City News
"რონიკოს" 25 წელი
ისტორია პირველ პირში

- სანამ ინტერვიუს დავიწყებთ, მოდით, თქვენ მითხარით, თქვენთვის რა არის სათვალე? - მეკითხება ლიახვის 9 ნომერში განთავსებულ "რონიკოს" ოფისის ულამაზეს ბაღში კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, როლანდ ჯავახია. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ვპასუხობ, რომ სათვალე ეს არის, ალბათ, იდეალური და ყველაზე ოპტიმალური აქსესუარი, რომელიც შენ წამში კინოვარსკვლავად გაქცევს. შენი პატარა ხიდი სილამაზის სამყაროსთან. მაგალითისთვის, შენ შეიძლება არ გქონდეს საშუალება შეიძინო "პრადას" ახალი კოლექციის კაბა, მაგრამ სათვალეს შეიძენ და ამ შენაძენით შენს უხილავ კავშირს გააბამ ბრენდთან და ამ ბრენდის მატარებელ საყვარელ კინოვარსკვლავთანაც.

საქართველოს ისტორიაში სულ რამდენიმე ბიზნესმენია, რომელმაც ამ ქვეყანაში ცხოვრების ახალი სტილი დანერგა და ეს საქმე შორეულ და რთულ 90-იანებში დაიწყო. მაშინ, როდესაც ნებისმიერი სიახლე ღირშესანიშნავი მოვლენის ტოლფასი იყო. ასეთია "რონიკოს" ისტორიაც. მისი პირველი მაღაზია, აღმაშენებლის ქუჩაზე, ლამაზი ვიტრინებით, იატაკზე დაგებული გრანიტის ფილებითა და, რაც მთავარია, პირველი "ვერსაჩეებითა" და "არმანებით", დედაქალაქისთვის ნამდვილი სენსაცია იყო. დღეს საქართველოში "რონიკო" უკვე 23 მაღაზიითაა წარმოდგენილი. აღმაშენებლის "რონიკომდე" კი დიდი გზა იყო. ამბავი 30 წლის წინ იწყება.

ისტორიის დასაწყებად პირველი კითხვა ისტორიის მთავარ გმირთან, როლანდ ჯავახიასთან:

ახასიათებს თუ არა ადამიანის ტიპაჟს სათვალე ისე, როგორც, მაგალითად, საათი?

რა თქმა უნდა, ახასიათებს. ის მიუთითებს ადამიანის გემოვნებაზე, სტილზე, მის სტატუსზეც და დამოკიდებულებაზე ცხოვრების მიმართ. დღეს სათვალე აღარ არის მხოლოდ მზისგან დამცავი ან მხედველობის საკორექციო საშუალება. სათვალე მთავარი სამშვენისი და სამკაულია! ის ყველაზე მეტად გვიქმნის ჩვენთვის სასურველ ამა თუ იმ იმიჯს და განსაზღვრავს ჩვენს სტილს. იცით, 90-იან წლებში, როდესაც საზღვარგარეთ პირველი საქმიანი თუ სამთავრობო ვიზიტები დაიწყო, შეხვედრებზე საქართველოდან წასულ ადამიანებს შესაბამისად ეცვათ, ეკეთათ კარგი საათები... ხოლო საქმე შეთანხმებების ხელმოწერაზე რომ მიდგებოდა, შედარებით უფროსი თაობის ადამიანები ჯიბიდან უცნაურ და ძალიან ძველმოდურ სათვალეებს იღებდნენ. საბჭოთა კავშირში და მისი დაშლის მერეც კარგი სათვალე არსად არ იშოვებოდა. ევროპელები მაშინვე ხვდებოდნენ - "საბჭოთა კავშირი".

სათვალე ძალიან ბევრ რამეს ყვება თქვენ შესახებ - ყვება როლანდ ჯავახია და ბუნდოვნად მახსენდება ჩემი პირველი ჟურნალისტური გასვლები საზღვარგარეთ. ცოტათი ასაკოვანი პოლიტიკოსები თუ სახელმწიფო მოხელეები და ჰო, მათი სათვალეები. ცოტა "ბაბუური", საბჭოთა კინოდან გადმოტანილი, თითქოს. საქართველოში სათვალეების იმპერიის შექმნა "რონიკოს" დამფუძნებლის ცნობილ ისტორიას უკავშირდება. სადღაც მეშვიდე-მერვე კლასში მას მხედველობის პრობლემები გაუჩნდა. მშობლებმა სათვალის ძებნა დაიწყეს. ბევრი ეძებეს და იმ დროისთვის საუკეთესო - ღოდენსტოცკ-ი უყიდეს. გერმანული იყო და 25 მანეთი ღირდა. ოთხკუთხედი, დიდი, ძლიერ არასიმპათიური. 14-15 წლის მოზარდისთვის ასეთი სათვალის ტარება რა დისკომფორტთან იქნებოდა დაკავშირებული, იოლი წარმოსადგენია. ამ სათვალეს ის დღემდე ინახავს. ჩვენც გვაჩვენა და თან დააყოლა, მარკ რივკინი ხომ გახსოვთ, ცნობილი დიქტორი, აი, ისეთია ზუსტად. იმ პერიოდში გაჩნდა პირველი აზრი, რომ ადამიანებს სათვალე სჭირდებათ. კარგი სათვალეები კი, არ იშოვება. "რონიკოს" ბედი დაახლოებით იმ პერიოდში გადაწყდა, მხოლოდ ძალიან ზოგადი და ბუნდოვანი კონტურებით. 1989 წელს იქმნება პირველი კოოპერატივი, სადაც როლანდ ჯავახია და მისი მეგობარი საკუთარ სათვალეებს აწარმოებდნენ და ყიდდნენ. როლანდ ჯავახიას პირველი სათვალის მსგავსად, "რონიკოს" ოფის-მუზეუმში პირველი ე.წ. ოფისის თუ მაღაზიის სურათიც ინახება. ის კედელზე კიდია. კოსტავას ქუჩის 10 ნომერში, 4 კვ.მ-ის ჯიხურში, მზადდებოდა ოპტიკური და მზის სათვალეები.

და შექმენით "რონიკო"?

კი, მაგრამ იქამდე, 1993 წელს, პირველად წავედი იტალიაში. ძალიან მინდოდა "ვალენტინოსა" და "ვერსაჩეს" სათვალეების ჩამოტანა. პირველი ვერ ვიშოვე, აი, "ვერსაჩე" კი ჩამოვიტანე.

გახსოვთ რამდენი იყო იმ პარტიაში?

როგორ არა. 120 ცალი იყო. ვყიდდით სხვადასხვა პატარა მაღაზიაში, ცალკეულ დახლებზე და ზუსტად ორ თვეში გაიყიდა. 90-იანი წლები იყო, ურთულესი პერიოდი, მაგრამ ამის მიუხედავად, ხალხს მაინც ჰქონდა სურვილი ლამაზი, ხარისხიანი სათვალეები ეყიდა. ახლა ვაანალიზებ, რომ ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი იყო - ნაცრისფერ რეალობაში მაცხოვრებელ ადამიანებს ესთეტიკის, სილამაზის მოთხოვნილება გამძაფრებული ჰქონდათ და ამ მოთხოვნილებას დახვეწილი სათვალეების შეძენით იკმაყოფილებდნენ. დაახლოებით იგივე განმეორდა წელს, გაზაფხულის მიწურულს, როდესაც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. მომხმარებლები უბრალოდ მოდიოდნენ ჩვენს ოპტიკურ სალონებში და ემოციებს ვერ მალავდნენ, რომ ისევ შეეძლოთ სათვალეების კოლექციების დათვალიერება, შეძენა... მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სათვალე არაჩვეულებრივი ნივთია. ის თითქოს ჩვენი სხეულის და ფიქრების ნაწილია, რომელიც გვამშვენიერებს და თავდაჯერებას გვმატებს.

1995 წელს ფუძნდება "რონიკო". მისი პირველი სალონი, როგორც მოგახსენეთ, აღმაშენებლის 107 ნომერში გაიხსნა. პირველი, ევროპული სტანდარტებითა და დიზანით შექმნილი სივრცე, სადაც მოსული ადამიანები გაკვირვებას ვერ მალავდნენ, რომ მაღაზიაში მხოლოდ სათვალეები იყიდებოდა. მსგავსი მანამდე არაფერი ყოფილა.

როგორ შეძელით იმ დროს საჭირო კონტაქტებზე გასვლა, როგორ მოიპოვეთ პირველი კონტრაქტები?

ამ ინდუსტრიაზე საერთოდ არანაირი წარმოდგენა არ მქონდა. იტალიაში ჩასული სხვადასხვა ოპტიკურ მაღაზიაში შევდიოდი. ლამაზი იმიჯები მინდოდა, სადაც ამა თუ იმ ბრენდის სათვალეები იქნებოდა გამოსახული. დავდიოდი და ვეუბნებოდი - გამარჯობა, მე თქვენი კოლეგა ვარ და თუ შეიძლება სარეკლამო იმიჯები რომ მომცეთ-მეთქი. მაძლევდნენ. ერთგან კი ჟურნალი მომცეს, რომლის თვალიერებისას აღმოვაჩინე, რომ მილანში გამოფენა ტარდებოდა. მივხვდი, რომ ამ გამოფენაზე აუცილებლად უნდა მოვხვედრილიყავი. მოვხვდი კიდეც. ბევრი სასაცილო ამბავი გადამხდა მაშინ. მაგალითად, არ მქონდა სავიზიტო ბარათები. მივხვდი, რომ გამოფენაზე არავინ არაფერს ყიდულობდა და ადამიანები მხოლოდ რაღაც ფურცლებს აფრიალებდნენ შეხვედრებისას. კონტრაქტებს და ინვოისებს, როგორც მერე მივხვდი. საბოლოოდ, მაინც მოვიპოვე ჩემი პირველი კონტრაქტი. მას ხელიც მოვაწერე. პირველი შესყიდვაც გავაკეთე და პირველი შეკვეთაც.

გამოდის, რომ "რონიკოს" პირველი ბაიერიც თქვენ იყავით?

დიახ, პირველი ბაიერიც მე ვიყავი.

ბაიერი, როლანდ ჯავახია, მოულოდნელად ძალიან კარგი გამოდგა. მაგალითად, წარმოდგენილი 300 ნიმუშიდან დაახლოებით 25 წუთში ირჩევდა 40 მოდელს, რომელიც საქართველოსთვის უნდა შეეკვეთა. პირველი სერიოზული კონტრაქტი ინდუსტრიაში ლიდერ კომპანიასთან Luxottica მალევე გაფორმდა.

Luxottica გარღვევა და ახალი ეტაპი იყო ჩვენთვის. ეს ძალიან ცნობილი კომპანიაა, რომლის პორტფელში არის 30-ზე მეტი ცნობილი ბრენდი. მაშინ ეს ბრენდები გახლდათ ARMANI, PERSOL, VERSACE, RALPH LAUREN, PRADA, DOLCE GABBANA… და მოგვიანებით, რა თქმა უნდა, RAY-BAN, რომელიც ოპტიკის ინდუსტრიის ნომერ პირველი ბრენდია და მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტად უყვარს მომხმარებელს. RAY-BAN თავისი მასშტაბებით და ფილოსოფიით ოპტიკის ინდუსტრიის ყველა სხვა ერთად აღებულ ბრენდს გადაწონის. RAY-BAN-ის ყველაზე უნიკალური თვისება ისაა, რომ მისი ტარება ნებისმიერს, - სტუდენტს თუ პრეზიდენტს, კინოვარსკვლავს თუ მეცნიერს - ყველას ერთნაირად სწყურია და ეამაყება! თუმცა, ეს ბრენდი ცალკე სასაუბრო თემაა... თავიდან, პირველ გამოფენაზე რომ ვეუბნებოდი საიდან ვართ, ვერ ვაგებინებდი. არ იცოდნენ საქართველოს შესახებ. ვუხსენებდი შევარდნაძეს და მხოლოდ ამით ხვდებოდნენ. შეხვედრებზე რუკით დავდიოდი, ვაჩვენებდი, ვუხსნიდი, ვარწმუნებდი თუ რატომ უნდა გამხდარიყვნენ ჩვენი პარტნიორები. სწორი არჩევანი იყო. ჩვენ დღესაც ვთანამშრომლობთ ამ კომპანიასთან და ეს თანამშრომლობა წარმატებულია ორივე მხარისთვის.

შეიძლება თუ არა ვისაუბროთ ქართველების გემოვნებაზე "რონიკოს" ისტორიის კონტექსტში?

ქართველებს ძალიან გამორჩეული გემოვნება აქვთ და ამას უცხოელი პარტნიორები ყოველთვის ხაზს უსვამენ. ის, რაც იყიდება, მაგალითად, რუსეთსა თუ აზიის ქვეყნებში, საქართველოში არ მოსწონთ. ჩვენი მომხმარებლის გემოვნება უფრო სამხრეთ ევროპული ქვეყნების გემოვნებას ემთხვევა. თავიდან უფრო ინტუიციით ვხვდებოდი, აქ რა მოეწონებოდათ. დღეს ინტუიციას გამოცდილებაც დაემატა. დღეს თავისუფლად შემიძლია გითხრათ ხვალ რა მოეწონება ჩვენს მომხმარებელს.

"რონიკოს" გუნდზე მინდა გკითხოთ. უმნიშვნელოვანესია, ვინ გხვდება მაღაზიაში შესულს. როგორ არჩევთ გუნდის წევრებს, რა პრინციპით?

თავიდან საკმაოდ რთული იყო. მითუმეტეს, რომ ეს მაშინ სრულიად ახალი და უცხო სფერო გახლდათ. დღემდე ამ სფეროს, ოპტიკის, "მზა" სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. არ არის სასწავლო დაწესებულება, რომელიც ოპტიკოსის პროფესიულ კვალიფიკაციას იძლევა. საზღვარგარეთ ოპტიკოსობას სტუდენტებს უმაღლეს სასწავლებლებში წლების მანძილზე ასწავლიან. თუმცა, ჩვენ აქაც ვახერხებთ აღმოვფხვრათ ეს დანაკლისი და "რონიკოს" ბაზაზე შევქმენით სპეციალური სასწავლო კურსები. ეს კურსები ეფუძნება ლიცენზირებულ პროგრამებს, რითაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უზრუნველგვყოფენ და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: ოპტომეტრია, ოპტიკა, მომსახურების კულტურა. ხოლო ჩვენი ექიმი-ოფთალმოლოგები მუდმივად გადიან სწავლებას მხედველობის კორექციის ბოლო ტენდენციების და კონტაქტური კორექციის კუთხით. ეს პერმანენტული, უწყვეტი პროცესია, ვინაიდან სამედიცინო სფეროა და მედიცინა იცით, რომ უსწრაფესი ტემპით ვითარდება. თქვენ წარმოიდგინეთ, პანდემიის ორთვიანი შეზღუდვების დროსაც კი, როდესაც ჩვენი მაღაზიები დაკეტილი იყო, პარტნიორების დახმარებით ჩვენ ავამოქმედეთ სწავლების ონლაინ პლატფორმა ჩვენი კონსულტანტებისთვის. ეს Luxottica-ს აკადემიის ონლაინ პორტალია, სადაც კომპანიის ყველა დარეგისტრირებულ ოპტიკოსს შეუძლია პროფესიული ცოდნა მიიღოს ონლაინ რეჟიმში. ეს ყველაფერი, სასწავლო სისტემებზე ასეთი დიდი აქცენტის გაკეთება, ჩვენ გვჭირდება ერთადერთის - ხარისხის უზრუნველსაყოფად. ხარისხიანი პროდუქტი და ხარისხიანი მომსახურება - "რონიკოს" წარმატების ფორმულაა! პროფესიულ ცოდნასთან ერთად, აქ მთავარია კომუნიკაციის უნარი და ზუსტი შეგრძნება, ვის როგორ უნდა დაელაპარაკო, რა შესთავაზო, რა რჩევა მისცე. ჩვენი მომხმარებელი, როგორც მოგახსენეთ, ძალიან გემოვნებიანია და ის განსაკუთრებულ მოპყრობას მოითხოვს. სულ ცოტა ხნის წინ დავაჯილდოვეთ თანამშრომლები, რომლებიც "რონიკოში" უკვე 23-24 წელია მუშაობენ. ასეთი გამოცდილების 30 თანამშრომელი გვყავს. მათი უმეტესობა 1995 წლიდან მოგვყვება. ეს ადამიანები ჩვენი სიმდიდრეა

განვითარების გზაზე აღსანიშნავია "რონიკოს" ბაზაზე ქართული ბრენდის, George Piralli-ს შექმნა. მისი დიზაინი ჩვენს ქვეყანაში იქმნება, წარმოება კი ჰონკ-კონგში, ჩინეთსა და კორეაში ხდება. საკუთარი ბრენდის შექმნის იდეაც გამოცდილებამ მოიტანა. იყო მოთხოვნა კონკრეტულ მოდელებზე, ცოტათი დიდ ზომებზე, რაც ბევრ ბრენდში არ მოიპოვებოდა. გაჩნდა მოთხოვნა და შეიქმნა ბრენდი. ცხადია, არ იყო მარტივი, რადგან დამზადებას დიდი პარტიების შეკვეთაც სჭირდება. რისკი დიდი იყო, თუმცა - გაამართლა. ოპტიკის პირველი ქართული ბრენდი უკვე 14 წლისაა და საქართველოს გარდა, ის მეზობელ ქვეყნებსა და ბალტიისპირეთში იყიდება.

კოვიდრეალობა და "რონიკო", რა გამოწვევების წინაშე დადექით და როგორი იყო თქვენთვის 2020 წელი?

შედეგების შეჯამება ჯერ ადრეა და მიუხედავად ძალიან რთული პერიოდისა, გვაქვს სერიოზული წარმატებები. იცით, რომ "რონიკო" საქართველოში Luxottica-ს ექსკლუზიური წარმომადგენელია. 2020 წელს კი, ჩვენი 25 წლიანი სწორი პოლიტიკის, მოწესრიგებულობის და საიმედო პარტნიორის რეპუტაციის წყალობით, "რონიკო" აზერბაიჯანსა და სომხეთშიც Luxottica-ს ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა! რითაც ძალიან ვამაყობთ. გარდა ამისა, კოვიდრეალობას ჩვენ კიდევ ერთი სიახლით ვუპასუხეთ: გავხსენით "ოპტიმისტის", ჩვენი ბიუჯეტური ხაზის, 5 ახალი მაღაზია. გავედით რეგიონებში და ეს მხოლოდ დასაწყისია.

როგორ ფიქრობთ, რა არის "რონიკოს" მთავარი მიღწევა 25 წლის თავზე?

მთავარი მიღწევა ჩვენი მომხმარებლის ნდობაა. ესაა ყველაზე დიდი მონაპოვარი. 25 წლის წინ ჩვენ ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. ახლაც ზუსტად ვიცი, რა არის მომავალი: "რონიკოს" ხსენებაზე მომხმარებლის ქვეცნობიერში ჩნდება მოდური მზის სათვალის ეფექტური სურათები და ეს ძალიან კარგია. ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა კვალს ვტოვებთ სტილის და მოდის ბოლო ტენდენციების დამკვიდრების მიმართულებით. თუმცა, ოპტიკა, ეს უპირველეს ყოვლისა, არის თვალი და მხედველობა! ამ კუთხით ძალიან წელგამართულები ვართ: გვაქვს ოფთალმოლოგიური კაბინეტები, გვყავს 17 კვალიფიციური ოფთალმოლოგი, რომლებიც, წლების მანძილზე, ყოველდღიურად უამრავ მომხმარებელს უტარებენ მხედველობის დიაგნოსტიკას და უნიშნავენ ოპტიკურ სათვალეს თუ კონტაქტურ ლინზას. ჩვენ პირველებმა შემოვიტანეთ ბაზარზე კონტაქტური ლინზები, პროგრესული სასათვალე მინა. აი, სწორედ ამ სამედიცინო მიმართულებებს კიდევ უფრო მეტად განვავითარებთ მომავალში: შემოვიტანთ მეტ ახალ სადიაგნოსტიკო აპარატურას, მოვამზადებთ მეტ ოპტიკოსს და ოპტომეტრისტს. და, რაც მთავარია, ჩვენ არასოდეს გვავიწყდება, რომ სათვალე, თავის ფუნქციონალურ დანიშნულებასთან ერთად, გვანიჭებს უკეთესად ხედვით გამოწვეულ ბედნიერების შეგრძნებას, ფერების სრულყოფილად აღქმით მოგვრილ ფანტასტიკურ ემოციებს! სათვალე ცვლის ჩვენი ცხოვრების ხარისხს, ის გვამშვენიერებს!

ინტერვიუს ბოლოსკენ აღმოაჩენ, რომ თურმე სათვალეებისა და მთელი ამ ინდუსტრიის შესახებ არაფერი გცოდნია. ოპტიკური სამყარო უზარმაზარია და თავისი კანონებით ცხოვრობს, სადაც გამოცდილებას, ინტუიციას, შრომას და სწორ დაგეგმარებას უდიდესი როლი აქვს. 25 წლის "რონიკო" საქართველოში და, შეიძლება ითქვას, რეგიონშიც ამ სფეროს ლიდერია, რომელსაც წინ საკმაოდ ამბიციური და საინტერესო გეგმები აქვს.


ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: ლიზა გაბუნია


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც
კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
09:44 / 25.11.2020
როგორი უნდა იყოს 2020 წლის
მაკიაჟი. თინა შალიკაშვილის რჩევები.
როგორი უნდა იყოს 2020 წლის მაკიაჟი. თინა შალიკაშვილის რჩევები.
10:55 / 12.11.2020
ყველა პასუხი ყველა კითხვაზე
გია კავკასიძისგან
ყველა პასუხი ყველა კითხვაზე გია კავკასიძისგან
12:27 / 11.11.2020
"ეს ზაფხულის ერთგვარი გახანგრძლივებაა." - ამ სიტყვებით იწყება ინტერვიუ ოქტომბრის ნომრის მთავარ გმირთან, უმშვენიერეს რუსა ჩაჩუასთან.
11:36 / 10.11.2020
"ეს ზაფხულის ერთგვარი გახანგრძლივებაა." - ამ სიტყვებით იწყება ინტერვიუ ოქტომბრის ნომრის მთავარ გმირთან, უმშვენიერეს რუსა ჩაჩუასთან.
11:36 / 10.11.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
City x Vitamin C
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
09:44 / 25.11.2020
შეფ მიშიმა და "ნიკორას" შესანიშნავი სამეული
კარგია, როცა შემდგარი და წარმატებული მწარმოებელი არ კმაყოფილდება არსებული შედეგებით და განაგრძობს სიახლეების შეტანას საკუთარ ასორტიმენტში.
11:55 / 04.11.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2020 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9545
TRY
TRY
1
0.4235
USD
USD
1
3.3164
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა