City News
7 წელი ბოლო ზარიდან
7 წლის წინ, 18 წლის გოგო ვიყავი, რომელიც ამერიკულ აკადემიაში სწავლობდა და ძალიან უნდოდა ამერიკაში სასწავლებლად წასვლა. საზოგადოებრივ აზრს თუ დავუჯერებთ, უცხოურ უნივერსიტეტში მოხვედრა რთულია. მაგრამ, მე საპირისპიროს ვიტყვი: მოხვედრა ადვილია. მთავარი სირთულე საზღვარგარეთ დამოუკიდებლად, ჯანსაღი წესით ცხოვრება და სწავლის წარმატებით დასრულებაა.
ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრება ბოსტონში, Northeastern-ის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში დაიწყო. მოსახვედრად, თბილისში ინგლისური ენის ტესტი (TOEFL) და სტანდარტული ტესტი (SAT) დავწერე და, ჩემი ქულების მიხედვით, აპლიკაცია ამერიკის უნივერსიტეტებში გავაგზავნე. პასუხები მარტში უნდა მოსულიყო. მახსოვს, მთელი სკოლა ერთად ველოდებოდით. მაშინ, არჩევისას, თავად უნივერსიტეტებისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. ვიცოდი რომელ ქალაქში მინდოდა სწავლა. არჩევანს ვაშინგტონსა და ბოსტონს შორის ვაკეთებდი და, საბოლოოდ, ბოსტონი ვამჯობინე. ალბათ, დღეს სხვა კრიტერიუმით ავარჩევდი უნივერსიტეტს, მაგრამ ბოსტონის არჩევა ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში. 

სწავლის პროფილის არჩევაც ადვილი გადასაწყვეტი იყო _ ყოველთვის ვიცოდი, რომ ბიზნესის სწავლა მინდოდა და კონცენტრაციად ფინანსები და მეწარმეობა ავირჩიე. ამერიკული განათლების სისტემის დიდი უპირატესობა ე.წ. ლიბერალური მოდელია, სადაც პირველივე წელს არ გჭირდება პასუხი კითხვაზე _ "ვინ მინდა გამოვიდე". პირველ წელს ზოგად საგნებს სწავლობ, შემდეგ _ ინტერესის მიხედვით პროფილი ვიწროვდება და მესამე-მეოთხე კურსზე შენთვის სასურველი კონცენტრაციის სპეციფიკურ საგნებს ირჩევ. ჩემი რჩევაა ამ არჩევანის, შეძლებისდაგვარად, დროში გაწელვა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და საკმარისად ნაფიქრიც უნდა იყოს. სწორედ აქ არის გამართლებული აჯანყება მშობლების წინააღმდეგ, რომლებიც ამ არჩევანს გვართმევენ. არც პროფესიის შეცვლაა გამოუვალი მდგომარეობა, მაგრამ უნივერსიტეტი გაძლევს იმის საშუალებას, რომ გამოსცადო სხვადასხვა პროფესია და მეტი მოქნილობა გქონდეს საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესში. 




საკუთარი თავი მე ბოსტონში აღმოვაჩინე, სადაც სამნახევარი წელი ვიცხოვრე და ერთწლიანი სამუშაო პრაქტიკა გავიარე. მგონია, რომ უნივერსიტეტის დასრულების გადავადება ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. სამუშაო პრაქტიკა ერთგვარი ტესტია იმისა, რომ გაიგო სწორ პროფესიას ეუფლები თუ არა და თან, სამუშაო გარემოში ნახო რა არის ის, რაც მოგწონს და რაც არა _ იქნება ეს კორპორაციული კულტურა თუ დრესკოდი. ე.წ. gap year-ის აღების იდეაც მომწონს (ერთწლიანი შუალედი, სკოლას და უნივერსიტეტს შორის, რომელსაც მოგზაურობაში და ან მუშაობაში ატარებ). მოკლედ, მივესალმები ყველაფერს, რაც ხელს გიწყობს ზრდასრული ცხოვრების დაწყებაში.

მე ბოსტონში მოუმზადებელი წავედი, მაგრამ ჯანსაღი წესით ცხოვრებამ დიდი როლი ითამაშა ჩემი სწავლის წარმატებით დასრულებასა და დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბებაში. ჯანსაღ ცხოვრებაში მხოლოდ კვებას და ძილს არ ვგულისხმობ _ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ემოციური კეთილდღეობა, რაშიც საკმარისი ძილი და კარგი კვება აუცილებლად გვეხმარება. ბალანსი მეცადინეობას და გართობას, გამოცდილებას და გამოუცდელობას, ლიბერალიზმსა და კონსერვატიულობას შორის, არცთუ ისე ადვილი მოსაძებნია. მაგრამ, როგორც შვილებმა, უნდა ვეცადოთ რომ ეს ბალანსი ისე ვეძებოთ, რომ მშობლების იმედები და წარმოდგენები გავითვალისწინოთ და როგორც მშობლებმა, მივცეთ შვილებს ის თავისუფლება და კომფორტი, რომ იპოვონ საკუთარი თავი და სრულფასოვან და ბედნიერ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი გულახდილი კომუნიკაციაა მშობლებს და შვილებს შორის. სირცხვილის, განსჯის და თავისუფლების შეზღუდვის გარეშე.




დღეს, 7 წლის შემდეგ, საინვესტიციო ოფიცერი ვარ "საქართველოს კაპიტალში", რომელიც "საქართველოს ბანკის", "ევექსის", "მ2"-ის, "თელიანი ველის", "საქართველოს წყალკანალის", "ალდაგის" და სხვა კომპანიების ჰოლდინგია. ადაპტაციის პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიარა ოჯახის, ახლო მეგობრების და მხარდამჭერი კოლეგების დახმარებით. თბილისში მომზადებული დავბრუნდი. ვიცოდი ვინ ვიყავი, რა მინდოდა და როგორ უნდა მიმეღწია ჩემი მიზნებისთვის. სწორედ ამ ზუსტი ხედვით და მოლოდინებით შევძელი იმედგაცრუების თავიდან აცილება, რომელიც ახასიათებს სტუდენტების საქართველოში დაბრუნებას.

დღეს, დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მეთორმეტეკლასელი და თავიდან განვიცდიდი იმ თავგადასავალს, რომელსაც საუნივერსიტეტო წლები ჰქვია. ვიქნებოდი უფრო ცნობისმოყვარე, გამბედავი, თავისუფალი აღქმაში და ქცევაში. სწორედ ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი რჩევა მეთორმეტეკლასელებისთვის.


ანა გვალია
Print