City News
მომავლის გოგოების 10 რჩევა დედებს
და აი, სწორედ ახლა, როდესაც თქვენ თქვენს სკოლებსა თუ უნივერსიტეტებს ამთავრებთ, მე შეუძლებელს შევეჭიდე: მოვინდომე თქვენგან მომესმინა და შემერჩია რჩევები, განკუთვნილი თქვენი არაჩვეულებრივი დედებისთვის. გწერდით ბევრს. ზოგმა არ მიპასუხეთ, ზოგმა მიპასუხეთ, მაგრამ დაწერა დაიზარეთ, ბევრმა კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ, გამოგზავნილი რჩევის ქვეშ თქვენი სახელი და გვარი ხომ არ დაიწერებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაგზავნეთ. მთელი დიდი სკივრია ჩემ წინ გადაშლილი, თქვენ მიერ მოწერილი რჩევების. ზოგი ისეთი გულახდილი და ღიაა, გული გაგიჩერდება. ზოგიც - მოზომილი. რომელი ამოვარჩიო? ვცდი. ეს არის რჩევები, რომლებიც მათ, მომავლის გოგოებმა, ჩვენ, დედებს გამოგვიგზავნეს. მოემზადეთ და ... წავედით!


1. ნუ ცდილობთ ჩვენგან იდეალური გოგოების შექმნას. ნუ გვეუბნებით წამდაუწუმ, რომ ვართ ყველაზე ლამაზები, ყველაზე მაგრები, ჭკვიანები და რომ ყველაფერი კარგად გამოგვივა. რომ არ გამოგვივიდეს? ამაზე გიფიქრიათ? მაშინ სად მივდივართ ჩვენ, არაიდეალურები? ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვინდა ვიყოთ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივები და არ გვქონდეს აკიდებული უზარმაზარი პასუხისმგებლობები თქვენგან.

2. შენიშვნები. კარგია, მაგრამ ზომიერად. "ეს ფერი გასუქებს, ეს გახდუნებს", "ეს კაბა რაღაც მოჩლართულია", "იმ კაბაში არავის მოეწონები", "თმა ასე არ გიხდება", "არ შეიჭრა", "არ შეიკრა", "წარბი არ გაიკეთო", "ტატუ არ დაიხატო, ინანებ", "თმა არ შეიღებო, ინანებ", "ღამე არ ჭამო, გასუქდები", "ბოქსზე არ იარო, ჩაფსკვნილი იქნები", "პილატესი ჯობია", "ბევრი წყალი დალიე"... სტოპ! მოგვეცით რჩევები, მოგვეცით შენიშვნები, მხოლოდ არა ამდენი და არა ყველაფერზე. აირჩიეთ რამდენიმე და ეცადეთ ისე მოგვცეთ, უნებლიედ რომ არ დაგვამციროთ.

3. მოგვეცით მეტი თავისუფლება. ბანალურია, მაგრამ ასეა. და ამ თავისუფლებაზე ბევრი გველაპარაკეთ. გველაპარაკეთ, მაგრამ მოგვისმინეთ კიდეც. ეს ლაპარაკი პროფესიის თუ უნივერსიტეტის არჩევის წინ ძალიან მნიშვნელოვანია. არ დაგვტოვოთ ამ არჩევანის წინაშე მარტო. თქვენი მეგობრული თანადგომა და რჩევები ამ ეტაპზე ძალიან დაგვეხმარება.

4. სიყვარული გვაკლია თქვენგან, კონტაქტი, ლაპარაკი და მოფერება. თქვენ სულ სადღაც ხართ და ასეა ბავშვობიდან. თქვენ ან მუშაობთ ან სახლის თუ ოჯახის საქმეებში ისე ხართ ჩაფლულები, ჩვენთან საკონტაქტოდ წესიერად ვერც კი იცლით. ღამე, დაძინების წინ, შემოიჭყიტეთ ჩვენს ოთახში. გული აუცილებლად გიგრძნობთ, რომ ჩვენ ძალიან გვჭირდებით. მოგვიწექით. თუ გინდა არაფერი გვკითხოთ, უბრალოდ, მოგვეფერეთ. კი, ჩვენ დიდი გოგოები ვართ უკვე, მაგრამ ხანდახან, ჩუმად, მოფერება და ჩახუტება მაგრად გვაკლია თქვენგან. 

5. ძალიან დასაფასებელია ყველაზე საუკეთესო რომ გინდათ ჩვენთვის, მაგრამ საუკეთესოს ძიება შეიძლება არასდროს დამთავრდეს. რაღაც მომენტში უნდა შეწყვიტოთ და გაიაზროთ, რომ ჩვენი აზრით, სწორედ საუკეთესო გზას ვადგავართ. ჰოდა, გვაცალეთ.

6. გვინდა მეტად ყურადღებიანები იყოთ საკუთარი თავის მიმართ. ბედნიერ და რეალიზებულ დედაზე უკეთესი დედა არ არსებობს დედამიწის ზურგზე.

7. გაგვიზიარეთ თქვენი ნაკლოვანებები, თქენ მიერ დაშვებული შეცდომები. არაფერია ტრაგიკული ამ სიმართლის ცოდნაში. ჩვენ გვაინტერებს თქვენი შეცდომები.

8. ხანდახან გვაპატიეთ თუ არ ვართ თქვენს მოსაწონ ფორმაში, არ გვაქვს შესაბამისად დავარცხნილი თმა, მაკიაჟი. ზოგჯერ მოგვეცით ამის უფლება.

9. ვიცით, რომ "ის ბიჭი" "ის ბიჭი" არ არის, ზუსტად ვიცით, მაგრამ გვაცადეთ, რომ ამას ჩვენ თვითონ მივხვდეთ, გვაცადეთ საკუთარი შეცდომების დაშვება.

10. იყავი ჩემი მეგობარი. ის მეგობარი, რომელთანაც მე ყოველთვის, რაც არ უნდა საშინელება შემემთხვეს, მივალ და ვეტყვი - დამეხმარე. დამეხმარე და მერე არასდროს წამომაძახო, "ხომ გეუბნებოდი." მოდი, ორივემ ამოვიღოთ საერთო ლექსიკონიდან ეს სამი საშინელი სიტყვა: "მე ხომ გეუბნებოდი"


ეკა ხოფერია
Print