კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
პირველ რიგში საკუთარ თავში აღმოვაჩინე ახალი შესაძლებლობები..
ფიზიკური და მორალური. ბევრი რამე გადავაფასე. სხვა რაკურსით დავინახე
მოვლენები, ადამიანები - ოჯახის წევრებიც და მეგობრებიც.
განსაკუთრებული სითბო და სიყვარული მივიღე ამ ხალხისგან.
ზოგადად, ყოველდღიურ ცხოვრებაში, საერთო რუტინაში ჩართულს, არ გრჩება
იმის დრო, რომ გაიაზრო ყველაფერი. ამ ორთვიანმა დისტანციამ დამანახა,
როგორი ძალა ჰქონია მონატრებას და სიყვარულს. თურმე როგორი
ამაღელვებელია, საკუთარ მშობლებთან დისტანციურად ფანჯრიდან საუბარი,
რა სიხარულია, აფთიაქთან ან მარკეტთან შემთხვევით ნაცნობს რომ
გადაეყრები, რა ძალა გემატება, სახლში ბევრი საქმე რომ გაქვს და
ოჯახის წევრების გვერდში დგომას იგრძნობ, თუნდაც მარტივ
თანაგრძნობას.
ჩემს გვერდით ის ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებთანაც დროის უქონლობის
გამო, იშვიათი კონტაქტი მქონდა. რა სასიამოვნოა, როცა ვიღაცას
ახსენდები და უბრალოდ უნდა გაიგოს, როგორ ხარ, რა გიჭირს, რა გიხარია,
როგორ ერევი პრობლემებს და შექმნილ სიტუაციას. მერე შორიდან
გაგამხნევებს, შეგიძახებს, სითბოს და სიყვარულს გაჩუქებს და ეს დღეც
შემდგარია.
ჩემთვის აღმოჩენა იყო, თუ როგორი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და
მაღალი კულტურა გამოავლინა ჩემმა საყვარელმა თბილისმა და
თბილისელებმა, მთელმა საქართველომ. როგორ მოვუფრთხილდით
ერთმანეთს.
იმასაც მივხვდი, წლების წინ ემიგრაციაში რატომ მომიწევდა გული ამ
ქალაქისკენ, რატომ არცერთი წამი არ მიფიქრია სხვა ქვეყანაში, თუნდაც
უკეთეს პირობებში ცხოვრებაზე.
დავინახე, როგორი გმირი ექიმები გვყავს. პროფესიონალი და მზრუნველი.
და ძალიან ამაყი ვარ ამით. რაც მთავარია, პირველად ვიგრძენი თავი ასე
დაცულად და უსაფრთხოდ საკუთარ ქვეყანაში. დიდი მადლობა
ამისთვის!!
რაც შეეხება საქმეს.. დისტანციურად ონლაინ ვაგრძელებთ მუშაობას. ახალი
თანამედროვე ხელოვნების გალერეის პრეზენტაცია, რომელიც აპრილში იყო
დაგეგმილი, გადაიდო. მაგრამ სულ მალე დიდი სიურპრიზი ელით ხელოვნების
მოყვარულებს. მოდით, ამაზე ჯერ არ ვისაუბრებ. სიურპრიზადვე
დავტოვებ.
გამოგიტყდებით, რომ ბუნებით გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მჯერა,
რომ ძალიან მალე ყველაფერი კარგად იქნება. ამ სიყვარულით და ერთობით
ყველანაირ პრობლემას დავძლევთ.
დიდი მადლობა ყველას: ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს მეგობრებს, კოლეგებს
ასეთი სიყვარულისთვის, გვერდში დგომისთვის და
ერთგულებისთვის.
მოდით, მოვიშოროთ ნეგატიური აზრები, ცუდი განწყობა, დეპრესია,
უიმედობა.. ამბობენ, სიკვდილზე უფრო დიდი დანაკლისია ის, რაც ჩვენში
კვდება, სანამ ცოცხლები ვართ. ამიტომ ეს არ უნდა დავუშვათ. წვიმის
შემდეგ ცაზე ცისარტყელა ჩნდება, დიდ ტკივილს დიდი სიხარული
მოჰყვება...
მჯერა, რომ ფიქრს და აზრს დიდი ძალა აქვს. ამიტომ ერთად შევეცადოთ,
რაც შეიძლება ბევრი პოზიტივი!!
მთავარია, გვჯეროდეს, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე ბევრად უკეთესი
იქნება!!
ნინო მეტრეველი
ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებისა და
კულტურის ევრო-აზიური ცენტრის დამფუძნებელი, გალერეა
გამრეკელი.