოდით გავიხსენოთ საკუთარი თავი 18 წლის ასაკში. გავიხსენოთ ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო, რაც ამ პერიოდში გვიკეთებია. მოდით, გულახდილად ვუთხრათ ერთმანეთს, რომ ასეთი გამოწვევის წინაშე არცერთი არ ვმდგარვართ. გიორგი დიასამიძემ ჩაიბარა 350 კაციანი გუნდი, საუკეთესო სახელის მქონე კლინიკა და, რაც მთავარია, საქმე სახელით და გვარით: ფრიდონ თოდუა.
დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა კიდევ ერთი გადაწყვეტილების მიღებას - შეექმნა მისი გუნდი. გიორგიმ სრულად განაახლა მენეჯმენტი და ეს განახლება დელიკატურად და სწორად გაკეთდა.
- ფრიდონი სხვა ფორმაციის მენეჯერი იყო. ის იყო ყველაფერი - სტრეტეგიის განმსაზღვრელიც, ფინანსური დირექტორიც, "ეიჩარიც", მარკეტინგიც და პიარიც. უნივერსალური ადამიანი იყო. მე ასე არ შემიძლია. მე უფრო დელეგირების ტიპი ვარ და დიდი გუნდის მომხრე, სადაც ყველას თავისი ფუნქცია აქვს. სადაც გადაწყვეტილებას კამათი უძღვის წინ და სადაც, ცხადია, საბოლოო გადაწყვეყტილებას სწორედ ამ გუნდზე დაყრდნობით ვიღებ მე.

რამდენი ადამიანია შენს ახალ გუნდში?

- ოცდაათი და ეს ის გუნდია, რომელსაც, პრინციპში, ნულამდე დაჰყავს არასწორი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.

გუნდის მთავარ მახასიათებლად მისი მრავალფეროვნება სახელდება. ესაა გუნდი, სადაც სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანი თანაარსებობს და ერთად იღებს გადაწყვეტილებებს. ორი წელია, რაც გიორგი კლინიკას უძღვება და შედეგები იმდენად შთამბეჭდავია, რომ მოითხოვს აღნიშვნას: ოცამდე ახალი აპარატი, სამი ახალი მიმართულება, ახალგაზრდა ექიმების ახალი ნაკადი და რაც მთავარია, საათის მექანიზმივით აწყობილი სისტემა, რომელიც არცერთი წამით არ შეჩერებულა. ყველაზე ნაკლებად გიორგის ციფრებზე უყვარს ლაპარაკი.

როგორ ფიქრობ, რა გამოარჩევს თქვენს კლინიკას? ვიცი, რომ ციფრებზე არ გიყვარს ლაპარაკი.

- ციფრები მნიშვნელოვანია, ის შთამბეჭდავია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მე, როგორც მენეჯერი, გამზარდა ბაბუამ, რომელიც იყო ექიმი და არა ბიზნესმენი. მისი ხედვა კლინიკის სტრატეგიის, მართვის, მომავლის - იყო ექიმის ხედვა. შესაბამისად, მეც იგივე მაქვს. ძალიან ხშირად მეკამათება მენეჯმენტი თუ რამდენად მომგებიანი იქნება ამა თუ იმ აპარატის შეძენა. კამათი ყოველთვის ჩემ სასარგებლოდ მთავრდება, რადგან ფინანსურ ფაქტორზე მეტად, საბოლოოდ ყურადღებას მაინც იმას ვაქცევ, რაც პაციენტს სჭირდება. ასეთია ფრიდონის მიერ დატოვებული მიდგომა.

როგორ ფიქრობ, რაზე დგას თქვენი კლინიკა?

- ადამიანებზე. ეს არის ადამიანების შრომის ოცდაათწლიანი ისტორია. ისტორია, რომელიც დგას ფრიდონ თოდუას ფასეულობებზე. ძალიან ბევრმა წარმატებულმა ექიმმა აიდგა აქ ფეხი და თუკი ვინმეს აქედან წასვლა მოუნდება, ესეც არ არის პრობლემა. მის ბიოგრაფიაში მთავარი მაინც "თოდუას კლინიკა" იქნება _ წარმატებული პროფესიონალების ერთგვარი სამჭედლო.

აქაურობას გარემოც გამოარჩევს. გარემო შემდგარი ნახატებისგან, აკვარიუმისგან, ორანჟერეასგან... მომიყევი ამის შესახებაც.

- იცი, ადამიანი მოდის თავისი პრობლემით, ფიქრით. გარემო ოდნავ მაინც უმსუბუქებს მას რეალობას, რაღაც დროით მაინც აშორებს პრობლემურ ფიქრებს. დღეს, კლინიკაში მოსულ პაციენტს, კარგი მკურნალობის გარდა, სერვისი და განსაკუთრებული გარემოც სჭირდება. ეს გარემო ხვდება მათ აქ მოსვლისას.

გიორგი, იცი რა ვიფიქრე? მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც გამოიარე და მიუხედავად იმისა, რომ მე ვესაუბრები ერთ-ერთი უდიდესი და წარმატებული კლინიკის 20 წლის მენეჯერს, შენ არ დაგიკარგავს სხივი თვალებში და ასაკითვის დამახასიათებელი სილაღე. ეს როგორ გამოგივიდა?

- არ ვიცი, ამაზე განსაკუთრებით არც მიმუშავია და არც მიფიქრია. მე არ ვცდილობ ვიყო ჩემს ასაკზე დიდი, არ გავურბივარ მას. მე უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა. დადგა მომენტი და ერთ წამში ჩემი ცხოვრება ამოტრიალდა. მაგრამ ამისგან ტრაგედია არ შემიქმნია. მივყევი ამ გზას და გამოვიდა, თითქოს. რაც ეხება ასაკს, იცი, ნელ-ნელა ვცდილობ პირიქით, რაღაც-რაღაცები აღვიდგინო, დავიბრუნო იმ წლებიდან და ხან გამოდის, ხან-არა.

მთავარი ფრაზა, რაც ფრიდონ თოდუასგან გახსოვს.

- ბევრი, ძალიან ბევრი, მაგრამ მთავარი ალბათ მაინც ეს: "არ იჩქარო, მოითმინე... დამშვიდდი, ყველაფერი გამოვა."

დღევანდელი გადასახედიდან, რას ეტყოდი შენს თავს 18 წლის ასაკში. იმ დროს, როდესაც შენი ცხოვრების მთავარი გადაწყვეტილება მიიღე და კლინიკას სათავეში ჩაუდექი.

- ვეტყოდი, იყოს კიდევ უფრო თამამი გადაწყვეტილებებში და ვეტყოდი, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ერთგული ადამიანებია. ვეტყოდი იმას, რომ მის ცხოვრებაში, საბედნიეროდ, ბევრი ერთგული ადამიანი იქნება და რომ მას არაფრის არ უნდა შეეშინდეს!

საუბრის ბოლოს, ჩემთვის დროს ვინიშნავ, ეს 2019 წლის მაისის მიწურულია. ჩემი რესპონდენტი, გიორგი დიასამიძე ჯერ მხოლოდ 20 წლის არის. იმ ასაკშია, როდესაც უამრავი მისი თანატოლი ჯერ კიდევ ცხოვრების მთავარი საქმის გარკვევის გზაზეა. მისთვის სარედაქტორო რჩევის მიცემა გაცილებით რთულია. რჩევის ნაცვლად, სურვილს დავწერდი - მე და ის ერთმანეთს ამავე ჟურნალის ფურცლებზე, 10 წლის შემდეგ შევხვდეთ. მე მოგიყვებით როგორ გაგრძელდა ყველაზე ახალგაზრდა მენეჯერის წარმატების ისტორია. შეხვედრამდე!


ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: LIG Studio
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქეთი ხატიაშვილი, ტანმოვარჯიშე,
ქეთი ხატიაშვილი, ტანმოვარჯიშე, "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის" დამფუძნებელი:
12:21 / 16.08.2019
განსხვავებული და უნიკალური
საკვები, დესერტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები –
თბილისში პირველი გასტროპაბი GOYA გაიხნა.
გასტროპაბი მაღალი ხარისხის რესტორნისა და პაბის ჰიბრიდია და ის
მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს.
განსხვავებული და უნიკალური საკვები, დესერტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები – თბილისში პირველი გასტროპაბი GOYA გაიხნა. გასტროპაბი მაღალი ხარისხის რესტორნისა და პაბის ჰიბრიდია და ის მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს.
12:54 / 12.08.2019
განსხვავებული და უნიკალური
საკვები, დესერტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები –
თბილისში პირველი გასტროპაბი GOYA გაიხნა.
გასტროპაბი მაღალი ხარისხის რესტორნისა და პაბის ჰიბრიდია და ის
მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს.
განსხვავებული და უნიკალური საკვები, დესერტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები – თბილისში პირველი გასტროპაბი GOYA გაიხნა. გასტროპაბი მაღალი ხარისხის რესტორნისა და პაბის ჰიბრიდია და ის მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს.
12:54 / 12.08.2019
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი ეტაპი "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიაში"
ქეთი ხატიაშვილი, ტანმოვარჯიშე, "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის" დამფუძნებელი:
12:21 / 16.08.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2019 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2365
TRY
TRY
1
0.5072
USD
USD
1
2.9279
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა