2020 შენთვის გარდამტეხი იყო,
თითქოს. როდის გადაწყვიტე, რომ რადიკალურად შეგეცვალა შენი
ცხოვრება?
საზღვარგარეთ სწავლა და ცხოვრება მას მერე მინდოდა, რაც უნივერსიტეტი
დავამთავრე. თბილისში მაგისტრატურას შეგნებულად არ ვიწყებდი, რადგან
გონებაში სულ მქონდა გდაწყვეტილი ევროპის რომელიმე ქვეყანაში სწავლის
გაგრძელება. 2 წლის უკან, როცა უკვე 26 წლის ვიყავი, საბოლოოდ
გადავწყვიტე ეს მიზანი განმეხორციელებინა. წამოვედი სამსახურიდან,
უარი ვთქვი ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან კარიერულ შემოთავაზებაზე და
ჩავაბარე ბარსელონას უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე. ვფიქრობდი, რომ
მაშინ თუ არ გავაკეთებდი ამას, შემდეგ უკვე ვეღარ
მოვახერხებდი.
რა იყო ესპანეთამდე, სად მუშაობდი?
პროფესიით პიარის და მარკეტინგის სპეციალისტი
ვარ. ესპანეთში წამოსვლამდე ბოლო 3 წელი ვმუშაობდი ამავე პროფესიით,
სასტუმროების ქსელში "რადისონ ბლუ".
მოდა როდის მოვიდა შენს ცხოვრებაში?
სამოდელო სფეროში აქამდეც ვმოღვაწეობდი.
დაახლოებით, 23 წლამდე. შემდგომ, როდესაც ჩემი პროფესიით დავიწყე
მუშაობა, ამ სფეროს ავტომატურად ჩამოვშორდი. ესპანეთში ჩამოსვლის
შემდეგ კი მივხვდი, რომ ისევ შემეძლო შემეთავსებინა სწავლასთან
მოდელობა და გადავწყვიტე დავკონტაქტებოდი აქაურ სააგენტოებს.
გულახდილად რომ გითხრათ, დიდი იმედი არ მქონდა რომ აქტიური
გამოხმაურება მოჰყვებოდა ჩემს აპლიკაციებს, რადგან უკვე 26 წლის
ვიყავი, რამდენიმეწლიანი პროფესიული პაუზით.
რატომ ესპანეთი?
დასაწყისისთვის გერმანიაში ვაპირებდი წასვლას.
ყოველთვის მიზიდავდა ამ ქვეყნის ეკონომიკური, კულტურული და სოციალური
განვითარების დონე. მაგრამ, მარტო არ მოვდიოდი. ჩემს 2 მეგობარსაც
მაგისტრატურაზე სწავლა ჰქონდა გადაწყვეტილი და საბოლოო ჯამში, მზიან
ესპანეთზე შევჯერდით. რაც, დღეის გადმოსახედიდან, ძალიან სწორი
გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ძალიან საისიამოვნოა, მართლაც, ისეთ მზიან
და ლამაზ ქალაქში ცხოვრება, როგორიც ბარსელონაა.
მომიყევი კონტრაქტზე, რომელიც სულ ახლახანს
გაფორმდა
დაახლოებით 1 თვის წინ, კონტრაქტი ესპანეთის
ერთ-ერთ დიდ სააგენტო "traffic models"-თან
გავაფორმე. რაც მართლა დაუჯერებელი იყო. მეგონა, რომ 29 წლის მოდელს
ასე იოლად სააგენტოები არ მიმიღებდნენ. მითუმეტეს, რომ არც ისეთი
ძლიერი პორტფოლიო მაქვს და სიმაღლითაც 172 სმ. ვარ მხოლოდ. ამას ასე
ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ მინდა ამ სფეროთი დაინტერესებულმა ან უკვე
მომუშავე ადამიანებმა იცოდნენ, რომ მოდის ტენდენციები იცვლება.
ინდუსტრია მეტად ინკლუზიურია. კასტინგებზე ხშირად ვხვდები
არასტანდარტული სილამაზის თუ აღნაგობის გოგოებს. ამიტომ, შანსი ყველას
აქვს. რაც შეეხება ბრენდებს, რომლებთანაც მიმუშავია, საერთაშორისოდ
ცნობილი OFFWHITE და AUDI იყო.
დანარჩენი, აქაური დიზაინერები და აქსესუარების
ბრენდებია.
პირველი პერიოდი ესპანეთში. როგორი იყო ის?
