City მთავარი თემა
DREAMERS
2000 წლის შემდეგ დაბადებულების თაობა წელს სკოლას ამთავრებს და ახალი ცხოვრებისთვის ემზადება.
ციფრულ სამყაროში დაბადებულები განსაკუთრებულად ინტერესიანები არიან,თუმცა მშობლების მაგივრად პასუხებს Google-ს სთხოვენ.
კითხვებზე პასუხებს აგზავნიან sms-ით, ემოციებს გამოხატავენ "ემოჯისიმბოლოებით", ნივთებს იწერენ ინტერნეტით, საკვებს არჩევენ ონლაინ, გზას ნავიგატორით პოულობენ..
წინა თაობებისგან განსხვავებით, მათ არაფერი აშინებთ, გეგმებიც დასახული აქვთ.
ისინი ძალიან ბევრს ოცნებობენ, თუმცა მათი ოცნებები უფრო მიზნებია და ამიტომაც აქვთ მყარი დედლაინები.

მატილდა გვარლიანი




როგორ ფიქრობ, რა დასრულდა შენს ცხოვრებაში და რა იწყება?
მე არ ვთვლი, რომ რამე დასრულდა ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ რაც დრო გადის ბევრად უფრო ჩამოყალიბებულად ვხედავ ჩემს მიზნებს და ცალსახად უფრო კარგად ვხედავ რა ეტაპები მექნება გასავლელი იმისთვის, რომ ჩემს მიზნამდე მივაღწიო.

რას აპირებ სკოლის დასრულების შემდეგ?
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან რთულია წინასწარ რამის დაგეგმვა.

რა გინდა გეცვას გამოსაშვებ საღამოზე?
ჯერ არ გადამიწყვეტია.

უკვე არჩეული გაქვს პროფესია?
ამ ეტაპზე მოდელობით ვარ დაკავებული და მეორე პროფესია ჯერ არ ამირჩევია.



რით განსხვავდება თქვენი თაობა მშობლების თაობისგან?
მე მგონია, რომ უფრო გლობალურად ვუყურებთ სამყაროს, ვინაიდან და რადგანაც, ბევრად დიდი ინფორმაცია არის ჩვენთვის ხელმისაწვდომი.

3 სიტყვა, რომლითაც დაახასიათებდი შენს თაობას
უფრო კომუნიკაბელურები, თავისუფლები და განვითარებულები.

შენ რომ ყოფილიყავი შენივე მშობელი, რას შეცვლიდი შენს აღზრდაში?
არაფერს

სად და როგორ წარმოგიდგენია შენი თავი 10 წლის შემდეგ?
მგონია რომ 10 წლის მერე სადაც არ უნდა ვიყო, წარმატებული ვიქნები იმიტომ, რომ არ მეპარება ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი.



30 წლის შემდეგ?
ზუსტად ვერ ვიტყვი რა იქნება 30 წლის შემდეგ, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ჩემი საკუთარი `მეს~ საუკეთესო ვერსია ვიყო.

რომელი ოცნება გინდა აგისრულდეს ყველაზე მეტად?
ოცნებებს რაც შეეხება, ოცნებას არ ვარქმევ ხოლმე, მიზანია, რომლებსაც აუცილებლად მივაღწევ.

მარიამ მდივანი





როგორ ფიქრობ, რა დასრულდა შენს ცხოვრებაში და რა იწყება?
ჩემს ცხოვრებაში დასრულდა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი, სკოლის გარემო. ვიტყოდი ბავშვობა, მაგრამ ჯერ ადრეა. ბავშვობის რაღაც ნაწილი, უამრავი ტკბილი მოგონება თუ გიჟური თავგადასავლები, დამრჩა.

რას აპირებ სკოლის დასრულების შემდეგ?
სკოლის დასრულების შემდეგ, პირველ რიგში, ბანკეტი გვაქვს დაგეგმილი. სკოლის დიდი ბრეიკი და, რასაკვირველია, დასასვენებლად წასვლასაც ვგეგმავ.

რა გინდა გეცვას გამოსაშვებ საღამოზე?
გამოსაშვებ საღამოზე თხელი აბრეშუმის კაბა მინდა რომ მეცვას, ძალიან გადატვირთული რომ არ იყოს.



უკვე არჩეული გაქვს პროფესია?
პროფესია არჩეული მაქვს. არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ეს ორი სფეროა დღესდღეობით.

3 სიტყვა, რომლითაც დაახასიათებდი შენს თაობას?
თავისუფალი, ლამაზი, განსხვავებული ყველასგან.

