City News
BE NATURALE
ცნობილი ბრენდის, "ანეროშეს" დამფუძნებელი ბუნებრიობაზე, მის საფირმო ხელის მასაჟზე და კრემის წასმის საიდუმლოებაზე
სახის მასაჟი

დღეს ძალიან მიღებულია სხეულის მოვლა. ყველა ვარჯიშობს, იკეთებს მასაჟს და ყველას უნდა სხეულის კუნთები ტონუსში იყოს. ბევრს ავიწყდება, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია სახის კუნთები. მათაც ახასიათებს მოდუნება და მათაც სჭირდება მოვლა. ეს, ცხადია, შესაძლებელია აპარატურული მეთოდებითა და ინექციებით, მაგრამ, ჩემი აზრით, პარალელურად აუცილებელია სახის ვარჯიში და მასაჟი. სახის ვარჯიშს რაც ეხება, ესეც დროს მოითხოვს და ცოდნას, მე და ჩემს პაციენტებს უკვე გამომუშავებული გვაქვს ის ვარჯიშები, რომლებსაც ისინი დღის გარკვეულ პერიოდში აკეთებენ. მაგრამ ვარჯიში, როგორც გითხარით, დროს მოითხოვს და სახის ვარჯიშს, მაგალითად, ოფისში ვერ გააკეთებ. ცოტათი სასაცილო საყურებელია გარედან. ამიტომ, კუნთების ფორმაში მოსაყვანად მასაჟი უალტერნატივოა.

სახის მასაჟის სახეობები

სახის მრავალგვარი მასაჟი არსებობს. ეს გახლავთ კლასიკური მასაჟი, რომელიც სხვადასხვა პროცედურის წინ კეთდება და ის იცის თითქმის ყველა პროფესიონალმა კოსმეტოლოგმა. არის ლიმფოდრენაჟის, სკულპტურული, რელაქსის მასაჟი. პირადად მე, ჩემი საავტორო მასაჟი მაქვს შემუშავებული. 25 წელია კოსმეტოლოგიაში ვარ და აქედან 23 წელი მასაჟის მიმართულებით. პირველადი ცოდნა ჩინელმა მეცნიერმა მომცა, რომელმაც ჩათვალა, რომ რაღაც განსაკუთრებული უნარი ჰქონდა ჩემს ხელებს. რამდენად არის ეს სწორი, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ მასაჟის შედეგები ჩემი პაციენტების სახეებზე მინახავს. სტანდარტულად თუ მივუდგებით, სახის მასაჟი კვირაში ორჯერ უნდა კეთდებოდეს. თუ, მაგალითად, ვსაუბრობთ სკულპტურულ მასაჟზე, ის გაცილებით მტკივნეულია და კეთდება თვეში სამჯერ.

მასაჟის შედეგები

საგრძნობლად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ჟანგბადის მიწოდება და შედეგად _ სახის სტრუქტურა. წარმოიდგინეთ, რომ კვირაში ორჯერ თქვენ ვარჯიშობთ. უბრალოდ, სხეულის ნაცვლად, სახე მონაწილეობს ამ პროცესში და შედეგიც შესაბამისად მალე დგება; მნიშვნელოვანია სწორი მასაჟის გაკეთება. მასაჟს შეუძლია როგორც აღადგინოს, ისე მოადუნოს კუნთი. სწორი მასაჟი ზრდის კუნთის მოცულობას და ის თანდათან ლამაზ და ტონუსში მოყვანილ კუნთად იქცევა. ეფექტს ხედავთ თქვენც და გარშემომყოფებიც.

პოპულარული მასაჟები

ყველაზე პოპულარული ლიმფოდრენაჟის მასაჟია. ხშირად, დილით გაღვიძებისას, სარკეში შეშუპებულ სახეს ვხედავთ. შეშუპება ჩანს თვალების ირგვლივ, ცხვირთან. ეს გახლავთ უძილობის, პრემენსტრუალური პერიოდის თანმდევი ან არასწორი კვებისა და
ზედმეტი სასმელის შედეგი. მე ჩემს პაციენტებს ვასწავლი სპეციალურ მოძრაობებს, რითაც შესაძლებელია ნელ-ნელა, პატარა მოძრაობებით, ლიმფის გამოდევნა. ეს სახლის პირობებში ხდება და ძალიან მოსახერხებელია ბევრისთვის, რადგან ყოველთვის არ გაქვს დრო კოსმეტოლოგთან ვიზიტის.

რჩევა შორენასგან

ყველა ქალს, იქნება ეს პატარა გოგონა თუ უკვე ზრდასრული ქალი, აქვს თავისი რიტუალი, თავისი ყოველდღიური პროცედურა. მე გირჩევდით კარგად დახვეწოთ ეს პროცედურა, ზუსტად განსაზღვროთ, თქვენს კოსმეტოლოგთან ერთად, რას რის მერე აკეთებთ.დღეში მინიმუმ ორჯერ, დილას და საღამოს, თქვენ თქვენი თავის კოსმეტოლოგები ხართ. ამიტომ, ზუსტად უნდა იცოდეთ როგორ და რით იბანთ სახეს, რა მოძრაობებით ან პატარა დარტყმებით ისვამთ შრატს, თუ საცხს. დაძინებამდე რამდენი წუთით ადრე ხდება ეს რიტუალი და როგორ აღვიძებთ საკუთარ თავს დილით. დამიჯერეთ, ამ რიტუალის მოწესრიგება საუკეთესო სახის კანის საწინდარია!


Print