City News
ცხოვრება 40 წლის შემდეგ და მენოპაუზა
ყველა პასუხი ყველა კითხვაზე გია კავკასიძისგან

განსაკუთრებული გამოცდა კოვიდმა და კარანტინმა თავზე ათასსაზრუნავდატეხილ იმ ქალებსაც გაუჩინა, რომელთა ასაკი პერემენოპაუზის ან მენოპაუზის ფაზებს ემთხვევა. პერიოდი, როდესაც, ორგანიზმში ბუნებრივი ცვლილებების გამო, ქალი საკმაოდ დიდ დისკომფორტს განიცდის, კარანტინისა და კოვიდის დროს კიდევ უფრო დამძიმდა. ამას თან ერთვის სტიგმა, რომელიც ამ თემას ჯერ კიდევ ახლავს საქართველოში. გაიხსენეთ, არც თუ ისე შორეული წარსულიდან დამცინავი გამონათქვამები: "რა გჭირს, რა კლიმაქსიანივით იქცევი", ან არადამცინავი და დამრიგებლური - "ქალმა ეს უნდა დამალოს და მოითმინოს" და მიხვდებით, რატომ მალავენ და არ საუბრობენ ამ თემაზე ჩვენთან ქალები. პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაცაა და ზემოხსენებული ტრადიციაც.

არსებობს თუ არა გამოსავალი და უნდა მოითმინოს თუ არა ქალმა პერემენოპაუზისა თუ მენოპაუზისთვის დამახასიათებელი დისკომფორტი?

თქვენთვის ყველა საინტერესო კითხვა, საქართველოში ამ საქმის #1 სპეციალისტთან, რეპროდუქტოლოგ გია კავკასიძესთან დავსვით. მისი ხანგრძლივი და შთამბეჭდავი კარიერა თბილისში, "ჟორდანიას ინსტიტუტში" დაიწყო და აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში მუშაობით გაგრძელდა. საქართველოში ის სულ ახლახანს დაბრუნდა და დღეს რეპროდუქტოლოგი გია კავკასიძე ქართულ-ამერიკულ კლინიკა "რეპროარტში" მუშაობს.

კლიმაქსი თუ მენოპაუზა ?

ორივე სწორია. პირველი ფრანგულია, მეორე - ინგლისური. ჩვენთან, თავიდან კლიმაქსის სახელით დამკვიდრდა. უფრო, ალბათ, რუსული სკოლის გავლენით. დღეს უფრო ხშირად ვიყენებთ ტერმინს - მენოპაუზა.

საქართველოში ქალები რატომ მალავენ მენოპაუზის არსებობას

ამ მოვლენის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ნერვული აშლილობაა. ადრე იყო კიდეც მრავლად ასეთი ტიპის გამოთქმები: `შენ კლიმაქსი ხომ არ გჭირს?". თითქოს, სირცხვილად ითვლებოდა ქალებისთვის კლიმაქსზე საუბარი და პრინციპში, კლიმაქსი სტიგმაა დღესაც, სამწუხაროდ. ამის მიზეზი, ჩემი აზრით, ისაა, რომ ბევრმა არ იცის რა არის კლიმაქსი, იგივე მენოპაუზა. არ იცის, რომ ეს ფიზიოლოგიური პროცესია, რომელსაც ვერცერთი ქალი ვერ ასცდება. ყველას ორგანიზმი ბერდება, ქალისაც და კაცისაც.