ესპანეთში ცხოვრების პირველი რამდენიმე თვე
ცოტათი სტრესული იყო. გაგვიჭირდა ჩვენთვის სასურველი ტიპის ბინის
პოვნა. ენის ბარიერის გამო (ესპანელები ინგლისურად კარგად არ
საუბრობენ), ყველანაირი დოკუმენტაციის აღების პროცესი ძნელდებოდა. არც
სამსახურის პოვნა იყო ადვილი. რეალურად რთულია, როდესაც კარიერულად და
პიროვნულადაც შემდგარი ადამიანი უცბად ყველაფერს ნულიდან იწყებ.
თუმცა, მალევე სწავლასთან ერთად მუშაობა დავიწყე - მარკეტინგის
მენეჯერად რესტონების ქსელში. ასევე, მეორე არაყოველდღიური საქმეც
შევითავსე - ივენთების და ფესტივალების მენეჯმენტი. გავიცანი უამრავი
ადამიანი, გავიჩინე ახალი მეგობრები და ნელ-ნელა ყველაფერი
დალაგდა.
როგორ შექმენი შენი პორტფოლიო?
პორტფოლიოს შექმნაში ჩემი პირველი სამოდელო
სააგენტო დამეხმარა. თუმცა, არჩევანის გაკეთება მაინც გიწევს - ან შენ
თვითონ იხდი უამრავ ფულს და მუშაობ შენს სასურველ
ფოტოგრაფებთან/სტილისტებთან/ვიზაჟისტებთან ან სააგენტო გიშვებს უფასო
გადაღებებზე, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ხარისხიანი შედეგით არ
მთავრდება. ამიტომ, ჩემი პორტფოლიოს შექმნის პროცესში საკმაოდ ბევრ
უფასო ან დაბალანაზღაურებად გადაღებაზე ვიყავი იმ იმედით, რომ შედეგად
კარგი ფოტოები დამრჩებოდა. სამოდელო კარიერაში პორტფოლიო არის
ყველაფერი. ამიტომ, დამწყებ მოდელებს ვურჩევ, რომ თავიდანვე იმუშაონ
ბევრი ამ საკითხზე. მოიძიონ მათთვის საინტერსო არტისტები და
კოლაბორაციაზე შეუთანხმდნენ.
კოვიდის პერიოდში რა იყო ყველაზე რთული?
კოვიდის პერიოდში, პირველ რიგში, ყველაზე რთული
ამდენი დაზარალებული ოჯახის და მათი ტრაგედიების ყურება იყო. ასევე,
ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის ყურება ისედაც
დამძიმებულ ვითარებაში. ძალიან ბევრ ადამიანს უწევდა კარანტინში ყოფნა
ოჯახური ძალადობის პირობებში. ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და
მათ შორის მეც. შესაბამისად, ამ ყველაფრის ფონზე, ჩემი მცირე
დისკომფორტი იმის შესახებ, რომ მშობლები მენატრებოდა, ფიზიკური
აქტივობა და უბრალოდ, ჰაერზე ყოფნა მინდოდა, ალბათ ცოტათი
უმნიშვნელოა.
დღევანდელი შენი გრაფიკი რომ აღწერო, როგორია ის?
დღევანდელი ჩემი გრაფიკი კოვიდ-ადაპტირებულია.
ორი სამსახური დავკარგე. ამიტომ, ბევრი თავისუფალი დრო მაქვს.ზოგადად,
ეს იყო მიზეზი რატომაც დავუბრუნდი სამოდელო კარიერას ასე აქტიურად.
გადაღებები თუ არ მაქვს, ძირითად დროს პიროვნულ განვითარებას ვუთმობ.
ვვარჯიშობ, ვსწავლობ ესპანურს, ვკითხულობ, ვუსმენ პოდკასტებს და
დანარჩენ დროს მეგობრებს ვუთმობ.
ცვლილებებისთვის ყველა დრო კარგია,
ეთანხმები? სამოტივაციოდ რა არის ამისთვის აუცილებელი?
ზოგადად, არ მომწონს როდესაც ასაკის გამო
ადამიანები თავს იზღუდავენ. თუ გრძნობ რომ ცვლილება გჭირდება,
აუცილებლად უნდა გააკეთო ყველაფერი, რომ სიახლე შეიტანო შენს
ცხოვრებაში. გააჩნია რა ტიპის სიახლე გსურს. მე მჯერა, რომ ადამიანმა
ერთხელ მაინც უნდა შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი და თუნდაც ცოტა ხნით
გადავიდეს ახალ ქვეყანაში. როდესაც კომფორტის ზონას ტოვებ, მაშინ
ხვდები, რეალურად, თუ რისი შესაძლებლობები გაქვს. ჩემი პირადი
მოტივაცია იყო ჩემივე სურვილი გამომეცადა ჩემი უნარები ახალ, უცხო
ქვეყანაში. მაინტერსებდა რის მიღწევას შევძლებდი ქვეყანაში, სადაც
არავის ვიცნობ და ყველაფერი ახალია.