City News
ქეთევან ციხელაშვილი: ვენა - ჩემი ახალი ჰორიზონტი
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო გზა იყო.
აქ, ამ სტატიაში, მხოლოდ სამუშაო ადგილების, პროექტების, ქვეყნების თუ ფონდების დასახელებების ჩამოთვლაც შთამბეჭდავი გამოვა, მაგრამ ეს სრულიად სხვა ისტორია იქნება. მინისტრის ისტორია, გადმოცემული მხოლოდ მშრალი ფაქტებით, ემოციებით და ადამიანების გარეშე. მე სხვა ისტორია მინდა წაგაკითხოთ.

პანდემიამ გეგმები აქაც ჩაშალა. წესით და რიგით, ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში უკვე დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო გამგზავრებული. წესსა და რიგს ცნობილმა ამბებმა შეუშალა ხელი. თუმცა, თავად ყოფილი მინისტრის მტკიცე გადაწყვეტილება იყო, ვიდრე ყოფილი სამსახურის გუნდს მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებაში არ დაეხმარებოდა, არსად წავიდოდა. მნიშვნელოვანი კი, მსოფლიო პანდემიის დროს, თითოეული ადამიანის სიცოცხლე იყო კონფლიქტის ზონებში, მის საზღვრებზე...

- ელჩად წარდგენის შემოთავაზებას ყოყმანის გარეშე დათანხმდით?

- ავსტრია ჩემი ოცნების ქვეყანაა. ვენა - ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქი. დიპლომატიაზე უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ვოცნებობდი. ამდენად, ბევრი არ მიფიქრია. ძალიან საპასუხისმგებლოა, საინტერესო და ერთგვარად, მთელი ჩემი სამსახურეობრივი გზის გაგრძელებაც, რადგან ავსტრიაში, გარდა საელჩოსი, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტიტუტებია. ერთდროულად რამდენიმე ქუდი უნდა დაიხურო.

- დიპლომატობაზე ოცნებობდით?

- იცით, ბევრ რამეზე. მსახიობობაზეც, ოპერის მომღერლობაზეც, რეჟისორობაზეც კი. 1995 წელი, საქართველო. უშუქობა, კრიზისი... მე კი, რატომღაც, რეჟისორობა მინდოდა. ჩემი ძალიან კარგი ნაცნობი, რეჟისორი ნუგზარ ლორთქიფანიძე, გაკვირვებული სახით მიყურებს და მეუბნება: "რა რეჟისორობა, შემოგვხედე, ხედავ რა დღეში ვართ?"

რეჟისორობა გადაიფიქრა. სკოლის წარჩინებით დასრულებისთანავე, ქეთი ციხელაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე აბარებს. ესეც 90-იანი წლების თაობისთვის ოცნებების ახდენისკენ სავალი გზა იყო, თითქოს.

- ჩვენ ვიზრდებოდით ამ თემებით - 9 აპრილით, თავისუფლების წყურვილით. ვხვდებოდით, რომ სადღაც სხვაგან, მსოფლიოში, მეტი განათლებაა, მეტი თავისუფლება. თითქოს პატრიოტიზმი გაწვებოდა ყველა გადაწყვეტლების მიღებაში. გინდოდა რაღაც მნიშვნელოვანი გაგეკეთებინა შენი ქვეყნისთვის და, ამავდროულად, სხვა ქვეყნებიც გაგეცნო. აქედან მოვიდა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და, შეიძლება ითქვას, დღევანდელი ჩემი სტატუსიც იმ ფიქრების გაგრძელებაა.

უნივერსიტეტის შემდეგ, ქეთი ციხელაშვილის ევროპული ტურნე იწყება სწავლა-განათლებით, მაგისტრატურით, სამსახურით, პროექტებით.

- ყველაფერი ბუდაპეშტში, მაგისტრატურით დაიწყო. შემდეგ იყო პრაღა, სადაც სტრინგერად ვმუშაობდი. შემდეგ გერმანია, ეუთოს კვლევის ცენტრი, სადაც კონფლიქტებს ვიკვლევდით, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტებს.

21 წლის ქეთი ციხელაშვილი, 50 წელს გადაცილებულ პროფესორებთან ერთად, კონფლიქტების საკითხს უღრმავდებოდა და იკვლევდა. ხშირად ჩადიოდა ცხინვალში, სწავლობდა ერგნეთის ბაზრობის მექანიკას. მაშინაც და ახლაც მიაჩნია, რომ ბევრი პრობლემის გადაჭრის გზა, სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაზე გადის. კონფლიქტების კვლევა ბუნებრივად და ლოგიკურად გრძელდება პოსტრევოლუციურ მთავრობაში. ის მცირე პერიოდით მუშაობს მაშინდელ დევნილთა სამინისტროში, გოგა ხაინდრავას მინისტრობის დროს.

- ბევრი ეპიზოდი მახსოვს. მათ შორის, შარდენის ქუჩაზე, მოლაპარაკებებზე ჩამოსული, თავისუფლად მოსეირნე აფხაზები. მახსოვს მოულოდნელად დაწყებული ერგნეთის ბაზრობის ლიკვიდაციის ოპერაცია, რომლის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა მაშინ ტელევიზიით შეიტყო. თან, ცხინვალისკენ მიდიოდა და სიურპრიზად, ახალი ამბებიდან მოისმინა ეს გადაწყვეტილება. ძალიან უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო. ამას, როგორც იმ ამბის თვითმხილველი კი არა, როგორც ყოფილი მინისტრი ვამბობ. იმ პერიოდში აქტიურად მიდიოდა მუშაობა ეგრნეთის ბაზრობის ლეგალურ რელსებზე გადასაყვანად. საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით, ცხადია. და არ იყო ეს შეუძლებელი, რადგან სავაჭრო ურთიერთობები ქართველებსა და ოსებს შორის ჩვეულებრივი ამბავი იყო. არ უნდა დაგვენგრია ის ურთიერთობა.

კონფლიქტის თემებს უბრუნდება ქეთი ციხელაშვილი წლების შემდეგაც, იგივე სამინისტროში, სადაც ის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პაატა ზაქარეიშვილის თხოვნით მიდის და მისი პირველი და ერთადერთი მოადგილე ხდება. შუალედში იყო მუშაობა "ფრიდრიხ ნაუმანის ფონდში". აქტიური საქმიანობა არასამთავრობო სექტორში, "საქართველოს პლატფორმის" თავმჯდომარეობა.

- პაატა ზაქარეიშვილის წინადადებაზე დიდხანს ვიფიქრე. იმიტომ, რომ სადაც არ წავედი იქამდე, ყველგან კონფლიქტების თემა იყო. მე ვიცოდი ეს რა ტიპის სამუშაო იქნებოდა. ვიცოდი, რომ იქნებოდა მძიმე. სფერო, სადაც შედეგები სხვა საზომით იზომება, სადაც უხილავი აგურებით აშენებ, მათ ვერავინ ხედავს, მაგრამ მათ გარეშე ვერ შენდება საძირკველი.

დათანხმდა. შემდეგ კვლავ პოლიტიკური ცვლილებები, პაატა ზაქარეიშვილი პოსტს ტოვებს და ქეთი ციხელაშვილი პრემიერის წარდგინებით ხდება მინისტრი. ამ პოსტზე თითქმის 4 წელი იმუშავა.

- თქვენი მინისტრობის დროს რომელი იყო ყველაზე რთული და მძიმე დღე?

- არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღე. სამსახურში იყო ომი, ბრძოლა, კომენტარები, გარკვევა, უამრავი არხის ამოქმედება, შემდეგ მოდიოდი სახლში და ემოციებისგან თავს ვერ იკავებდი. ბოღმა და ცრემლი გახრჩობდა. მერე ახალი, კიდევ უფრო მძიმე დღეები დაიწყო, როდესაც მის ცხედარს არ გვიბრუნებდნენ. ვერ აღგიწერთ რა იყო ჩემთვის ის 26 დღე. ბევრი მძიმე ისტორიის მოწმე და თანაზიარი ვარ. გარკვეული პერიოდის წინ, უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანების საქმეებიც გადმოიბარა სამინისტრომ. საერთო ჯამში, ეს არის ჩვენი გმირების, ვეტერანების, მათი სამარხების, დაკარგული და დახოცილი ბავშვების, უდანაშაულო სამოქალაქო პირების უამრავი მძიმე ისტორია. ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, აქედან ნაწილი ვიცით, ნაწილი - არა. მე ამ ყველაფერში ჩახედვა მომიწია, მიმდინარეშიც და წარსულშიც. ასე რომ, ცალკეული მძიმე დღეების გამოყოფა ძნელია. ძნელი იყო მაია ოთინაშვილის გატაცება. შვილებს არ ალაპარაკებდნენ. ვიბრძოდით მის დასაბრუნებლად. ერთხელ, აფხაზეთის ე.წ. გამშვებ პუნქტზე ორსული ქალი არ გამოატარეს. დაიღუპა, ვერ გაუძლო, საათები აცდევინეს.

- თქვენ ამბობთ, რომ კონფლიქტების მოგვარებას სხვა საზომი აქვს, იწელება გადაწყვეტილებები და ამ დროს საქმე ადმიანთა სიცოცხლეს ეხება. რა გაძლევდათ ძალას, ოპტიმიზმს, რწმენას?

- ერთია, რომ სტრატეგიულ სახელმწიფოებრივ ამოცანას ვემსახურები. მჯერა და სრული რწმენა მაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ჩარევით კონფლიქტი დასრულდება ისე, როგორც საჭიროა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით. ეს რწმენა მაქვს. მეორეც, სამშობლოს სიყვარული ხომ ეფემერული განცდა არ არის, სამშობლო თითოეული ჩვენგანია. სამშობლოა ეს ხალხი. მაგალითად, გალელი ბავშვები, პედაგოგები, რომელთაც ყოველდღიური დახმარება და გვერდში დგომა სჭირდებათ. ამ ხალხის ინტერესი გამოძრავებს და ის გაძლევს ძალას.

- როგორ გგონიათ, შეძელით რეალურად დახმარებოდით ადამიანებს?

- ბევრი რამ გაკეთდა. დალაგდა სამედიცინო ევაკუაციის თემა. ყველაზე მკაცრი კარჩაკეტილობის დღეებშიც კი, გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაციები არ შეჩერებულა კონფლიქტის რეგიონებიდან. შევძელით, რომ ყველა პატიმარი გამოგვეყვანა, ვისაც გრძელვადიანი სასჯელი ჰქონდა მისჯილი. გიორგი გიუნაშვილს 20 წელი მიუსაჯეს. ბოლოს ის იყო დარჩენილი. სახლში ცოლი, პატარა შვილები ელოდნენ. მათ დავპირდი, რომ აუცილებლად გამოვიყვანდი ციხიდან. წელიწადნახევარი დაგვჭირდა ამის გასაკეთებლად. მახსოვს ის დღე, ოჯახს რომ დავურეკე და გიორგის გათავისუფლება რომ შევატყობინე. ვერ აღგიწერთ მათ სიხარულს. ჩემთვის კი ის წამები ერთი ცხოვრების ტოლფასია.

- პროექტი, გადაწყვეტილება, რომელმაც რეალურად შეცვალა ადამიანების ცხოვრება

- ბევრი. მაგრამ მათგან დიდ ნაწილს ვერ ვამბობთ, სწორედ ადამიანების უსაფრთხოების გამო. ერთ-ერთია სამშვიდობო ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". ის სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაზეა ორიენტირებული. წარსულში ერგნეთის ბაზრობის მაგალითზე კარგად მახსოვდა ამ ურთიერთობების ძალა და დიდხანს ვმუშაობდი მის განსახორციელებლად. ამ ინიციატივისთვის ცხრა კანონში შევიტანეთ ცვლილებები. პრინციპი მარტივია _ შენ გჭირდება მხოლოდ პირადი ნომერი და შეგიძლია დაიწყო შენი საქმე, გაიტანო შენი პროდუქტი ევროპის მიმართულებით, გაიტანო ის საქართველოშიც. ასე წამოვიდა აფხაზური აჯიკა, ოსური ლუდი, ოსური ყველი... რეალურ საქმეებზე გიყვებით. წარწერები იყო ორენოვანი, ქართულ-აფხაზურად ან ქართულ-ოსურად. არ იწერებოდა მწარმოებელი ქვეყანა. მხოლოდ ქალაქი და ქუჩა. 20 პროექტის დაფინანსება გვქონდა "აწარმოე საქართველოს" ქვეპროგრამით და 1000-ზე მეტმა ადამიანმა შემოიტანა განაცხადი. ასეთი რამ არასდროს ყოფილა.

- და ეს 1000 ადამიანი დაიწყებს თავის ბიზნესს?

- პირველ რიგში, რესურსები გვჭირდება, რომ მზად დავხვდეთ ამ მოთხოვნებს და ამ ადამიანებს. რა თქმა უნდა, დაიწყებს. ცხადია, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ფართო ჭრილში, ეს რუსულ-ქართული კონფლიქტია და გასაღები დეოკუპაციაშია. მაგრამ ასეთი ტიპის კონტაქტების განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ძალიან სერიოზული წარმატებები გვაქვს განათლების კუთხით. ერთი-ორად იმატა სტუდენტების ნაკადმა კონფლიქტის ზონებიდან.

- თქვენ მიდიხართ ავსტრიაში. იწყება სრულიად სხვაგვარი ცხოვრება და საქმიანობა. განსხვავებული იმისგან, რასაც თქვენ მიყვებოდით. იქნება საინტერესო, მაგრამ მშვიდი. რაში ხედავთ თქვენს მთავარ როლს? რისი გაკეთება გსურთ ამ ახალ ამპლუაში?

- მთელი ეს ისტორიები, რისი მხოლოდ მცირე ნაწილი მოგიყევით, სხვა ძალას გაძლევს. ძალას, უფრო კონკრეტულად და რეალისტურად წარმოაჩინო ამ ადამიანების პრობლემები საერთაშორისო ასპარეზზე. ავსტრია მართლაც ფანტასტიკური ქვეყანაა და ჩემთვის უდიდესი პატივია იქ მუშაობა. უდიდესი პატივია იმ დიპლომატთა შემდეგ ჩავიბარო ეს პოსტი, ვინც იქ ჩემამდე მუშაობდა. მართლა მაღალი რანგის პროფესიონალები. სფერო კი უამრავია _ დიპლომატია, ბიზნესი, ტურიზმი და, ცხადია, კულტურა.
- თქვენ ძლიერ, ძლიერ დაკავებული დედა ბრძანდებით. ასეთ დროს ხშირად ვისმენთ ხოლმე ისტორიებს დედებისგან, დაახლოებით ასეთი შინაარსის: "ვერ ვნახე მისი პირველი ნაბიჯები", "პირველი კბილი რომ ამოეუვიდა, მივლინებაში ვიყავი"... თქვენც გაქვთ სინდისის ქენჯნა, რომ ხშირად ვერ ხართ ბავშვებთან?

- იცით, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვერ ვხედავ და სულ სამსახურში ვარ, პირველად რომ გაიარეს, მათთან ვიყავი და პირველი კბილიც უკვე ამოვიღეთ. შეგრძნება, რომ დრო არ გყოფნის, სულ გაქვს, მაგრამ მას მერე, რაც გაჩნდნენ გოგოები, დავთმე ყველა სხვა სივრცე და დავიტოვე მხოლოდ ბავშვები და სამსახური. ესეც არაა სწორი, მაგრამ სხვანაირად არ გამოვიდოდა. ფეხმძიმობის ბოლო თვეებამდე ვმუშაობდი. ჟენევაში ვიყავი მოლაპარაკებებზე და ხუმრობდნენ, უნდა დაარქვათ ჟენევიევა 1 და ჟენევიევა 2. გაჩნდნენ ტყუპები, დავარქვი თიკო და სოფო.

- ვენაში ვინ დაგეხმარებათ გოგოების გაზრდაში?

- დედა. პრინციპში, არც არაფერი შეიცვლება. ახლაც დედა მეხმარება და ძიძა. დედა საოცრად ენერგიული ადამიანია. მე რომ ტყუპები შემეძინა, სამსახურს თავი დაანება და მთლიანად ჩვენზე გადმოერთო. ვნახოთ, როგორ გამოვა ძიძის წაყვანა. გვინდა ძალიან და ალბათ, მოგვიანებით ჩვენი ძიძაც ჩამოვა.

- ქეთი, რთულია შვილების მარტო გაზრდა?

- მე დიდი ხანია ასე ვარ და არც ვიცი სხვანაირად როგორაა. ალბათ, ძალიან კარგია, როდესაც ეს პასუხისმგებლობა და მოვლა ბავშვებზე თანაბრად ნაწილდება.

- მოდით, სტანდარტულ და ათასჯერ დასმულ კითხვასაც დავსვამ, როგორი დედა ხართ?

- ფეთიანი დედა, როგორც იმერეთში ამბობენ. თუ მივლინებაში არ ვარ, ყოველ საღამოს ისინი მე უნდა დავაძინო.

- მარტივად გამოდის?

- არა. ისტორიები, ზღაპრები, სიმღერები გაუთავებლად და მეათასედ.

- რას გეკითხებიან?

- ძალიან უცნაურ ამბებს: მაგალითად, ჩვენ ხომ ვიზრდებით სიმაღლეში და ეს ზრდა რატომ არ გრძელდება და მაგალითად, ბებია ჭერამდე რატომ არ ავიდა... მეორე კითხვა გუშინ დამისვეს - ადამიანები გარდაცვალების შემდეგ ანგელოზებად რომ გარდავიქმნებით, ისევ ვიბადებით თუ არა... ჰოდა, ვართ ამ კითხვა-პასუხებში.

- ქეთი, იმედი მაქვს ამ ინტერვიუს გამოსვლისთვის თქვენ უკვე ნამდვილად იქნებით ვენაში თქვენს გოგოებთან ერთად. საუბრის ბოლოს, როგორ დაასრულებდით ფრაზას: ვენა - ჩემი ახალი...?

- ვენა - ჩემი ახალი ჰორიზონტი.


ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი
გადაღების ადგილი: Monograph Freedom Square



Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იყო შეფ-მზარეული
ნიშნავს...
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
ყველა თაობას ლიტერატურაში
საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს,
ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ
ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა
ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
ყველა თაობას ლიტერატურაში საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს, ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
10:30 / 14.09.2020
სწორედ ეს არის
სწორედ ეს არის "ნავნეს" მთავარი სათქმელი, რომელსაც კომპანიის გუნდი მომხმარებელს უგზავნის.
14:12 / 18.08.2020
იცით რამდენჯერ დავიწყე ამ წერილის
წერა?
იცით რამდენჯერ დავიწყე ამ წერილის წერა?
14:44 / 14.08.2020
რუბრიკა
რუბრიკა "სარკევ, სარკევ" ტელეწამყვან ნინო თოლოდავას დღის რუტინის შესახებ გიამბობთ. ნინო სახის კანის მოვლის საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება.
14:35 / 14.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
პროფესია შეფი
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
მაკო ჯაოშვილის ბედნიერების პარადიგმა
ცხოვრებაში შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, - ასე დავასრულეთ ინტერვიუ მე და ჩემმა რესპონდენტმა, მაკო ჯაოშვილმა.
14:05 / 13.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2020 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.8292
TRY
TRY
1
0.4276
USD
USD
1
3.2897
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ახალქალაქი 10 °C
img
გამოწერა