როდიდან იწყება მენოპაუზა

მენოპაუზად ითვლება ის მომენტი, როდესაც ქალს ბოლო 12 თვის განმავლობაში არ ჰქონია მენსტრუაცია. მას რამდენიმე ფაზა უძღვის წინ.
ქალის ორგანიზმი, პუბერტაციული (სქესობრივი მომწიფება) პერიოდიდან, ორჯერ განიცდის სტრესულ მდგომარეობას. პირველი პერიოდი სქესობრივი მომწიფების ასაკზე მოდის, როდესაც იწყებენ მუშაობას გოგონას საკვერცხეები. ამ დროს იწყება საკვერცხეებში ესტროგენისა და პროგესტერონის გამომუშავება, ფოლიკულების ზრდა და იწყება მენსტრუაცია. ნორმალურად, ეს ხდება 11-15 წლის ასაკში. მთელი შემდეგი პერიოდი იმ მომენტამდე, სანამ დაიწყება ციკლის არევა და ჩნდება მენოპაუზური სიმპტომები, ითვლება პრემენოპაუზად. პირველივე სიმპტომების, თუნდაც სუსტად გამოვლენისას კი, დგება პერიმენოპაუზა, ანუ გარდამავალი ეტაპი. ის 40 წლის ასაკიდან შეიძლება დაიწყოს და 4-11 წელი გაგრძელდეს, ვიდრე არ დადგება საკუთრივ მენოპაუზა. რაც ეხება მენოპაუზის დადგომის ასაკს, აქ სხვადასხვა კვლევა განსხვავებულ მონაცემებს გვაძლევს.აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა რასაში და ეთნიკურ ჯგუფში მენოპაუზა სხვადასხვა ასაკში დგება. ამერიკელების კვლევებით, კავკასიურ რასაში მენოპაუზის დადგომის საშუალო ასაკი 51 წელია. საუდის არაბეთში კი - 47 წელი. საქართველოში მსგავსი კვლევა ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ თუ მივიჩნევთ, რომ ქართველები კავკასიური რასის წარმომადგენლები არიან, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ქალებს მენოპაუზა 50-დან 52 წლამდე ასაკში უდგებათ. მენოპაუზის შემდგომ კი, იწყება პოსტმენოპაუზალური ფაზა და ის სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.

როდის ჩნდება პირველი სიმპტომები

პირველი სიმპტომები პერიმენოპაუზის პერიოდში, 40-45 წლის ასაკში იჩენს თავს. სიმპტომები სხვადასხვაგვარია, დაწყებული მენსტრუალური ციკლის არევით, გაგრძელებული ე.წ. ვაზომოტორული სიმპტომებით: ალები, წამოხურება, ოფლიანობა, უძილობა. ეს სიმპტომები, როგორც გითხარით, ყველაზე ადრე იჩენს თავს. თუმცა, სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ სიმპტომატიკა განსხვავებულია რასობრივი თუ ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით. სხვადასხვა რასას სხვადასხვა ნიშანი აქვს წამყვანი. მაგალითად, კავკასიურ რასაში წამყვანი მენოპაუზალური სიმპტომები სწორედ ალები, წამოხურება და ოფლიანობაა. ხოლო ტაილანდში ჩატარებული კვლევებით, იქ ეს სიმპტომატიკა ძალიან იშვიათად გვხვდება. იქ ყველაზე ხშირი კუნთებისა და სახსრების ტკივილია.

პერემენოპაუზის/მენოპაუზის სიმპტომთა სახეობები

მენოპაუზის პირველი ნიშანი ისაა, რომ საკვერცხეები ნელ-ნელა ამცირებენ მუშაობის ტემპს, რის გამოც მცირდება მათ მიერ გამომუშავებული ორი მნიშვნელოვანი ჰორმონის, ესტრადიოლიის და პროგესტერონის კონცენტრაცია. გარდა იმისა, რომ ეს ორი ჰორმონი აკონტროლებს მენსტრუალურ ციკლს, ისინი ასევე მონაწილეობენ ქალის ორგანიზმის სხვა მნიშვნელოვანი სისტემების მუშაობაში. მაგალითად ისეთების, როგორიცაა: გულსისხლძარღვთა სისტემა, ტემპერატურის რეგულაცია, ძვალსახსროვანი, კუნთოვანი სისტემა. ესტროგენისა და პროგესტერონის კონცენტრაციის შემცირების შედეგად, ძირითადად, სამი სახეობის სიმპტომი ჩნდება: ვაზომოტორული, ფსიქოლოგიური და შარდსასქესო.

ვაზომოტორული სიმპტომები:

წამოხურება, ალები, ოფლიანობა, ფხიზელი ძილი, უძილობა, წელის, სახსრების, კუნთების ტკივილი.

ფსიქოლოგიური სიმპტომები:

ნერვული აშლილობა, ხასიათის ცვალებადობა, თითქმის უმიზეზოდ უცებ ცუდ ხასიათზე დადგომა. ხშირია დეპრესიული მომენტები. ქალებს აქვთ შეგრძნება, თითქოს მიტოვებულები არიან. დაქვეითებული აქვთ შრომისუნარიანობა, უქრებათ სექსუალური ცხოვრების სურვილი. ზოგიერთი კვლევით, ამ მდგომარეობაში მყოფ ქალებს სიცოცხლეც აღარ უნდათ.

შარდსასქესო სიმპტომები

შარდვის შეუკავებლობა, ხშირი შარდვა, საშოს წვა, სიმშრალე, ტკივილი სექსუალური კავშირის დროს.

ეს გახლავთ პერემენოპაუზისა და მენოპაუზის პერიოდებისთვის დამახასიათებელი სამი ჯგუფის სიმპტომები, რომელთაც "მენოპაუზალურ სიმპტომებს" უწოდებენ.
მენოპაუზის სიმპტომების საერთაშორისო კლასიფიკაცია 11 ძირითად სიმპტომს გამოყოფს. თუმცა, კლინიკური თვალსაზრისით, უფრო ინფორმაციულია, შედარებითი, დაწვრილებითი "ჩაშლილი" სიმპტომატიკა.

ქალმა უნდა მოითმინოს - ეთანხმებით?

ცალსახად არა. თუმცა, ეს სტიგმა დიდი ხანია ტრიალებს საქართველოში. იცით რას შევადარებდი დღევანდელ მიდგომას? ჩემს ახალგაზრდობაში, კბილის დასაპლომბად მისულს, უნარკოზოდ რომ უბურღავდნენ კბილს. არ აყუჩებდნენ. რატომ, იცით? უნდა მოითმინოო - ამბობდნენ. ახლა ვხვდებით რა საშინელება იყო ეს და დღეს მსგავსი რამ რომ შემოგთავაზოთ სტომატოლოგმა, მეორედ მასთან არ მიხვალთ.

აქაც დაახლოებით იგივე მიდგომაა. მიიჩნევენ, რომ ქალმა უნდა მოითმინოს, მას ეს მალე გადაუვლის, ჩვენი ბებიები ითმენდნენ და არაფერი მოსვლიათ. პრობლემა კი ისაა, რომ თუ ქალს მენოპაუზალური სიმპტომები ძლიერად აქვს გამოხატული, ის საგრძნობლად აქვეითებს მისი ცხოვრების ხარისხს, შრომისუნარიანობას, რაც ყველაფერზე მოქმედებს, ოჯახური ურთიერთობებიდან დაწყებული, საქმით, სამსახურით დამთავრებული. არადა, ეს ხდება მაშინ, როდესაც ქალის ცხოვრებაში ფიზიკური და მენტალური აქტივობის ყველაზე ნაყოფიერი დრო დგება. ამ დროს ცხოვრების ხარისხი რომ გიქვეითდება, არ შეგიძლია მუშაობა, არაფრის სურვილი არ გაქვს, გაწუხებს უძილობა, სახსრების ტკივილი, უამრავი რამ, ამის მოთმენა სრული უაზრობაა.თანაც მაშინ, როდესაც ამ პროცესის მართვა შეიძლება. თან, წარმატებით მართვა.

მენოპაუზა და მისი მართვა საწყის ეტაპზე

თუ ქალმა მენოპაუზის საწყისი ნიშნები შეამჩნია, თუ ის გრძნობს, რომ ცხოვრების ხარისხი ეცვლება, ყველაზე ჭკვიანურია მიაკითხოს ექიმს. თუმცა, ადრეულ ეტაპზე, როდესაც სიმპტომები ჯერ ძალიან სუსტია, შეიძლება სხვა გზების მოსინჯვაც. ის, რაც ხელს შეუწყობს ამ პროცესის შენელებას ან ნაკლებად მტკივნეულად წარმართვას. ესაა, პირველ რიგში, დიეტა, ცხოვრების ჯანსაღი წესი. უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლისა და ნიკოტინის მიღება. აუცილებლად უნდა შეირჩეს სწორი კვების რეჟიმი, აქცენტი გაკეთდეს იმ პროდუქტებზე, რომლებიც იზოფლამინებითაა მდიდარი. ეს პროდუქტებია: ბარდა, სოიო, ლობიო და სხვა პარკოსნები.
მენოპაუზალური სიმპტომები, როგორც წესი, ყველაზე მკვეთრად ჭარბწონიან ქალებში ვლინდება. ხდება ისეც, რომ სწორედ ამ პერიოდში იმატებს ქალი წონაში. ესტროგენის ნაკლებობა, რომელიც მონაწილეობს მეტაბოლიზმში, იწვევს ცხიმის დაგროვებას ე.წ. ვისცერალური გაცხიმოვნების ფორმით, როდესაც ცხიმი მუცლის ღრუს ორგანოების გარდა, თეძოებისა და ბარძაყების მიდამოებში გროვდება. თუ დააკვირდებით, 45-50 წლის შემდეგ ქალები სწორედ ამ ზონებში უჩივიან მომატებას. იზოფლამინებით გამდიდრებული საკვები შეიძლება ეფექტური იყოს ვაზომოტორული სიმპტომების დროსაც, თუმცა, ყოველთვის არა. ცხოვრების ჯანსაღი წესი სწორი მკურნალობის თანმდევი უნდა იყოს. მაშინაა ის ნამდვილად ეფექტური.

რითი უნდა დავიწყოთ მკურნალობა?

გია კავკასიძის კითხვარი

ეს არის კითხვარი მენოპაუზალური სიმპტომების შესაფასებლად და მკურნალობის შესარჩევად. ჩამოთვლილია სხვადასხვა სახის სიმპტომი და მოცემულია შეფასების შკალა. მაგალითისთვის, თუ სიმპტომი არ არსებობს, გრაფაში 0 იწერება, სუსტი-1, საშუალო სიმძიმის-2, მძიმე-3. საბოლოო ჯამი გვიჩვენებს რამდენად მძიმეა სიტუაცია და აჩვენებს სად არის პრობლემა, რომელი ტიპის სიმპტომებია წამყვანი, ვაზომოტორული, ფსიქოლოგიური, შარდსასქესო თუ სამივე ერთად. სიმპტომთა ნაირსახეობა თავისთავად მიგვანიშნებს, რომ მრავალფეროვანია მკურნალობის საშუალებები. მაგალითად, თუ ქალს არ აწუხებს ალები, ოფლიანობა, მაგრამ აწუხებს შარდსასქესო სისტემის დარღვევები, მკურნალობისას წამყვანი საშუალებები იქნება ვაგინალური საცხები ან სანთლები. მათ შემადგენლობას არ ვიტყვი, რადგან ეს ექიმმა უნდა დანიშნოს. ან მეორე ვარიანტი, არ აწუხებს პაციენტს არც შარდსასქესო პრობლემები და არც ვაზომოტორული, სახეზეა ფსიქოლოგიური სახის პრობლემები. აქ შეიძლება ეფექტური იყოს არაჰორმონალური თერაპია. საერთოდ, მენოპაუზალური სიმპტომების ყველაზე ეფექტური მკურნალობა ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიაა. თუმცა, მის დანიშვნამდე და მკურნალობამდე, ცხადია, შესაბამისი ანალიზების აღებაა საჭირო, სწორედ იმიტომ, რომ ამ მკურნალობით კი არ ავნო, არამედ დაეხმარო პაციენტს. არსებობს ალტერნატიული საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ჰორმონჩანაცვლებით თერაპიაზე უკუჩვენებები აქვს. არსებობს პრეპარატები, რომელთაც შეუძლიათ ამ პროცესების მართვა. მართალია მათი ეფექტურობა შედარებით დაბალია, მაგრამ ცდად ღირს.

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია. უნდა გვეშინოდეს თუ არა ჰორმონების

ხშირად პაციენტებს ეშინიათ ჰორმონოთერაპიის და სამწუხაროდ, ჰორმონით მათ ხშირად თავად ექიმები აშინებენ. ეს ძალიან წააგავს 80-იანი წლების სიტუაციას, როდესაც ადამიანებს ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური აბებით აშინებდნენ. იმ დროს, არჩილ ხომასურიძემ (ჟორდანიას ინსტიტუტის დირექტორმა) და ახალგაზრდა ექიმების ჯგუფმა, დავიწყეთ ჰორმონალური კონტრაცეპტივების პოპულარიზაცია საქართველოში. ვერ წარმოიდგენთ რა წინააღმდეგობას ვაწყდებოდით, პირველ რიგში, ჩვენი კოლეგებისგან. "ეს ხომ მაინც ჰორმონია", - ამბობდა ბევრი ექიმი და ხელოვნური აბორტი გაცილებით უფრო ფიზიოლოგიურ პროცესად ეჩვენებოდა, ვიდრე ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენება. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველოში მენოპაუზასთან და ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიით მკურნალობის კუთხით თითქმის იგივე სიტუაცია გვაქვს, რაც მაშინ ჰორმონალურ კონტრაცეფციასთან მიმართებით გვქონდა. არადა, ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია, გარდა იმისა რომ ყველაზე ქმედითი და ეფექტური მკურნალობაა, ასევე, პროფილაქტიკაა პოსტმენოპაუზის პერიოდის ისეთი პათოლოგიების, როგორებიცაა: ოსტეოპოროზი (ძვლების გამოფიტვა), გულსისხლარღვთა დაავადებები, ფსიქოლოგიური აშლილობები.

გამოსავალი?

მეტი ინფორმაცია, მეტი ლაპარაკი ამ თემებზე. ლაპარაკი მარტივ და გასაგებ ენაზე, ისე, როგორც ახლა ჩვენ ვცდილობთ "სითის" აუდიტორიისთვის.

რა ვუთხრათ ქალებს, რომლებსაც პერემენოპაუზის ან მენოპაუზის ეტაპი აქვთ

არ დამალონ პრობლემები. მენოპაუზა სირცხვილი არ არის, ეს ჩვეულებრივი ამბავია და თუ კარგად გაიკითხავენ ირგვლივ, აღმოაჩენენ, რომ მათ თაობაში იგივე პრობლემები ბევრს აწუხებს. არ არის საჭირო თვითმკურნალობა. ერთადერთი თვითმკურნალობა ცხოვრების ჯანსაღი წესია: ჯანსაღი კვება, მოძრაობა და სპორტი.

როგორც კი შეამჩნევენ რომ მენოპაუზალური სიმტომების გამო იცვლება მათი ცხოვრების წესი, უქვეითდებათ შრომისუნარიანობა, მახსოვრობა, ზოგადად კი, უქვეითდებათ ცხოვრების ხარისხი, აუცილებლად უნდა მიაკითხონ ექიმს.

ქალებს უნდა ვუთხრათ ის, რომ 40 წლის შემდეგ მართლაც იწყება ცხოვრების ახალი ეტაპი და თუ ქალმა ნორმალურად მართა თავისი ჯანმრთელობა, ის დიდი ხნით შეინარჩუნებს ცხოვრების ნორმალურ ხარისხს, მიმზიდველობას, აქტიურობას, სექსუალურობას, ხალისიანობას, შრომისუნარიანობას. უნდა ვუთხრათ ისიც, რომ დღეს მენოპაუზალური სიმტპომების სამართავად მედიკამენტების მთელი არსენალი არსებობს, რომლებიც სხვადასხვა დოზითა და ფორმით ინიშნება. ეს არის: ტაბლეტები, საცხები, ვაგინალური სანთლები, აეროზოლები, დასაკრობი პლასტირები, საშოს რგოლები... გარეთ 21 საუკუნეა, მენოპაუზამ თანამედროვე ქალს ცხოვრების რიტმი არ უნდა შეაჩეროს. პირიქით, ყველაფერი კარგი ახლა იწყება.


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც
კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
09:44 / 25.11.2020
როგორი უნდა იყოს 2020 წლის
მაკიაჟი. თინა შალიკაშვილის რჩევები.
როგორი უნდა იყოს 2020 წლის მაკიაჟი. თინა შალიკაშვილის რჩევები.
10:55 / 12.11.2020
"ეს ზაფხულის ერთგვარი გახანგრძლივებაა." - ამ სიტყვებით იწყება ინტერვიუ ოქტომბრის ნომრის მთავარ გმირთან, უმშვენიერეს რუსა ჩაჩუასთან.
11:36 / 10.11.2020
"ეს ზაფხულის ერთგვარი გახანგრძლივებაა." - ამ სიტყვებით იწყება ინტერვიუ ოქტომბრის ნომრის მთავარ გმირთან, უმშვენიერეს რუსა ჩაჩუასთან.
11:36 / 10.11.2020
ლეგენდარული ბრენდი ექსკლუზიურად
პეკინზე,
ლეგენდარული ბრენდი ექსკლუზიურად პეკინზე, "ლუტეციაში". არსებობს საოცარი საცხები, არსებობს პრემიუმ საცხები, ყველაზე გაყიდვადი, ყველაზე პოპულარული, ყველაზე ძვირადღირებული და არსებობს... Crème de la Mer - "კრემთა კრემი" მთელ მსოფლიოში და ახლა უკვე "ლუტეცია"-ს მაღაზიაში, პეკინზე.
08:54 / 10.11.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
City x Vitamin C
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
09:44 / 25.11.2020
შეფ მიშიმა და "ნიკორას" შესანიშნავი სამეული
კარგია, როცა შემდგარი და წარმატებული მწარმოებელი არ კმაყოფილდება არსებული შედეგებით და განაგრძობს სიახლეების შეტანას საკუთარ ასორტიმენტში.
11:55 / 04.11.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2020 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9545
TRY
TRY
1
0.4235
USD
USD
1
3.3164
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა