City News
ქუჩა
რა კარგია კარგ ქუჩაზე გავლა, როცა გემრიელად გათენებულზე შენი ქალაქის ნაცნობ ადგილებში მისეირნობ, სადაც სიცოცხლე ბედნიერად შექუჩებულა გრილ სადარბაზოებში და მზით გამთბარ ფანჯრებში. მიატასავებ და...

ასაკთან ერთად, უცხო ქვეყნების უცხო ქალაქებში უფრო ხშირად ხვდები ასეთ ქუჩებს. იქაური ყოფის სიმძიმე, გასაჭირი თუ ლხინი, ტვირთად არ გაწევს. მიაბიჯებ ადრიანად ფეხზე ამდგარი, მანდ გასატარებელი დღეებისთვის საშენოდ მოსარგები სივრცეების მოსაძებნად. ამინდს დიდ ყურადღებას არ აქცევ, ნებისმიერი "სინოპტიკოსური" პროგნოზი მისაღებია ამ შემთხვევაში (ნუ, თუ ცა არ ჩამოგექცა თავზე, თუმცა, მასაც აქვს თავისი ხიბლი, სასტუმროს აივნიდან პეიზაჟის ყურებით ნაყრდები და ნომერში შეკვეთილი სასმელის წრუპვით) და გარემო თბილი, მშვენიერი და მყუდრო გეჩვენება, ასეთად ხატავ შენთვის. საკუთარ ქალაქში დაკარგულს თუ უკვე გაცვეთილს, ცხრა მთას მიღმა ქალაქში ხეტიალისას პოულობ მონატრებულს. ძველს არ დასდევ, სხვა რამეა, თავად გეჩითება და შემოგასუნთქავს ხოლმე განვლილ მძაფრ გაელვებებს, მუღამებს...

53-ე სკოლაში ვსწავლობდი ბოლო ექვსი წელი და თავიდანვე არჩეული გზა, ფიქრისგორის ჩემი სახლიდან სკოლამდე, არ გამომიცვლია. ნიკოლაძეს ამოვუყვებოდი, შუაწელში, ქუჩიშვილიზე შევუხვევდი და ვერის აბანოს პირდაპირ, როდენის პატარა, დაკლაკნილი ქუჩით ავდიოდი მელიქიშვილზე. შუქ-ნიშანს გადავდიოდი და ჯანაშიათი ვაგრძელებდი სვლას. გუდაურის შესახვევში ვაბოლებდი პორველ ღერს (მაღალ კლასებში როცა ვიყავი უკვე). აგურის ორსართულიან სახლებს შორის ნელი ნაბიჯით მივაბოლებდი თარხნიშვილამდე და ცნობილ, პაგოდას სტილში აშენებულ სახლთან ვაქრობდი ნამწვავს. ბარნოვს გადავირბენდი და ჩვენი სკოლის რკინის ბოძებად დარჭობილი მოაჯირებიდან მესამეს, ოდნავ ჩაზნექილს, ცალი ხელის დაკვრით ვახტებოდი (ვცდილობდი არ დავვარდნილიყავი, რადგან ცუდ ნიშნად წარმომედგინა ჰაერში რკინის მილზე ფეხის წამოკვრა და წაბორძიკება. ცრურწმენა იყო)...

ბევრი, შენს გემოზე შერჩეული მარშრუტი გაქვს ადამიანს საკუთარ ქალაქში, მაგრამ დროს თავისი მიაქვს და ახალი გზების ძებნა გიწევს მიზნამდე მისაღწევად... როდენის ქუჩა ამოქოლეს, გუდაურის ძველი, ეზოებიანი სახლების მაგივრად, ურჩხული მასივი ჩადგეს ერთი ციდა უბანში. თვალს მიჩვეული სახლებიც გააქრეს ნათელი ფანჯრებით და მათ მიღმა მცხოვრები ხალხიც, რომლებსაც, თითქმის ყველას, იცნობდი, კეთილი სიტყვით ესალმებოდი... 

კატმანდუში ბოლოს რამდენიმე წლის წინ ვიყავი. ტამელის უბნის ერთ-ერთ ჩიხში ტიბეტური ოჯახური რესტორანი მქონდა შერჩეული სასაუზმოდ. ყოველ დილას, უთენია, სასტუმროდან გამოსული ჯერ დურბარისკენ დავიძრებოდი ხოლმე. აუჩქარებლი ფუსფუსით იღვიძებდა ქალაქი. გასაყიდ ნივთებს, ხილს, ბუდას სხვადასხვა ფიგურას, კუკრის დანებს, ჭრელქვიან სამკაულებს, ზურმუხტის თვლებს, კოხტად და გემოვნებით ალაგებდნენ დახლებზე, ქვაფენილზე დაფენილ ნოხებზე. მზე სახლების სახურავებში იკარგებოდა, რათა თავიდან გამოეჭყიტა ვიწრო ქუჩების პერსპექტივებში. ფრიკ-სტრიტიდან მეფის სასახლესთან ვბრუნდებოდი და ჩემი ტიბეტელი მასპინძლების ტერასაზე ავდიოდი უგემრიელესი მომოს საჭმელად. მეორე სართულის ტერასა სკოლის ეზოს გადაჰყურებდა. დაწყებითი კლასების სასწავლებელი იყო. ბავშვები შესვენებაზე ფეხბურთს თამაშობდნენ ხოლმე. ყველას ერთნაირი, ლურჯი ფერის ფორმა ეცვა. ერთ დღეს, მომოს მოლოდინში მწვანე ჩაის ვსვამდი, ტერასაზე ვიდექი და სკოლის ეზოს გადავყურებდი. ბავშვები ოდნავ განსხვავებულად, უფრო მოვლილად და გაპრანჭულად ჩაცმულები მომეჩვენენ. თავიდან მოუსვენრად იდგნენ _ შეჯგუფულად, თითქოს რაღაცას ელოდნენ. მერე მაინც დაიწყეს ბურთის გაგორება. ერთი დარტყმული ჩემთან ამოვარდა ტერასაზე. პატარაზე ავკენწლე და უკან გადავუგდე. მოეწონათ, გაერთნენ და: "ეი, მისტერ!" მიგდებდნენ ისევ ზევით ბურთს. მეც ვკენწლიდი და ვუპენალებდი უკან. ცოტა ხანში მასწავლებლები გამოჩდნენ. ბავშვებმა შეწყვიტეს თამაში. არეულად დადგნენ მწკრივში. ზეიმი ჰქონდათ. ძველს ემშვიდობებოდნენ და შემდეგ კლასში გადადიოდნენ. მასწავლებლებმა, მცირე მისალოცი სიტყვის შემდეგ, ფრანები გაშალეს, მოწაფეებს ძაფები ხელში დააჭერინეს და ფერად-ფერადი, რომბის ფორმის ფრანები მაღლა-მაღლა ააფრინეს ცაში... ჩემი სკოლის, 53-ე სკოლის გადავიწყებულმა მუღამებმა გადამიფრინეს ფრანებთან ერთად, გადმომხედეს ზევიდან და თავი გამახსენეს გაკვრით, გაელვებით...

ხშირად, ცხრა ზღვის იქით, უცხო ქვეყნების უცხო ქალაქებში გენახება "შენი ქუჩები"... საკუთარ ქალაქში... საკუთარ ქალაქში ახალ მარშრუტებს ხაზავ დანიშნულ ადგილამდე მისაღწევად.


რეზო თაბუკაშვილი
Print