City News
ჩემი სივრცე
დალი და პიტო

დალი და პიტო, პიტო და დალი... როდესაც საახალწლო ნომერს გეგმავ და ეს ორი სახელი გესმის ყველაგან - ტელევიზორში, სოციალურ ქსელებში, ქუჩაში, საუბრებში თან, წარმოუდგენლად პოზიტიურად და სიყვარულით, ეგრევე ჩნდება აზრი, "სითის" და KARE-ს ყველაზე მხიარულ და ფერად რუბრიკაში სწორედ ეს დუეტი გადაიღო. დარწმუნებული ვარ, ახლა გინდათ ეს შესავალი უცებ ჩაიკითხოთ, შემდეგ გვერდზე გადაშალოთ და ფოტოსესია დაათვალიეროთ. ამიტომ, ბევრს აღარ გავაგრძელებ, მგონი არცაა საჭირო... ამ ფოტოებიდან წამოსული ემოციები ისედაც ყველაფერს ამბობს.

დალი ჩიტალაძე

ახალი წელი გამორჩეულად მიყვარს. ჩემთვის ყველაზე ზღაპრული დღესასწაულია. ემოციებით ბავშვობაში მაბრუნებს. ამ დროს ჩემს სახლში ყოველთვის ფუსფუსია. ვდგამ ულამაზეს ნაძვის ხეს. ჩემთვის ეს ზღაპრული რიტუალია. ვრთავ სახლს და, რა თქმა უნდა, ვამზადებ საახალწლო კერძებს. წელს, ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული სამზადისი მექნება. ზუსტად ვიცი, რომ ჩემს სუფრაზე განსხვავებული კერძები იქნება.

წლევანდელი ახალი წელი იმითაც გამოორჩევა, რომ კარგი მეგობრები შევიძინე. პიტო ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანია. მას აქვს საინტერესო ხედვა და საოცარი გემოვნება. მეგობრობის გარდა, საქმიან ურთიერთობას ვაპირებთ და ბევრ საინტერესო სიახლეს გპირდებით. დალის და პიტოს დუეტი არ დაიშლება!

პიტო

ახალ წელს განსაკუთრებული ტრადიციები არ მაქვს. საახალწლო დღეებში, ძირითადად, ჩემს მეგობრებთან მივდივარ სტუმრად. მაგრამ, მგონია რომ წელს დიდი შანსია ყველა მე მესტუმროს. ალბათ, მოვამზადებ მარტივ და საინტერესო საახალწლო ტკბილეულს - ჩემეულ ჩურჩხელას და განსხვავებულ გოზინაყს. ბევრი ექსპერიმენტის იდეა მაქვს გონებაში და მინდა გამოვცადო.

რაც შეეხება საახალწლო დღეებში სახლის ინტერიერს, შემომაქვს ახალი დეტალები, რომლებიც განწყობას ამაღლებს. ზოგადად, სიახლეები და ცვლილებები ძალიან მიყვარს და ახალ, 2020 წელსაც ბევრი საინტერესო ცვლილებით და სიახლეებით ვხვდებით.


ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ლიზა გაბუნია
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი



Print