City News
სკოლას რომ ვამთავრებდი
სკოლას რომ ვამთავრებდი, გული მწყდებოდა სკოლის პერიოდი რომ სრულდებოდა და თან დაბნეული ვიყავი მომავალზე ფიქრით... ათას რამეზე მეფიქრებოდა. უნივერსიტეტი და პროფესიის არჩევა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ცხოვრებაში. შესაბამისად, მეც ვღელავდი, ჯერ კიდევ მეშინოდა იმის გაცნობიერება, დამოუკიდებელი რომ ვხდებოდი და მარტო რომ უნდა მეცხოვრა უდარდელად გაზრდილ ბავშვს. ვერც კი ვხვდებოდი ასეთ საინტერესო გზაზე თუ მომიწევდა სვლა და ამიტომ, მთელი გულით გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას რომელიც ამ დროის განმავლობაში დავაგროვე.
ესპანეთში ვსწავლობ, მარბეია (Marbella) ჰქვია ქალაქს, ანდალუსიის მხარეშია.Les Roches International School of Hotel Management-ის უნივერსიტეტში, ტურიზმის და სასტუმროს მართვის ფაკულტეტზე. სწავლა 2017 წლის აგვისტოში დამეწყო. ისეთ დროს დავტოვე თბილისი, ზაფხულის ყველაზე კარგი დღეები რომ იწყებოდა; გართობა, ზღვა და მეგობრები... ხვდებით ალბათ, როგორ რთულად მეჩვენებოდა აქ წამოსვლა, მაგრამ გულში მაინც მქონდა იმედი, რომ სწორ ადგილას, სწორ მომენტში მივდიოდი. ჩამოვედი. ესპანეთში მანამდე ნამყოფი არასდროს ვიყავი. ესეც ერთგვარი გამოწვევა იყო ჩემთვის და მეორე დღესვე უნივერსიტეტში წასასვლელად გავემზადე. შევუდექი ახალი ცხოვრების შეცნობას. მახსოვს, შევდგი თუ არა პირველი ნაბიჯი ამ ადგილას, მას მერე ბედნიერებას არ დავუტოვებივარ მარტო… სრულიად უცხო გარემოს, ხალხს, მალევე შევეჩვიე. ბევრი სირთულე იყო ნამდვილად. უნივერსიტეტი მთლიანად კულტურული მრავალფეროვნებისგან შედგება. ყველა ეროვნების ხალხი სწავლობს. უამრავი ადამიანი გავიცანი. ყველა განსხვავებული იყო. მანამდე არასდროს მქონია ყოველ წამს სხვადასხვა ადამიანთან შეხვედრის ამხელა გამოცდილება. ცოტა შემეშინდა კიდეც. გავიდა დრო და თითოეული ადამიანი ჩემთვის ახალ გამოცდილებად იქცა. შევიცანი ყველა ქვეყნის კულტურა, ტრადიციები და მეც, მთელი ცხოვრება საქართველოში გაზრდილი გოგო, უცბად მსოფლიოს ყველა ადგილას ნამყოფი აღმოვჩნდი. ამ ყველაფერმა დიდი სიძლიერე შემატა ჩემს პიროვნულ განვითარებას და მივხვდი, არ უნდა გვეშინოდეს სირთულეების, ისინი გამიზნულად მოდიან ჩვენს ცხოვრებაში. მოდიან იმიტომ, რომ ჩვენი შესაძლებლობები დაგვანახონ.

ყოველთვის მერჩია ჩრდილში მევლო, ვიდრე ხალხის წინ წარვმდგარიყავი. მეგონა განსაკუთრებული არაფერი მქონდა ისეთი, ხალხისთვის საინტერესო რომ ყოფილიყო. და აი, ზუსტად აქედან დაიწყო ჩემი პიროვნული ზრდა. როდესაც გავაცნობიერე რომ რაღაცის შიში მქონდა, დავიწყე ამ შიშისთვის თვალების გასწორება და პირდაპირ შეჯახება. ყველაფრის ინიციატორი მე გავხდი _ დიდი აუდიტორიის წინ გამოვედი, ჩემს თავზე მოვყევი, უნივერსიტეტის ამბასადორიც გავხდი, რაც ყოველდღე ადამიანებთან ურთიერთობას, სულ აქტიურად ყოფნას და ხალხის მოტივირებას გულისხმობს. სულ სიახლეების ძიების პროცესში ვიყავი და ბევრი ვიმუშავე ჩემს თავზე. ვიცოდი, ბევრ შეცდომას ვუშვებდი და ეს შეცდომები არ უნდა დამეშვა, მაგრამ მერე მივხვდი, სწორედ შეცდომებს მივყავართ სწორ გზამდე. მივდივართ გზაზე, რომელზეც ბევრი დაბრკოლება გვხვდება. სულ სირთულეებს მოიცავს… თავიდან, გვეშინია არ წავიქცეთ, არ დავიკარგოთ და ხშირად ასეც ხდება. ძალიან ვიღლებით, მაგრამ ბოლოს, ვახერხებთ მწვერვალზე ასვლას, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. ყველაფერი ლამაზია… ვდგავართ, სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ და ვხვდებით, რომ ჩვენ ეს შევძელით. ზუსტად ეს არის ის მომენტი, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ შრომა დაფასდა, რომ ჩვენს მიზნებს მივაღწიეთ და აღარაფერი გვაშინებს. ალბათ იმის გარდა, რომ იქ მარტო ვართ. უფრო მეტსაც გეტყვით… პიროვნული განვითარებისთვის არავინ არის საჭირო. მარტოობაში იზრდება ჩვენი სული და მხოლოდ მარტოობაში შეგვიძლია ჩვენი თავი შევიცნოთ. ყველანაირი ურთიერთობა რაც გვაქვს, ისევ მხოლოდ ჩვენს თავთან ურთიერთობაა. ყველა ადამიანი, ვინც ცხოვრების მანძილზე გვყავს, გრძნობებით გვამდიდრებს და გამოცდილებას გვაძლევს ისევ იმიტომ, რომ საკუთარი თავი ვიპოვოთ. ჰოდა, ამ საინტერესო გზაზე, რომელიც ყველა თქვენთაგანს, მომავალ ვარსკვლავს, გელოდებათ, ნუ შეშინდებით თუნდაც იმით, რომ მარტო ხართ ან ნუ შეშინდებით, რომ თქვენ არ გაქვთ ის თვისებები და უნარები, რაც სხვებს აქვთ. ყველაფერზე მუშაობა შეგიძლიათ, მთავარია გააცნობიეროთ, რომ თქვენი სიძლიერე ის არის, რომ თქვენ-თქვენ ხართ და არ გავხართ სხვას. ამის შემდეგ, ბევრს მიაღწევთ და თავად დარწმუნდებით, რამდენი რამ შეუძლია შეცვალოს ერთმა ადამიანმა და როგორ შეუძლია, რომ ეს ბედნიერება და წარმატება სიტყვების გარეშე გამოასხივოს სხვებისთვის… გისურვებთ წარმატებებს, მთელი გულით.

P.S ეს მხოლოდ დასაწყისია. ბევრი მუშაობა მჭირდება მომავალშიც. უბრალოდ, უკვე ვიცი როგორ უნდა ვიარო სწორი მიმართულებით, წარმატების გზისკენ... გიყვარდეთ მთელი გულით, იყავით პირველ რიგში უბრალო ადამიანი და დანარჩენს ცხოვრება განახებთ, სწორ გზაზე დაგაყენებთ და ბევრი სიურპრიზით აგავსებთ.
ნუცა მიქელაძე
Print