City News
ჩემი სივრცე
მანანა უგულავა, "საქართველოს მენეჯმენტის სკოლის" დამფუძნებელი
კომპანია, რომელსაც წარმოადგენთ
"საქართველოს მენეჯმენტის სკოლა"

როგორ დაიწყო ყველაფერი? კარიერის პირველი ნაბიჯები...
ეს მოხდა GIPA-ში.
2007 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, მაგისტრის ხარისხი საჯარო მმართველობის მიმართულებით, სწორედ GIPA- ში მივიღე.
სწავლის დასრულების შემდეგ, სკოლის დეკანს, მაკა იოსელიანს გავუზიარე ჩემი ოცნება - ძალიან მინდოდა ლექტორობა. თუმცა, რა თქმა უნდა, მეგონა, რომ ეს რომელიმე ახლად შექმნილ, ნაკლებად პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში მოხდებოდა, ისიც, სტაჟიორის რანგში. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შესაბამისად მომზადების შემთხვევაში, საშუალება მომეცემოდა ლექტორობა სწორედ ჩემთვის ძალიან ძვირფას გარემოში - GIPA-ში დამეწყო.
მაკას ეს გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას, ბიძგი გახდა ჩემი მომავალი კარიერისთვის. მან ნინო დოლიძეს, ჩემს ლექტორს და ახლა უკვე მეგობარს, მრჩეველს და ძალიან ახლო ადამიანს, ჩააბარა ჩემი თავი და ნინოს მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყო ჩემი მოგზაურობა ამ სფეროში და დღესაც გრძელდება.
პარალელურად, იყო სხვადასხვა ორგანიზაცია და სხვადასხვა პოზიცია, სანამ 2012 წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მივიღე - ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გავაგრძელე სწავლა, სადაც მეორეჯერ გავხდი მაგისტრი, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
ეს არ იყო მხოლოდ სწავლა. იმდენად გამიჭირდა წელიწად-ნახევრის იქ გატარება ჩემი ორი შვილის გარეშე, რომ გამიჩნდა იდეა, სხვათა შორის, ჩასვლიდან პირველივე კვირას - საერთაშორისო სკოლებთან ერთად, საქართველოშიც შეგვემუშავებინა ისეთი პროგრამები, რომ სხვა ადამიანებს, ჩემ მსგავსად, არ დასჭირვებოდათ ქვეყნიდან წასვლა.
და ასეც მოხდა. დღეს ჩვენს ქვეყანაში უკვე არაერთი პრესტიჟული საერთშორისო სკოლის წარმომადგენლობა ფუნქციონირებს.




რომელია თქვენი ყველაზე გამორჩეული მოგონება საქმიანი სფეროდან?
გამორჩეული მოგონება ძალიან ბევრია.
თუმცა, მე მაინც სამ ფაქტს გავიხსენებდი. ქრონოლოგიურად მივყვეთ.
პირველი - მადრიდში ჩასვლისთანავე გვქონდა ლექტორების და სტუდენტების არაფორმალური შეხვედრა. სწორედ იქ გავუზიარე მათ ჩემი იდეა სკოლის დაარსებასთან დაკავშირებით.
მახსოვს მათი რეაქცია - ცოტა გაკვირვებული. ალბათ, გაუელვათ აზრმა - ჯერ ისწავლე და მერე იფიქრე ამ ყველაფერზეო. ალბათ, ასე იფიქრეს.
მე მათ ვუთხარი, რომ ლექტორების რანგში მოვიწვევდი საქართველოში, რაზეც გაეცინათ.
სწავლის პროცესში ყველა ჩემი პროექტი ეხებოდა მომავალ სკოლას, რომელიც უკვე ვიცოდი, როგორი უნდა ყოფილიყო.
გავიდა დრო. დავასრულე სწავლა და ყველა ჩემი ლექტორი მართლაც ესტუმრა ჩვენს ქვეყანას და "საქართველოს მენეჯმენტის სკოლას" ლექტორის რანგში.
მეორე მოგონება ეხება ბატონ სულიკო ქადაგიძეს, რომელსაც ჩამოსვლისთანავე დავუკავშირდი და პარტნიორობა შევთავაზე. მან მკითხა, რატომ გამიჩნდა ეს იდეა, რატომ ვიყავი განათლებით დაინტერესებული.
მე ვუპასუხე ის, რასაც გულწრფელად ვფიქრობდი, რომ მინდოდა ქვეყნისთვის რაღაც კარგი გამეკეთებინა... და ისიც დამთანხმდა.
აქ დაიწყო ყველაფერი. ერთ საერთშორისო სახელს მოჰყვა მეორე. ერთ პროგრამას _ მეორე და მოვედით დღევანდელ დღემდე.
მესამე კი, "ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან" დაწყებული თანამშრომლობაა, რაც ჩემთვისაც და სკოლისთვისაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. არაერთი ერთობლივი პროექტი, არაერთი წარმატება და არაერთი სამომავლო გეგმა.

როგორია თქვენი ერთი სამუშაო დღე?
ჩემი სამუშაო დღე, ერთი სიტყვით რომ აგიხსნათ - არანორმალურია.
თუმცა ამას ყველა, მათ შორის ოჯახის წევრებიც, ეგუება. სხვა რა გზა აქვთ.

სამუშაო სივრცეში აუცილებელია...
სამუშაოსთვის აუცილებელი ატრიბუტიკის გარდა - წიგნები, მუსიკა, მცენარეები და ყავა.




რა დევს თქვენს სამუშაო მაგიდაზე?
კომპიუტერი, ტელეფონი, ბლოკნოტი და ყავის ჭიქა.

კომპიუტერი თუ ტელეფონი?
ტელეფონი

ფანქარი თუ კალამი?
კალამი

ბლოკნოტი თუ პლანშეტი?
პლანშეტი

ყავა თუ ჩაი?
ყავა

განტვირთვისთვის აუცილებელია...
განტვირთვისთვის მჭირდება ადამიანები - ჩემი უძვირფასესი ადამიანები.

და ბოლოს, რა ხდება თავისუფალ დროს...
ვცდილობ თავისუფალი დრო ადამიანებს დავუთმო, ჩემს ადამიანებს, რომლებისგანაც ენერგიით ვიმუხტები... და სიმწვანე, რაზეც ვგიჟდები. მთა!


ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ლიზა გაბუნია
Print