City News
ამბავი გოგონაზე, სახელად ელენე
წლის მიწურულს, როდესაც ახალი წლის მართლაც ჯადოსნურ დღეებამდე სულ ცოტა დრო რჩება, ალბათ, ყველა ვუსვამთ საკუთარ თავს კითხვას - რით იყო ეს წელი გამორჩეული?

ეს კითხვა საახალწლო "სითის" დაგეგმვის დროსაც დავსვით და მის გმირზე ფიქრიც დავიწყეთ. გვინდოდა შეგვერჩია ადამიანი, რომლისთვისაც ეს წელი არა მხოლოდ განსაკუთრებული და მრავალფეროვანი, არამედ რაღაც ახლის და დიდის დასაწყისიც იყო. გადავწყვიტეთ 11 წლის ელენე კუჭუხიძის შესახებ მოგიყვეთ. პირველი კლიპის პრეზენტაცია, კონცერტები და ეკოლოგიურად სუფთა, შემეცნებითი სათამაშოების შექმნა. ასეთია მისი 2019 წლის მთავარი ამბები.

ერთმანეთს გადაღებაზე შევხვდით. ფოტოსესიის დაგეგმვაში თავიდანვე აქტიურად ჩაერთო. კამერასთან უჩვეულოდ თავისუფლად მუშაობდა. არ მინდოდა ელენესთან საუბარს ოფიციალური ინტერვიუს სახე ჰქონოდა. ამიტომ, ფოტოების გადაღების და შესვენებების დროს ვსაუბრობდით. მომიყვა სიმღერის შესახებ. გააზრებული აქვს, რომ ეს მისი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. განსაკუთრებული აღტაცებით საუბრობს ახალ სიმღერაზე "მზეო", რომელსაც ტრიო "ქართულ ხმებთან" (ზურა და გივი ბაკურაძეები, დათო კიკაბიძე) ერათად ასრულებს და ამ სიმღერაზე გადაღებულ კლიპზე. მითხრა, რომ ახალ წლამდე რამდენიმე კონცერტი აქვს, ცეკვის და სიმღერის. ელენე "სუხიშვილების სტუდიის" მოსწავლეა და უკვე მეორე კურსზეა. მესაუბრა სკოლაზეც. ტრადიციულ კითხვას, ყველაზე მეტად რომელი საგნები აინტერესებს, თითებზე ჩამოთვლით უპასუხა - პირველ რიგში, მათემატიკა, ქართული, ინგლისური... ბოლოს კი, "ხე კადუზე" მომიყვა. სათამაშოებზე, რომლის შექმნის იდეაც ეკოლოგიურ პრობლემებზე ფიქრის დროს, სხვების დახმარების სურვილით გაჩნდა.

სიმღერა

- პატარა ვიყავი, როდესაც სიმღერა დავიწყე. ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს. დარწმუნებული ვარ, სიმღერა ჩემს ცხოვრებში სულ იქნება, რადგან ვგრძნობ, რომ ეს საქმე ჩემია.
ელენე 4 წლიდან სისტემატურად მეცადინეობს ვოკალში, პედაგოგ გვანცა შალამბერიძესთან. მიყვება, რომ ხშირად მონაწილეობს კონცერტებსა და სხვადასხვა ღონისძიებაში.

"მზეო"

ამბავი, რომელსაც ელენე განსაკუთრებულად ანთებული თვალებით მიყვება, არის ტრიო "ქართულ ხმებთან" ერთად შესრულებული, ქეთი გაბისიანის სიმღერა "მზეო", მაკა ბლიაძის ტექსტითა და რომან გიორგაძის არანჟირებით და ამავე სიმღერაზე გადაღებული კლიპი, რომლის რეჟისორიც ბაკურ ბაკურაძეა. კლიპის გადაღებას "სითის" გადაღებას ადარებს და მეუბნება, რომ ის უფრო რთული იყო, რადგან ორკესტრთან ერთად იღებდნენ და თითოეული ადამიანის მოძრაობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

"ხე კადუ"

გადამღები ჯგუფი ფოტოსესიაზე მოტანილ "ხე კადუებს" ვათვალიერებთ. ელენე კი ყვება, რომ არასდროს მოსწონდა პლასტმასის სათამაშოები, რომელიც ბუნებას აბინძურებს. უნდოდა ჰქონოდა სათამაშო, რომელსაც თავად ააწყობდა, საკუთარი გემოვნებით გააფორმებდა და, საბოლოოდ, სასარგებლო დანიშნულებასაც გამოუძებნიდა. ასე შეიქმნა "ხე კადუს" სასაჩუქრე ნაკრები _ ასაწყობი ჩიტის სახლი, არყის ხის 9 დეტალით, რომელსაც მოჰყვება: აკრილის საღებავები, პალიტრა, ფუნჯები და ჩიტის საკვები, მომავალში მათ გამოსაკვებად.

ჩვენი შეხვედრის დასასრულს, ელენე მეუბნება, რომ ფოტოსესია მოეწონა და კარგად იმხიარულა. სათითაოდ გამომკითხა ჟურნალისტის, ფოტოგრაფის, ვიზაჟისტის პროფესიების შესახებ და ბოლოს, ჩემდა გასაოცრად, 11 წლის გოგონა მეუბნება - "ცხოვრებაში ბევრი რამ უნდა მოსინჯო. აუცილებლად უნდა სცადო და მიხვდები შენი რა არის და რა არა. აი მე, მაგალითად, დავდიოდი ჩოგბურთზე. მივხვდი, რომ ჩემი არ იყო და დავანებე. მინდა, კიდევ ბევრი რამ ვცადო. თუ გამოვა - გამოვა თუ არადა, მივხვდები რომ ჩემი არ იყო. აი, სიმღერა, ზუსტად ვიცი, რომ ჩემია და სულ მომინდება."

მოდი, ჩვენი სტატიის ბოლოც ეს იყოს. მეც ელენეს აზრს გავიმეორებ და ახალ წელს, ყველაფერ საუკეთესოსთან ერთად, თავგადასავლებით და ბევრი ახალი გამოცდილებით სავსე წელს გისურვებთ.
ტექსტი: ანა არაბიძე

ფოტო: ლიზა გაბუნია

სტილი: ეკატერინე ჩანჩიბაძე
Print