შენ რომ ყოფილიყავი შენივე მშობელი, რას შეცვლიდი შენს აღზრდაში?
ჩემი თავის მშობელი რომ ვყოფილიყავი, არაფერს არ შევცვლიდი, რადგან სულ იმას ვფიქრობ, ნეტა დედაჩემისნაირი დედა ვიყო _ მეთქი. იმედი მაქვს, ვიქნები ისეთივე მეგობრული, როგორიც დედაჩემია.



სად და როგორ წარმოგიდგენია შენი თავი 10 წლის შემდეგ?
ვფიქრობ, როგორც ოპტიმისტი, რომ მექნება ბევრი პროექტი, სტაბილური სამსახური და მუდმივი განვითარების საშუალება.

30 წლის შემდეგ?
30 წლის შემდეგ, მინდა დილას ჩემმა შვილებმა გამაღვიძონ. ავდგე, ყავა დავლიო, ბავშვებს ვაჭამო, სკოლაში დავტოვო და ჩემს ახალ, ინოვაციურ პროექტზე სამუშაოდ წავიდე, რომელიც, სავარაუდოდ, თბილისის არქიტექტურის გადარჩენაზე იქნება.

რომელი ოცნება გინდა აგისრულდეს ყველაზე მეტად?
დამიბრუნდეს ჩემი ქვეყნის 20% და დანარჩენი ნაკლებმნიშვნელოვანი ოცნებებიც ამისრულდეს, ოღონდ მთავარი მაინც ეს არის.

ლიზი გამცემლიძე




როგორ ფიქრობ, რა დასრულდა შენს ცხოვრებაში და რა იწყება?
ჩემს ცხოვრებაში დასრულდა პერიოდი, რომელიც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს პერიოდი ეხმარება ადამიანს პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ვფიქრობ, წინ უფრო დიდი გამოწვევები და სირთულეები მელის.

რას აპირებ სკოლის დასრულების შემდეგ?
სკოლის დასრულების შემდეგ, ვაპირებ მაქსიმალურად განვიტვირთო და მოვემზადო ახალი გამოცდილებისთვის, რასაც პრაღაში მივიღებ, უნივერსიტეტში სწავლის დროს.

რა გინდა გეცვას გამოსაშვებ საღამოზე?
ამასთან დაკავშირებით, სიმართლე რომ გითხრათ, ბევრს ვფიქრობდი და საბოლოოდ ჩემი კაბის დიზაინი დათუნა სულიკაშვილის განსხვავებულ და დახვეწილ გემოვნებას მივანდე.

უკვე არჩეული გაქვს პროფესია?
გადაწყვეტილი მაქვს, რომ ვისწავლო ბიზნესადმინისტრირება და მარკეტინგი, ხოლო საბოლოო პროფესიას სწავლის დამთავრების შემდეგ ავირჩევ.

რითი განსხვავდება თქვენი თაობა მშობლების თაობისგან?
ამ თემაზე საუბრის დროს, ხშირად მიწევს დისკუსიაში შესვლა. ვფიქრობ, რომ ფუნდამენტურად შეიცვალა ადამიანი თავისი ინტერესებით, ერთმანეთთან დამოკიდებულებითა და შეხედულებებით.

3 სიტყვა, რომლითაც დაახასიათებდი შენს თაობას?
სამი სიტყვა არ ვიცი, მაგრამ ერთი სიტყვით დავახასიათებდი, რომელიც ყველაფერს მოიცავს: თავისუფალი.

შენ რომ ყოფილიყავი შენივე მშობელი, რას შეცვლიდი შენს აღზრდაში?
საბედნიეროდ, არაფერს.



სად და როგორი წარმოგიდგენია შენი თავი 10 წლის შემდეგ?
10 წლის შემდეგ სწავლა უკვე დამთავრებული მექნება და შესაბამისად, ჩამოყალიბებულიც ვიქნები იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა ვიმუშაო და რა უნდა ვაკეთო მთელი ცხოვრების მანძილზე.

30 წლის შემდეგ?
30 წლის შემდეგ კი, უკვე წარმატებული მინდა ვიყო იმ საქმეში, რომელიც მაქვს არჩეული და მქონდეს სტაბილური სამსახური. ვფიქრობ, ეს უკვე ის დროა, როდესაც ოჯახიც შექმნილი მექნება.

რომელი ოცნება გინდა აგისრულდეს ყველაზე მეტად?
მინდა, რომ ჩემი სამომავლო გეგმები ისე ამისრულდეს,როგორც მე მაქვს დაწყობილი.



ფოტოპროექტის ავტორი: სოფო მალაშხია,
ნინო დრასელი, ნინო ჭიჭინაძე
ფოტო: გიორგი ყოლბაია
MUA: თინა შალიკაშვილი
ვარცხნილობა: ეკა ტაბატაძე
ტანსაცმელი: AW LAB, DALOOD
ფეხსაცმელი: AW LAB
გადაღების ადგილი: LIFFERENT HOTEL & SPA



Print